ისრაელის ისტორია ომების ისტორიაა - კვირის პალიტრა

ისრაელის ისტორია ომების ისტორიაა

კონფლიქტი, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" მშვიდობიან ისრაელში გასული წლის 7 ოქტომბერს წამოიწყო, გრძელდება. 75-წლიანი არსებობის განმავლობაში ისრაელის სახელმწიფოს მუდმივად უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, ვინაიდან არაბული სახელმწიფოების იდეოლოგიით არაბულ სივრცეში სხვა რელიგიისა და მენტალიტეტის სახელმწიფოს არ უნდა ეარსება. ისრაელის დაარსების პირველივე დღიდან არაბული სახელმწიფოების მიერ წამოწყებული ომები ისრაელისთვის ყოფიერების თანმდევ პროცესად იქცა. წლებთან ერთად ყველაზე მეტად პალესტინელ არაბებს ექცათ იდეფიქსად "არა ისრაელს­ არაბულ სივრცეში, არა მშვიდობა ისრაელთან"... ისრაელის სახელმწიფოს ომების ისტორიაზე ქრონოლოგიურად თსუ-ს პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ინგა ზაბახიძე გვესაუბრება:

სახელმწიფოს დაბადების "საჩუქარი"

- 1947 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია პალესტინის დაყოფისა და ინგლისის სამანდატო ტერიტორიაზე ორი, ებრაული და არაბული სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ისრაელის სახელმწიფოს შექმნა 1948 წლის 14 მაისს გამოცხადდა (არაბებმა ვერ გამოიყენეს შანსი და პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნა). არაბებისთვის მიუღებელ იქნა ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და იმავე ღამით დაიწყო პალესტინელებსა და ებრაელებს შორის შეიარაღებული შეტაკება, რომელიც ომში გადაიზარდა. ისრაელი ამისთვის, მზად იყო და შეიარაღებისთვის თანხის მოზიდვაში­ ყველაზე დიდი წვლილი გოლდა მეირმა­ შეიტანა (ამერიკაში ჩავიდა და 50 მილიონით დაბრუნდა. ჯერ შეუქმნელმა ისრაელმა შეძლო ამ ფულით ისრაელის არმიისთვის იარაღის ყიდვა, რამაც ისრაელი პირველ ომში 5 არაბული ქვეყნის შემოტევისგან გადაარჩინა). ვინაიდან ალასარიდან გამოცხადდა ჯიჰადი (საღვთო ომი), პალესტინა-ისრაელის პირველ ომში ჩაებნენ ეგვიპტე, იორდანია, სირია, ლიბანი და ერაყი­ - არაბთა ლიგის 20 სახელმწიფოდან ყველაზე აქტიური წევრები. წელს 7 ოქტომბერს, როდესაც "ჰამას"-ისრაელის ომი დაიწყო, იყო დიდი საშიშროება, რომ ისლამური ჯიჰადი გამოცხადებულიყო ეგვიპტეში, ალასარის მუსლიმანური უნივერსიტეტიდან (ეს უდიდესი ძალაა და გამოცხადების მერე მთელი არაბული მუსლიმანური სამყარო სავალდებულოდ თვლის, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაებას). ისრაელმა არანაირი ტერიტ­ორია არ დათმო, არ დაიხია უკან... როგორც ტრანსიორდანიის მეფე აბდალაჰი ამბობდა, თუ არ დავთმეთ და ძმები არ ვიქნებით, მაშინ აღმოსავლეთში მშვიდობა­ არასდროს იქნებაო. მეც ვიტყოდი, რომ მათ შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების გარეშე შეუძლებელი იქნება ცხოვრების გაგრძელება, ებრაელებმა და არაბებმა, როგორც მოძმე ერებმა, ერთად უნდა იცხოვრონ. არაბები დღემდე იმეორებენ: "არა მშვიდობას, არა ისრაელს"! ისრაელი არც ერთ არაბულ სახელმწიფოს არ უცნია და მისი შექმნისთანავე განაცხადეს, რომ არაბულ სივრცეში სხვა რელიგიისა და მენტალიტეტის სახელმწიფოს არ უნდა ეარსება. არაბებს მუსლიმანური ჰეგემონია მთელ მსოფლიოში სწადიათ, ამიტომაც არ ცნობდნენ ისრაელს. როცა ებრაელები კიბუცებს (სასაზღვრო სოფლებს) ქმნიდნენ, ქალსაც და კაცსაც, ქართველების მსგავსად, ცალ ხელში თოფი ეჭირათ, მეორეში კი სამეურნეო იარაღი. პროდუქტებიც მოჰყავდათ და საზღვრის დასაცავადაც იბრძოდნენ. არაბულ-ებრაული ომი ოფიციალურად 15 მაისს დაიწყო და გაეროს შუამავალი კომისიის მხარდაჭერით 28 ივნისს შეწყდა (რამდენიმე დღით). 3 აპრილს კუნძულ როდოსზე დაიდო ხელშეკრულება ომის დასრულების შესახებ. ისრაელ-არაბების პირველ ომს ებრაელებისთვის ომი დამოუკიდებლობისთვის ჰქვია, ხოლო არაბებისთვის - ნაკბა (კატასტროფა). ისრაელს 65 ათასი, არაბების 5 ქვეყანას კი 86 500 მეომარი ჰყავდა. არაბულმა ქვეყნებმა ყველა ომი ისრაელის დასამარცხებლად და გასანადგურებლად დაიწყეს და ყველა ომში ისრაელმა გაიმარჯვა. ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ისრაელის მოტივაცია იყო, ვინაიდან მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი და მისი დამოუკიდებლობის ბედი წყდებოდა. ამ ომში ისრაელმა 4000 სამხედრო და 2000 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა, რაც იმდროინდელი ისრაელისთვის დიდი ციფრი იყო. მონაცემებზე დაყრდნობით, ისრაელს ეს პირველი ომი 500 მილიონი დაუჯდა, რაც მაშინ უზარმაზარი თანხა იყო. ისრაელს იმხანად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება სტალინმაც გაუწია. როცა გაეროში ისრაელის საკითხი გადიოდა, სხდომებზე დიდი დაპირისპირება იყო: ინგლისმა არ მიიღო მონაწილეობა, ამერიკა კი თავს იკავებდა. ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ისევ სტალინი იყო, რომელიც იმედოვნებდა, რომ საბჭოთა კავშირიდან გასული ებრაელებისგან შექმნილი სახელმწიფო სსრკ-ს სატელიტი გახდებოდა. ისრაელში ძირითადი შეიარაღება სსრკ-დან წავიდა, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის გავლით, სოფელ ოლომოუციდან აწვდიდა. ეს მოვლენა აშშ-ის საელჩომ გააპროტესტა და საბჭოეთმა ტვირთებს­ წითელი ჯვარი დაუსვა ნიშნად იმისა, თითქოს ეს არა იარაღი, არამედ ჰუმანიტარული დახმარება იყო. სტალინი ასევე წვრთნიდა ებრაელ ოფიცრებს, აწვდიდა თვითმფრინავებს, "მესერშმიტებს". ომში არაბულმა ქვეყნებმა ტერიტორიები დაკარგეს და ისრაელის ტერიტორია 78%-ით გაიზარდა. იორდანიას შეხვდა 6 ათასი ჰექტარი (პალესტინის მთელი დასავლეთი სანაპირო მიიერთა), ხოლო ღაზის სექტორი ეგვიპტის ხელში გადავიდა. ეს ომი ყველაზე დამანგრეველი იორდანიისთვის იყო, ვინაიდან ამის შემდეგ პალესტინელი არაბები დამარცხებულ არმიებს გაჰყვნენ, 800-900 ათასი ლტოლვილი იორდანიას მიაწყდა (ღაზის სექტორში ტერაქტებს სწორედ მათი შთამომავლები აწყობენ). პალესტინელებს არაბული სახელმწიფოები დიდი სიხარულით არასდროს იღებდნენ, ახლაც, მიმდინარე ომის დროსაც, არაბულმა ქვეყნებმა გზა არ გაუხსნეს პალესტინელ ლტოლვილებს. პირველი ომის შემდეგაც ლტოლვილები ძირითადად იორდანიას დააწვა მხრებზე. იმხანად იორდანია ახალი შექმნილი იყო, საკუთარი ეკონომიკა ისედაც არ ჰქონდა მოძლიერებული და ამის შემდეგ საერთოდ ჩამოეშალა. პალესტინელმა არაბებმა 2,5 მილიარდი დახარჯეს, მაგრამ მაინც ტრაგიკულად დაამთავრეს ომი - ისრაელმა გაიფართოვა თავისი ტერიტორია და ომს ემსხვერპლა პალესტინის სახელმწიფოს იდეა, რომელიც გაეროს რეზოლუციის თანახმად, ამ ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო. პალესტინელებს ჰყავდათ დიდი მუფტი, ამინ ალ ჰუსეინი - უმაღლესი რელიგიური ლიდერი, რომელმაც უარყოფითი როლი შეასრულა ისრაელ-არაბული ქვეყნების ურთიერთობაში და გარკვეულწილად, მასაც აბრალებენ, რომ პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნა. მას სურდა მთელი მუსლიმანური სამყაროს რელიგიური მუფტი ყოფილიყო. ალ ჰუსეინი ებრაელების სიძულვილით ნაცისტ ადოლფ ეიხმანთან თანამშრომლობდა (რომელიც ჰოლოკოსტის დროს ებრაელთა მასობრივ დეპორტაციასა და მკვლელობას აკონტროლებდა), 3500 ებრაელი ბავშვი გაგზავნა ოსვენციმში. მას დაუსწრებლად მიუსაჯეს ჩამო­ხრჩობა. ალ ჰუსეინის ძმისშვილია იასირ არაფატი (პალესტინის ეროვნული მთავრობის პრეზიდენტი). პირველ ომს შედეგად კიდევ ის მოჰყვა, რომ 1949 წელს ინგლისმა ცნო ისრაელი, სამაგიეროდ, ინგლისის თხოვნით ამერიკამ ცნო იორდანია.

ექვსდღიანი ომი

მეორე ომად არ იხსენიებენ, თუმცა მანამდე, 1956 წელს, იყო სუეცის კრიზისი (ომი ეგვიპტის ტერიტორიაზე - ეგვიპტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ისრაელი. მათი მიზანი იყო კონტროლის აღდგენა სუეცის არხზე, რომლის ნაციონალიზაციაც ეგვიპტემ მოახდინა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიად გადაიქცა. სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებიდან მისი გავლით ხდებოდა ნავთობის მიწოდება).

1967 წლის ექვსდღიანი ომი (5-10 ივნისი) გარდამტეხი აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სადაც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ნავთობი და პოლიტიკა, წყალი და პოლიტიკა. ისრაელ-პალესტინის ურთიერთობაშიც წყალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისრაელს სულ იმის შიში აქვს, თუ პალესტინის სახელმწიფო შეიქმნება, ის გააკონტროლებს ტიბერიადის (კინერეთის) ტბას ჩრდილო-აღმოსავლეთ ისრაელში, საიდანაც წყალს იღებენ. არაბებისთვის პირველ ომში მარცხი სამარცხვინო იყო და ამის გამო თაობები ებრაელების­ სიძულვილით იზრდებოდნენ. დაძაბულობა­ იმდენად გამწვავდა, რომ არაბებმა პირველ ომში დამარცხებისთანავე დაიწყეს მზადება 6-დღიანი ომისთვის. ამ ომმა აღმოსავლეთში მთელი რეგიონის გეოპოლიტიკური ბალანსი შეცვალა და მსოფლიო პოლიტიკაზეც­ დიდი გავლენა მოახდინა. ომი ეგვიპტის ინიციატივით დაიწყო. ისრაელმა იცოდა,­ თავდასხმა რომ მზადდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელი პატარა ქვეყანაა და თავდაცვითი ომი მისთვის ძალზე­ წამგებიანია (მით უმეტეს, როცა გოლანის სიმაღლეებსა და სინაის სხვა აკონტროლებდა), ისრაელის დამარცხება ადვილი იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა ეგვიპტისთვის დაესწრო და 5 ივნისის დილას დაიწყო საჰაერო დარტყმები ეგვიპტის აეროდრომებზე. ეს იყო სტრატეგიული გათვლა, ვინაიდან ისრაელს თავისი ტერიტორია თავდაცვის საშუალებას არ მისცემდა. მოგვიანებით ომში იორდანია, სირია და ერაყიც ჩაერთვნენ.

ეგვიპტე მაშინ სსრკ-დან მიწოდებული თვითმფრინავებით იყო შეიარაღებული (სსრკ პირველ ომში ისრაელს, ხოლო მეორეში ეგვიპტეს ეხმარებოდა). სსრკ-ისრაელის ურთიერთობა სუეცის კრიზისის დროს შეიცვალა და ექვსდღიან ომში საბჭოთა კავშირმა ეგვიპტეს დაუჭირა მხარი. მეტიც, ამ ომის შემდეგ სსრკ-ში დაიწყო ანტიისრაელური პოლიტიკა. ომში ისრაელმა სსრკ-დან მიწოდებული ეგვიპტის 400 თვითმფრინავი აუფრენლად გაანადგურა.­ ეს იყო უდიდესი დარტყმა. ეს ომი არაბებისთვის მორალურად გამანადგურებელი იყო, ისრაელისთვის კი უდიდესი სამხედრო წარმატება. მერე ეს ომი სამხედრო სახელმძღვანელოებში შეიტანეს და ერთ-ერთ სტრატეგიად ისრაელის თავდასხმა მიიჩნიეს. მეორე ომი ისევ ისრაელის ტერიტორიის გაზრდით დასრულდა, ისრაელმა დაიკავა გოლანის მაღლობები, რომელიც მანამდე სირიის შემადგენლობაში შედიოდა. მაგრამ ახალი ტერიტორიის მიერთებას ისრაელისთვის პრობლემებიც მოჰქონდა, ერთ-ერთი იყო ბალანსი - ისრაელი არაბების რაოდენობის გაზრდას ყოველთვის ერიდებოდა, რათა მათ ებრაული მოსახლეობა რიცხობრივად არ გადაეფარა. 1967 წლის ომში გამარჯვებას ისრაელისთვის არც მშვიდობა მოუტანია, არც უსაფრთხოება, პირიქით, მეტი და მეტი პრობლემა შეექმნა, თუმცა მას ღაზის სექტორის ოფიციალური ოკუპაცია არ მოუხდენია და არც ისრაელის იურისდიქცია გაუვრცელებია პალესტინელ არაბებზე. 1967 წლის ომის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის იყო, რომ ქვეყანამ დაიბრუნა იერუსალიმი და ისრაელი 19 წლის შემდეგ გაერთიანდა.

იერუსალიმის საკითხი ერთ-ერთ გადაუჭრელ საკითხთაგანია - პალესტინელებს სურთ აღმოსავლეთი იერუსალიმი, სადაც მდებარეობს მუსლიმანების, ებრაელებისა და ქრისტიანების წმინდა ადგილები­, მათი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდეს. ისრაელი აცხადებს, რომ იერუსალიმი უნდა დარჩეს მის "განუყოფელ და მარადიულ" დედაქალაქად. ისრაელის პრეტენზია აღმოსავლეთ იერუსალიმზე არ არის საერთაშორისოდ აღიარებული. აშშ-ის პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპმა იერუსალიმი (იურისდიქციის დაუკონკრეტებლად) ისრაელის დედაქალაქად აღიარა­ და 2018 წელს იქ აშშ-ის საელჩო გადაიტანა (იყო მოწოდებები სხვა ქვეყნებისადმი, რომ მათაც აშშ-ისთვის მიებაძათ. ვფიქრობ, იმხანად საქართველომ გონივრული ნაბიჯი გადადგა, როცა ამ საკითხზე ნეიტრალური პოზიცია დაიკავა მუსლიმანური სამეზობლოს გათვალისწინებით).

1607275852-06-tutberidze-golda-1704039316.jpg

იომ-ქიფური და არაბების "სამი არას" პრინციპი

6-დღიანი ომის შემდეგ ხარტუმში მომრიგებლური კონფერენცია გაიმართა და არაბულმა ქვეყნებმა, ისევე როგორც 1948 წელს, ახლაც უარი თქვეს ისრაელის სახელმწიფოს შექმნასა და მორიგების შესაძლებლობაზე. ცნობილია არაბული მხარის "სამი არა": "არა ისრაელის ცნობას"; "არა მოლაპარაკებას"; "არა მშვიდობას ისრაელთან". ეს "სამი არას" პრინციპი ყოველთვის არაბულ მხარეს ღუპავდა... 1967 წლის ომში დამარცხების შემდეგ, ეგვიპტე საბოლოოდ ჩამოშორდა სსრკ-ს და გეზი აშშ-ისკენ აიღო. იომ-ქიფურის ომის შემდეგ ამერიკა ეგვიპტეს ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ წელიწადში 2 მილიარდს უხდიდა, რის ხარჯზეც მათ ქვეყანა ფეხზე დააყენეს. მანამდე ეგვიპტემ სსრკ-ც კარგად გამოიყენა - ეგვიპტე-სირია ძირითადად სსრკ-ის აშენებული იყო. ამაში ქართველ ინჟინრებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი - ხიდები, გზები და გვირაბები მათი დაპროექტებულია, იქ ყველაფერი სსრკ-ის აშენებულია და ამიტომაც იყო საბჭოთა კავშირისთვის დიდი დარტყმა ეგვიპტის ზურგშექცევა და ისრაელივით ამერიკული პოლიტიკის გატარება. ისრაელსა და ეგვიპტეს შორის (როგორც ყველაზე დიდ არაბულ ქვეყანასთან) სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა და 6-დღიან ომში მარცხიდან გამომდინარე, არაბულ ქვეყნებში კიდევ უფრო გამწვავდა შურისძიების რევანშის განცდა. საქმე 1973 წლის ოიმ-ქიფურის, არაბეთ-ისრაელის ომამდეც მივიდა (ისრაელსა და ეგვიპტე-სირიის კოალიციას შორის). ამა წლის 7 ოქტომბერს "ჰამასმა" ამ ომის 50-ე წლისთავს მიუძღვნა ისრაელზე­ თავდასხმა. მიკვირს, რატომ გამოეპარა ეს თარიღი ისრაელს. იქიდან გამომდინარე, რომ მოულოდნელობის ეფექტი, რაც ამ შემთხვევაში იყო, არაბებმა ისრაელისგან გადაიღეს. ომი 6 ოქტომბერს, ებრაელებისთვის უდიდესი რელიგიური დღესასწაულის, განკითხვის დღეს დაიწყო, როდესაც ებრაელები ინანიებენ ცოდვებს, უქმეა და ჯარის ნაწილი სახლებში იყო წასული, ნაწილი კი ლოცულობდა. ეგვიპტის არმიამ სუეცის არხი გადალახა და ისრაელს მოულოდნელად დაესხა თავს, სირიამ ხმელეთიდან შეუტია ტანკებით. ეს სპეცოპერაცია გოლანის სიმაღლეების დასაბრუნებლად დაიწყო. გოლანი მნიშვნელოვანი წერტილია ახლო აღმო­სავლეთში, იქიდან მთელი აღმოსავლეთი­ ჩანს და ვინც მას აკონტროლებს, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო უპირატესობასაც­ ის ფლობს. ისრაელს გონზე მოსვლა ძვირი დაუჯდა, თუმცა გოლანიც თავიდან დაიკავა, სუეცის არხს აფრიკის მხრიდან შეუტია და ეგვიპტის დივიზიების ბლოკირება მოახდინა, რომლებიც სინაის ნახევარკუნძულზე იყვნენ გამაგრებული. არაბებმა ამდენი ომის, ტერაქტების შემდეგ ამ ომში პირველად ნახეს გაქცეული ებრაელი ჯარისკაცები. მორალურად ეს დიდი მარცხი იყო ისრაელისთვის, მაგრამ არაბებმა თავიანთ დიდ გამარჯვებად ჩათვალეს. ეგვიპტეში ამ ომში "გამარჯვებას" მუზეუმიც კი მიუძღვნეს. ომში ისრაელმა გაიმარჯვა, მაგრამ დღემდე ორივე მხარე თვლის თავს გამარჯვებულად.

ეგვიპტის მესამე პრეზიდენტი ანვარ ალ-სადათი ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ეგვიპტის ისტორიაში. მან ჩათვალა,­ რომ იომ-ქიფურის ომში გამარჯვებულია და 1977 წელს ამერიკის შუამავლობით იერუსალიმში პირისპირ შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ მენაჰემ ბეგინს. ზუსტად ამ ნაბიჯის გამო არაბებმა სადათი მოღალატედ შერაცხეს და მალევე აღლუმზე მოკლეს. 1978 წლიდან უკვე პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა დაიწყო ისრაელსა და ეგვიპტეს შორის შუამავლის როლის შესრულება და 1978 წელს ამ ქვეყნების ლიდერები კემპ-დევიდში ზავზე­ შეთანხმდნენ. ამ ხელშეკრულებისთვის მენაჰემ ბეგინი და ანვარ სადათი 1978 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

უნდა შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან, იერუსალიმის საკითხსაც - ისრაელმა 1990 წელს საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში­ გადაიტანა (ამერიკამაც იგივე გააკეთა), რასაც პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა "საუკუნის სილის გაწვნა" უწოდა. ამერიკა სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებდა საელჩოების იერუსალიმში გადატანას, საქართველოშიც იყო ეს მოწოდებები, მაგრამ საქა­რთველომ უგონიერესი ნაბიჯები გადადგა,­ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩვენ მუსლიმანური ქვეყნები გვყავს მეზობლად და საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი სერიოზული შეცდომები დავუშვათ. გაეროს რეზოლუციითაც იერუსალიმი უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად ნეიტრალური, რაც ბევრ პრობლემას აგვარიდებდა.

მიწა მშვიდობის სანაცვლოდ

d651-100-1704039316.jpeg

ისრაელისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა იყო ის, რომ უდიდესმა არაბულმა ქვეყანამ ოფიციალურად ცნო ისრაელის სახელმწიფო და მასთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა, მოხდა­ საელჩოების გაცვლა და დაიწყო ისრაელის სტრატეგიული პარტნიორობა ეგვიპტესთან. ახლაც, 2023 წლის "ჰამას"-ისრაელის ომში, ეგვიპტეს არ დაურღვევია სამშვიდობო ხელშეკრულება. ისრაელთან ომში ის არც ჩაერთვებოდა. ეგვიპტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სინაის ნახევარკუნძული და ნავთობსარეწები იყო და მოლაპარაკებების შედეგად ისრაელმა ეგვიპტეს ისინი დაუბრუნა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო ამერიკის საგარეო დახმარება - როგორც ვახსენე, ამერიკა 2 მილიარდს აძლევდა წელიწადში და ეგვიპტემ შექმნა თანამედროვე არმია, ააშენა ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტი შეავსო და სხვა. ისრაელ-ამერიკის დახმარებამ მისცა ეგვიპტეს შესაძლებლობა, რომ სსრკ-ის გავლენის სფეროდან გამოსულიყო. სწორედ ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების გამო მოკლეს ჯერ იორდანიის მეფე, 1981 წელს კი ეგვიპტის პრეზიდენტი სადათიც ამ იდეას შეეწირა. სადათი ძალზე პომპეზური პრეზიდენტი იყო, სწავლობდა საფრანგეთში, პარიზში იკერავდა პიჯაკებს და, როგორც ამბობენ, გალანტური მამაკაცი ყოფილა. მან წინასწარ იცოდა დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, მაგრამ აღლუმზე ჯავშანჟილეტიც არ ჩაუცვამს. სადათი აცნობიერებდა, რომ ისრაელთან მშვიდობა ამისთვის ღირდა და თვლიდა, რომ თავისი ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯი გადადგა. აღლუმზე დაიჭრა მის გვერდით მდგომი ახალგაზრდა ოფიცერი ჰოსნი მუბარაქი - ეგვიპტის მომდევნო პრეზიდენტი. ახლო აღმოსავლეთში სადათმა მშვიდობის დამყარების პრეცედენტი შექმნა უკვე ახალი ფორმულით - "მიწა მშვიდობის სანაცვლოდ" (არაბული სამყაროს "სამი არას" ნაცვლად).

"გოლდა - ერთადერთი მამაკაცი მთავრობაში"

იომ-ქიფურის ომის შემდეგ, 50 წლის განმავლობაში, ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის "ცივი ომი" გრძელდება. 2018 წელს იყო 10-დღიანი თავდასხმა, რომელიც ისრაელის გამარჯვებით დასრულდა. ისრაელი "რკინის გუმბათის" მეშვეობით იგერიებდა პალესტინიდან სარაკეტო თავდასხმებს, რაც ამერიკის მოწოდებით შეწყდა. ცეცხლის შეწყვეტის შუამავალი იყო ეგვიპტეც.

ტრამპის პროისრაელური აქტიური­ პოლიტიკის შემდეგ წარმოუდგენელი იყო 2023-ში ომის გაჩაღება, რადგან აშშ აქტიურ სამშვიდობო პოლიტიკას აწარმოებდა ისრაელის სასარგებლოდ. 20 სექტემბერს ბაიდენი პრემიერ ნეთანიაჰუს შეხვდა, იყო საუბარი საბოლოო სამშვიდობო ურთიერთობებზე, თუმცა "ჰამასმა" დაასწრო და იომ-ქიფურის 50-ე წლის იუბილეზე, 7 ოქტომბერს, განკითხვის დღეს, თავს დაესხა ისრაელს. პალესტინას ისრაელი ყველანაირად ეხმარებოდა და როგორც აღმოჩნდა, "ჰამასმა" ეს შეიარაღებასა და ომისთვის მზადებას, თაობების შაჰიდებად გაზრდას მოახმარა. ისრაელი შიშობს, როდესაც პალესტინელები შექმნიან სახელმწიფოს, დასავლეთის სანაპირო წყლებს მხოლოდ თავისთვის გამოიყენებენ. არადა (შესაძლოა ისრაელის 3 მილიონი მოსახლე წყლის გარეშე დარჩეს), ამიტომ მოითხოვს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებებში ოფიციალურად ჩაიდოს წყლის საკითხი, მისი ათვისების საერთო კონცეფცია ორივე მხარისთვის.

ახლახან 100 წლის ასაკში გარდაიცვალა დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ჰენრი კისინჯერი. მე-20 საუკუნის პოლიტიკას, ფაქტობრივად, ის განსაზღვრავდა. რადგან კისინჯერი ებრაელი იყო, მას ისრაელის მაშინდელმა პრემიერმა გოლდა მეირმა, თხოვნით მიმართა, რომ ამერიკული პოლიტიკის პრიორიტეტად ისრაელი გამოეცხადებინა. გოლდამ კისინჯერს ოფიციალური წერილით მიმართა და პასუხიც მიიღო, სადაც კისინჯერი წერდა: "პირველ რიგში მე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვარ, მეორე რიგში - ქვეყნის სახელმწიფო მდივანი, მესამე რიგში - ებრაელი". უგამჭრიახესი გოლდას პასუხი კი ასეთი იყო: "თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ისრაელში მარჯვნიდან მარცხნივ ვკითხულობთ". გოლდას პრემიერობისას, 1972 წელს მიუნხენში, ოლიმპიური თამაშების დროს პალესტინელმა ტერორისტებმა "შავი სექტემბერი" მოაწყვეს და ისრაელის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები ამოხოცეს. გოლდა შეუპოვარი იყო ტერორისტებთან ბრძოლაში, სპეცრაზმმა ტერაქტის აბსოლუტურად ყველა მონაწილე იპოვა და გაუსწორდა. გოლდას მაინც მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობა აწუხებდა. ტერაქტების შედეგად ისრაელში ათასობით ებრაელია დაღუპული, ასევე, არაბების მხარესაც, ვინაიდან მსგავსი ფაქტები ისრაელის უპასუხოდ არასდროს რჩება.

გოლდა გვარად მაბოვიჩი იყო, იურიდიულ სახელად მეირი ბენ გურიონის თხოვნით მიიღო. მეირი მანათობელს ნიშნავს და აშკარაა, ბენ გურიონმა კარგად შეაფასა მისი როლი ისრაელის სახელმწიფოს წინაშე. სწორედ ბენ გურიონმა თქვა: "როდესაც დაიწერება ისრაელის ისტორია, იქ დაიწერება ისტორია ერთი ქალისა, რომელმაც სახელმწიფოს შექმნაში უდიდესი როლი ითამაშა". გოლდა მეირი სიცოცხლის რისკის ფასად მართავდა მოლაპარაკებას ტრანსიორდანიის მეფე აბდალაჰთან, რომელსაც კატეგორიულად არწმუნებდა, რომ ისრაელის სახელმწიფო აუცილებლად შეიქმნებოდა. გოლდა მეირისსიძლიერის გამო ისრაელში ასეთი გამოთქმაც იყო: "გოლდა - ერთადერთი მამაკაცი მთავრობაში", რაც მის მოღვაწეობას შესანიშნავად აფასებს. გოლდა მეირი, მართლაც რკინის ლედი, 1978 წელს გარდაიცვალა. მისივე სიტყვებია და სწორი პოზიცია, რომ მეზობელთან მშვიდობიანი ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გექნება, ძლიერი თუ იქნები, სუსტთან არავის უნდა მშვიდობიანი ურთიერთობა - ის მუდამ ამ ხაზს ატარებდა და ისრაელის გაძლიერებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

ეპილოგის ნაცვლად…

ისრაელის ოფიციალური პოზიცია ასეთია - სანამ "ჰამასი" არ განადგურდება, ის ბრძოლას არ შეწყვეტს, ამის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. "ჰამასის" არჩევა პალესტინელების შეცდომა იყო, თუმცა ბევრი ექსპერტი თვლის, რომ "ჰამასი" ერთადერთი ხსნა იყო პალესტინელი ხალხისთვის. დღეს ღაზის სექტორში უფრო მეტი დაღუპულია, მაგრამ ამ შემთხვევაში თავდაცვის ტაქტიკას, რაც ისრაელმა გამოიყენა, გამართლება აქვს. "ჰამასი" ფარად ქალებსა და ბავშვებს იყენებს, რაც სამწუხაროა და რაზეც ბევრი აპელირებს, მაგრამ ტერორისტებმა ებრაელებს თავები­ რომ დააჭრეს, მძევლები გაიტაცეს, ეს რატომღაც ყველას დაავიწყდა. ისიც დაავი­წყდათ, რომ ომი ისრაელს არ დაუწყია. შეგვიძლია ისევ მეფე აბდალაჰის სიტყვებით დავასრულოთ: "გარდაუვალია მშვიდობა ისრაელსა და ღაზის არაბებს შორის. ოდესღაც უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი, რომელიც არამარტო ახლო აღმოსავლეთს უქმნის პრობლემას". 21-ე საუკუნეში გადმოვედით, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის თითქოს დათბა ურთიერთობა და, სამწუხაროდ, წლების მცდელობა მაინც კვლავ ომით დასრულდა. პალესტინელები აუცილებლად მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ისრაელთან თანამშრომლობა და ურთიერთობა გარდაუვალია, მშვიდობა არა მარტო ისრაელისთვის, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი არაბული სამყაროსთვის.