„დიდი ალბათობით, 2024 წლის პარლამენტი ერთპარტიული იქნება“ - კვირის პალიტრა

„დიდი ალბათობით, 2024 წლის პარლამენტი ერთპარტიული იქნება“

პოლიტიკის ექსპერტისა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, 2023 წელი საინტერესოდ დასრულდა და 2024 წელშიც პროცესების საინტერესოდ განვითარებაა მოსალოდნელი. "გავამყარეთ ჩინეთთან ურთიერთობა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - აზიისკენაც გადავდგით ნაბიჯი და ევროპისკენაც. ძალიან სიმბოლურია, ჩვენ ხომ ხიდი ვართ აზიასა და ევროპას შორის?! ჰოდა, შესაბამისად მოვიქეცით", - ამბობს რამაზ საყვარელიძე და უფრო ვრცლად გვესაუბრება იმის შესახებ, თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს რა დივიდენდები მოუტანა ან მოუტანს კანდიდატის სტატუსი, როგორ შეცვლის ეს მოცემულობა წინასაარჩევნო გარემოს და ვინ რა რესურსით იასპარეზებს 2024 წლის საარჩევნო მარათონზე.

- ჩვენმა ხელისუფლებამ რეალისტური პოლიტიკა გაატარა დასავლეთთან ურთიერთობაში. ევროპელი პოლიტიკოსების უხეშობას შესაბამისად უპასუხა, ახლა კი, როდესაც ევროპამ კეთილგონიერება გამოიჩინა, ჩვენთანაც გაქრა დაძაბულობა. რას ვგულისხმობ ევროპელების უხეშობაში? დავაზუსტებ - უხეშობა ახასიათებდათ არა მარტო ევროპელებს, არამედ საზოგადოდ დასავლელ პოლიტიკოსებს. მაგალითად, ამერიკის ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი, ჩემი შეფასებით, უხეშად ერეოდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში, გამუდმებით ჭკუას გვარიგებდა, შემდეგ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს არგუმენტების წარმოდგენის გარეშე დაუწესა სანქციები და ა.შ. ამასთან, ევროპარლამენტართა ერთი ჯგუფი ქალბატონ ანა ფოტიგას თაოსნობით სულ "ქართული ოცნების" კრიტიკაში იყო. მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, მათ ხმა აღარ ამოუღიათ. ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ მისმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა პრინციპულობა და შედეგიც კარგი მივიღეთ - ჩვენ დავიმსახურეთ დასავლელი პარტნიორების პატივისცემა და კანდიდატის სტატუსი. ეს "ოცნების" სასარგებლოდ იმუშავებს 2024 წლის არჩევნებში. თუმცა ხელისუფლება უპირობო ლიდერი იქნებოდა კანდიდატის სტატუსის გარეშეც!

- ასეთი ფიქრის საფუძველს რა გაძლევთ?

- ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე არჩევანი "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის იქნება, არჩევნებში ყოველთვის "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. საერთოდ არ იდგა კანდიდატის სტატუსის საკითხი, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" წლიდან წლამდე სულ უფრო დიდი ანგარიშით აგებდა არჩევნებს. ახლაც იგივე მოხდება!

- ფიქრობთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება ოპოზიციურ ველზე სურათს არ შეცვლის და ახალი პოლიტიკური ძალის ან ჯგუფის გამოკვეთას არ შეუწყობს ხელს?

- ალბათ, ახალი პოლიტიკური ჯგუფებიც გამოიკვეთებიან და ოპოზიციურ ველზე სურათსაც შეცვლიან, მაგრამ იმდენად ვერა, რომ მმართველი გუნდის დამარცხება შეძლონ. იცით, რატომ ვარ დარწმუნებული? დღემდე ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს არაფერს სთავაზობენ, გარდა იმისა, რომ "ოცნება" უარყონ. ამოჩემებული აქვთ, ხელისუფლება პრორუსულია, რაც ძალიან არადამაჯერებელია.

- თქვენი აზრით, 2024 წლის არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება?

- ომის დასაწყებად თანაბარი ძალებია საჭირო. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არა აქვს იმის რესურსი, რომ "ოცნებას" კონკურენცია გაუწიოს. შეხლა-შემოხლა იქნება, მაგრამ სერიოზული არაფერი.

- ამ ყველაფრის შედეგი იქნება ერთპარტიული პარლამენტი?

- დიდი ალბათობით, 2024 წლის პარლამენტი ერთპარტიული იქნება. დავუშვათ, მივიღეთ ორპარტიული, რა შეიცვლება? "ნაციონალები" იმდენ მანდატს მაინც ვერ მოიპოვებენ, რომ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა იქონიონ და ხალხისთვის რა აზრი ექნება მათ პარლამენტში ყოფნას?! მომავალი წლიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ერთი პარტია მიიღებს. ეს ძალიან ცუდია ქვეყნის პერსპექტივისთვის, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია მოცემულობა.

- თუ "ქართული ოცნების" პოზიცია ასეთი მყარი და არჩევნებშიც უკონკურენტოა, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. მეც მახსოვს, ივანიშვილმა რომ თქვა, იმ შემთხვევაში დავბრუნდები პოლიტიკაში, თუ "ქართულ ოცნებას" გაუჭირდებაო. ახლა "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არ უჭირს. პოლიტიკურად გაუგებარია მისი დაბრუნება. შეიძლება მის ამ გადაწყვეტილებას ფსიქოლოგიური კონტექსტი აქვს, ალბათ, მოსწყინდა კულუარებში ყოფნა, ან რაღაც იდეა დაებადა და მისი ხორცშესხმა დისტანციურად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, მას აქვს ავტორიტეტი "ქართულ ოცნებაში", მაგრამ შეიძლება ანგარიშს აღარ უწევენ, ისევე როგორც მიშა სააკაშვილს.

- რა გულისხმობთ?

- მიშა სააკაშვილი "ნაციონალებისთვის" ნამდვილად არის ავტორიტეტი, მაგრამ ანგარიშს აღარ უწევენ. მიტინგზეც კი ვეღარ იკრიბებიან მიშას გამო.

- პოლიტიკაში მეორედ დაბრუნება ივანიშვილმა იმითაც ახსნა, რომ მაშინდელი პრემიერი კვირიკაშვილი მის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. ხომ არ არის შესაძლებელი ახლაც არ უპასუხონ მის სატელეფონო ზარს?

- სხვათა შორის, სულაც არ არის გამორიცხული. ზუსტადაც!

- როგორ იმოქმედებს ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება ამომრჩეველზე?

- ოპოზიცია დაიწყებს საუბარს, რომ "ქართულ ოცნებას" ისევ გაუჭირდა და იმიტომ გამოჩნდა ივანიშვილი. შეიძლება ვიღაცებმა ოპოზიციის ეს ფორმულა დაიჯერონ. განმარტება ნამდვილად არის საჭირო, თანაც დამაჯერებელი. მე ვერაფერს ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ "ქართულ ოცნებაში" რაღაც ტიპის გადაჯგუფება უნდა. ამისთვის კი საჭიროა, რომ მის სატელეფონო ზარებს უპასუხონ. ამ ყველაფერში კიდევ ერთი დეტალია, რაც უნდა გავითვალისწინოთ - ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ ბრუნდება, რაც ნიშნავს, მთლად საკუთარ თავზეც არ იღებს ყველაფერს, მაგრამ არც თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. ვნახოთ, როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები და განცხადებები.

ხათუნა ბახტურიძე