"თვალებს არ ვუჯერებდი, როცა ამ ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი" - კვირის პალიტრა

"თვალებს არ ვუჯერებდი, როცა ამ ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი"

შობა-ახალი წელი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნათელი დღესასწაულია, რომელსაც დიდი თუ პატარა უკეთესი მომავლის იმედით ეგებება. ჩვენ დავინტერესდით, როგორ ემზადებიან და აღნიშნავენ ამ დღესასწაულს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და როგორია მათი საოჯახო ტრადიციები:

ია შუღლიაშვილი - მსახიობი:

"ჩემს საახალწლო სუფრას ყოველთვის ამშვენებს ბებიის რეცეპტით მომზადებული კერძი, რომელსაც იშვიათად შეხვდებით"

- შობა-ახალი წელი ნებისმიერი ადამიანისთვის გამორჩეული დღესასწაულია. ამ დღეებში ყველა ქართულ ოჯახში განსაკუთრებული სამზადისია, ყველა ცდილობს, ახალ წელს დადებითი განწყობით და ლამაზი სუფრით შეხვდეს. 1 იანვარს მეც ასეთივე განწყობით ველოდები ხოლმე: იმის გამო, რომ დეკემბერი ძალიან დატვირთული მაქვს, საახალწლო სამზადისს 27-28 დეკემბრიდან ვიწყებ. ჩემთვის, ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია და მისი შეხვედრა ყოველთვის ოჯახში მიყვარს.

ყველაზე ბედნიერი ახალი წელი როდის მქონდა? - ალბათ, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი: ეს ჩემი ბავშვობის წლებში იყო! მე და ჩემი ძმა ყოველ ახალ წელს მეკვლეები ვიყავით: სახლიდან გაგვიშვებდნენ და უკან ტკბილეულით დატვირთულები, დიდი ხონჩით შემოვდიოდით, ოჯახის წევრებს ვლოცავდით და ვუსურვებდით, რომ ის წელი ჩვენი ოჯახისთვის ბედნიერი ყოფილიყო. მართალია, ხალხში ამბობდნენ, ოჯახის წევრი მეკვლე არ უნდა იყოსო, მაგრამ ჩვენს ოჯახში ასე იყო მიღებული.

ტრადიციად გვექცა ისიც, რომ 1-2 იანვარს სტუმრად მივდივართ და ამ ტრადიციას წელსაც არ ვუღალატეთ.

ალბათ, ყველა დიასახლისს აქვს საყვარელი კერძი, რომელსაც საახალწლო სუფრისთვის სიამოვნებით აკეთებს. გამონაკლისი არც მე ვარ: ბებიის რეცეპტით ვამზადებ კერძს, რომელიც უგემრიელესია და ჩვენს სააახალწლო სუფრას ყოველთვის ამშვენებს - ეს არის მოხარშული კვერცხი ნიგვზიანი გულით. მართალია, ის ტრადიციული, საახალწლო კერძი არ არის, როგორც საცივი, ან გოზინაყია, მაგრამ ჩვენს ოჯახში საზეიმო სუფრა მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ეს ძველი კერძია, რომელსაც ჩვენი ბებიები აკეთებდნენ და დღევანდელ საქართველოში იშვიათად შეხვდებით.

რას ველოდები ახალი წლისგან? - იმას, რომ 2024 წელი უფრო კარგი, უფრო ბარაქიანი და მადლიანი იყოს! ჩვენს ლამაზ სამშობლოს მშვიდობიან დღეებს და წლებს ვუსურვებ, რადგან მშვიდობის და ჯანმრთელობის გარეშე არაფერს ლაზათი არა აქვს. სწორედ ეს ორი ფაქტორი ეხმარება ადამიანს, რომ სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოს.

ნიკა ხაჩიძე - ტელეწამყვანი:

"თვალებს არ ვუჯერებდი, როცა ამ ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი"

- ჩემს ინტერვიუს ყველაზე შთამბეჭდავი საახალწლო მოგონებით დავიწყებ: 2016 წელს ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე და ახალ წელს ნიუ-იორკში შევხვდი! ნიუ-იორკი ამ დროს საოცარი სანახავია: ქუჩები საზეიმოდაა მორთული და გგონია, რომ რომელიღაც ფილმში მოხვდი. იქ ყოფნისას, სულ მახსენდებოდა ჩემი საყვარელი ფილმი "მარტო სახლში", რომელსაც ყოველ ახალ წელს ვუყურებ და მაინც არ მბეზრდება. თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ საოცარ, ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდი. აშშ-ში, საზეიმო განწყობას ისიც ამძაფრებს, რომ 31 დეკემბერს, თაიმს-სკვერზე, დიდი კონცერტი იმართება, სადაც უამრავი ხალხი მიდის. ორგანიზატორები ბოლო წამამდე არ ამხელენ, ვინ გამოვა საზეიმო კონცერტზე და ვინ იმღერებს. როგორც კი გავიგეთ, რომ 31-ში მერაია ქერი იმღერებდა, მაშინვე თაიმს-სკვერისკენ გავიქეცით. მიუხედად საშინელი ყინვისა, მაინც საოცარი განწყობა მქონდა. ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ახალი წელი იყო, თუმცა ნებისმიერ შობა-ახალ წელს სასიამოვნო, დადებითი განწყობით ვეგებები. ხომ არსებობს ხალხი, რომლისთვისაც 31 დეკემბერი, ან 1 იანვარი ჩვეულებრივი, რიგითი დღეებია? - მე ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რადგან ამ დღეებში ყოველთვის კარგი განწყობა მაქვს. შეიძლება ბევრი ცუდი ამბავი სწორედ დეკემბერში მოხდეს, წინა დღეებში ბევრი უსიამოვნებაც შემხვდეს, მაგრამ 31 დეკემბერს ყოველვის ღიმილით ვხვდები. მშვენივრად ვიცი, რომ 1 იანვარიც ჩვეულებრივი დღეა და 2-იც, მაგრამ შინაგანი ხმა სულ სხვას მკარნახობს და ვცდილობ, ეს დღეები სასიამოვნო ემოციებით იყოს დატვირთული.

სად ვისურვებდი შობა-ახალი წლის გატარებას? - ალბათ, ევროპის ისეთ ქვეყანაში, სადაც 25 დეკემბერს და 1 იანვარს განსაკუთრებით ხვდებიან. კიდევ მაქვს ერთი სურვილი: გურული მეგობრები მყავს, რომლებიც ამბობენ, რომ გურიაში ძველით ახალ წელს ანუ კალანდას განსაკუთრებით აღნიშნავენ. ამიტომ, სულ მინდოდა, 14 იანვარს გურიაში შევხვედროდი. შეიძლება ეს სურვილი წელს ავისრულო: გურიაში მეგობრებთან ერთად წავიდე და ძველით ახალი წელი ერთად აღვნიშნოთთ.

კრისტი ყიფშიძე - მოდელი, ტელეწამყვანი:

"ახალ წელს ძალიან უხდება სახლური, მყუდრო გარემო, გაშლილი სუფრა და ახლობელ ადამიანებთან ყოფნა"

- ახალი წელი, ნაძვის ხე, სადღესასწაული მორთულობა და საჩუქრები ძალიან მიყვარს. ტრადიციებს რაც შეეხება, მე მაქვს ერთი ტრადიცია, რომელსაც არასდროს ვღალატობ: შობა-ახალ წელს ყოველთვის ახალი სამოსი უნდა მეცვას, რადგან ვიცი - ეს კარგი განწყობის საწინდარია. მიმაჩნია, რომ 31 დეკემბერს აუცილებლად უნდა გამოიპრანჭო, ლამაზი სუფრა გაშალო და 1 იანვარს საუკეთესო განწყობით უნდა შეხვდე. იმის გამო, რომ საზეიმო წვეულებები დიდად აღარ მხიბლავს და ხალხმრავლობას ოჯახური სიმყუდროვე მირჩევნია, ახალი წლის საღამოს ყოველთვის ჩემს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვატარებ. ნაძვის ხეს ჩემი შვილი - ნატალია და დედაჩემი რთავენ - ნატალიას ეს რიტუალი ძალიან მოსწონს. გოზინაყისთვის ნიგოზს მე ვჭრი, მაგრამ ჩემი და აკეთებს. ალბათ, მკითხველიც დამეთანხმება, რომ ამ დღესასწაულს მსგავსი წვრილმანები ძალიან ამშვენებს, მას ძალიან უხდება სახლური, მყუდრო გარემო, გაშლილი სუფრა და ყველაზე ახლობელ, ძვირფას ადამიანებთან ერთად ყოფნა... ოჯახი ხომ ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანია? ამიტომ ვცდილობ, რომ ახალი წლის შემოსვლას ჩემს ოჯახთან ერთად შევხვდე.

კარგად ვიცი, რომ საახალწლო სამზადისი დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ საქმე ისე უნდა გადავანაწილოთ, რომ 31 დეკემბრის საღამოს მაინც ლამაზად შევხვდეთ. სხვათა შორის, ჩემთვის ძველით ახალი წელი და 15 იანვარიც მნიშვნელოვანია, რადგან ნამდვილი ბედობა სწორედ 15 იანვარს ემთხვევა.

რაც შეეხება მეკვლეობის ტრადიციას, კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ, მაგრამ ზოგადად ისეთ ადამიანს ვისურვებ, რომელიც ჩემ მიმართ კარგად არის განწყობილი, რომელიც ჩვენს ოჯახში კეთილი გულით და მარჯვენა ფეხით შემოაბიჯებს. ვფიქრობ, რომ მთავარი მეკვლე კი არ არის, მთავარია, შენ როგორი განწყობით შეხვდები მას, რამდენად გჯერა, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება... თუ ასე ფიქრობ, ყველა ნატვრა აგისრულდება და მთელი წელი საუკეთესო იქნება შენს ცხოვრებაში.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)