ვინ ვისთან, ანუ წინასაარჩევნო გადაჯგუფება იწყება?
„არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს სიტუაცია გაექცა ხელიდან და ახლა კონტროლის აღსადგენად ბრუნდება პოლიტიკაში “
"ძალიან რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო წელი მოდის. ევროპელი პარტნიორებისგან უკვე მივიღეთ საახალწლო საჩუქარი - კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან კარგის ნიშანია, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი არა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ევროინტეგრაციის გზაზე", - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულებისა და განცხადებების გამო ევროპარლამენტარებისთვის ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუმცა მაინც მოგვცეს და დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ. "ამის მერე "ქართულმა ოცნებამ" რომც არაფერი გააკეთოს, მაინც მოგებული ვართ - ადრე თუ გვიან, ეს ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანას კი საქმე წინ ექნება წაგდებული". როგორ შეიძლება განვითარდეს 2024 წელს პოლიტიკური პროცესი, როგორი იქნება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების შანსები, ვინ შეიძლება ვიხილოთ პარლამენტში და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ბარიერს მიღმა, ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
- შეიძლება ითქვას, ევროპელმა პარტნიორებმა კანდიდატის სტატუსი ავანსად მოგვცეს. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჩვენ როგორ გამოვიყენებთ საჩუქარს. ძალიან რთული და მნიშვნელოვანი წელი მოდის, არჩევნებია არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს მოკავშირეებსა და ჩვენს მტერთანაც. 2024 წელს საერთაშორისო ვითარება მეტისმეტად დაძაბული იქნება. პოზიციები გამოიკვეთება რუსეთ-უკრაინის ომშიც. არ ვიცი, რა მოხდება შტატებში, მაგრამ ვიცი, რომ რუსეთში ისევ პუტინი "გაიმარჯვებს". ასეთ მოცემულობაში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების უპირველესი ამოცანა სიმშვიდის შენარჩუნება უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უსამართლობაზე თვალი დავხუჭოთ.
- რა გამოწვევები და შესაძლებლობები აქვთ წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ პარტიებს?
- წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსი მინიმალურია. ერთადერთი, რაც დამაიმედებელია, ოპოზიციაში დაწყებული მოძრაობებია. ოპოზიციამ დაიწყო ისეთ თემებზე საუბარი, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური საკითხები, რასაც აქამდე ერიდებოდა. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ოპოზიციურ ველზე შეიქმნას რამდენიმე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. თუ გამსხვილებაზე დაწყებულ საუბარს შედეგი მოჰყვება, ხომ კარგი, თუ არადა, არა მგონია, ასეთმა დაშლილმა ოპოზიციამ "ოცნების" დამარცხება შეძლოს. დამარცხებაში ვგულისხმობ იმას, რომ "ოცნებას" 76 მანდატის აღების შესაძლებლობა არ მიეცემა.
- გავრცელდა ვერსია, რომ "ლელო" და ნიკა მელიას ახალი პარტია გაერთიანდებიან, ეს არც მამუკა ხაზარაძემ გამორიცხა. შექმნის ეს ორი პოლიტიკური პარტია ერთ ძლიერ პოლიტიკურ ჯგუფს.
- თუ "ლელო" და ნიკა მელიას ახალი პარტია გაერთიანდებიან, მათ 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული ექნებათ, თუმცა ბარიერის დაძლევა არ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობას დაკარგავს. გაერთიანებისკენ სვლა ნებისმიერ ვარიანტში სწორი ნაბიჯია, მაგრამ, "ლელოსა" და ნიკა მელიას პარტიის გაერთიანება ვერ წარმომიდგენია. მელიამ ძირითადი ელექტორატი "ნაცმოძრაობიდან" უნდა წამოიყვანოს. ხაზარაძის ელექტორატი "ნაცმოძრაობის" ელექტორატი არ არის და ამ ორი პარტიის თავსებადობაც ამიტომაც არის სათუო. ორივე ლიდერს აქვს სუსტი წერტილი, რომელსაც "ოცნება" კარგად გამოიყენებს. არ არის გამორიცხული, მელიას ფაქტორმა მხოლოდ "ნაცმოძრაობიდან" წამოსული ხალხის კი არა, ჯაფარიძის "გირჩისა" და ხოშტარიას პარტიის კონსოლიდირებასაც შეუწყოს ხელი. ხაბეიშვილის "ნაცმოძრაობას" 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი მაინც დარჩება. გახარია არავისთან არ აპირებს გაერთიანებას. ვფიქრობ, წვრილი პარტიების გაერთიანებისთვის ყველაზე მეტად "ლელომ" უნდა იაქტიუროს. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ანა დოლიძის პარტია, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში ახალშექმნილი პარტიის კვალობაზე კარგი შედეგი მიიღო. სავსებით შესაძლებელია შეიქმნას "არანაციონალური", "არაქოცური" წარმოშობის პოლიტიკური ჯგუფი "ლელოს" ირგვლივ ან "ლელოსთან" ერთად. თუ ასეთი კონფიგურაცია დალაგდა, რასაც გამჭვირვალე, კარგი პროგრამაც დაემატება, "ოცნების" არჩევნებში დამარცხება რეალური იქნება.
- შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფში ვიხილოთ?
- არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ დღევანდელი მონაცემების მიხედვით, მას მაღალი რეიტინგი აქვს საიმისოდ, რომ "არანაცური" და "არაქოცური" წარმოშობის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერი გახდეს და წარმატებაც მოიპოვოს.
- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა.
- ბიძინა ივანიშვილმა თქვა და მეც ვეთანხმები, რომ მისი დაბრუნების არანაირი აუცილებლობა არ იყო, დღეს ოპოზიციის რეიტინგი ძალიან დაბალია და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. მაშ, რატომ დაბრუნდა? იმის თქმა, რომ ოპოზიცია ვერ აკონტროლებს ხელისუფლებას და უკონკურენტოდ დარჩენილმა მმართველმა გუნდმა შეცდომები არ დაუშვას, მე უნდა დავაზღვიოო, ძალიან არასერიოზულია!
- მთავარი მინიშნება იყო კორუფციაზე.
- კი, კორუფციაზე იყო მინიშნება, ისიც გაიხსენა, რომ ვიღაცები ადრე პარტიის წართმევას უპირებდნენ... ბევრ რამეზე მიანიშნა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ის თქვა, რომ არ მოსწონს ხელისუფლების ქმედებები და ახლა პირადად უნდა გააკონტროლოს ვითარება. არა მგონია, ივანიშვილის დაბრუნებამ ძალთა თანაფარდობა შეცვალოს პოლიტიკურ ველზე, ან ოპოზიციას შეუცვალოს გეგმები. მესამედ მოვიდა პოლიტიკაში, ასეთი ქმედებით ამომრჩევლისთვის მიზიდულობის ძალას კარგავს, პოლიტიკურ კაპიტალს ანიავებს. ივანიშვილს რამის შეცვლა რომ უნდოდეს, პოლიტიკაში დაბრუნების გარეშეც შეცვლიდა. სერიოზულად არც არავის მიგვიღია მისი განცხადება, რომ პოლიტიკიდან წავიდა.
- ივანიშვილის მეორედ მოსვლას იმდროინდელი პრემიერის, კვირიკაშვილის პოსტი შეეწირა, ახლა ამბობს, პრემიერი აღარ შეიცვლება.
- ის პოლიტიკაში მოსვლის გარეშეც მოახერხებდა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ნებისმიერი პოლიტიკური პირის გადაყენებას. მისი გავლენა პარტიაში ახლა გაცილებით ძლიერია. ამიტომ ძალიან უცნაურია მისი დაბრუნება. ორი ვერსია რჩება - მას ან შეეშინდა, რომ "ოცნება" რეიტინგს დაკარგავდა და თავი დაიზღვია, ან არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელისგულზე არ ჩანს და კულუარული მოქმედებების საფუძველია. მართლა საინტერესოა, რეალურად რა მიზანს ემსახურება პოლიტიკაში მისი დაბრუნება, ვის წინაშე იღებს პასუხისმგებლობას - "ოცნების" ამომრჩევლის, მთელი ქართველი ხალხის, თუ კიდევ სხვა ძალების თუ სუბიექტების? მრჩება განცდა, რომ ვიღაცებს ამშვიდებს. არ მჯერა, რომ სიტუაცია გაექცა ხელიდან და ახლა კონტროლის აღსადგენად ბრუნდება პოლიტიკაში.
ვნახავთ, მალე გაიხსნება კარტები. "ქართულ ოცნებას" რომ დამრიგებელი სჭირდებოდა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ეს დამრიგებელი ჩრდილში იდგება თუ სამზეოზე გამოვა.
ხათუნა ბახტურიძე