"ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, მთლად საკუთარ თავზეც არ იღებს ყველაფერს, მაგრამ არც თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. ვნახოთ..."
ბიძინა ივანიშვილი სამი წლის შემდეგ, პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა. „სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები - პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განაცხადა. ივანიშვილმა საკუთარ გამოსვლაში გაიხსენა მისი პოლიტიკაში მოსვლის, შემდეგ კი წასვლის პირველი გადაწყვეტილება და ამის მიზეზები. „ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებით ვაფასებ, ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჩემს ხასიათში. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას. მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, თუმცა ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე, მივიღე მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ერთ წელიწადში საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი. ამით იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ ჩემი ეს ნაბიჯი წაადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. პოლიტიკიდან ერთ წელიწადში კი იმის რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რამდენად დამაჯერებელი შეიძლება იყოს მისი ახსნა-განმარტება საზოგადოებისთვის და რა შეიძლება იყოს პოლიტიკაში დაბრუნების რეალური მიზეზი, ამის შესახებ საკუთარ პოზიციას, პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე გვიზიარებს.
რამაზ საყვარელიძე:
- სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, არ ველოდი. როდესაც მეორედ მიდიოდა პოლიტიკიდან, ივანიშვილმა თავად თქვა, რომ პოლიტიკაში მხოლოს იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ „ქართველ ოცნებას“ გაუჭირდებოდა. ახლა „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ უჭირს. სრულიად გაუგებარია მისი დაბრუნება პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება მის ამ გადაწყვეტილებას ფსიქოლოგიური კონტექსტი აქვს, - მოსწყინდა ალბათ, კულუარებში ყოფნა, ან რაღაც იდეა აქვს და ამის განხორციელება დისტანციურად შეუძლებელია. მას, რა თქმა უნდა, ავტორიტეტი აქვს „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ შეიძლება ანგარიშს აღარ უწევენ, ისევე, როგორც მიშა სააკაშვილს?
- რა გულისხმობთ?
- მიშა სააკაშვილი „ნაციონალებისთვის“ ნამდვილად არის ავტორიტეტი, - მიშა, მიშაო, გაიძახიან, მაგრამ ანგარიშს აღარ უწევენ. მიტინგზეც კი ვეღარ იკრიბებიან მიშას გამო.
- პოლიტიკაში მეორედ დაბრუნება, ივანიშვილმა იმითაც ახსნა, რომ მაშინდელი პრემიერი კვირიკაშვილი მის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. ხომ არ არის შესაძლებელი, ახლაც არ უპასუხეს მის სატელეფონო ზარს?
- სხვათა შორის, სულაც არ არის გამორიცხული. ზუსტადაც!
- ამომრჩეველზე როგორ იმოქმედებს ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება?
- ოპოზიცია დაიწყებს საუბარს, რომ „ქართულ ოცნებას“ ისევ გაუჭირდა და იმიტომ გამოჩნდა ივანიშვილი. შეიძლება ვიღაცებმა ოპოზიციის ეს ფორმულა დაიჯერონ. განმარტება ნამდვილად არის საჭირო, თანაც ეს განმარტება დამაჯერებელი უნდა იყოს. მე ვერაფერს ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ „ქართულ ოცნებაში“ რაღაც ტიპის გადაჯგუფება სურს. ამისთვის კი საჭიროა, რომ მის სატელეფონო ზარს უპასუხონ. ამ ყველაფერში კიდევ ერთი დეტალია, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, მთლად საკუთარ თავზეც არ იღებს ყველაფერს, მაგრამ არც თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. ვნახოთ, როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები და განცხადებები.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)