"არავითარი "რუსული ოცნება" არ არის - ესენი პრაგმატიკოსები არიან. საკმარისია რუსეთი დამარცხდეს ან პუტინი მოკვდეს, მათი პოზიცია მყისიერად შეიცვლება" - კვირის პალიტრა

"არავითარი "რუსული ოცნება" არ არის - ესენი პრაგმატიკოსები არიან. საკმარისია რუსეთი დამარცხდეს ან პუტინი მოკვდეს, მათი პოზიცია მყისიერად შეიცვლება"

„აქამდე სულ იყო ლაპარაკი არაფორმალურ მმართველობაზე, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ისმოდა კითხვები... მისი პოლიტიკაში დაბრუნება ამ თემასა და კითხვებს მოხსნის“

გასული წლის მიწურულს ქართველი საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის "მესამედ მოსვლის" მომსწრე გახდა - 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა. ის ყრილობაზე, რომელსაც 350-მდე დელეგატი ესწრებოდა, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. "ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველი გუნდი 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანია არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა", - განაცხადა ივანიშვილმა, რომლის თქმითაც, მმართველი პარტია საჭიროებს ახალი სიმძიმის ცენტრს და სწორედ მის მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. "2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს. მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არ არის შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას. ვფიქრობ, ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევროთ. ჩვენი ვალია ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისთვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ჩვენი სამშობლო, ჩვენი ღირსეული და ამაყი ერი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ დამაბრუნა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში", - განაცხადა ივანიშვილმა. ამ საკითხის და ზოგადად გასული წლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შეფასება ვთხოვეთ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს:

tvalchrelidze-sandro.jpg

- ნება მიბოძეთ მილოცვით დავიწყო ჩვენი ინტერვიუ. 2023 წელი საკმაოდ საინტერესო და რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვისაც და მსოფლიოსთვისაც. მინდა უპირველესად თქვენი გაზეთის რედაქციასა და მკითხველს, მთელ ქვეყანასა და მსოფლიოს ვუსურვო, რომ 2024 წელი იყოს გაცილებით ბედნიერი, წარმატებული და მშვიდობიანი. ძალიან არასტაბილური და შფოთიანი გახდა დედამიწა და მინდა მომავალ წელს ცოტა მაინც დამშვიდდეს. რაც შეეხება 2023 წლის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ბოლო აკორდს - ივანიშვილის მესამედ დაბრუნებას, თუ გადახედავთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის წლებს, ის ყოველთვის ბრუნდებოდა პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ, როდესაც მნიშვნელოვან რისკებს ხედავდა. ივანიშვილს ჰგონია, რომ ის არის არჩევნების მოგების გარანტი. ნამდვილად ვერ დავუკარგავთ, ის არის გაცილებით უკეთესი ორგანიზატორი, ვიდრე სხვა რომელიმე ლიდერი ამ გუნდში. ვფიქრობ, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის ისევ ჩრდილში გადავა. ვერ ვიტყვი, რომ მისი ეს ნაბიჯი განაპირობა მისი პარტიის მომავალ არჩევნებში დამარცხების საფრთხემ, მაგრამ რაღაც პროცესებმა, როგორც ჩანს, შეაშფოთა და გადაწყვიტა მცირე საფრთხეებიც კი გაენეიტრალებინა. ვფიქრობ, მიიჩნევს, რომ პარტიაში კონსოლიდაცია არ არის ისეთი, როგორიც საჭიროა წინასაარჩევნოდ, და ამასთანავე, ფიქრობს, რომ პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს არა აქვს საკმარისი ორგანიზატორული შესაძლებლობები, და ამაში ნამდვილად არ ცდება. მართლაც ასეა.

ივანიშვილმა აღიარა, რომ მიუხედავად პოლიტიკიდან წასვლისა, აქამდეც მნიშვნელოვნად მონაწილეობდა პარტიის ცხოვრებასა და ქვეყნის მართვაში, მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, თურმე 2-3 კაცს აძლევდა რჩევებს. ასე არ არის ნამდვილად - ბიძინა ივანიშვილი დიდწილად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, ოღონდ ფარდის მიღმა, ახალ მან ეს ფარდა გადასწია. სულ ეს არის. ვფიქრობ, "ქართული ოცნების" პოლიტიკაში დიდად არაფერი შეიცვლება - ის დირექტივები, რომელთაც ივანიშვილი კულუარებიდან გასცემდა და ხელისუფლება ასრულებდა, ახლა უკვე ღიად გაიცემა. ის რაციონალური ადამიანია, კარგი ტაქტიკოსი, ყოველთვის მოქმედებს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. დიდი იმპერატივები მის დაბრუნებაში, ჩემი აზრით, არ უნდა ვეძებოთ. მას უნდა გუნდის კონსოლიდაცია, არჩევნების მოგება და შემდეგ კიდევ 4 წელი წყნარად ცხოვრება.

ვფიქრობ, მისი დაბრუნება დიდად არაფერს შეცვლის ოპოზიციისთვისაც. მისი ამოცანები იგივეა, უბრალოდ, ამ ამოცანების გადაჭრის შესაძლებლობებს მასში ჯერ ვერ ვხედავ. მას არა აქვს ახალი სტრატეგიის შემუშავების თავი, არა აქვს ამის ინტელექტუალური პოტენციალი. რასაც ამბობდნენ ბოლო ხანს, იმავეს გააგრძელებენ. ალბათ, ახლა დაამატებენ, რუსეთის ჯაშუში ისევ დაბრუნდა პოლიტიკაში, რათა საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოსო. მათგან დიდ გამჭრიახობას არ ველი.

აქამდე სულ იყო ლაპარაკი არაფორმალურ მმართველობაზე, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ისმოდა კითხვები... მისი პოლიტიკაში დაბრუნება ამ თემასა და კითხვებს მოხსნის.

- "რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში რეალურად ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ და ამიტომ ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს. ნახეთ, რომ კიდევ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რათა ქვეყანას დავეხმარო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

- სანქცირებული სულაც არ არის. შვეიცარიულ ბანკში შექმნილ პრობლემებს გულისხმობს, Credit Suisse-ი რომ არ უბრუნებს სრულად ვალს. არადა, გაკოტრდა ეს ბანკი. მსგავსი რამ, ალბათ, შვეიცარიაში 200 წელიწადია არ მომხდარა. ეტყობა, ამას უწოდებს სანქციებს. მარტში საბოლოოდ გამოჩნდება მისი დაბრუნების მიზანიც და შედეგიც. ხელისუფლებაში რადიკალური ცვლილებების წინა პირობებს ამჟამად ვერ ვხედავ. ვფიქრობ, პარტიაში დაიწყება სტრუქტურული გადაადგილებები, მაგრამ მთავარი ხაზი იგივე დარჩება. რეალურად ის პოლიტიკიდან ისე შორს არ წასულა, რომ მისმა დაბრუნებამ არსებითად შეცვალოს რამე.

- 2023 წლის ბოლოს სკანდალური ამბავი გაახმაურა საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, რომლის გადაწყვეტილებითაც, ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანია შეთანხმებულად ქმედების გამო დააჯარიმა. სააგენტოს მტკიცებით, დადგინდა "ავერსის", გეფას (ჯი-პი-სი და "ფარმადეპო”), პსპ-სა და "მერმისის" მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ანუ კარტელური გარიგება. ეს კომპანიები ბრალდებას უარყოფენ და სასამართლოში ჩივილს აპირებენ. თუ ეს სიმართლეს შეეფერება, როგორ შეიძლება შეფასდეს ქვეყნის ყველაზე დიდი ფარმაცევტული კომპანიების ქცევა?

- სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რასაც კონკურენციის სააგენტო ამბობს, სიმართლეა. შემიძლია ჩემი დაკვირვებითაც გითხრათ, რომ აბსოლუტურად ერთნაირი ფასები იყო რიგ მედიკამენტებზე სხვადასხვა ქსელში და ფასები, ალბათ, ათჯერ მეტი, ვიდრე ევროპაში.ეს ისევ ქართული სიხარბის ბრალია, როდესაც შენი ჯიბე და ოჯახი გირჩევნია მთელ საქართველოს. წარმოიდგინეთ, ლაპარაკია ონკოლოგიურ სფეროზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატებზე. რა თქმა უნდა, ეს ამორალური საქციელია, მაგრამ ახალი ამაში არაფერია. გაგახსენებთ, როდესაც საქართველოში შუქი არ გვქონდა და ყველაფერი ჩაბნელებული იყო, ზოგიერთი მინისტრი თურქებს ურიგდებოდა და ელექტროენერგიას საზღვარგარეთ ყიდდა. ამგვარი მიდგომები, სამწუხაროდ, დღესაც არის. ალბათ, კიდევ ერთი-ორი თაობა უნდა გაიზარდოს, რომ გაჩნდეს სახელმწიფოებრივი განცდა და ამერიკული ტიპის პატრიოტიზმი.

- გადავხედოთ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებსაც. გასულ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება იყო, თუმცა იქამდე რთული გზა გავიარეთ. ფაქტია, ევროკომისიის იმ 12 პუნქტიდან რეალურად შესრულებულად მხოლოდ 3 ჩაგვითვალეს. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა გახდა ევროკავშირის გადაწყვეტილების მთავარი მოტივი?

- ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვამბობდი, რომ სტატუსს მივიღებდით. თავის დროზე უარის თქმა ერთგვარი სასჯელი იყო იმის გამო, რომ "ქართული ოცნება" გამოვიდა ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან. ევროპას თუ არ სურდა საქართველოს დაკარგვა და საბოლოოდ რუსეთის კალათაში გადაგდება, სტატუსი აუცილებლად უნდა მოეცა. ეს ევროპისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახლდათ, რადგან კარგავდა უმნიშვნელოვანეს პარტნიორსა და საყრდენს ჩვენს რეგიონში. გავა დრო, შეიცვლება ხელისუფლება, შეიცვლება პოლიტიკური ვითარება და საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ან შეიძლება უფრო ადრეც, გახდება ევროკავშირის წევრი. ამის გარანტიას მაძლევს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი და ასევე ევროკავშირის ნება.

როცა მოსახლეობის სურვილზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ შარშანდელი მარტის მოვლენები, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ როგორც კი დაინახა, რომ ქვეყნის ევროპულ გზას რეალური საფრთხე შეიძლება დამუქრებოდა, გამოხატა საკუთარი ნება და ეს მასშტაბურად აჩვენა ქვეყნის ხელისუფლებასაც და ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. ჩვენ ვნახეთ ქუჩაში გასული ახალი თაობა, რაც ერთგვარად იყო უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციის გაგრძელება. ეს მოდის გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან. ობიექტურად რომ ვთქვათ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გამოკლებით, საქართველოში ყველაზე ძლიერად არის განვითარებული სამოქალაქო თვითშეგნება. აქ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაიზარდა ორი ახალი თაობა. შესაბამისად, ყველა მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს და არ დაკარგოს კონტაქტი საზოგადოებასთან.

ამბობდნენ, რომ თითქოს მარტის აქციები მართული იყო, და ახსენებდნენ ოპოზიციას - ეს მტკნარი სიცრუეა. არაერთხელ სცადა ოპოზიციამ აქციების აგორება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, 10 კაცსაც ვერ კრებდა. ის, რამაც მარტში მოქალაქეები ქუჩაში გაიყვანა, იყო ქვეცნობიერად ჩვენში ჩადებული კოდი, რომ თავისუფლება საკუთარი ხელებით უნდა დავიცვათ.

ის, რომ ახალი თაობა იზრდება და ქვეყნის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს, ძალიან კარგია, თუმცა აუცილებელია ახალგაზრდა ლიდერებმა დროზე ადრე არ მიიჩნიონ თავი პოლიტიკურ ლიდერებად. საჭიროა განათლების და გამოცდილების დაგროვება. მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს, არ მეშინია არც პრორუსული, არც ექსტრემისტული და არც არანაირი მთავრობის, საქართველოს მოსახლეობა თავის ღირსებას ყოველთვის დაიცვას.

- ხელისუფლების გასული წლის მთავარი გზავნილი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: "ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა", ოპოზიციის დიდი ნაწილი კი ასე: "პრორუსული მთავრობა უნდა შეიცვალოს"...

- ორივე გზავნილი მცდარია. იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს, აუცილებელია ორ მხარეს შორის მოლაპარაკება და შეთანხმება. რუსეთი ორ ფრონტზე ვერ იბრძოლებს, შესაბამისად, კრემლის საქართველოსადმი ბოლოდროინდელი დამოკიდებულება ფიქციაა, დროებითი მოვლენა. საკმარისია რუსეთმა უკრაინაში ომი მოიგოს, რაც სრულიად დარწმუნებული ვარ, არ მოხდება, ის საქართველოს მოადგება. პუტინს აქვს იდეფიქსი - აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ამიტომაც ჩვენი თავისუფლების ფრონტის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის.

რაც შეეხება იმას, რამდენად "რუსული ოცნება" გვყავს ხელისუფლებაში, ჩემი აზრით, არავითარი "რუსული ოცნება" არ არის - ესენი პრაგმატიკოსები არიან. საკმარისია რუსეთი დამარცხდეს ან პუტინი მოკვდეს, მათი პოზიცია მყისიერად შეიცვლება. რა მოუტანა ამგვარმა დაპირისპირებამ ქვეყანას, რაც თქვენ 2 გზავნილში ჩამოაყალიბეთ? - მოუტანა უზარმაზარი რღვევა ქართველი საზოგადოების ორ ფრთას შორის. თუ ეს არ ამოივსო მესამე ძალით, განწირული ვიქნებით პოლარიზაციისა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებისთვის კარგა ხნის განმავლობაში. უმნიშვნელოვანესია მესამე ძალის ჩამოყალიბება. ჩემი აზრით, "ლელო" მიხვდა ამას, მაგრამ გვიან, ნდობის პოტენციალი ამ პარტიამ უკვე დაკარგა. ვერ ვხედავ, ვინ შეიძლება ეს უზარმაზარი ნაპრალი ამოავსოს. შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ მას სჭირდება პარტიული ხისტი მენეჯმენტი და ფინანსური რესურსი, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არა აქვს.

საუბედუროდ, ასეთ უალტერნატივო არჩევანის წინაშე დავდგებით, ალბათ, არჩევნების წინ და ელექტორატის დიდი ნაწილი ისევ იმაზე დაფიქრდება, ღირს თუ არა წასვლა არჩევნებზე, რაც ძალიან ცუდი იქნება.

- "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებსაც შევეხოთ ორიოდე სიტყვით. ნიკა მელიას ჯგუფმა ხანგრძლივი შიდაპარტიული დაპირისპირების შემდეგ დატოვა პარტია. როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ის არ გამორიცხავს მელიასთან ერთობას. მეტიც, თქვა, რომ არჩევნებზე შესაძლოა ახალი სახელითაც კი წარდგნენ.

- "ლელომ" აღარ იცის, რა ქნას. რაში სჭირდება ხაზარაძეს ეს ერთობა, არ მესმის. ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ დისტანცირებულია "ქართული ოცნებისგანაც" და "ნაციონალური მოძრაობისგანაც", თან აპირებს ამ უკანასკნელის ყოფილ თავმჯდომარესთან გაერთიანებას. მელია კომპრომეტირებული ფიგურაა. ნიკა მელიას ექსტრემისტული ბუნება არავის დავიწყებია. კი ცდილობს გაეხვიოს ცხვრის ქურქში, მაგრამ ყველას ყველაფერი გვახსოვს. ჩემი აზრით, "ლელო" შეცდომას შეცდომაზე უშვებს.

რა მოხდა "ნაციონალურ მოძრაობაში"? - ისევ ლიდერშიფის გამო გაიყო პარტია და არა რაიმე მნიშვნელოვანი საკითხების გამო. იმის მაგივრად, გააძლიერონ ოპოზიცია, ასუსტებენ. ძალაუფლებისკენ ლტოლვა გახდა დაშლის მიზეზი. ყველაფერი უცებ, ისევ ერთ დღეში უნდათ. ეს არის იმის მიზეზი, რაც დატრიალდა "ნაციონალურ მოძრაობაში". თუ რაღაც კრიტიკული არ მოხდა, რაც მესამე ძალის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ისევ "ქართული ოცნება" მოიგებს არჩევნებს. ეს ივანიშვილის დაბრუნების გარეშეც მოხდებოდა, თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ბოლო წლის განმავლობაში. რეალურად "ქართულ ოცნებას" კონკურენტი არა ჰყავს. გახარიაც უკვე ვერ შეავსებს ამ ნიშას - ჩემთვის სრულიად გაუგებარია მისი პასიურობა.