ცხოველები მეკვლედ და ქალაქგარეთ, მშობლებთან ერთად აღნიშნული ახალი წელი - როგორია პოლიტიკოსების გეგმები: ვინ სად და როგორ ხვდება დამდეგს?
ალბათ ყველას აინტერესებს, როგორ ხვდებიან და რა ტრადიციები აქვთ საახალწლოდ პოლიტიკოსებს. როგორც ყველგან და ყოველთვის, ამჯერადაც ყველაზე ორიგინალური პარლამენტარი, რომან გოცირიძე აღმოჩნდა. უკვე მეორე წელია მისი მეკვლე კატაა. დიახ არ მოგესმათ, როგორც თავად გვითხრა, წინასწარ მეკვლე არასდროს შეურჩევია, თუ მისთვის სასიამოვნო მეზობელი მოუკაკუნებდა, უხაროდა. ორი წლის წინ პირველად შეარჩია გაწვრთნილი მეკვლე - კატა.
"თუ შეიძლება ძაღლი იყოს მეკვლე, კატა რატომ არ შეიძლებოდა?! ძალიან მაგარი კატა მყავს. მეკვლემ ხომ უნდა დააკაკუნოს და სასიამოვნო სიტყვები თქვას, ჰოდა, ჩემი კატა ძალიან მშიშარაა - თუ გარეთ დატოვებ, მაშინვე დაეტაკება კარს და თათებით ფხაჭნის. ორი წუთით გავსვი გარეთ, მაშინვე კარს დაეტაკა და ფხაჭნა დაიწყო, ეს დაკაკუნებად მივიჩნიეთ, მერე დაიკნავლა - ეს საახალწლო დაკნავლება იყო. გავუღეთ თუ არა კარი, გახარებული შემოვარდა, გადავრჩი, გარეთ არ დამტოვესო. აბა, მითხარით, ასეთი ბედნიერი სხვა ვინ შემოვიდოდა?! კატაც ბედნიერი იყო და ჩვენც" - გვიამბო ბატონმა რომანმა.
უფრო ვრცლად პოლიტიკოსების საახალწლო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე პოლიტიკოსები თავად გვიამბობენ.
რომან გოცირიძე:
- ახალ წელს ტრადიციულად ოჯახურ გარემოში, მეუღლესა და შვილთან შევხდები. მეუღლე სუფრას გაშლის, ერთმანეთს დავლოცავთ, ვივახშმებთ, საჩუქრებს გავცვლით და დავიშლებით. მე არა, მაგრამ ჩემს შვილს უყვარს ხმაურიანი წვეულებები. ალბათ, 12 საათის შემდეგ გავა და მეგობრებთან ერთად იმხიარულებს. საუკეთესო იყო ის 6-7 ახალი წელი, როდესაც თოვლის ბაბუად გამოწყობილი ჩემს გოგონასთან საჩუქრებით მივდიოდი, მასთან ერთად ვცეკვავდი და ვმღეროდი. ამას მანამდე ვაკეთებდი, სანამ იმხელა არ გახდა, რომ ჩემს გაშიფვრას შეძლებდა. ე.ი. საბერძნეთში შევიძინე თოვლის ბაბუას მთელი მოწყობილობა, დაწყებული ლამაზი ჩექმებით, ქუდით. ისე შევინიღბე, ვიდრე ხმა არ ამოვიღე, ბავშვმა კი არა, მეუღლემ ვერ მიცნო, დაქირავებული თოვლის ბაბუა ვეგონე. ერთი სიტყვით, რომ ჩავამთავრე მთელი ცერემონია და საჩუქრის გადაცემის რიტუალი, შვილს შევეკითხე, როგორ მოგეწონა თოვლის ბაბუა-მეთქი? - ძალიან კარგი და საყვარელი თოვლის ბაბუა იყო, მამას ჰგავდა თვალებითო.
დავიმახსოვრე მისი ნათქვამი და მეორე წელს, რომ არ ამოვეცნე, შავი სათვალეები გავიკეთე. კიდევ რომ ვკითხე - როგორი თოვლის ბაბუა იყო მეთქი, მისი ხმა მამას ხმას ჰგავდაო. შემდეგ ახალ წელს ხმა აღარ ამოვიღე, უტყვად ჩავატარე მთელი ცერემონია. ამჯერად, გაოცებულმა მითხრა, - რა უცნაური თოვლის ბაბუა იყო, ხმა არ ამოუღია, მაგრამ მაინც მომეწონა, ხელი რომ ჩამკიდა და მათამაშა, მეგონა მამა მეთამაშებოდა, მისი მსგავსი ხელები ჰქონდაო. ვაჰ, ესეც გავითვალისწინე და მორიგ ჯერზე, შავი სათვალეებით, შავი ხელთათმანებით გამოვცხადდი თოვლი პაპუას „პოსტზე“ და მთელი საღამო ხმის ამოუღებლად ჩავატარე. ოღონდ ეს ბოლო, ამის მერე დავკეცე ეს ჩემი თოვლის ბაბუას ფორმა და კარგად შევინახე. მივხვდი, რომ მორიგ ჯერზე ჩემი გოგონა აუცილებლად „გამომიჭერდა“. გააგრძელეთ კითხვა