2024 წლის მაკიაჟი
ჯენიფერ ლოპესის, კიმ კარდაშიანის, არიანა გრანდესა და კიდევ სხვა ვარსკვლავების ვიზაჟისტი კეი ჰოლმი ამბობს, რომ მომავალ წელს მოდური იქნება ბუნებრივი სილამაზე და მისი ხაზგასმა მაკიაჟის საშუალებით.
"სილამაზე უნდა წარმოვაჩინოთ, ის არ უნდა შევნიღბოთ მაკიაჟით. ჯანსაღი, სუფთა, ოდნავ შეფერილი ყვრიმალები, დავარცხნილი წარბები, დატენიანებული ტუჩები, რაც მთავარია, მოვლილი სახის კანი", - ასეთია ჰოლმის მთავარი რჩევები, რომლებიც ქალებმა უნდა გაითვალისწინონ. ვიზაჟისტების რეკომენდაციებით, სახის პიგმენტური ლაქებიც არ უნდა დაფარონ: "ნუ დაფარავთ ჭორფლს ან სხვა პიგმენტურ ლაქებს სახეზე, ეს თქვენი კანია, მოუარეთ მას და წარმოაჩინეთ ის ბუნებრივი სილამაზე, რაც გაქვთ", - ვკითხულობთ ვიზაჟისტ ჰაროლდ ჯეიმზის განცხადებაში.
მათთვის, ვისაც თვალში საცემი მაკიაჟი მოსწონს, ვიზაჟისტები 1960-იანი წლების კაშკაშა მაკიაჟის გაკეთებას ურჩევენ. თვალის ლაინერი წელს კვლავ მოდური იქნება. ყველაზე ნათლად ეს ფრანგი მსახიობის, კინოვარსკვლავ ბრიჟიტ ბარდოს მაგალითზე ჩანს - თვალის მუქი ლაინერი, კანის ბუნებრივი ფერი და ოდნავ შეფერილი ტუჩები 2024 წლის ყველაზე ტრენდული ვიზუალია. სწორედ ბარდოს მაგალითზე შეგიძლიათ გაიკეთოთ მაკიაჟი სადღესასწაულოდ. როგორც ვიზაჟისტები ამბობენ, მოდურია ცისფერი ლაინერით თვალის შეღებვაც. "პინტერესტის" საძიებო სისტემაში ბოლო რამდენიმე თვეა ლურჯი ლაინერით თვალის შეღებვა ლიდერობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.
არაფერი ისე არ ახდენს გავლენას ვარცხნილობის არჩევაზე როგორც კინო, მოდური ტენდენციების ჩამოყალიბებაში ყველაზე გავლენიანი საშუალება. ფილმში ნანახი საყვარელი პერსონაჟის ვარცხნილობა ბევრჯერ გამხდარა ახალი იმიჯის შთაგონების წყარო. როგორც იმიჯის ექსპერტები ვარაუდობენ, 2024 წელს მოდური იქნება ბუნებრივი თმის ფერი და მასთან მიახლოებული ფერები, სადღესასწაულო თმის ვარცხნილობაში კი ერთი აქსესუარის შეტანა, თუნდაც ყვავილის.