როგორ ირთვება თეთრი სახლი საშობაოდ - კვირის პალიტრა

როგორ ირთვება თეთრი სახლი საშობაოდ

რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს თეთრ სახლში მუშაობდა

ფოტოგრაფმა ანა უილდინგმა თეთრ სახლში ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას რამდენიმე წელი იმუშავა. ფოტოგრაფთა ჯგუფის რამდენიმე წევრს ობამების­ ოჯახის გადაღება ოფიციალურ და ოჯახურ გარემოში ყოველდღიურად ევალებოდა. სწორედ ამ პრივილეგირებულ ფოტოგრაფებს შორის იყო ანა უილდინგიც. როგორ ირთვება თეთრი სახლი საშობაოდ, რა ტრადიციები აქვთ ლეგენდარული ოვალური ოთახის მოკაზმვის დროს და ვინ მონაწილეობს ნაძვის ხის აწყობაში, ამ კითხვებზე თეთრი სახლის ფოტოგრაფი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" პასუხობს.

კონკურსში გამარჯვებული ნაძვის ხე

შობა ყველაზე ჯადოსნური პერიოდია თეთრ სახლში. მეორედ ასე სადღესასწაულოდ აღდგომის პერიოდში ირთვება. შობას მხიარულებით აღსავსეა თეთრი სახლი, რომელსაც აქვს თავისი საშობაო ტრადიციები. პირველია 6-მეტრიანი ნაძვის ხე ოვალური ოთახისთვის, რომელიც ჯადოსნურად შემოაბიჯებს ხოლმე სასახლის ზღურბლზე. მის შესაგებებლად ვიკრიბებით, სამხედროები საყვირებს ამღერებენ, მას ტრადიციულად მარხილიანი ცხენი მოუძღვის წინ. ახალი ფიჭვის სურნელი დგება და შობა ნამდვილად გვიახლოვდება.

ქალბატონი ობამა თეთრი სახლის მთავარი შესასვლელიდან გამოდის. ის როგორც ყოველთვის ელეგანტურია, გვერდს კი მისი პორტუგალიური ჯიშის ძაღლები, ბო და სანი უმშვენებენ. ეს კადრი ჟურნალ "ვოგის" ყდებს მახსენებს, სადაც ლამაზი მოდელია ძაღლით პარიზის ქუჩებში.

საშობაო ნაძვის ხე იმ წლის ჩემპიონი­ ანუ გამარჯვებულია ეროვნული საშობაო ნაძვის ხის ასოციაციის ყოველწლიურ კონკურსში. რომელ სხვა ქვეყანას აქვს ნაძვის ხის კონკურსი? რომელი ქვეყანა, ამერიკის გარდა, ზრდის საგანგებოდ საშობაოდ ახალი წლის ნაძვის ხეს?

ამ პერიოდში უამრავი მოხალისე იყრის თავს თეთრ სახლში, რათა საზეიმოდ მორთონ. უამრავი ნაძვის ხე ირთვება, თითქმის ყველა ოთახშია ნაძვის ხე, ოთახი კი უამრავია თეთრ სახლში. მაგალითად, სახელმწიფო სასადილო ოთახი, სადაც განთავსებულია თაფლაკვერისგან გაკეთებული თეთრი სახლის მაკეტი. მაკეტის შიდა ინტერიერის მოსაწყობად 68 კილოგრამი თაფლაკვერია გამოყენებული, ხოლო 45 კილოგრამი - ექსტერიერის გასაფორმებლად, მარციპანისგან დამზადებულია სათამაშოები, ჯადოსნური სახლები, დიდი და პატარა საახალწლო გვირგვინები. თეთრ სახლში შობა­ახალი წლის დღეებში მდიდრული, გემოვნებიანი და თბილი გარემოა. ნაძვის ხის დეკორაციების ნაწილი ხშირად ვეტერანებისა და ბავშვების ნახელავია.

amerika12-1704041021.jpg

თეთრი სახლის კარი ღიაა

ყოველ ახალ წელს პირველი ლედი ირჩევს დეკორაციების მთავარ თემას. Oობამების დეკორაციები ყოველთვის მხიარული იყო, შექმნილი ბავშვებისთვის და ბავშვისთვის, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ცოცხლობს. ობამებს თეთრ სახლში მოდური ფონის შექმნის ნაცვლად ნამდვილი თბილი საშობაო განწყობის შექმნა სურდათ, ტრადიციების გაცოცხლება, ბავშვების გაართობა იყო მათი მიზანი, ასევე იმ უფროსების, ვინც თეთრ სახლს ეწვეოდა საშობაო არდადეგებზე. ასეთ დროს მათთვის სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ცხოვრებისგან ბოძებული ნამდვილი საჩუქრები: ოჯახი, მეგობრები, განათლება, ჯანმრთელობა - ეს იყო ობამების ოჯახის ნამდვილი ფასეულობები. თეთრ სახლში საშობაოდ 130 000 ნათურაზე მეტი ინთება, განათებებით მორთულია ხეები, საახალწლო გვირგვინები და კიდევ სხვა მრავალი დეკორაცია. 2016 წელს ქალბატონმა ობამამ 200 000 ლეგოს ფიგურა გამოიყენა დეკორაციებში, რათა ბავშვები გაეხარებინა. თაფლაკვერები და გრძელი ქაღალდის დეკორაციები სტუმარმა პატარებმა გააკეთეს. ეს იყო მიშელ ობამას შემოქმედებითი მიდგომა ყოველგვარი კომერციული გათვლების გარეშე. მაშინ მიშელ ობამამ თქვა: "ვამაყობ, რომ ღიაა თეთრი სახლის კარი იმდენი ადამიანისთვის, რამდენსაც დაიტევს". ეს იყო ობამების ოჯახის ფილოსოფია, რაც იგრძნობოდა მათი თეთრ სახლში ყოფნის პერიოდში. ეს ფასეულობები აირეკლა ჩემს შემოქმედებაშიც, რადგან დიდ ოჯახში გავიზარდე და ყოველთვის გვიყვარდა ბევრი სტუმრის მიღება. Oობამები ხშირად ამბობდნენ, "თეთრი­ სახლი ხალხის სახლია". ისინი ქვეყნის სამსახურში იდგნენ. როდესაც ეს ისტორიული­ პრინციპები ქრება ნებისმიერი სხვა პრეზიდენტის პირობებში, ეს იგრძნობა მთელ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს პირველმა­ ლედიმ, ჯილ ბაიდენმა, 142 425 საახალწლო განათება გამოიყენა.

საარქივო­ მასალების მიხედვით, პირველი საშობაო­ განათება თეთრ სახლში 1894 წელს აინთო, კლივლენდის პრეზიდენტობის დროს, ელექტროგაყვანილობა კი თეთრ სახლში 1891 წელს დამონტაჟდა.

ძალიან ბევრი ოთახია თეთრ სახლში­ და საშობაოდ ობამები ყველა მათგანს რთავდნენ, თითოეულ კუთხე-კუნჭულსაც კი. ერთ წელს ობამებმა გადაწყვიტეს პატივისცემა გამოეხატათ საფოსტო სერვისის მიმართ, რომელიც უამრავ ადამიანს აერთიანებს, ამიტომ დიდი საფოსტო ინსტალაციები დააყენეს, დეკორაციებად გამოიყენეს წერილები, რომლებიც კედლებზე იყო ჩამოკიდებული. ერთი ოთახი თავიანთი შინაური ცხოველებისთვის - ბოსა და სანისთვის მორთეს. თეთრი სახლის ჰოლში სეირნობა მართლაც სადღესასწაულო და უაღრესად სასიამოვნო იყო. როდესაც თეთრ სახლს რთავ­დნენ, ჩვენ მიშელ ობამასთან ერთად მივდი­ოდით მორთულობების სანახავად. ხშირად ვესაუბრებოდი ელფებს, რომლებიც ნაძვის ხეს რთავდნენ, ვიზიარებდი მათ სიხარულს თეთრ სახლში ყოფნის გამო, ისინი მიყვებოდნენ თავიანთ პირად ისტორიებს.

amerika18-1704041021.jpg

ნაძვის ხის მორთვის შემდეგ დგება სტუმრების მიღების დრო. ამ დღეს სამხედრო ორკესტრი უკრავს. მიშელ ობამა კაროლინა ერერას ულამაზეს მწვანე კაბაში გამოწყობილი მიეგება სტუმრებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. ერთი გოგონა ძალიან აქტიურობდა, ამიტომ ქალბატონმა ობამამ შენიშნა და გაესაუბრა, ის ყველგან თან დაჰყვება პირველ ლედის, მასთან ერთად მოიარა მთელი თეთრი სახლი. შემდეგ ყველანი თეთრი სახლის აღმოსავლეთ მხარეს წავედით, საახალწლო ორცხობილებით ხელში. საიდუმლო სამსახურები და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები ყველაფერს აკვირდებიან უსაფრთხოების მიზნით. თეთრი სახლის შობა არის ის პერიოდი, როდესაც ყველანი ერთად ვართ.

მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია­ ზამთრის ცივ ღამეს იმართება, თეთრი სახლის წინ, გაზონზე, მთავარ ადგილას. ყოველ წელს, 1-ლ დეკემბერს, პრეზიდენტი ობამა და პირველი ლედი მასპინძლობდნენ ცნობილ ადამიანებს, არტისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს. ამ ღონისძიებას ათიათა­სობით ადამიანი ადევნებდა თვალს ტელეეთერის საშუალებით.

პირველი ნაძვის ხე ოვალურ ოთახში 1912 წელს უილიამ ჰოვარდ ტაფტის შვილებმა დადგეს. ჰოვარდ ტაფტი და მისი მეუღლე ელენი პანამაში იყვნენ, შინ დაბრუნებულებს კი სიურპრიზად ნაძვის ხე დახვდათ. ასე გაიმართა პირველი საშობაო წვეულება თეთრ სახლში. მას შემდეგ ყოველ წელს პრეზიდენტ ტაფტის ოჯახი მთავარ ნაძვის ხეს ამ ოთახში დგამდა. ტრადიციას არ უღალატეს სხვა პრეზიდენტების ოჯახებმაც. ეიზენჰაურები ყოველთვის ოვალურ ოთახში დგამდნენ მთავარ ნაძვის ხეს. ეს ტრადიცია ჟაკლინ კენედიმ განაგრძო, 1961 წელს მან თემატურად მორთო ნაძვის ხე. ესA ტრადიცია დღემდე გრძელდება.

შობის შემდგომ დღეებს ობამების ოჯახი ტრადიციულად ჰავაიზე ატარებდა, იქ თავიანთი საყვარელი რესტორნები აქვთ.