"თბილისი კიდევ უფრო დაემსგავსება ივანიშვილის და კალაძის ზალა-ოთახს" - რა გამოხმაურება მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას? - კვირის პალიტრა

"თბილისი კიდევ უფრო დაემსგავსება ივანიშვილის და კალაძის ზალა-ოთახს" - რა გამოხმაურება მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას?

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება და მოქმედ პრემიერს არც სხვა ვინმე ჩაანაცვლებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ გაცხადებულ მოსვლას პოლიტიკაში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან:

სცენარისტი ქეთი დევდარიანი:

"საპატიო თავმჯდომარეო" ანუ, ფორმალური სტატუსი შეიძინა, რომ ევროპამ არაფორმალური მმართველი და ოლიგარქი აღარ ეძახოს.მეტი არაფერი. როგორც აქამდე არ ერეოდა არაფერში, ისევ ისე განაგრძობს.

თბილისი აწი და აწი კიდევ უფრო დაემსგავსება ივანიშვილის და კალაძის ზალა-ოთახს, ამიტომ დედაქალაქის გადატანასა და სხვა ქალაქების ეკონომიკურად განვითარებაზე ფიქრი დავიწყოთ ნელ-ნელა, თუ არ გვინდა, რომ საცობსა და ხმაურში ამოვწყდეთ.დაიწყოს რომელიმე ნამდვილმა, არასატელიტმა ოპოზიციამ პროექტ "ანტიგორგასალზე" ფიქრი.

მწერალი ლაშა ბუღაძე:

"ის რომ ივანიშვილი "ოცნების" სისუსტის გამო გამოდგეს გარეთ, სულაც არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას ვერ მიაღწევს 24 წელს და ანკი მისი ალტერნატივაა ძლიერი... არჩევნების მერე მას ისევ ისევე შედგამენ (ან შევა) უკან, როგორც გამოდგეს ან თავი გამოიდგა - საკრალური მუმიასავით.კომუნისტი ზიუგანოვი რუსეთში დღემდე 1924 წელს მკვდარი ლენინის მუმიით აგროვებს მილიონობით ხმას."მუმიობა" სულაც არ გულისხმობს უძალობას. მის იერსა და "ოცნების" სისუსტეს კი ნუ აანალიზებთ, ალტერნატივის უძლურებაზე იფიქრეთ - მიზიდულობის ცენტრებს რომ ვერ ქმნიან "ოცნებით" უკმაყოფილო და გადაღლილი ხალხისთვის. ამ შეურაცხმყოფელ მარაზმს ივანიშვილის სახით მხოლოდ რეპუტაციულად გამართული ძალა მოუღებს ბოლოს" - წერს ბუღაძე.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი:

"ასემც კოხტად... წერტილი... რამდენი გამწარდებოდით, შვილოო, ხომ ისე სახეები დაალაგეთ ბევრს აგერიათ პროფილი"