"უცებ იპოლიტე მომიბრუნდა და... ფეოლა მამაშენიაო!" - ცნობილი ადამიანების თავს გადახდენილი სახალისო ამბები
ცნობილი ადამიანების თავს გადახდენილი სახალისო ამბები
ახალ წელს გილოცავთ ყველას - მშვიდობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ხვავი, ბარაქა და მხიარულება შემოეტანოს 2024 წელს თქვენს ოჯახებში, საქართველოში და მთელ მსოფლიოში.
გადავწყვიტე, თქვენს საახალწლო მხიარულებაში მცირედი წვლილი მეც შევიტანო და მოგიყვეთ ამბებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მაქვს მოსმენილი საყოველთაოდ ცნობილი და ბევრისთვის პატივსაცემი ადამიანებისგან. ზოგიერთი მათგანი, სამწუხაროდ, დღეს გარდაცვლილია, მაგრამ მათი გმირები სამუდამოდ შემორჩნენ მეხსიერებას. ამიტომ ყველაფერი, რასაც აქ წაიკითხავთ - კადრს მიღმა თუ კადრში, სცენასა თუ კულისებში მომხდარ ამბავს, თითოეულ ეპიზოდს თავისი ხიბლი აქვს და მაინც მსახიობისა და პერსონაჟის შესანიშნავი ტანდემის ნაყოფია, შესაბამისად კი - უკვდავების უფლებაც აქვს.
ერთხელ რუსთაველის თეატრის წამყვანმა მსახიობმა, ნინა თარხან-მოურავმა მიამბო:
- წლების წინ ლევან წულაძემ "სარდაფში" "კაფე "როსინი" დადგა. მე და თემიკო (ნინოს მეუღლე მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე) ცოლ-ქმარს განვასახიერებდით. ამის გარდა, მე კიდევ მსახიობი ქალის როლიც მქონდა. ერთი ეპიზოდია, ეს მსახიობი მიდის რეჟისორთან (ანუ თემიკოსთან) და როლზე აყვანას სთხოვს, თან თავს აწონებს. დადგმის მიხედვით, სცენაზე პარიკით გამოვდიოდი, რომელსაც რეჟისორთან საუბრისას ვიხსნიდი. პრემიერის წინ ჩუმად თავი გადავიპარსე, თეატრში კი პარიკით გამოვცხადდი. იმ ეპიზოდში ჩემი მონოლოგის ბოლოს, შეხედეთ, როგორი თმა მაქვს-მეთქი, - წარმოვთქვი, პარიკი გადავიძვრე და... ყველაფერი გავაფუჭე: თემიკოს ტექსტი დაავიწყდა, ძალიან გაბრაზდა და მივხვდი, რაღაც უნდა მექნა, თორემ იქვე დამახრჩობდა. მოკლედ, მისი ტექსტიც მე წარმოვთქვი, ცხადია - საკუთარიც და რაღაცნაირად გამოვძვერით. რაც მთავარია, მაყურებელი ვერაფერს მიხვდა...
რუსთაველის თეატრის და ქართული კინოს მართლაც შესანიშნავი მსახიობი, აწ განსვენებული დაუვიწყარი ბატონი სოსო ლაღიძე წლების წინ რომ ჩავწერე, თავის ცხოვრებაზე მიამბო და ერთ-ერთი ფილმის გადაღების პატარა ეპიზოდიც გაიხსენა:
თურმე, რეჟისორი ნიკოლოზ პიპინაშვილი აჭარაში ფილმ "ზღვის შვილებს" რომ იღებდა, შემოქმედებით ჯგუფს 6-თვიან ექსპედიციაში მოუხდა გამგზავრება. ბათუმში ცხოვრობდნენ და მათთან ერთად ყოფილა წარმოუდგენლად დაუდეგარი და იუმორით აღსავსე დიდი მსახიობი დოდო აბაშიძე. ბატონი სოსოს იხსენებდა, - იცით, რა ღონიერი იყო დოდო? ზღვაში რომ შედიოდა, ზღვაც კი ბობოქრობდა. ზაზა, მისი ვაჟი, იმ დროს 3 წლის იყო და დოდო საშინელებებს უკეთებდა - შეიყვანდა საწყალ ბავშვს ზღვაში, ააგდებდა ზემოთ და დაანარცხებდა ხოლმე წყალს. რომ ვსაყვედურობდი, ცოდოა ბავშვი-მეთქი, მამშვიდებდა, - არაფერი მოუვა, კაცად გაიზრდებაო. და მართლაც კაცად გაიზარდა ზაზა აბაშიძე... ერთხელ დოდომ მთხოვა, შორს გავცუროთო. ჯერ ვიუარე, არ მსიამოვნებდა ღრმად გაცურვა, არც დოდოსავით მაგარი მოცურავე ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი და გავცურეთ. მერე მითხრა, გავითამაშოთ, ვითომ იხრჩობი და მე გშველი - მაინტერესებს, როგორი მაშველი ვიქნებიო. რაღას ვიზამდი? ავფართხალდი, ავყვირდი, მიშველეთ-მეთქი და შუა ზღვაში რომ დამავლო მარჯვენა ხელი, ეს ამხელა კაცი წამომიკიდა ზურგზე, ცალი ხელით, ცურვით გამიყვანა "სამშვიდობოს" და... გაოგნებული დამტოვაო...
მხატვარი-კერამიკოსი გია იაშვილი ქართველმა მაყურებელმა 1970-იან წლებში რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმით - "გზა მშვიდობისა, ჯაყოთი" გაიცნო. იგი მთავარ - ჯაყოს როლს ასრულებდა. ბატონ გიას 2008 თუ 2009 წელს შევხვდი და სწორედ ამ ფილმზე ვესაუბრე. მაშინ მომიყვა სახალისო ამბავს ანც დათვის ბელსა და ქალბატონ "დევოჩკაზე".
ფილმს, თურმე, თბილისში, ბათუმსა და აჭარის მთებში იღებდნენ. ბატონი გია მიყვებოდა, - სცენარში იყო ასეთი ეპიზოდი: ღამით საზღვარზე ხდება ელექტროჩართვა, მესაზღვრეებს კი ჰგონიათ, რომ ვიღაც ჯაშუშმა საზღვარი გადმოკვეთა და მის დასაკავებლად გარბიან. ირკვევა, რომ დამრღვევი ჯაშუში კი არა, დათვი იყო, თავის ბელთან ერთად. როგორ შეიძლებოდა მსოფლიოში "საუკეთესო საბჭოთა მესაზღვრე" ასე შემცდარიყო და ჯაშუში დათვში არეოდა?! ამიტომ გადაღებული მასალიდან მოსკოვში დათვის დაკავებისა და დაღუპვის ამბავი ამოჭრეს და ფილმში მხოლოდ ბელი დატოვეს.
სხვათა შორის, ეს "სათნო" ბელი ისე იკბინებოდა, დაგლეჯილი მქონდა ფეხები. არადა, დათვის ეპიზოდის გადასაღებად სოჭიდან ჩამოვიყვანეთ უკვე გამოცდილი "მსახიობი" მურა დათვი, რომელსაც მანამდე ინდოელ მსახიობ და რეჟისორ რაჯ კაპურთანაც კი უთამაშია. მას ერქვა "დევოჩკა" და საოცრად დიდი, ფუშფუშა და ცირკის დათვზე უკეთ გაწვრთნილი იყო.
"დევოჩკა", რა თქმა უნდა, ქალბატონი გახლდათ. ჩამოიყვანეს გალიით და თავის "ბინიანად" ავიყვანეთ აჭარის მთებში. გადაღების ადგილი საზღვრის ზონა იყო. აქა-იქ თუ შემოგვხვდებოდა ხოლმე თითო-ოროლა მოსახლე, სამაგიეროდ, ტყეში ბლომად იყო ფრინველი და ცხოველი, მათ შორის - დათვიც, თანაც - მამალი. ქართველი დათვები ტანად პატარები არიან, თუმცა საკმაოდ ენერგიულები და შემტევები აღმოჩნდნენ. "დევოჩკა" თავისი ბორბლებიანი ფოლადის გალიით გარეთ დავტოვეთ და პირველივე ღამეს საშინელმა ხმაურმა გაგვაღვიძა. გარეთ რომ გავცვივდით, თავდაპირველად ვერც გავარკვიეთ, რა ხდებოდა, მერე ფარნები მივანათეთ და რას ვხედავთ: ოთხი ქართველი დათვი - "ბიჭები", რა თქმა უნდა, ღნავილით, ვინ გალიის ზემოთ ძვრებოდა, ვინ გვერდიდან ცდილობდა შეღწევას, ჩვენი "დევოჩკა" კი ისეთ ხმებს გამოსცემდა და ისეთი გატაცებული ჩანდა ამ ამბით, მივხვდით, შეიძლებოდა, გადაღებაც ჩაგვშლოდა. ასეც მოხდა - რამდენიმე დღე დაგვჭირდა "ქალბატონის" დასამშვიდებლად, რადგან "დევოჩკას" ფსიქიკა აერია და აღარავის უჯერებდა. როგორც იქნა, გადავიღეთ ეს ეპიზოდი - ფანტასტიკურად გაწვრთნილმა "დევოჩკამ" რამდენჯერმე საუკეთესოდ შეასრულა როლი, მერე კი, ჩანს, მოჰბეზრდა თამაში, გამოხედა ოპერატორებს, ალბათ, რაღაც დაუწუნა და გაიქცა მათკენ. ძალიან სასაცილო სანახაობა იყო - ოპერატორები ტყეში მირბოდნენ, უკან კი "დევოჩკა" მისდევდათ, თუმცა იმ წუთას სასაცილოდ ნამდვილად არავის ცხელოდა...
მახსოვს კიდევ ქართული თეატრისა და კინოს მსახიობ გია ჯაფარიძის მონათხრობი:
- რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმ "ხარება და გოგიაში" ერთ-ერთი ყაჩაღი, რომელსაც მეტსახელად "ჩორტ ევო ზნაეტ" ერქვა, მე განვასახიერე. მახსოვს, ბაკურციხეში პოლიციელების დახოცვის ეპიზოდის გადაღებისას, როდესაც მღვდელი დაჭრილებს ჭრილობებს უხვევს, ერთი კახელი წამოგვადგა: უპატივცემულოდ არ მინდა, გაგიშვათო და ღვინით სავსე 20-ლიტრიანი ბოცა დაგვიტოვა. ის ბოცა ოთხმა თუ ხუთმა კაცმა თვალის დაუხამხამებლად დავცალეთ და შეზარხოშებულები ღამის 3 საათზე ავტობუსით სასტუმროში რომ ვბრუნდებოდით, გზად საბჭოთა ავტოინსპექტორს გადავეყარეთ, აშკარად ფულის გასაკეთებლად იდგა. გაგვაჩერა. გადავიდა მძღოლი და რაღაცას უხსნიდა.
ჩანს, ინსპექტორი არ ტყდებოდა - ფულის წაგლეჯა უნდოდა. ლევან თედიაშვილმა თქვა, წამო, ჩავიდეთ, მგონი, ესა ჩვენს მძღოლს ფულსა სთხოვსო. და გადავედით ავტობუსიდან - ჩოხებით, ხანჯლებით, პატრონტაჟებით, მაუზერებითა და ნაგანებით, ანუ კბილებამდე შეიარაღებული ყაჩაღები. - ეგე, ხომ გითხარი-მეთქი, - უთხრა მძღოლმა ზურგით მდგარ ინსპექტორს. კახელი საბჭოთა ინსპექტორი მობრუნდა და, - ვაა, მაგი დედა კი ვატირე! მე რო სამორიგეოდ გამოვალ, მაშინ გაცოცხლდება ყველა კაკო ყაჩაღი! წადით, თავი დამანებეთო, - ხელი აიქნია და გატრიალდა...
წლების წინ მთელი ბათუმის საახლობლო შევაწრიალე და ძლივს მივაკვლიე გიგლა ცინცაძეს, მსახიობისა და რეჟისორის, ბაადურ წულაძის ფილმ "ფეოლაში" ხვედელიძის როლის შემსრულებელს. საკმაოდ ენაკვიმატი ადამიანი აღმოჩნდა და სულ სიცილ-სიცილით ჩავწერეთ ინტერვიუ. მისი მონათხრობიდან ერთ პატარა მონაკვეთს შემოგთავაზებთ:
"ფეოლას" ერთ-ერთი მთავარი გმირი რატომღაც მე მათამაშეს. სასინჯი გადაღებისთვის ბათუმიდან თბილისშიც წამიყვანეს და, როგორც ჩანს, ეკრანმა ჩემი სახე კარგად აიღო, სამაგიეროდ, ჩემი შავი თმა "არ მოეწონა" და ამიტომაც გამიღიავეს, მგონი, "ლონდატონით".
ბატონ იპოლიტე ხვიჩიასთან მაგარი დუეტი კი გამოვიდა. საოცარი კაცი იყო, ძალიან კარგი ადამიანი. მისი მიმიკებისა და ხუმრობების გამო ბევრჯერ ჩაშლილა გადაღება. ბატონი ბაადური სულ გვაფრთხილებდა, არ გაიცინოთო, მაგრამ თავის შეკავება არ გინდოდა? ერთხელ სტადიონზე იმ კადრს ვიღებდით, ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ჩემი გმირი - ხვედელიძე ფეოლასთან რომ მიდის და დარცხვენით ეუბნება: მოვიგეთ, ფეოლაო. უცებ იპოლიტე მომიბრუნდა და მეუბნება: ფეოლა მამაშენიაო! კინაღამ გადავყირავდი სიცილისგან...
რევაზ ჩხეიძის "ღიმილის ბიჭებში" "ბოლოკას" როლის შემსრულებელს გოჩა ლომიას გაცილებით ადვილად მივაკვლიე ქალაქ სენაკში და მასაც ფილმის ამბების მოყოლა ვთხოვე. ახლა იმ ამბების ერთ სახალისო ეპიზოდს გიამბობთ. ბატონი გოჩა სიცილ-სიცილით იხსენებდა, - კრასნოდარში, გადაღებაზე კარგა ხანს დავყავით, ბატალურ ეპიზოდებს იქ იღებდნენ. "ნადზორად" ბებიაჩემი გალენა გამომაყოლეს. ბებო დაწყებით კლასებში ასწავლიდა და მისთვის მიუღებელი იყო ჩემი და ცხონებული თაზოს (მსახიობი თაზო თოლორაია) ასაკის ახალგაზრდების რესტორანში ყოფნა, ვიღაც-ვიღაცებთან ცეკვა და ა.შ. ერთხელაც, მასობრივი ეპიზოდის გადაღებისას, მე და თაზო ტანკით "ვსეირნობდით", ომი იყო, რა...
ბებოს, თურმე, თვალში მოვაკლდი და ყველა ფეხზე დააყენა, აქვს ერთი ვაი-ვიში. რაციით გადმოგვცეს, ბებო ცუდად არის და აქეთ წამოდითო. მივატრიალებინეთ ტანკი და მისკენ გავქანდით. ამასობაში ქალი მოასულიერეს, თავი წამოწია და მისკენ დიდი სიჩქარით მიმავალი ლულაშემართული ტანკი რომ დაინახა, ისევ მიესვენა...
ბოლო ეპიზოდი, გერმანიამდე რომ მხოლოდ მე ჩავაღწიე, ხომ გახსოვთ? რა გერმანია, რის გერმანია, ის რაიხსტაგი ძველ კინოსტუდიაში, პირველ პავილიონში პენოპლასტისგან იყო აშენებული: დავაწვებოდი კარგად ცარცით დასაწერად და ოპერატორი, ცხონებული ფილიპაშვილი დაიძახებდა: "სცენა შატაეტსა!" არ დავაწვებოდი და - არაფერი იწერებოდა. ბოლოს "კედელს" მეორე მხრიდან ხალხი მხრებით აწვებოდა და მე ვწერდი: თემური, ლევანი, ჭკუისკოლოფა, ბაადური... ბოლოს, გიორგი ანუ მე. მერე ხომ გახსოვთ, ჩემს სახელს ხაზს გადავუსვამ და ვწერ "ბოლოკასო"...
კიდევ ერთი კარგი ადამიანი გამახსენდა, აწ განსვენებული მსახიობი ამირან ქადეიშვილი. გემახსოვრებათ, გიორგი შენგელაიას ფილმში "სიყვარული ყველას უნდა" ხირხალას რომ განასახიერებდა. ჰოდა, ბატონმა ამირანმა სიცილით გამანდო, ჩემი გმირის, ხირხალას კვახის ამბავი სცენარში არ ყოფილა, მე მოვიგონე.
მახსოვს, ეპიზოდის სამი თუ ხუთი დუბლი გადავიღეთ და ბოლო დუბლის გადაღებისას გიორგის ვუთხარი: ნიკოლაევიჩ, ეს ხირხალა ისეთი "ნაგლია", არც კვახს დატოვებს ქეთოსთან-მეთქი, - დავავლე ხელი და წამოვიღეო. ბოლოს კი დააყოლა, - ყველას გისურვებთ, ხალისითა და მხიარულებით შეხვედროდეთ ახალ წელსო.
(სპეციალურად საიტისთვის)