რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ვის რა „სიურპრიზი“ ელის „ოცნებაში“?! - კვირის პალიტრა

რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ვის რა „სიურპრიზი“ ელის „ოცნებაში“?!

წლის მთავარი პოლიტიკური სი­ურპრიზი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მისი "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ არჩევა იყო. ჩვენი ინფორმაციით, ეს მოულოდნელი იყო "ქართული ოცნების" "ტოპმენეჯმენტის" დიდი ნაწილისთვისაც. პრინციპში, ეს მოულოდნელი პოლიტიკური ლოგიკითაც იყო.

"მესამედ მოსვლა"

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პირველად 2011 წელს მოვიდა და გადამწყვეტი როლი შეასრულა სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლაში. ივანიშვილი პოლიტიკაში 2018 წლის გაზაფხულზეც დაბრუნდა და ასევე გადამწყვეტი როლი შეასრულა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში (ამ "მეორედ მოსვლას" მოჰყვა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა პრემიერის პოსტიდან). თუმცა დღეს მისი მესამედ დაბრუნება მართლაც მოულოდნელი იყო.

კერძოდ, 2024 წელს "ქართული ოცნება"­ დასუსტებული ნამდვილად არ შეხვედრია - ერთ მხარეს იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მეორე მხარეს­ დიდი სოციალური პროექტები, ყოვე­ლივე ამას ემატება გაურკვეველი სიტ­უაცია ოპოზიციის ფლანგზე. თავად ბიძინა ივანიშვილმა მისი პოლიტიკაში დაბრუნების საჭიროება ასე ახსნა:

"სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი - ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება­ თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ოპოზიციის განადგურებამ და ამ ფაქტორით გამოწვეულმა შესაძლო გამოწვევებმა მმართველ ძალაში, აიძულა მისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიეღო და პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, რის შესახებაც მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას რამდენიმე დღის წინ თავად აცნობა:

"პოლიტიკიდან გასვლისას მმართველი პარტიის სათავეში დავტოვე გამართული გუნდი, რომელმაც გასული სამი წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა­ და ამოცანების შესრულება შეძლო. ამ ფონზე­, სამწუხაროდ, ვიმეორებ, სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი. დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის. ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციის კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემ მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრინციპში, ყველაფერი ახსნილია და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი ნამდვილად არ უნდა იყოს სასიამოვნო "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობისთვის. კერძოდ, ივანიშვილმა დაინახა, რომ პარტიაში არის პრობლემები - შესაძლოა ვინმე ძალაუფლებამ დაუკრეფავში გადაიყვანა, ზოგს დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდა, ზოგიერთს კი ბიუჯეტისკენ ხელი წაუცდა... გარდა ამისა, "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია.

გარდა ამისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა დაკომპლექტდეს ახალი საარჩევნო სია, რომელსაც ივანიშვილი დააკომპლექტებს და შესაბამისად, სხვადასხვა­ სახელისუფლებო ჯგუფს­ შორის ამის თაობაზე თავპირისმტვრევა აღარ დაიწყება.

მთავარი კითხვაა - დაიწყებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. დიდ წმენდას? თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, გამორიცხული არ არის. შესაძლოა ეს არ იყოს დემონსტრაციული და საჩვენებელი დასჯა, უბრალოდ, შეიძლება ზოგიერთმა ლიდერმა თავად განაცხადოს, რომ აღარ სურს პოლიტიკაში­ დარჩენა, სამეცნიერო მუშაობას უნდა მიჰყოს ხელი და ა.შ. ასე რომ, "ქართული ოცნების"­ საპარლამენტო გუნდის ე.წ. ტოპმენეჯმენტს მთავარი სიურპრიზი წინ ელოდება. სავარაუდოდ, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით გაძლიერდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციები და ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ივანიშვილმა მიანიშნა.

რაც შეეხება ოპოზიციას - ამ ფლანგის პოლიტიკოსების კომენტარებს თუ მოვუსმენთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ იხტიბარს არ იტეხენ. მართლაც, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ვინმეს მოსწონს თუ არა, წინასაარჩევნო პროცესში "ქართული ოცნება" სულ სხვაა ივანიშვილის გარეშე და სულ სხვა - ივანიშვილიანად (მით უმეტეს, თუ "ქართული ოცნების" საარჩევნო სია გადახალისდება). შესაბამისად, თუ ოპოზიციის ნაწილს სურს მომავალ პარლამენტში მეტ-ნაკლებად ნორმალური დოზით მოხვედრა, უნდა გადადონ პიროვნული ამბიციები და დააჩქარონ ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ ცენტრში არ უნდა იყოს "ნაცმოძრაობა", თორემ 2024 წელს კიდევ ერთხელ გაიკრიფება შუა. თუმცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში­ დაბრუნება მხოლოდ შიდაპოლიტიკას არ უნდა დავუკავშიროთ. საქართველოსთვის 2024 წელი საკმაოდ რთული იქნება. კერძოდ, დასავლური მედიასაშუალებები კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსეთი ამ ზამთარს უკრაინის ფრონტზე მასშტაბურ შეტევას გეგმავს და მოვლენები შესაძლოა მძიმე სცენარით განვითარდეს (ჩვენ ჩვენი მხრივ კიდევ ერთხელ ვუსურვებთ უკრაინელ ხალხს პუტინზე საბოლოო გამარჯვებას). გარდა ამისა, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები 21-ე საუკუნეში - მხოლოდ ამერიკისთვის კი არა, მთელი პლანეტისთვის. თუ არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა და გააკეთა ის, რასაც უცხოელი ექსპერტები პროგნოზირებენ (ამერიკის ნატოდან გამოსვლა, უკრაინისთვის დახმარების მინიმუმამდე დაყვანა, პუტინთან მორიგების მცდელობა და ა.შ), მაშინ რთული და კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიქმნება. საქართველოს კი კიდევ ერთხელ მოუწევს უწვრილეს ბეწვის ხიდზე სიარული, რათა სადმე არ გადაიჩეხოს.

კეზერაშვილის ბიძაშვილის ამბავი

რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის პროკურატურის მოთხოვნით ქოლცენტრების საქმეზე სომხეთში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი დააკავეს.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ევროპელი პენსიონერების ძარცვის ტრანსნაციონალური სქემა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე მიხეილ ბინიამინი საერთაშორისო თაღლითური დაჯგუფების ალბანურ ფილიალს კურირებდა. როგორც "კურიერი" იუწყება, ალბანეთში კეზერაშვილის ბიძაშვილთან დაკავშირებული ქოლცენტრები ადგილობრივმა პოლიციამ დახურა. გერმანული გამოძიების ინფორმაციით, ამ კონსპირაციული დაწესებულებებიდან ევროკავშირის მოქალაქეებს მილიონობით ევრო გამოსძალეს. მოსალოდნელი საფრთხის გამო მიხეილ ბინიამინმა ალბანეთი დატოვა,­ თუმცა ის საერთაშორისო ორდერით ერევანში დააპატიმრეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, 2023 წლის მაისში, BBC Eye-ს ჟურნალისტურმა გამოძიებამ ქოლცენტრების მასშტაბური საერთაშორისო თაღლითური სქემის მთავარ ფიგურანტად კეზერაშვილი დაასახელა. გამოძიების მიხედვით, ამ თაღლითური სქემით ევროპელ პენსიონერებს მილიარდ დოლარზე მეტი გამოსძალეს. თავად კეზერაშვილი ბრალდებებს უარყოფს და ზემოხსენებული მედიასაშუალების წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა. თუმცა, თუ "რუსთავი 2"-ის ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი, ნამდვილად დააკავეს, მაშინ ეს კეზერაშვილისთვის­ განგაშის სიგნალი უნდა იყოს. ზოგადად, როდესაც საქმე მასშტაბურ თაღლითობას ეხება, კვალის დამალვა ცალკე ხელოვნებაა. თუმცა არავინ არასოდეს დაზღვეული არ არის, რომ რომელიმე დაკავებულმა (გინდაც შენმა უახლოესმა ნათესავმა) შენს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. შემდეგ უკვე შენს დაკავებაზეც გაიცემა ორდერი.

თავდაცვის მინისტრობიდან ერთ წელი­წადში გამილიარდერებულმა კეზერაშვილმა საოცარი მეტამორფოზა განიცადა. იყო დრო და მომენტი, როდესაც მასზე საუბარი "ნაცმოძრაობის" ყველაზე "იდეურ" ლიდერებსაც კი ეუხერხულებოდათ. იყო დრო და მომენტი, როდესაც "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მას ყაჩაღსა და რეკეტირს ეძახდა. თუმცა დღეს დადგა მომენტი, როდესაც კეზერაშვილი იქცა მეცენატად და "ნაცმოძრაობისა" და მისი ზოგიერთი განაყოფის ლიდერები მის ფბ-სტატუსებს გულის ამაჩუყებელ კომენტარებს უწერენ.

კეზერაშვილმა ერთი "დიდი საქმე"­ გაუკეთა "ნაცმოძრაობას" - პარტია გახლიჩა და გაყო. ყველა, ვისაც მეტ-ნაკლებად სააკაშვილის ხელისუფლების ბნელ საქმეებში ხელი არ ჰქონდა გასვრილი (და ამით ცდილობდა "ნაცმოძრაობის" რეაბილიტირებას), "ნაცმოძრაობიდან" წავიდა და თავის ყოფილ პარტიას ხმებსაც წაართმევს. დარჩა ის ხალხი, რომელთაც ე.წ. ახალ მენეჯმენტში მხოლოდ ზურაბ ადეიშვილი აკლიათ სრული "ბუკეტისთვის". მერაბიშვილიც არ დაგვავიწყდეს, რომელსაც ასევე აქვს ამბიცია, რომ "რუხი კარდინალი" იყოს და პარტიის საქმეები თავისი შეხედულებისამებრ დაალაგოს (სხვათა შორის, თქვენს მონა-მორჩილს ამას წინათ ერთმა კაცმა, რომელიც მერაბიშვილმა გაამწარა, უთხრა, მერაბიშვილი კეზერაშვილზე ათჯერ უფრო "სიმპათიურია" პოლიტიკურად, რადგან ყოფილმა შს მინისტრმა "ზარიდან ზარამდე" ციხე მაინც მოიხადაო).

საინტერესოა, მაგალითად, ისე რომ მოხდეს, რომ ქოლცენტრების საქმეზე კეზერაშვილზე ძებნა გამოაცხადოს (ან დააკავოს) რომელიმე ევროპულმა სახელმწიფომ, "ნაცმოძრაობა" როგორ მოიქცევა?! კეზერაშვილს საერთაშორისო მასშტაბის პოლიტდევნილად გამოაცხადებს თუ გაემიჯნება?! "ჯანსაღ რჩევებს" როგორღა მისცემს?!

საინტერესოა, ხვდება თუ არა პირადად მიხეილ სააკაშვილი, რომ კეზერაშვილი "ნაცმოძრაობისთვის" ნელი მოქმედების ბომბია და როდის "დაიბუთქუნებს", არავინ იცის...

გიორგი კვიტაშვილი