ჩვენი პატრიარქი
"ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ეკლესია. ერთმა სასულიერო პირმა თქვა, პატრიარქმა სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარაო..." ილია II
მაშინ როდესაც უწმინდესმა სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა, დღევანდლისაგან განსხვავებით, ქართული ეკლესია უმძიმესი გამოწვევების წინაშე იდგა. წართმეული ავტოკეფალია, დანგრეული ან გადაკეთებული ეკლესი-მონასტრები, მივიწყებული გალობა და ხატწერა, მღვდელმსახურებისა და სტიქაროსნების სიმცირე. და მთავარი, საბჭოთა რეჟიმის მიერ საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ჩატეხილი ხიდი. ახალი ხიდის მშენებლობას 1977 წელს მის ინტრონიზაციაზე სვეტიცხოვლის ტაძარში საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების შეკრებით ჩაეყარა საფუძველი. მაშინ როცა ქვეყანაში ათეიზმი მძლავრობდა, ცხადია, აცნობიერებდა, რომ ბარიერების დაძლევა ქართული ეკლესიისათვის იოლი არ იქნებოდა. ეს რომ მისი მოვალეობა იყო, კარგად ესმოდა. ეს ინტრონიზაციაზე მის წარმოთქმულ სიტყვაშიც ჩანდა: "მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი, და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა".სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღსაყდრების მეორე დღიდან შემოიკრიბა ახალგაზრდები და საქმეს შეუდგა. მისმა უწმინდესობამ არაერთი თაობა გამოზარდა სასულიერო იერარქიაში და მათ შორის გამორჩეული, საყვარელი სულიერი შვილი დღეს უკვე სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის ტაძრის წინამძღვარი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი დეკანოზი გიორგი ზვიადაძე გახლავთ, რომელიც დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გვესაუბრება:
- ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში. საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. ათეისტური მმართველობის გამო ეკლესიის მოღვაწეობა უკიდურესად შეზღუდული იყო. უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრება წარმოადგენდა ახალი ეპოქის დასაწყისს ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში. არა მარტო სვეტიცხოვლის უწმინდესი ტაძარი, არამედ მისი მიმდებარე ეზოც და ქუჩებიც ხალხით იყო სავსე. ყველა გრძნობდა, რომ უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებით საფუძველი ეყრებოდა საქართველოს უძველესი ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინებას. მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო აღმშენებლობისთვის საღვთისმეტყველო განათლებისა და სულიერი ცხოვრების აღორძინებისთვის ეს უაღრესად რთული პერიოდი იყო, პატრიარქმა უდიდესი ძალისხმევით, პიროვნული მაგალითით, სულგრძელობით, გულისხმიერებითა და სიბრძნით შეძლო აღორძინება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისგან ხელოვნურად გაუცხოებული ქართველი ერის მაცხოვნებელ წიაღში დაბრუნება.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნებოდა ეკლესიისა და ერის სულიერი აღორძინება უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მოღვაწეობის გარეშე? ან როგორი იქნებოდა ქართველი ერის სულიერი მდგომარეობა დღეს, რომ არა მისი უდიდესი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის სულიერი აღორძინებისთვის?
- რთული სათქმელია. მადლობა ღმერთს, რომ მისი ნებით სწორედ ილია II იქნა გამორჩეული საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლად. ეს ღვთის ნება იყო და რომ არა პატრიარქის უდიდესი მოღვაწეობა, ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ერის სულიერი მდგომარეობა. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, - პატრიარქის ღვაწლი განსაკუთრებული და გამორჩეულია არა მარტო საქართველოს ეკლესიის, არამედ მთელი ქართველი ერის წინაშე. თუ ვინმე ობიექტურად შეხედავს იმ რეალობას, რაც იყო პატრიარქის აღსაყდრებამდე და არის მისი აღსაყდრების შემდგომ, გვერდს ვერ აუვლის იმ უდიდესი მოღვაწეობის უაღრესად მნიშვნელოვან და სასიკეთო შედეგებს, რაც უკავშირდება საეკლესიო აღმშენებლობას, საღვთისმეტყველო განათლებისა და სულიერების აღორძინებას. მისი ეს უმნიშვნელოვანესი ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე სავსებით სამართლიანად არის აღიარებული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ჩემთვის უაღრესად რთული წარმოსადგენია, რომ პატრიარქ ილია II-ის გარეშე შესაძლებელი ყოფილიყო იმ ურთულეს ეპოქაში ერის სულიერი გამოფხიზლება და იმ მასშტაბის აღმშენებლობითი საქმიანობა, რომლის შედეგიც დღეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
- იქნებ გაიხსენოთ პირველი შეხვედრა პატრიარქთან.
- ეს მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში მოხდა, 1989 წელს, სადაც მე დეკანოზ ზაქარია ძინძიბაძესთან (დღეს მღვდელ-მონაზონი პეტრე) ერთად ვიყავი. იმ წელს ვაპირებდი სასულიერო სასწავლებელში ჩაბარებას და როცა ეს მის უწმინდესობას ვუთხარი, ძალიან გაუხარდა, თბილად დამლოცა და გამამხნევა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ იმის შესაძლებლობა მომეცემოდა, რომ პატრიარქს პირადად შევხვედროდი, ბუნებრივია, ის დღე არასოდეს დამავიწყდება. მასთან შეხვედრამ მთელი ჩემი მომავალი ცხოვრება განსაზღვრა. მაშინ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ სასულიერო პირი გავმხდარიყავი. უდიდესი სიხარულია ჩემთვის, რომ სამღვდელო ხელდასხმაც სწორედ მისგან მივიღე.
- მამა გიორგი, კარგი იქნება, გაიხსენოთ ისეთი შემთხვევა, რომელიც წარმოაჩენს პატრიარქის რომელიმე განსაკუთრებულ თვისებას.
- პატრიარქის პიროვნებაში ყოველთვის განსაკუთრებით შესამჩნევია მისი სულიერება, ღვთისადმი სასოება, ეკლესიურობა, სიკეთე, ქართველი ერის უდიდესი სიყვარული და ერთგულება, კაცთმოყვარეობა, სულგრძელობა, მიმტევებლობა. ბევრი რამის გახსენება შეიძლება, თუმცა, ვფიქრობ, ეს საჭირო არ არის, რამდენადაც მთელი მოღვაწეობის განმავლობაში პატრიარქი უამრავ ადამიანთან მამაშვილური ურთიერთობისას სწორედ ამ თვისებებს ავლენს. სწორედ ამგვარი პიროვნული თვისებების გამოა, რომ მის მიმართ საყოველთაო მოწიწება, სიყვარული და პატივისცემა არსებობს. ქართველი ერი დიდი იმედით შეჰყურებს პატრიარქს, მასთან შეხვედრის დროს ყველა განიცდის ძალიან დიდ სულიერ სიმშვიდესა და სიხარულს. უაღრესად იშვიათია ის, რომ ეკლესიის მწყემსმთავარს სიცოცხლეშივე მოეპოვებინოს მთელი ერის საყოველთაო აღიარება, პატივისცემა და სიყვარული.
- ყველაზე დიდი დარიგება, რაც თქვენთვის მოუცია, რა იყო?
- მისი ყოველი დარიგება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი სასულიერო პირისთვის, მათ შორის, ჩვენი ეკლესიის მღვდელმთავრებისთვის. ეს დარიგებანი უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების უბიწოდ დაცვას და ქართველი ერისთვის თავშეწირულ მოღვაწეობას. პატრიარქი ყოველთვის ითხოვს ყველა სამღვდელო პირისგან ეკლესიის მრევლისადმი და, საერთოდ, ყველა ადამიანისადმი, უანგარო და გულმოდგინე დამოკიდებულებას, პატიოსნებას, თავმდაბლობას, მოთმინებას, მოყვასზე ზრუნვასა და სიყვარულს.
- არაერთ უცხოელ დიპლომატს მასთან შეხვედრის შემდეგ გამოუხატავს აღფრთოვანება.
- ასეთი შემთხვევა იმდენად ხშირია, რომ რომელიმე მათგანის გამოყოფა ძალიან რთული იქნება. სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან პატრიარქის შეხვედრა, რომელსაც თითქმის ყველა ელჩი დაესწრო. მათ უდიდესი პატივისცემა გამოხატეს საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის მიმართ, საგანგებოდ აღნიშნეს მისი უდიდესი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და მიულოცეს აღსაყდრების 46 წელი. არა მარტო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებთან, პრეზიდენტებთან, პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დროს ყველა ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს პატრიარქის პიროვნებისადმი უდიდეს პატივისცემას. სახელმწიფოს მეთაურების არაერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტის გახსენება შეიძლება და ისინი ყოველთვის ითხოვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას, რაც ნათლად მეტყველებს პატრიარქის საერთაშორისო ავტორიტეტზე.
- და ბოლოს, ვინ არის ილია II საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის?
- ის უმძიმესი ჯვარი ეკლესიის საჭეთმპყრობლისა, რომელიც ღმერთმა არგუნა, პატრიარქმა დიდი სულიერი მხნეობით, ღვთის რწმენითა და ქართველი ერის სიყვარულით იტვირთა. ამ ჯვარს, მიუხედავად ხანდაზმულობისა, ის დღესაც უდიდესი პასუხისმგებლობით ატარებს. როგორც თავად ბრძანებს, ამ ჯვრის ზიდვაში მას დიდ დახმარებას უწევს ქართველი ერის სიყვარული და მადლიერება, რაც ჩვენი ხალხის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა. უწმინდესი პატრიარქი ილია II ქართველი ერისა და მთელი საქართველოსთვის არის სულიერი წინამძღოლი, რომელიც დაუცხრომლად იღვწის იმისთვის, რომ საეკლესიო მადლმოსილებისა და ღვთის მცნებების დაცვით საღმრთო ნათელს აზიაროს მისდამი რწმუნებული სამწყსო. ღვთის შემწეობითა და უდიდესი თავგანწირვის ფასად პატრიარქმა შეძლო საქართველოს ეკლესიის აღორძინება და ქართველი ერის შემობრუნება ეკლესიური ცხოვრებისკენ. იმ ეპოქაში, როცა პატრიარქი იწყებდა მოღვაწეობას როგორც ეკლესიის საჭეთმპყრობელი, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყოველივე ეს შესაძლებელი იქნებოდა. ეს არის ერთგვარი მოწამებრივი ღვაწლი, რომელიც რაც დრო გავა, კიდევ მეტი სულიერი სიმაღლით წარმოჩნდება და არასოდეს გაფერმკრთალდება.
"ახლაც მიკვირს, როგორ ვახერხებდით იმ ტაძრების აშენებას"
მამა ელიზბარ ოდიშვილი 40 წელზე მეტია ქაშვეთის ტაძარში მსახურობს. პატრიარქის ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანი იყო და უწმინდესთან ერთად და მისი ლოცვა-კურთხევით არაერთი ტაძრის აშენებასა და აღდგენაში მიუძღვის წვლილი.
- 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, პატრიარქთან უამრავი მოგონება მაკავშირებს. ის მამა ღვთისო შალიკაშვილის მეშვეობით გავიცანი, რომელიც იმ დროს მისი მძღოლი და დიაკვანი იყო. ქარხანაში ვმუშაობდი, თან მშენებლობის ზედამხედველი ვიყავი. ღვთისომ მითხრა, ჩვენთანაც იარე სიონის ტაძარშიო, და პატრიარქთან რეზიდენციაში მიმიყვანა. მისმა უწმინდესობამ მაკურთხა, სტიქარით შემმოსა და თავისი მიტრა და შესამოსელი ჩამაბარა. ტაძარში ბევრ საქმეს ვუძღვებოდი და როგორც სტიქაროსანი დავყვებოდი - თუ სადმე წასვლა სჭირდებოდა, ჩემი მანქანით დავდიოდით. მაშინ თბილისში მხოლოდ 13 მოქმედი ტაძარი იყო, წირვა-ლოცვა კი რუსულ ენაზე აღევლინებოდა. ხუცურს, ძველ ქართულს ვსწავლობდი და ვმუშაობდით, თუ როგორ ჩაგვენაცვლებინა რუსული ენა ქართულით. როცა დიაკვანი გავხდი, წელიწად-ნახევარი პატრიარქთან ერთად ვიმსახურე, შემდეგ კი ქაშვეთის ეკლესიის ღვთისმსახურად მაკურთხეს.
კომუნისტების დროს პატრიარქის რეზიდენციაში ფარულად ყველას უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. ქადაგებაში რამეს რომ ვიტყოდით, მოვიდოდნენ და გვეუბნებოდნენ, ეს რატომ თქვითო. როცა რომელიმე ტაძრის აღდგენა გვინდოდა, წერილობით უნდა მიგვემართა მთავრობისთვის და სანამ მოსკოვიდან დადგენილება არ მოვიდოდა, ხელს ვერ ვახლებდით. ეკლესიების გასახსნელად ერთადაც დავდიოდით. თბილისი მოვიარეთ, რომ შეგვეთვალიერებინა, სად შეიძლებოდა ახალი ტაძრების აშენება. რთული პერიოდები გვქონდა, ახლა რომ ბევრი ხალხი დადის, ადრე ასე არ იყო, გარეთ პოლიცია იდგა და ვინც შემოვიდოდა, ამოწმებდნენ, სამსახურიდან რიცხავდნენ.
9 აპრილის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ბათუმში ტაძრის გახსნაზე გამგზავნა. ისტორიული ფაქტია, რომ იმ დროს 5 000 კაცი მოინათლა. მოწამლული, შეუძლოდ ვიყავი, გზაში ავარია მომივიდა და მანქანა დავამტვრიე. ყველგან საკუთარი სახსრებით დავდივარ ხოლმე და ეს ერთი შემთხვევა იყო, როცა პატრიარქმა 1 000 მანეთი გამატანა და იმით წავედი. მერე ვუთხარი, ეკლესიისგან რომ ფული ავიღე, დავისაჯე-მეთქი. მას შემდეგ მისთვის ფული აღარასდროს გამომირთმევია, ღმერთი მომცემს, ვინმე შემომწირავს-მეთქი და მართლაც, ისეთ დროს გამოჩნდებოდა კეთილი ადამიანი, სულ რომ არ ველოდი. ახლაც მიკვირს, როგორ ვახერხებდით იმ ტაძრების აშენებას.
პატრიარქთან ურთიერთობა ახლაც ხშირად მაქვს. ამჯერად თქვენი მეშვეობითაც ვულოცავ იუბილეს! დიდხანს გვიმყოფოს უფალმა, ჯანმრთელობა და მხნეობა არ მოჰკლებოდეს, შეგვეწიოს მისი ლოცვა-კურთხევა სრულიად საქართველოს.
"პატრიარქი ჩვენთვის მეხამრიდივითაა"
მამა შალვა კეკელია, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი:
- ბედნიერი ვარ, რომ ისეთ დროს მომიწია ცხოვრებამ, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა. მან ჩამაცვა სტიქარი, პირადად მაკურთხა დიაკვნად და მისი ხელიდან მივიღე სამღვდლო მადლი. დიდი პატივია, რომ 1996 წლიდან მასთან ვეწევი მსახურებას. როცა მღვდლად მაკურთხებდა, მითხრა, ტრაპეზის წინ რომ დაიჩოქებ, უფალს რასაც გულმხურვალედ სთხოვ, მთელი მღვდლობის განმავლობაში ისე გაცხოვრებსო. ცხონება რომ გინდა, ვიცი, მაგრამ რამე ისეთი სთხოვე, რაც მღვდლობაში დაგეხმარებაო. მართლაც, რაც ჩავიფიქრე, მადლობა უფალს, ზუსტად ისე ახდა და უანგარო მსახურებისთვის ეს ძალიან მეხმარება. სახარებაში წერია, მიხედეთ თქვენს მსახურებას და ღმერთი იზრუნებს თქვენზეო. პატრიარქმა რომ მაკურთხა, ჯვარი გადმომცა და მითხრა, ახლა მე შენ ჯვარს გადმოგაბარებ და ყველა ადამიანი, ვინც შენთან მოვა, ჯვრის, ქრისტეს გარეშე არ დატოვო, გაუფრთხილდი და ღმერთთან მიიყვანეო. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დარიგება იყო.
რაც შეეხება უწმინდესის დაბადების დღეს, ახლა, როცა ცოტა შეერყა ჯანმრთელობა, ისეთი მიღებები აღარ აქვს, მაგრამ ჩემი სტუდენტობის, სტიქაროსნობის დროს, პატრიარქის დაბადების დღეზე, აღსაყდრების დღეზე თუ ილიაობას, ყოველთვის სიხარული სუფევდა.
ვულოცავ მას იუბილეს. პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას, შვილებს, უახლოეს ადამიანებს, საკუთარ თავს, ვუსურვებ, რომ პატრიარქი ამქვეყნად დიდხანს გვყავდეს, მისი სიცოცხლე ჩვენ ყველას გვჭირდება, ის ძალიან ბევრ განსაცდელს და დარტყმას გვარიდებს, ჩვენთვის მეხამრიდივითაა. ის სულიერი შემოტევები, რაც ერზე, ქვეყანაზე და თითოეულ ჩვენგანზეა, უწმინდესი ამას ყოველთვის საკუთარ თავზე იღებდა. მინდა ვუსურვო დიდხანს იცოცხლოს. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი სურვილი.
"პატრიარქის არაერთი წინასწარმეტყველება ამსრულებია"
ავთო გიუნაშვილი, ემიგრანტთა უფლებების დამცველი, ათენში დოკუმენტების სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი:
- უწმინდესი მაშინ გავიცანი, როცა 2004 წელს სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე. რამდენიმე თვის შემდეგ სასულიერო აკადემიის რექტორი გახდა და სულ ცდილობდა, სტუდენტებთან ხშირი ურთიერთობა ჰქონოდა, დილის ლოცვებს ერთად ვკითხულობდით. ზოგჯერ საპატრიარქოში გვიბარებდა, ბაღში დავსხდებოდით და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით. იმდროინდელი ხელისუფლება ღვაწლმოსილ ადამიანებს უნივერსიტეტებიდან უშვებდა, პატრიარქმა კი ისინი ჩვენთან მოიყვანა. ლექციებს საოცარი ხალხი გვიკითხავდა - მარიკა ლორთქიფანიძე, მერი ჭელიძე, გრივერ ფარულავა... უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო აკადემიის სტუდენტებს უფასო კვება გვქონდა - სწავლობდი და არ ფიქრობდი იმაზე, საჭმლის ფული საიდან მოგეტანა. მახსოვს, გაზეთი უნდა გამოგვეშვა, მაგრამ ფული არ გვქონდა. პატრიარქმა პრორექტორს დაუძახა და ჰკითხა, ჩემი ხელფასი რამდენიაო... ადგა და ის ფული გაზეთის გამოსაშვებად მოგვცა.
აგვისტოს ომის დროს, საპატრიარქოს ეგიდით საკვები შეგვქონდა საომარ ტერიტორიაზე. უწმინდესმა დაგვლოცა, არაფრის შეგეშინდეთო, და მართლაც, დიდ საფრთხეებს გადავურჩით მე და მამა მიქაელ ბრეგაძე. ბერბუკის შესასვლელთან ტანკით მდგომმა რუსმა იარაღიც კი მოგვადო, ავტობუსით ისეთ ადგილებში დავდიოდით, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა აფეთქებულიყო, მაგრამ უვნებლად დავბრუნდით. იმხანად მამაჩემი ჯავაში იყო და ტყვედ ჩავარდა, 10 აგვისტოს მასთან კავშირი სრულიად გაწყდა... მახსოვს, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მიცვალებულებისა და დაკარგულების სია იყო გამოკრული. იმდენად ბნელოდა, ასოების გარჩევა ჭირდა და მამას სახელი და გვარი რომ ამოვიკითხე, ვერ მივხვდი, რომ დაკარგულების სიაში იყო, ჩავთვალე, დაღუპულა-მეთქი და ტირილი ამივარდა. როცა მამა მიქაელმა უწმინდესს უთხრა, მამამისი ტყვედაა ჩავარდნილიო, დამლოცა - იცოდე, ყველაფერი კარგად იქნება და მამაშენი ცოცხალი ჩამოვაო. და მართლაც, 27 აგვისტოს მამა კავშირზე გამოვიდა. პატრიარქმა სხვანაირი ნუგეშისცემა იცის. ჩემთვის ის წმინდანია, მისი არაერთი წინასწარმეტყველური ნათქვამი ამსრულებია. საბერძნეთში ჩემი წამოსვლა და აქ დიდი ხნით დარჩენაც მისი ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო. ჩემი სტიპენდიის საკითხი რომ წყდებოდა, მაშინ სატელევიზიო ინტელექტუალურ პროექტ "ეტალონში" გავიმარჯვე. მამა გიორგიმ მის კაბინეტში შემიყვანა. რა გაჩუქოო, მკითხა, წიგნი გინდა თუ ხატიო. გავკადნიერდი და ვუთხარი, უცხოეთში გამიშვით სასწავლებლად-მეთქი. ღვთისმშობლის ხატი ჩამომახსნევინა, სულ თან გქონდეს, მასზე ილოცე და ღმერთი მოგცემს იმას, რაც გინდაო. ჩავთვალე, რომ ეს თანხმობა იყო. როცა გამგზავრების დრო დადგა, უწმინდესმა ჩემზე თქვა, ეგ აღარ დაბრუნდებაო. რას ამბობთ, როგორც კი დავამთავრებ, ჩამოვალ-მეთქი. არა, დიდხანს არ დაბრუნდებიო, ისევ გამიმეორა. მართლაც ასე მოხდა...
"მე ვხედავ, მალე დაიკეტება სახლები, ხალხი აღარ იქნება ქუჩებში..."
- 2020 წელს საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა გადავწყვიტეთ, საბერძნეთში მოღვაწე ქართველი წმინდანების ერთობლივი ხატი დაგვეწერა და ისინი ლოცვა-კურთხევისთვის უწმინდესთან მივიყვანე. მოგვიკითხა, ფსალმუნები, სანთლები გვაჩუქა და უცებ ასეთი რამ გვითხრა, მე ვხედავ, მალე დაიკეტება სახლები, ხალხი აღარ იქნება ქუჩებში... მომიტრიალდა და მითხრა, მალე უნდა დაბრუნდე საქართველოში, თქვენ ყველანი უნდა დაბრუნდეთო. გამიკვირდა, ისეთი არაფერი ხდებოდა, 2020 წლის იანვარი იყო და მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო "დაიკეტებოდა". შემდეგ, უკვე ათენში ყოფნის დროს, როცა საქართველოში დაბრუნებას გვთხოვდნენ, გამახსენდა უწმინდესის ის სიტყვები... წარმოიდგინეთ, ეს როგორ იწინასწარმეტყველა, შეგვამზადა, მაგრამ ჩვენ ვერ მივხვდით. ამავე წელს მამაჩემი გარდაიცვალა და კარანტინის გამო დაკრძალვასაც ვერ დავესწარი. მაშინ მივხვდი, რატომ მომიტრიალდა, უნდა დაბრუნდეო... მართლაც, რომ დავბრუნებულიყავი, მამის გვერდით ხომ ვიქნებოდი... რამდენჯერაც არ გავითვალისწინე უწმინდესის ნათქვამი, იმდენჯერ წინ დამხვდა და რაღაც ტკივილი დამიტოვა... პატრიარქთან თითოეული შეხვედრა ჩემთვის ღმერთთან შეხვედრაა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და სამწუხაროდ, უფრო ბევრი რამ ვერ ვისწავლე, რაც მითხრა. ვულოცავ მის უწმინდესობას დაბადების დღეს, მან ეპოქა შექმნა საქართველოს ეკლესიაში. მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიში იმისთვის, რომ ვერ გავითვალისწინეთ, რასაც გვეუბნებოდა; ისე ვერ ვუფრთხილდებით, როგორც იმსახურებს, უნდა ვუთხრათ, რომ ის გვიყვარს.
"უწმინდესი ეპოქალური ადამიანია"
გიორგი ცერცვაძე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი:
- 20 წელია, სამების საპატრიარქო გუნდის მგალობელი გახლავართ. მადლიერი ვარ ჩემი მეგობრის - გიორგი ბერიშვილის, რომელმაც 2003 წელს სიონში მიმიყვანა, როდესაც პატრიარქის კურთხევით სვიმონ ჯანგულაშვილი დიდ გუნდს აყალიბებდა. მახსოვს, როგორ შენდებოდა სამების ტაძარი, უწმინდესი კი ოცნებობდა დიდ გუნდზე, რომელიც ამ უზარმაზარ ტაძარში უფლის სადიდებელ საგალობლებს შეასრულებდა. რეპეტიციები საპატრიარქოში ტარდებოდა. პატრიარქი თავის სკამზე იჯდა, ჩვენ კი მის გარშემო ხალიჩაზე ვისხედით, ხანაც თეთრი როიალის გარშემო ჩავმწკრივდებოდით და ვუსმენდით. თავის მუსიკალურ ნააზრევს გვიზიარებდა და თავის შექმნილ საგალობლებს გვასწავლიდა. საქართველოში უამრავი ეკლესია-მონასტერი შენდებოდა, იკურთხებოდა ტაძრები, რაც ჩვენი გალობის გარეშე არ ხდებოდა. ერთ-ერთი დიდი სიხარული უწმინდესთან ერთად იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე გალობა იყო, ბეთლემის მონახულება, წმინდა გიორგის საფლავზე ლოცვა, ღვთისმშობლის მიძინებისა და მაცხოვრის ზეცად ამაღლების ადგილები და უამრავი სიწმინდე...
უწმინდესი ეპოქალური ადამიანია, უბრალო და თან, ძალიან დიდი... მისი ცრემლები მახსოვს, როდესაც მშობლებს იხსენებდა, როდესაც ჩვენს გალობას ისმენდა. სამების აშენების იდეა რომ გაჩნდა და პირველი შემოწირულობები დაიწყო, ბევრს არ სჯეროდა, რომ ასეთი მასშტაბური ტაძარი აშენდებოდა. მხოლოდ პატრიარქს სჯეროდა ბოლომდე. წლების მერე რესურსიც გამოჩნდა და ის ადამიანებიც, რომლებიც გულმოდგინედ შეეჭიდნენ ამ საღმრთო საქმეს. უწმინდესი პირადად აკონტროლებდა მშენებლობას და ბავშვივით უხაროდა.
ამ ოცი წლის განმავლობაში ახალ წელს თითქმის სულ მასთან ვიყავი. სტუმრების სიაში არა მარტო მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ, არამედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებიც. 31 დეკემბრის ღამეს საპატრიარქოში სუფრა საღამოს 10 საათზე იშლებოდა, საინტერესო საუბრებით, მომავლის გეგმებით, დადებითი ემოციებით სავსე... 12 საათის დადგომასთან ერთად უწმინდესი ახალ წელს მიულოცავდა სტუმრებს და მალევე ამთავრებდა სუფრას. ყველა საჩუქრებით ვბრუნდებოდით სახლში, ხან წიგნებით, ხან საეკლესიო კალენდრებით და ხანაც ტკბილეულით...
დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო უწმინდესს, იმისათვის, რასაც ქვეყნისა და ეკლესიისთვის აკეთებს, რაც ქართული გალობის გადასარჩენად გააკეთა, რაც უამრავი ადამიანის სულის საცხოვნებლად ილოცა და შეეწია. უფალმა დალოცოს და მის კეთილ საქმეებს მიგვამსგავსოს.
"კვირის პალიტრის" რედაქცია უდიდესი სიყვარულითა და მოკრძალებით ულოცავს მის უწმინდესობას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას უსურვებს.
რუსუდან შაიშმელაშვილი
თამთა დადეშელი