„ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს, თორემ ეს მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება“
29 დეკემბერს რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში დაიწყო უკრაინის ქალაქებზე, რაც 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რუსებმა რაკეტები დაუშინეს კიევს, ლვოვი, სვიატოშინსკს, პოდოლსკსა და შევჩენკოს რაიონები, ოდესასა და სხვა ქალაქები. ოდესის ერთ ტაძარში წირვა იყო, როცა ნასროლმა რუსულმა რაკეტამ ჭერი ჩაანგრია. რუსმა ორკებმა ქალაქ დნიპროში სამშობიაროს დაარტყეს, კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 12 კაცი, ხოლო 70-მდე დაშავდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიდევ 5 კაცი დაიღუპა ქალაქ დნეპროპეტროვსკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად, ხოლო 2 კაცი - ოდესაში. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა არსენალში არსებული ყველაფერი გამოიყენა: "სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა X-101/X-505 გაუშვეს. დაახლოებით 110 რაკეტა გაისროლეს, უმრავლესობა ჩამოვაგდეთ", - ამბობს ზელენსკი.ამ ზამთარს რომ მდგომარეობა ისევ გამწვავდება და რუსეთი კვლავ შეუტევს უკრაინას, დიდი ხანია ამბობენ ექსპერტები. დიდი ხმაური მოჰყვა ასევე უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლას, ცნობილია ისიც, რომ უკრაინის ხელისუფლება მობილიზაციის გამოცხადებას აპირებს. რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა 500 000 კაცის მობილიზება, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2024 წელს, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება:
- ომი ძალიან გაჭიანურდა, ამიტომაც საჭიროა გადაჯგუფება, სტრატეგიაში ცვლილებები. დიდი წინსვლის პოტენციალი რუსებს არ გააჩნიათ, პატარ-პატარა გამარჯვებებს იზეიმებენ. ალბათ, აიღებენ ავდეევკას, შეიძლება სამხრეთით, რობოტინოს ფლანგისკენაც წაიწიონ წინ და დაიბრუნონ უკრაინის კონტრშეტევის დროს დაკარგული ტერიტორიები. ახლა რუსების ამოცანაა დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა. ამისთვის კი დასჭირდებათ დამატებითი ტერიტორიების დაკავება და ამის შემდეგ პუტინი გამოაცხადებს, რომ მიზანი მიღწეულია - დონბასი დაბრუნებულია! მართალია, როცა ამ ომს იწყებდა, სულ სხვა მიზნები ჰქონდა, მაგრამ ამ მომენტისთვის მას მეტი პოტენციალი აღარ გააჩნია.
- როგორ ფიქრობთ, ამ ზამთარს რუსები გადავლენ შეტევაზე?
- ზამთარში, როცა ყინვები დაიწყება და ნისლიანი დღეები მომრავლდება, გააგრძელებენ შეტევას, მაგრამ მასშტაბურს კი არა, მხოლოდ ლოკალურს. ამას თან დაერთვება უკრაინის მასირებული დაბომბვა, მათ შორის უკრაინის ენერგოსისტემების, რათა უკრაინელ მოსახლეობას ძალიან გაუჭირდეს.
- კიევი, ხარკოვი, დნიპრო მასირებულად დაბომბეს. რატომ გააქტიურდა რუსეთი ასე საახალწლოდ?
- მოსალოდნელი იყო, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაიზრდებოდა დარტყმები უკრაინის სიღრმეში, რაც გაგრძელდება, სავარაუდოდ, უფრო ენერგოობიექტებზე. ამ დარტყმებით რუსეთი ცდილობს აჩვენოს რუს მოსახლეობას, რომ მის ხელშია უპირატესობა და ის შემთხვევები, როგორიცაა რამდენიმე თვითმფრინავის ჩამოგდება, გემის განადგურება და ა.შ., მხოლოდ ომის ფრაგმენტებია. მას უნდა წარმოაჩინოს, რომ ომში რუსეთი წინ არის.
- როგორ შეუძლია უკრაინას გარდატეხა შეიტანოს ომში?
- ბევრი რამით შეუძლია, უმთავრესად კი თუ დასავლეთი უფრო მეტად დაეხმარება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და საჰაერო სივრცის გაკონტროლებაში. უკრაინა სხვადასხვა საბრძოლო ხერხს იყენებს, თუნდაც 60-იანი წლების ტაქტიკურ მანევრებს, რამაც საშუალება მისცა ჩამოეგდო სამი თვითმფრინავი ერთდროულად და ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მტკივნეულ დარტყმებს მიაყენებს რუსეთს.
ომი ძალიან გაჭიანურდა. ერთი ამერიკელი ექსპერტიც წერდა და ვეთანხმები კიდეც გარკვეულწილად - ამ მომენტისთვის უკრაინისთვის გამარჯვება არ არის მისი დაკარგული ტერიტორიების მთლიანად დაბრუნება, უკრაინისთვის გამარჯვება იქნება გაძლიერდეს, განვითარდეს, ჩამოყალიბდეს როგორც წარმატებული ქვეყანა და შეძლოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, რათა რუსეთს შეუზღუდოს შემდგომი ნაბიჯები. დაახლოებით გააკეთოს იგივე, რაც ერთ დროს ფინეთმა გააკეთა. მან დაკარგა კარელია, მაგრამ შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, განვითარდა და დღეს ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა.
- არის თუ არა საკმარისი ის რესურსი გამარჯვებისთვის, რაც დღეს უკრაინას აქვს?
- ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, რა არის გამარჯვება. თუ იმას ჩავთვლით გამარჯვებად, რომ უკრაინამ ტერიტორიები დაიბრუნოს ყირიმის ჩათვლით, მაშინ ამის მიღწევას ძალიან დიდი სამხედრო დახმარება დასჭირდება, მაგრამ თუ ჩავთვლით გამარჯვებად იმას, რომ მთავარია, უკრაინამ შეინარჩუნოს სტატუს-კვო ჩამოყალიბებული ბრძოლის ველზე და ამავე დროს გააძლიეროს შიდაპოლიტიკური მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკა, დაიწყოს მრეწველობის განვითარება და ა.შ., ამისთვის სხვა დახმარებაა საჭირო. უკრაინამ ასევე უნდა გადახედოს თავის სტრატეგიას ამ დაპირისპირებაში და არ უნდა მივიდეს გამოფიტვამდე.
- უკრაინა აპირებს მობილიზაციის გამოცხადებას, როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაიღალა უკრაინელი ხალხი?
- რა თქმა უნდა, დაიღალა, მაგრამ არა მგონია, 500.000-კაციანი მობილიზება ამჯერად საჭირო იყოს. თუმცა, თუ ამას აპირებენ, მაშინ მობილიზაცია უკვე დაწყებულიც უნდა იყოს. უკრაინა არ არის რუსეთი, რომ თავისი მოქალაქეები პირდაპირ, მომზადების გარეშე ბრძოლის ველზე გაყაროს. მობილიზაცია ჯერ არც არის გადაწყვეტილი, ჯერ მსჯელობენ ამაზე. რამდენს კაცს გაიწვევენ, ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. შეიძლება თავდაცვამ 500 000 კაცი მოითხოვოს იმის გათვალისწინებით, რომ ნაწილს გადამზადება სჭირდება, ნაწილს როტაცია და ა.შ. მებრძოლები გადაიღალნენ, მათ შეცვლა სჭირდებათ.
- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2024 წელს, რა მოლოდინი გაქვთ?
- დიდი ეჭვი მაქვს, მომავალ წელს, ალბათ, დადგება კრიტიკული მომენტი, როცა ცეცხლის შეწყვეტაზე დაიწყება მოლაპარაკება.
- პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან საუბრის დროს თქვა, ეს ომი მინიმუმ 5 წელს გაგრძელდებაო.
- პუტინი ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს ამ ვითარებაში. რუსულ ჯარს მოხალისეები არ აკლია, მათხოვრებითა და უმუშევრებით სავსეა რუსეთი. ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ვფიქრობ, პუტინის ნათქვამი უფრო პირობითი ვადაა, რადგან რუსეთი დიდ წარმატებას ვერ აღწევს, თან ძნელია მის ნათქვამს დაუჯერო. რუსები ერთს ფიქრობენ, მეორეს აკეთებენ და მესამე გამოსდით. დამატებითი ღონისძიებების გათვალისწინებით, წელიწადში რუსეთს შეუძლია 600-700 000 კაციც შეაგროვოს. გადაითვალეთ, 5 წლის განმავლობაში რამხელა ციფრი იქნება. ვნახოთ, რა იქნება, მე მაინც მგონია, დაიწყება საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე.
- გამოდის, რუსეთი მიზანს ვერ აღწევს და შეიძლება დასჯერდეს დონბასს?
- სწორად ბრძანეთ, ფაქტია, რუსეთმა ვერ მიაღწია განზრახულს: დემილიტარიზაციას, ნეიტრალურ სტატუსსა და ნატოს მოშორებას რუსეთის საზღვრებიდან, პირიქით, უკუშედეგი მიიღო. რა თქმა უნდა, მან უკვე დაიხია უკან, თავისი მოთხოვნებიც შეცვალა, ერთ განცხადებაში გაიძახის, ჩვენი ამოცანაა დონბასის დაბრუნებაო, მეორეში აცხადებს, არ შეგვიცვლია ჩვენი ჩანაფიქრიო და ა.შ. ფაქტია, ახლა რუსეთის ამოცანაა დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა და რუსი მოსახლეობისთვის იმის თქმა, რომ დაიბრუნა დონბასი.
- ამას შეეგუება უკრაინა?
- რა თქმა უნდა, უკრაინა იბრძოლებს. 4 თვეა უტევენ ავდეევკას, 6 თვეზე მეტია მარინკას და ა.შ. ბახმუტს ვერ გასცილდნენ რუსები, სლავიანსკიც ექნებათ ასაღები და სხვა ადგილებიც. თუ ასეთი ტემპით გააგრძელეს, დონბასამდე მალე ვერ მივლენ. მცირე "ჯიბეები", რომელიც შექმნეს, შეიძლება უკრაინელებმა დათმონ და გაასწორონ თავდაცვითი ხაზი, მაგრამ მერე ისევ მიბრუნდნენ. ისე, ყველაფერს არ დაუთმობენ რუსებს.
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის დახმარებას. თქვენი აზრით, მსოფლიო ისევ გააგრძელებს დახმარებას?
- მსურს და დიდი იმედიც მაქვს, რომ გააგრძელებს, რადგან საქმე ეხება არა მარტო უკრაინას, რომელიც ამჟამად დიდი გეოპოლიტიკური გრავიტაციის ცენტრია. ჩვენ გლობალური ომის მოწმე ვართ. ერთ მხარეს არის სიმართლე, მეორე მხარეს - ბოროტება. ბოროტების მხარეს არიან ირანი, ჩრდილო კორეა და რუსეთი, ხოლო სიმართლის მხარეს - მთელი ცივილიზებული ევროპა და ამერიკა. ამ დაპირისპირებაში არავითარ შემთხვევაში ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს, თორემ ეს მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება.
- გახშირდა ლაპარაკი უკრაინის ხელისუფლებაში კორუფციაზე. ესეც ხომ არ აზარალებს ამ ომში უკრაინას და რა უნდა გააკეთოს, რომ თუნდაც პარტნიორი ქვეყნების ნდობა არ დაკარგოს?
- ეს შიდაპოლიტიკური საკითხებია და კორექტული არ იქნება. მხოლოდ ამას ვიტყვი - თუ დადგა ცეცხლის შეწყვეტის მომენტი, ვფიქრობ, უკრაინამ უნდა გამოიყენოს და ყურადღება გადაიტანოს შიდა პრობლემების მოგვარებაზე, შიდა ვერტიკალის სწორად ჩამოყალიბებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და ა.შ. ყველამ ვიცით, უკრაინის მიწის ყოველი გოჯი სისხლით არის მორწყული და ძალიან ძვირად ფასობს. არ ვამბობ, რომ უკრაინამ აღარ უნდა იფიქროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ ჯერ უნდა იფიქროს შიდა სიტუაციის გამტკიცებაზე, თავის გაძლიერებაზე. ნუ დაგვავიწყდება, ყარაბაღის კონფლიქტი 30 წელს გრძელდებოდა და დადგა მომენტი, როცა აზერბაიჯანი გაძლიერდა და დაკარგული დაიბრუნა. არ არის გამორიცხული, უკრაინელებმაც შეძლონ.
- რუსები წერენ, სარაკეტო იერიში შურისძიებაა ფეოდოსიაში ჩაძირული გემისთვისო.
- მგონი, მიაბეს ერთმანეთს, თორემ გემი რომ არ ჩაეძირათ, უკრაინას ისე არ ბომბავდნენ? რუსეთის საქმე ისე მიდის, გემი ვერ გასულა ზღვაში, გინდ ჰყოლია და გინდ არა, შიშით ვერ გადიან აკვატორიიდან. ამ ვითარებაში ყირიმიც კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას. ამიტომაც აპირებენ ოჩამჩირეში გემების დამალვას.
- 29 დეკემბერს 5 საათის განმავლობაში იბომბებოდა უკრაინის ქალაქები და სოფლები, ნუთუ ისევ გაგრძელდება საჰაერო იერიშები?
- უფრო მეტსაც ვიხილავთ. ყინვა იწყება, ზამთარია, კრემლი ტყუილად ხომ არ ინახავდა ამდენ ხანს ამ ყველაფერს. ამ ზამთარს შეეცდება ძალიან გაუმწაროს ცხოვრება უკრაინელ ხალხს.
- ბევრი ქართველი ჯარისკაცი დაგვეღუპა ამ ომში. სათანადოდ დააფასებს უკრაინა ამ დაღვრილ სისხლს?
- მე როგორც ვიცი, ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო ქართველ მებრძოლებზე. არა მგონია, ქართველების გაღებული სისხლი უკრაინამ დაივიწყოს, ისევე როგორც ჩვენ არ გვავიწყდება აფხაზეთის ომში ქართველებისთვის უკრაინელების დაღვრილი სისხლი. ქართველი ბიჭები ვაჟკაცები არიან, ვაჟკაცურ საქმეს აკეთებენ და ვუსურვებ გამარჯვებული დაუბრუნდნენ ოჯახებს. მედიასთანაც მაქვს თხოვნა - ომის პირველ დღეებში ბევრს სჯეროდა, რომ რუსეთი გაიმარჯვებდა და მალე შევიდოდა კიევში, მაგრამ ეს არ მოხდა. ახლა დიდი იმედგაცრუებაა უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლის გამო. არადა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ომი გრძელდება, ეს იყო ომის ერთი ეპიზოდი - ომში შეიძლება იყოს შედეგიანი და მარცხიანი კონტრშეტევაც. ეს არც დასასრულია და არც კატასტროფა. ვფიქრობ, ამ წლის წარმატებაა, რომ უკრაინამ დაიბრუნა თავისი დაკავებული ტერიტორიის 50 პროცენტი. იმედია, კიდევ არაერთი საბრძოლო ეპიზოდები ექნება. ასე რომ, აპოკალიფსური არაფერი ხდება, მიმდინარეობს ჩვეულებრივი საომარი მოქმედებები.