"ინსტრუქცია მაინც წაგეკითხა, წამლები ისეთი ეფექტურიც არ არის, ქმარმა ათასობით კილომეტრიდან დაგაორსულოს-მეთქი" - როგორ ხუმრობენ კახელი ექიმები - კვირის პალიტრა

"ინსტრუქცია მაინც წაგეკითხა, წამლები ისეთი ეფექტურიც არ არის, ქმარმა ათასობით კილომეტრიდან დაგაორსულოს-მეთქი" - როგორ ხუმრობენ კახელი ექიმები

კახელმა ექიმებმა ზოგჯერ ისეთი ხუმრობა იციან, შეიძლება ხარხარით ისე დასუსტდე, უნებურად მათი პაციენტი გახდე. გგონიათ ანეკდოტებს ან მოგონილ ამბებს ჰყვებიან? არა, ყველაფერი ცინცხალი და მათ თავს გადახდენილია. ექიმი ლია თვალავაძე იუმორით სხვებისგან ნამდვილად გამოირჩევა, მაგრამ საოცარი ნიჭი აქვს ექიმების სახუმარო ამბები დაიმახსოვროს და ისე გადმოგცეს, სულ ყელი უწიო, გთხოვ, დამინდე, სიცილით ნუ მომკლავო.

,,ახლა რასაც მოგიყვებით, ზოგი მე გადამხდა, ზოგიც ჩემს კოლეგებს, მერე ჩვენს წრეში გავრცელდა. როცა მედიკოსები ვქეიფობთ ან მხიარულ ღონისძიებაზე ვიკრიბებით, ასეთ ამბებს ვიხსენებთ და ვხალისობთ", - მითხრა ლია ექიმმა.

ექიმის "შეცდომა"

- კახელი კაცი ავად გახდა და ჩემს კოლეგასთან მივიდა. ექიმმა ყურადღებით­ მოუსმინა, შემდეგ გასინჯა, წამალი გამო­უწერა, გვერდით კი მიაწერა, თითო ტაბლეტი­ დღეში სამჯერო. ექიმების მიჯღაბნილ რეცეპტებზე საუბრით ვერ გაგაკვირვებთ, ეს საქვეყნოდ ცნობილია. ჰოდა, კახელმა რეცეპტი ამოიიღლიავა, წავიდა აფთიაქში, იყიდა წამალი და დაიწყო მკურნალობა. ერთ კვირაში ექიმს იმ კაცის ცოლი ურეკავს, ჩემი ქმარი ძალიან დაიღალა ყოველდღე ტყეში სირბილით და ეზოში პატარა ბუჩქები გვაქვს, ხეებიც დგას და არ შეიძლება იმის ქვეშ დადგეს და ისე დალიო­სო? ექიმი განცვიფრდა, კი მაგრამ ტყეში რატომ დადის წამლის დასალევადო. რა ვიცი, ექიმო, ძალიან კი მერიდება ამისი თქმა, მაგრამ თქვენ არ დაუწერეთ ტყეში სამჯერ დალიეო? ჩემი კოლეგა სიცილით გადაბჟირდა და მიხვდა თავის ,,შეცდომას"... კაცი ერთი კვირა დღეში სამჯერ წამლის დასალევად დარბოდა ტყეში.

მხოლოდ საგარეჯოში!

- მოხუც ბებოს თბილისელმა ექიმმა წამალი გამოუწერა. ექიმიც კახელი ყოფილა და კარგად რომ მიეხვედრებინა მოხუცი, რამდენ ხანში უნდა დაელია პირველი წამალი, უთხრა, აი, აქედან რომ წახვალ, ავტობუსში ჩაჯდები და საგარეჯოში შეხვალ, აუცილებლად დალიეო. ქალმა კარგად დაიმახსოვრა ექიმის დანაბარები. ზამთარია, თოვლის გამო მოძრაობა ჭირს, კახეთისკენ მიმავალი ტრანსპორტი გზას ძლივს მიიკვლევს. ქალს ტაატით მოსიარულე მანქანაში ჩაეძინა და რომ გამოეღვიძა, საგარეჯოს გაცდენილი იყვნენ. ვაიმე, რა მეშველება, ახლა რა ვქნაო, ატეხა ვიშვიში ქალმა. მგზავრებს ეგონათ, ქალი საგარეჯოში უნდა ჩასულიყო, თავის სახლს გამოსცდა და ამიტომ წუხდა. შეეცოდათ და მძღოლს სთხოვეს, ცოდვაა, აქედან როგორ უნდა იარ­ოს მარტომ, ხომ ხედავ, მანქანებიც ვერ დადიან, გაიყინება, ფულს დაგიმატებთ და მოატრიალე მანქანა, საბრალო საგარეჯოში დააბრუნეო. მძღოლმა იჯიჯღინა, მაგრამ მოაბრუნა მანქანა და დიდი ვაი-ვაგლახით კვლავ ავიდა საგარეჯოში. ცენტრში გააჩერა და უთხრა, ჩაბრძანდი, ბაბო, აი, ამ ხალხს გადაუხადე მადლობა, თორემ მე უკან მომბრუნებელი არ ვიყავიო. მგზავრებს სიამოვნების ღიმილი დასთამაშებდათ - სიკეთე სასიამოვნოცაა და გადამდებიც. ბებომ ჩანთიდან სათვალე ამოიღო, თვალზე კარგად მოირგო, მერე ჩანთიდან წამლის ბოხჩა ამოაძვრინა, ხელების ფათურით წამალი მოძებნა, ტაბლეტი ენაზე დაიდო და პატარა ბოთლიდან წყალი მიაყოლა. მოხუცს ყველა გაოცებული უყურებდა.­ ბოლოს წამალი ისევ ჩანთაში შეინახა და მძღოლს უთხრა, წადი, შვილო, ახლა, მე აქ არ ვცხოვრობ, წნორელი ვარ, საგარეჯოში წამალი უნდა დამელიაო.

როცა დაორსულება გწადია

- რამდენიმე წლის წინ ჩემთან ახალგაზრდა ქალი მოვიდა და შემომჩივლა, ვერ ვორსულდები და იქნებ მიშველოთო. ვისთან არ ვიყავი, გამოკვლევებიც ჩავიტარე, თითქოს პრობლემა არაფერი მაქვს, მაგრამ ვერა და ვერ დავრჩი ორსულად, იქნებ ბუნებრივი საშუალებები მირჩიოთ და ამან მაინც მიშველოსო. ჩვენც ჩავუტარეთ კვლევები, მცირე ფუნქციური დარღვევები აღმოვუჩინეთ და მედიკამენტებიც დავუნიშნე, თან ვუთხარი, სამი თვის შემდეგ მობრძანდით, რომ გადავამოწმოთ მდგომარეობა-მეთქი. მკითხა, ამ პერიოდში რომ დავორსულდე, ეს წამლები ცუდ ეფექტს ხომ არ მოახდენსო? რა თქმა უნდა, არა-მეთქი, დავამშვიდე. სამი თვის შემდეგ მოვიდა, ცოტა ნაწყენი და შუბლშეკრული, სკამზე ჩამოჯდა და ჩემს რეაქციას დაელოდა. ვკითხე, აბა, როგორ ხართ? რაიმე სიახლე ხომ არა გაქვთ-მეთქი? ნაღვლიანმა მიპასუხა, სამწუხაროდ, ორსულად არა ვარო, თუმცა სამთვიანი მკურნალობა ჩავიტარეო. კიდევ გავაკეთებინე კვლევა, მონაცემები გადავამოწმე, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და თავის მტვრევა დავიწყე, რა უშლიდა ხელს დაორსულებაში და ქმარზე მივიტანე ეჭვი, ვთხოვე, იქნებ ქმარმაც ჩაიტაროს კვლევები-მეთქი. ვერა, ექიმო, ვერ მოვაო, ცივად მიპასუხა. დავინტერესდი, რა იყო მოუსვლელობის მიზეზი, ავუხსენი, რომ ეს კონფიდენციალური იქნებოდა და სხვა ვერ გაიგებდა, მაგრამ ქალი ჯიუტად გაიძახოდა, ვერა, ვერ მოვაო. ბოლოს, როგორც იქნა, ამოთქვა, 2 წელია ჩემი ქმარი უცხოეთში სამუშაოდ არის წასულიო. ისე დავიბენი, აზრებს თავი ძლივს მოვუყარე და ვუთხარი, გენაცვალე, ქმარი თუ აქ არა გყავს, რისთვის იტარებ მკურნალობას-მეთქი? ინსტრუქცია მაინც წაგეკითხა, წამლები ისეთი ეფექტურიც არ არის, ქმარმა ათასობით კილომეტრიდან დაგაორსულოს-მეთქი.

კუჭს რას ერჩოდა

- თბილისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში ვმუშაობდი და ჩვენს ექიმს ასეთი რამ შეემთხვა: სომეხი კაცი მივიდა მასთან ჩივილით, წელი მაქვს გაკავებულიო. ექიმმა გასინჯა და ნემსები და კანში შესაზელად მალამო გამოუწერა, თან დააბარა, ერთი კვირის მერე შემეხმიანეთ, წამლების მიღების შემდეგ როგორ იქნებითო. ზუსტად ერთი კვირის თავზე კვლავ მივიდა პოლიკლინიკაში და ექიმმა შეამჩნია, რომ კაცს მალამოს მძაფრი სუნი ასდიოდა. მოიკითხა პაციენტი. რა ვიცი, ექიმოჯან, ტკივილმა ცოტა კი მიკლო, მაგრამ ახლა ტკივილი კუჭმა დამიწყო, ხან ისე მაგრად მტკივა, საწოლიდან ვეღარ ვდგებიო, უპასუხა კაცმა. დაფიქრდა ექიმი, თვალი გადაავლო გამოწერილ წამლებს, ვერ მიხვდა, რას უნდა გამოეწვია ტკივილი. ისევ პაციენტი დაეხმარა მიზეზის შეცნობაში. ექიმოჯან, შენს გამოწერილ წამალს ძლივს ვყლაპავდი, ხან პურში გავახვიე ,,კუსოკი", ხან წყალი მივაყოლე, ხანაც კაკლის მურაბა, გავწამდი კაცი და ამის მერე დამეწყო კუჭის ტკივილიცო. აღმოჩნდა, რომ მალამოს კი არ იზელდა, ანაწევრებდა და ყლაპავდა. კოლეგამ გვითხრა, ორი თვე ვმკურნალობდი მალამოს დალევით აკიდებულ გასტრიტს და ძლივს მოვარჩინეო.

"შენ წამალი გამოუწერე, თორემ ეგეთი მკურნალობა მაგაი სახლშიც არ აკლია"

- კახელების ოჯახია, ქალი სულ ეწუწუნება ქმარს, აქა მტკივა, იქა მტკივა, გული მიმდის, თავბრუ მესხმისო... შეღონდა ქმარი ცოლის ვიშვიშით და წაიყვანა თბილისში ექიმთან. ექიმი მამაკაცი აღმოჩნდა, ამიტომ ქმარმა კაცურად შესჩივლა, ექიმო, ჩემი ცოლი სულ წუწუნებს, ხან მუცელს იტკივებს, ხან წელს, რავი, ყველაფერი სტკივა, მგონი დასაშლელი და ახლიდან ასაწყობია და იქნებ რამე უშველოთო. ქალი შეფუთულია, სხეულის ყველა ნაწილი კარგად აქვს დათბუნებული და მორცხვად ზის. დარბაისელი ექიმი წამოდგა და ქალს მიმართა: გაიხადეთ, ქალბატონო, და ტახტზე დაწექითო. კახელმა ჯერ მარჯვენა­ წარბი ასწია, შემდეგ მარცხენა, ცოტა ჩაფიქრდა და ექიმს მიუგო, იცი, რას გეტყვი, ექიმო, შენ მაგას რამე წამალი გამოუწერე, თორემ ეგეთი მკურნალობა მაგაი სახლშიც არ აკლიაო.

"შენ როგორც ლაპარაკობ, ეგრე ვშარდავო"

- ერთი კაცი მამაკაცურმა პრობლემებმა შეაწუხა და უროლოგთან მივიდა. უროლოგი ცოტა ენაბლუა და სიტყვებს გარმონივით წელავს. ექიმი ეკითხება პაციენტს: "აბააააა, რაააააა გაააწუხეეეებთ?" პაციენტს არ ესიამოვნა ეს, იფიქრა, ახლა ამას რა უნდა გავაგებინოო, და ეუბნება: აი, ექიმო, შენ როგორც ლაპარაკობ, ეგრე ვშარდავ და ეგ მაწუხებსო, ასე მოკლედ და კონკრეტულად აუხსნა ექიმს თავისი გასაჭირი.

ნელი ვარდიაშვილი