"ახლა მთავარია შესრულდეს ვალდებულებები, თორემ ვინც გინდა, იმან მიიწეროს წარმატება"
"2023 წელი სიურპრიზით დაამთავრა ევროპამ, ძალიან კარგი საშობაო საჩუქარი გაგვიკეთა, მაგრამ მომავალი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამოსუნთქვის საშუალება არ გვექნება, მწვერვალამდე დიდი და რთული გზაა. მწვერვალისკენ მიმავალი, თუ არ ახვედი საბერწეზე, ვერ მოხვდები მეორე ადგილზე - მეტეოზე. მეტეოზე თუ არ მიხვედი, ისე ვერ წახვალ მყინვარწვერზე. ეს გზა უნდა გაიარო, ეს მარშრუტია... მწვერვალი შედგება გარკვეული პუნქტებისგან და თუ ამ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი არ გაიარე, მწვერვალამდე, ანუ ევროკავშირის წევრობამდე ვერ მიხვალ...", - მეტაფორულად ხსნის საქართველოს მონაპოვარს პოეტი რატი ამაღლობელი და ამბობს, რომ "საბოლოო ნახტომისთვის" ანუ ევროკავშირში გაწევრებისთვის და ქართველთა სანუკვარი მიზნის მისაღწევად კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა გვმართებს.
- ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომლის ხმაც გაიგონა ევროპამ მარტის აქციებზე. ეს არის მრავალწლიანი შრომის, მისწრაფების, დაღვრილი სისხლის შედეგი და, ბუნებრივია, ქართველი ხალხის. კონკრეტულ ნაბიჯებს, რეფორმებს, პუნქტებს რაც შეეხება, ეს ხელისუფლებამ არ შეასრულა და ჩვენ ახლა, წესით, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს ევროკავშირთან, რაც უკვე აქვთ მოლდოვასა და უკრაინას. ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ის არის, რომ ვართ ჩამორჩენილი და არ შევასრულეთ რეკომენდაციები. საერთოდ რომ დავრჩით ამ დღის წესრიგში, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა. დასავლეთმა თქვა, მოდი, პატივი ვცეთ ქართველ ხალხს, დავუტოვოთ შანსი და უარი არ ვუთხრათ მისი ცუდი ხელისუფლების გამოო. ევროკავშირმა ფანჯარა რომ გახსნა, ეს უკრაინელი ხალხის ბრძოლის, სისხლის, თავდადების, ძალისხმევის დამსახურებაა. სხვა შემთხვევაში, არ ვიცით, ეს ფანჯარა როდის ან საერთოდ თუ გაიხსნებოდა.
- უმრავლესობის რიტორიკის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, ევროპა იყო და არის ხელისუფლების არჩევანი?
- რომ გადახედოთ და ნახოთ მთელი წლის განმავლობაში "ოცნების" ლიდერების, პრემიერ-მინისტრის, ქალაქის მერის, პარტიული ბოსებისა და მენეჯერების თუ სხვათა გამონათქვამები, მიხვდებით, რომ "ედინაია როსიას" პოლიტსაბჭო თუ საუბრობს ასე: კოლექტიური დასავლეთი, ომის პარტია, ევროპაში გამყინვარებაა, ევროკავშირი მალე დაიშლება, სტატუსს ჩალის ფასი აქვს... მოკლედ, საოცარი და საზარელი განცხადებების მომსწრენი გავხდით და ამ განცხადებების ავტორებს ახლა ევროკავშირის დროშით ხელში ვხედავთ. რა არ გაგიკვირდება საქართველოში, მაგრამ ეს ნამეტანია... პრემიერმა მადლობა გადაუხადა მამა-მარჩენალს და თქვა, რომ ეს მონაპოვარი მათი შრომისა და ბრძოლის შედეგია, სტატუსისთვის ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, გამარჯვება ჩვენიაო და მისთანები. სასაცილოა, რატომ ჰგონიათ, რომ ხალხი ამ ფარისევლობას ვერ ხედავს? რატომ აყენებენ ხალხს ასეთ შეურაცხყოფას? ენას ძვალი არა აქვსო, ამაზეა. შეუსრულებელ რეკომენდაციებს თუ გადავხედავთ, პირველი დათქმაა ევროკავშირთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, დეოლიგარქიზაციასაც კი აღარ ეუბნებიან, არამედ ევროკავშირზე დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთო. ახლა მნიშვნელოვანია იმ 9 დათქმის შესრულება, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები. ძალზე ხელშესახებ მანძილზეა ევროკავშირი, აბსტრაქცია კი არ არის.
- ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დათქმებს არ შეასრულებს, რადგან ეს ძალაუფლების დაკარგვის პროპორციული იქნება.
- როდესაც თქვენ სამართლიან მოთხოვნებს ასრულებთ, სასამართლო გყავთ პირუთვნელი და სამართლიანი, პროკურატურა გყავთ დეპოლიტიზებული, არჩევნებს ატარებთ სამართლიანად, ამ დროს შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" დაკარგოს ძალაუფლება, ანუ კარგად თუ მოიქცევი, ეს შეიძლება მართლაც იყოს ამ ხელისუფლებისთვის სასჯელის ვერდიქტის გამომტანი. ხელისუფლებამ იცის, რომ ეს გასაკეთებელია, მაგრამ თან შიშობს, ამ კარგ და სწორ ნაბიჯებს არ გადავყვეთო. მე თუ ხალხი არ გავლახე, არ დავაშინე, არ დავაშანტაჟე, სასამართლო თუ გავათავისუფლე, პროკურატურას თუ დავალება არ მივეცი და მან თავისი მიზანშეწონილობით იმუშავა, ევროპა თუ არ ვლანძღე, შეიძლება დამთავრდეს ის ძალადობრივი სისტემა, რაზეც დგას ხელისუფლება. ამიტომ თვითონაც დილემის წინაშე არიან, ამას თუ არ შეასრულებენ, მოვა სხვა ხელისუფლება და ის შეასრულებს. ერთადერთი განვითარების გზა ესაა, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. ახლა მთავარი საქმეა, უნდა შესრულდეს დაკისრებული ვალდებულებები, თორემ ვინც გინდა, იმან მიიწეროს წარმატება.
- არიან პოლიტიკოსები (სახელისუფლებო შტოშიც), რომელთა რიტორიკა ასეთია: სტატუსი არ არის პანაცეა, სტატუსი სხვა ქვეყნებსაც აქვთ, მაგრამ წლობით ელიან გაწევრებასო...
- მიყვარს მთაში სიარული, ალპინიზმი, მყინვარწვერზე ასვლა. თუ არ ახვედი საბერწეზე (არის ასეთი ადგილი), ვერ მოხვდები მეორე ადგილზე - მეტეოზე. მეტეოზე თუ არ დარჩი, ისე ვერ წახვალ მყინვარწვერზე. ეს გზა უნდა გაიარო, იქ წყალი უნდა აავსო, კოლეგები ნახო, დაელაპარაკო, ანუ ეს მარშრუტია. მწვერვალი შედგება პუნქტებისგან და თუ ეს არ გაიარე, ამ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი, მწვერვალამდე ანუ წევრობამდე ვერ მიხვალ. ეს აუცილებელი ადგილია, რომელზეც უნდა მოხვდე, რომლისგანაც შედგება მარშრუტი, რომელიც ძალიან გაახლოებს საბოლოო მიზანს. სტატუსი პანაცეა არ არის, მაგრამ აუცილებელი კომპონენტია და საეტაპო მნიშვნელობის ამბავი.
- ანუ მწვერვალის რომელ ადგილს შეიძლება შევადაროთ ეს ეტაპი, რომელსაც საქართველო გადის?
- ალპინისტები ამბობენ შტურმს, გასვლას. ეს არის ყველაზე დიდი მომზადება საბოლოო ნახტომისკენ. ასე რომ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ამბავია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გამო ჩამოვრჩებით. ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვას კონკრეტულად ელაპარაკება ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებზე, კონკრეტულ ევროპულ სტანდარტებზე, რაც ყოველთვის ხალხის სასიკეთოდ არის ხოლმე. სტანდარტები უნდა გაიზარდოს, დაიხვეწოს და შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირთან, ამ სტანდარტებთან მიახლოებით მხოლოდ ხალხი იხეირებს.
- დღეიდან რა გვმართებს, როგორ ვიქცევით და ვემზადებით "საბოლოო ნახტომისთვის"?
- ამისთვის 9 დათქმა გვიწერია, სადაც პირველ პუნქტად ჩაგვიწერეს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, როგორც მინიმუმ, თვითონ არ იყოს დეზინფორმაციის გამავრცელებელი ევროკავშირზე, ევროკავშირის ძირგამომთხრელი სამუშაოების შემსრულებელი - ევროპა იშლება, ევროპა უბედურია, ევროპა მეორე ფრონტის მოსურნეაო... გაჩერდითო, პირდაპირ გვეუბნებიან... უნდა მიჰყვე და შეასრულო დათქმები. გულწრფელად რომ გითხრათ, საშუალო შესაძლებლობების ადამიანი 9-ზე, 10-ის ნახევარზე რომ მივიდეს სამსახურში, შუადღის ლანჩი ჰქონდეს და 6-ზე წამოვიდეს, ასეთი სახელმწიფო მოხელეების პირობებშიც ამ 9 პუნქტიდან 5 პუნქტი შესრულდება ერთ კვირაში, დანარჩენს მაქსიმუმ 2-3 თვეს მოუნდება. რაც უფრო კომპლექსურია, ამ პირობებშიც კი, მათ შესრულებას ღამეების თევა არ სჭირდება.
- წინ 2024-ის საპარლამენტო არჩევნებია. ვინაიდან ევროპის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობა თავისუფალი არჩევნებია, იმედი გაქვთ, რომ პოლიტიკური აქტორები იზრუნებენ იმაზე, რომ ის ევროპული სტანდარტებით ჩაატარონ? წინააღმდეგ შემთხვევაში, რა როლს შეასრულებს ამ პროცესში დასავლეთი?
- ჩვენ ახლოს ვართ ევროპასთან და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის თარგმნა სწორ და სამართლიან არჩევნებში. ეს თუ ვერ გავაკეთეთ, დავრჩებით იქ, სადაც ვართ, ანუ გავიყინებით. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, გავწევრდებით თუ არა. ასე თუ ისე, მოვედით იქამდე - ახალგაზრდებით, ნანა მალაშხიას ძალისხმევით, დროშის ჭერით, წყლის ჭავლზე ცეკვითა და არტისტულობით, რადგან ამ ხელისუფლების გამო სხვა ვერაფერი ვქენით. აწი უკვე საქმიანი ეტაპია და ჩვენზეა დამოკიდებული. არჩევნებს როგორ ჩაატარებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დემოკრატიულად არ ჩაატარებ და, გეტყვიან, ეს არ არის ჩვენი სტანდარტი, ჩვენი ურთიერთობების წესი და ასე ვერ ვიმეგობრებთო. ეს მთავარი პუნქტი ამ ხელისუფლების ხელშია.
- თქვენი აზრით, 2024-ის არჩევნების შედეგად მივიღებთ კოალიციურ მთავრობას?
- დამოუკიდებლობის ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ რეალური კოალიცია არ გვქონია. შეიძლება იყო სხვადასხვა ბლოკი, მაგრამ რეალური კოალიციური ხელისუფლება არ გვყოლია ანუ განსხვავებულთა ერთობა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში და მერე ხელისუფლებაში კვოტირებულად ინაწილებენ პორტფელს, აკონტროლებენ ერთმანეთს და მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ერთმანეთის მიმართ. კი არ უნდა ველოდოთ, ღრუბლები გაიხსნება და რაღაც ძალა გამოჩნდებაო, არამედ არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოახერხოს, რომ საქართველოში მოვიდეს კოალიციური მმართველობა. ასეთ შემთხვევაში არავის ფუნდამენტური პრიმატი და ფორა აღარ ექნება.
- სტატუსთან ერთად, სოცქსელებში წამოგვეწია რუსეთუმეების ნარატივი - "ჩვენ არასდროს ვყოფილვართ და არც ვიქნებით ევროპა, ჩვენ კავკასიის ცენტრი ვართ". მათ ასევე თავისებურად გადააკეთეს ზურაბ ჟვანიას ისტორიული ფრაზა: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ კავკასიელი" და მისთანები...
- ტიპური 20-ლარიანი მესიჯებია, რასაც კონკრეტულად რუსეთი აფინანსებს. რუსეთი, რომელმაც გაანადგურა კავკასია, ჩერქეზები ამოწყვიტა, ჩეჩნებთან ომის დროს 35 ათასი ბავშვი მოკლა, თითქმის მოსპო მთელი კავკასია და ეს რუსეთი ეუბნება ახლა ქართველებს, თქვენ კავკასია ხართო. კავკასია რა არის, არ არის ევროპა? კავკასიური შეიძლება იყოს მხოლოდ რასა, რაც იგივეა, რაც ევროპეიდული რასა. რაო, კავკასიელ ბებიას და ბაბუას ძველი ბალახებით ვუმკურნალოთ, სამყურა ბალახით მხოლოდ? მათ ჯანდაცვა არ სჭირდებათ? კი ბატონო, ქართველი ბავშვი კავკასიელია, კავკასიის მთების შვილია, მაგრამ განათლება არ სჭირდება? ეს სამსახური როგორი განათლებით უნდა მოიპოვოს, რა უნდა ქნას? მან ევროპული განათლება არ უნდა მოიპოვოს? ამ კომენტარების მპოსტავი თვითონ კარგ მანქანაზე რომ ზის, სად გამოვიდა ის მანქანა? კომპიუტერი, რომლითაც ბეჭდავს, სად, რომელ აულშია აწყობილი? რუსეთის იარაღი, მახვილი საქართველოს ზურგში ყოველთვის ქართველი ხალხის შიდადაპირისპირებაა. როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირიდან უნდა გამომძვრალიყო, რუსეთმა საქართველოში წამოიწყო ე.წ. სამოქალაქო ომი. ეს იყო რუსეთის ბრძოლა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ, უბრალოდ, მან რამდენიმე ასეული ქართველის მეშვეობით შეძლო ეს და მას სამოქალაქო ომი დაარქვა.
- როგორი იქნება ჩვენს ევროინტეგრაციაზე რუსეთის რეაგირება, რომლის გავლენაც ჩვენს რეგიონში ცალსახად სუსტდება?
- ჩვენ თუ რაღაც მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ ფასეულობებზე ჩამოვყალიბდებით, რუსეთი აქ ვერ შეძლებს იმას, რისი სურვილიც აქვს - მე რა შუაში ვარ, აგერ, ერთმანეთი დახოცეს, ველური ხალხია, დაგვიტოვეთ, ჩვენ მოვუვლით ამ მხარეს, აი, ესაა რუსეთის პოლიტიკა საქართველოში, უხეშად რომ ვთქვათ. მათ კარგად იციან, როგორ სძულთ ქართველებს ერთმანეთი, "დანოსებს" ხომ ინახავენ, რუსები 1801 წლიდან გვიცნობენ და ხომ უნახავთ, რომელი თავადი რომელს და რას უჩიოდა. 37 წელიც ახსოვთ, ახსოვთ, რას შვრება ქართველი ქართველის წინააღმდეგ და ამას კარგად იყენებენ. ასე რომ, თუ გადავდგამთ ნაბიჯს წინ, გამოვალთ ამ მანკიერი წრიდან და შევძლებთ ერთმანეთი არ დავხოცოთ, შევუთანხმდეთ თუნდაც ჩვენთვის არასასურველ ადამიანს გონივრული თამაშის წესებზე, აი, ეს არის თავდაცვა რუსეთისგან. სინამდვილეში, ყველაფერი მარტივია, ჩვენი ვნებებით, ზიზღით, ბოღმით, სიხარბით (რაც ახასიათებს მმართველ პარტიას) თუ არ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ამ თვალსაზრისით ოპოზიციასაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, რათა აჩვენოს შიდა ერთობა, ყველამ თავისი პასუხისმგებლობებისამებრ უნდა აჩვენოს რა შეუძლია, მაშინ რუსეთი ვერაფერსაც ვეღარ იზამს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული... სამშობლოს სიყვარული იმაში ჩანს, როგორ არ უშვებ ხელიდან შანსს, და არა იმაში, როგორ ანიავებ ამას. 2023 წელი სიურპრიზით დაამთავრა ევროპამ, ძალიან კარგი საშობაო საჩუქარი გაგვიკეთა, მაგრამ მომავალი წელი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამოსუნთქვის საშუალება არ გვექნება, წინ, მწვერვალამდე, დიდი და რთული გზაა.