უკრაინის ქალაქების დაუნდობელი დაბომბვებით პუტინი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობს... და ნაწილობრივ გამოსდის კიდეც...
158 კამიკაძე-დრონით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტით თითქმის ერთდროული საჰაერო იერიშების შედეგად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 29 დეკემბერს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისას არანაკლებ 30 მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლეს, 160-ზე მეტი კი დაიჭრა და დაშავდა...
რა იყო ეს?
ჩვეულებრივი საჰაერო გენოციდი მოწყობილი ჰიტლერის მემკვიდრე პუტინის ბრძანებით, რითაც მან ახალი წლის დადგომა წინასწარ „მიულოცა“ უკრაინელებს იმისთვის, რომ ბევრად მძლავრ მტერთან - რუსეთთან თითქმის ორწლიან ომში ისინი არ ნებდებიან და აგრძელებენ სამშობლოს - უკრაინის მიწის დაცვას რუსი მომხვდურებისგან...
ომის დაწყებიდან პირველ ახალ წელსაც ბომბავდა რუსეთი უკრაინის ქალაქებს და ეტყობა ხვალ, 31 დეკემბერსაც იმავეს გაიმეორებს - კრემლში სხვა რამე აინტერესებთ...
ეს სხვა რამე კი, დაშინების კონკრეტული გეგმაა - რაც უფრო დაუნდობლად დაიბომბება უკრაინის სოფლები და ქალაქები და რაც უფრო სასტიკად მოეპყრობიან უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, მით უფრო დაშინდებიან და დაითრგუნებიან დასავლეთის ის გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები, კონგრესმენები თუ დეპუტატები, რომლებიც ევროპიდან და ამერიკიდან შეჰყურებენ ამ სასტიკ ომს - მიაჩნიათ კრემლში და როგორც ჩანს, არცთუ უშედეგოდ...

პუტინის საოკუპაციო არმიის მოქმედებები უკრაინის მიწაზე, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც ომის წარმოება აკრძალული, დანაშაულებრივი გზებით, თურმე ქვეცნობიერად მართლაც აშინებს რიგ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი „ბებერ ევროპაში“, როდესაც წარმოიდგენენ თუ რუსული „კალიბრები“ და „კინჟალები“ როგორ შეიძლება აფეთქდეს მათ მშობლიურ ქალაქებში...
შეიძლება ამიტომაცაა, რომ რიგი გერმანელი, ფრანგი ან ბელგიელი პოლიტიკოსები თანდათანობით ხმას „უწევენ“ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე, მანამდე კი უკრაინისთვის... სამხედრო დახმარების მოცულობის შემცირებაზე...
ასეთი რამ ევროპის ისტორიაში ერთხელ უკვე მოხდა, როდესაც 1938 წელს, ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიას სუდეტის ოლქი „ჩამოაჭრა“, ხოლო ბრიტანელებმა, ფრანგებმა და იტალიელებმა მიუნჰენის შეთანხმებით, ეს ყველაფერი „გაუპრავეს“...
რა მოჰყვა ამას? ჰიტლერის „აპეტიტის“ ზრდა და ევროპის სხვა ქვეყნებზე თავდასხმა, მათ შორის, პოლონეთზე, რაც საბოლოო ჯამში, მანამდე არნახულ სისხლისმღვრელ მეორე მსოფლიო ომში გადაიზარდა...

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს უფრო მეტი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, განსაკუთრებით კი სახარჯი მასალა - საზენიტო რაკეტები რომ გაემეტებინათ უკრაინის არმიისთვის, ბევრად მეტ რუსულ რაკეტასა და კამიკაძე-დრონს მოიგერიებდნენ უკრაინელი მეზენიტეები - 29 დეკემბრის ყველაზე მასშტაბური რუსული საჰაერო თავდასხმების დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 158 საჰაერო სამიზნიდან 114 ჩამოაგდო (მათ შორის, 87 ფრთოსანი რაკეტა და 27 „შაჰიდის/გერანის“ კამიკაძე-დრონი), მაგრამ დანარჩენებმა კიევში, დნეპრში, ოდესაში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ლვოვში, კონოტოპში შეძლეს 100 კერძო სახლის, 45 მრავალსართულიანი სახლის, სკოლის, ორი ეკლესიის, საავადმყოფოს, სამშობიარო სახლის დანგრევა ან დაზიანება...
რუსული საჰაერო ტერორი უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ არ შეწყდება მანამდე, სანამ უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსული რაკეტებისა და დრონების უდიდესი ნაწილის გარანტირებულ განადგურებას ვერ შეძლებს, ამისთვის კი კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარება სჭირდება უკრაინის შეირაღებულ ძალებს, სამაგიეროდ, ევროპას შედარებით დამშვიდების საშუალება მიეცემა - უკრაინელები ხომ თავიანთ სისხლს ღვრიან იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის ჰიტლერმა - პუტინმა, მე-20 საუკუნის ორიგინალი ჰიტლერის გამანადგურებელი ომი ისევ არ მოახვიოს „ბებერ ევროპას“...