"მესამედ მოსვლის" საიდუმლო - "საბოლოოდ ივანიშვილმა მაინც ის თქვა, რომ არ მოსწონს ხელისუფლების ქმედებები და პირადად უნდა გააკონტროლოს ვითარება" - კვირის პალიტრა

"მესამედ მოსვლის" საიდუმლო - "საბოლოოდ ივანიშვილმა მაინც ის თქვა, რომ არ მოსწონს ხელისუფლების ქმედებები და პირადად უნდა გააკონტროლოს ვითარება"

პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება და მოქმედ პრემიერს არც სხვა ვინმე ჩაანაცვლებს. უკვე გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, ვერსია და ეჭვი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს პოლიტიკიდან უკვე ორგზის წასული პრემიერის დაბრუნების მიზეზი. რამდენიმე საინტერესო ვერსიას ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეთან ერთად განვიხილავთ.

ვახტანგ ძაბირაძე:

- ბიძინა ივანიშვილმა თქვა და მეც ვეთანხმები, რომ მისი დაბრუნების არანაირი აუცილებლობა არ იყო, მართლაც, დღეს ოპოზიციის რეიტინგი ძალიან დაბალია და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. მაშ, რატომ დაბრუნდა? საკითხავიც სწორედ ეს არის: იმის თქმა, რომ ოპოზიცია ვერ აკონტროლებს ხელისუფლებას და უკონკურენტოდ დარჩენილმა მმართველმა გუნდმა შეცდომები რომ არ დაუშვას, მე უნდა დავაზღვიოო, ძალიან არასერიოზულია!

- თითქოს მთავარი მინიშნება იყო კორუფციაზე.

- კი, კორუფციაზე ნამდვილად იყო მინიშნება, ისიც გაიხსენა, რომ ვიღაცები ადრე პარტიის წართმევას უპირებდნენ... ერთი სიტყვით, ბევრი რამ გაიხსენა, ბევრ რამეზე მიანიშნა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ის თქვა, რომ არ მოსწონს ხელისუფლების ქმედებები და ახლა პირადად უნდა გააკონტროლოს ვითარება. არა მგონია, ივანიშვილის დაბრუნებამ ძალთა თანაფარდობა შეცვალოს პოლიტიკურ ველზე ან ოპოზიციას შეუცვალოს გეგმები. მესამედ მოვიდა პოლიტიკაში, ასეთი ქმედებით ამომრჩევლისთვის მიზიდულობის ძალას კარგავს, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ კაპიტალს ანიავებს.

- რატომ გამორიცხავთ, რომ მართლაც არ მოსწონდეს რაღაც ხელისუფლებაში და შეცვლა უნდოდეს?

- იმიტომ, რომ რამის შეცვლა რომ უნდოდეს, პოლიტიკაში დაბრუნების გარეშეც შეცვლიდა. სერიოზულად არასდროს არავის მიგვიღია მისი განცხადება, რომ პოლიტიკიდან წავიდა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ის მართავდა პროცესს კულუარებიდან.

- ზოგიერთი ანალიტიკოსის ვერსიით, „ქართულ ოცნებაში“ ცალკეული ლიდერების ძალაუფლება იმდენად გაიზარდა, რომ ივანიშვილს დისტანციურად მართვის შესაძლბელობა აღარ ჰქონდა და „ხელით მართვის“ სისტემაზე გადავიდა.

- მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. აქ რაღაც სხვა ფაქტორია, რომელსაც დრო გვიჩვენებს.

- ივანიშვილის მეორედ მოსვლას იმდროინდელი პრემიერის, კვირიკაშვილის პოსტი შეეწირა, ახლა ამბობს, რომ პრემიერი აღარ შეიცვლება.

- დიახ, მისი ეს განაცხადი, ჩემს პოზიციას ამყარებს. ის პოლიტიკაში მოსვლის გარეშეც მოახერხებდა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ნებისმიერი პოლიტიკური პირის გადაყენებას. მას არც გავლენის პრობლემა აქვს. მისი გავლენა პარტიაში ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე სამი და ოთხი წლის წინ, თუნდაც კვირიკაშვილის პრემიერობის დროს რომ იყო. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან უცნაურია მისი დაბრუნება. ორი ვერსია რჩება - მას ან შეეშინდა, რომ „ქართული ოცნება“ რეიტინგს დაკარგავდა და თავი დაიზღვია, ან არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელისგულზე არ ჩანს და კულუარული მოქმედებების საფუძველია.

- რას გულისხმობთ?

- მართლა საინტერესოა, რეალურად რა მიზანს ემსახურება მისი პოლიტიკაში დაბრუნება, ვის წინაშე იღებს პასუხისმგებლობას - „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის, მთელი ქართველი ხალხის, თუ კიდევ სხვა ძალების ან სუბიექტების? მე მრჩება განცდა, რომ ვიღაცებს ამშვიდებს. არ მგონია, რომ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ ან მან ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ისაუბრა, ევროკავშირზეც, მაგრამ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი ახლა, როდესაც აფხაზეთში ძალიან ცუდი პროცესები მიდის, საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი რთული პროცესებია, შეიძლება ვიფიქროთ, ივანიშვილი შეეცდება საკუთარ წარმატებას მიაწეროს და საქართველოს ტერიტორიული აღდგენის წინაპირობად წარმოაჩინოს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი. არ ვიცი, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ყოველ შემთხვევაში, მე იმის ნამდვილად არ მჯერა, რომ სიტუაცია გაექცა ხელიდან და ახლა კონტროლის აღსადგენად ბრუნდება პოლიტიკაში.

- ამბობთ, რომ ივანიშვილი ღიად მოქმედებს რუსეთის სასარგებლოდ?

- ყოველ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას იღებდეს რაღაც პროცესებზე და ეს პროცესები იყოს ნაკარნახევი მოსკოვიდან... ვნახავთ, მგონია, მალე გაიხსნება კარტები. „ქართულ ოცნებას“ რომ დამრიგებელი სჭირდებოდა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ეს დამრიგებელი ჩრდილში იდგება თუ სამზეოზე გამოვა, ეს აღარ ვიცი.

ხათუნა ბახტურიძე