როგორ აღმოჩნდნენ ქართული არმიის ჯარისკაცები ფილადელფიაში - კვირის პალიტრა

როგორ აღმოჩნდნენ ქართული არმიის ჯარისკაცები ფილადელფიაში

ქართულ თემაზე შექმნილი ხის ქანდაკებები - კავკასიური არწივი და ტარიელისა და ვეფხვის ძეგლი, ქოთნებში მოყვანილი ომბალო და ქინძი, მდინარეზე გადებული ხიდი, ასწლოვანი ხეები და ბევრი ქართული დროშა - ეს ჯანჯალიების მამულია ფილადელფიაში. წყვილი საქართველოდან ამერიკაში სამ შვილთან ერთად 5 წლის წინ გაემგზავრა. მანამდე 28 წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ. დღეს ზაზა ტრაილერის მძღოლია, ფატი მოხუც ქალს უვლის, შვილები კი სწავლობენ. ხუთსულიანი ჯანჯალიების ოჯახი უცხო ქვეყანაში მეხუთე და ყველაზე განსაკუთრებულ ახალ წელს ხვდება. მათი ულამაზესი ეზო საახალწლოდ უფრო გალამაზდა გირლანდებით, ციმციმებითა და სხვადასხვა დეკორაციით. როგორ აღმოჩნდნენ ქართული არმიის ჯარისკაცები ფილადელფიაში და როგორია ემიგრაციაში გატარებული ახალი წელი, ამის შესახებ ფატი ჯანჯალია­ გვესაუბრება.

- მე და ჩემს მეუღლეს არასდროს გვქონია უცხო ქვეყანაში წასვლის სურვილი,­ ორივე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ვიყავით. ზაზა ოფიცერია, კარგი ხელფასი ჰქონდა, 28 წელი ემსახურა ქვეყანას. მე უფროსი სერჟანტი ვარ 18-წლიანი სტაჟით. ერთხანს ყველაფერი კარგად იყო, ჩვენი ხელფასები საშუალებას გვაძლევდა ღირსეულად გვეცხოვრა, ბავშვების სწავლა-განათლებაზეც გვეზრუნა და მცირე დანაზოგიც გაგვეკეთებინა, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი შემოსავალი მთლიანად ბავშვების განათლებას სჭირდებოდა, სხვას ვეღარაფერს ვაკეთებდით. ჩემმა ძმამ, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, გრინქარდის მისაღები აპლიკაციის შევსება გვირჩია. პირველ წელს არა, მაგრამ მეორე წელს გაგვიმართლა და ჩვენც ბევრი აღარ გვიფიქრია. მეუღლეს უზომოდ უყვარს სამშობლო, პატრიოტი კაცია. ამერიკაში რომ მივდიოდით, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გაძლებდა, უბრალოდ, ძალიან დავიღალეთ ყოფით პრობლემებთან ჭიდილში. ჩემი გოგონები იმ დროს მეათე­ და მეთერთმეტე კლასში სწავლობდნენ, ბიჭი კი იმ წელს შევიდა სკოლაში. სამხედროები ვართ, მოგზაურობას შეჩვეული, ჩვენი თანაცხოვრების განმავლობაში 22 სახლი გვაქვს გამოცვლილი, თითქოს რთული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ძალიან გაგვიჭირდა. მეუღლეს პირზე სულ სამშობლო და არმია ეკერა. ტაქსიზე დაიწყო მუშაობა და სულ ბუზღუნებდა, დავბოდიალებ უცხო ქვეყნის ქუჩებში, ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლოს ვერაფერს ვაკეთებო. მე მოხუცს ვუვლიდი, ძალიან რთული იყო, მაგრამ ქმარ-შვილს თავს ვაჩვენებდი, რომ კმაყოფილი ვიყავი. მეც რომ წუწუნი დამეწყო, მათთვის უფრო აუტანელი გახდებოდა აქ ყოფნა. ჩემმა მოთმინებამ გაამართლა, ქმარ-შვილისთვის კარგი მოტივატორი გამოვდექი. დღეს უფროსი ქალიშვილი, მარიამი, ბანკში მუშაობს, უმაღლესში სწავლას ბანკი უფინანსებს. ახლა ნოტარიუსის კურსებსაც გადის. ძალიან მოსწონთ ამერიკელებს. ანა აშშ-ის ჯარში მსახურობს. ურთულესი წვრთნა გაიარა. ნაზი გოგონაა, მაგრამ ყველაფერს კარგად გაართვა თავი - 400 კაცს შორის ვერცხლის მედალი მიიღო, რასაც "რკინის ჯარისკაცის" ტიტულსაც ეძახიან. "ყველაზე შრომისუნარიანი სამხედრო მოსამსახურის" მედალიც აქვს. 6-წლიან კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი. პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლას ჯარი უფინანსებს. რაც შეეხება ჩვენს ნაბოლარა ავთანდილს, ძიუდოს მისდევს. შეჯიბრებებში მონაწილეობს და რამდენჯერმე პირველი ადგილიც დაისაკუთრა. მეუღლეც ძიუდოს მისდევდა და როგორც კი ამერიკაში ჩამოვედით, მაშინვე გაარკვია, იყო თუ არა სადმე ამ სპორტის წრე. ჩემი 10 წლის ვაჟი ძალზე იშვიათად გადის სახლიდან იმ მაისურის გარეშე, რომელზეც საქართველოს დროშა, რუკა ან ქართული წარწერა მაინც არ იქნება. ამერიკელებს სულ საქართველოზე ელაპარაკება, ეუბნება, რომ მეომრების ქვეყნიდან არის.

661-1704044705.jpg

- თქვენ და ზაზამ ერთმანეთი ჯარში გაიცანით?

- არა, ორივე სამტრედიელი ვართ, ერთმანეთიც იქ გავიცანით. ზაზა 26 წლის ასაკში უკვე ოფიცერი იყო. მე ტექნიკური უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. დიპლომი ზუსტად იმ წელს ავიღე, როდესაც დავქორწინდით. მეუღლემ მითხრა, ცხოვრებაში ბევრჯერ მომიწევს საცხოვრებლის შეცვლა და თუ გინდა სულ ჩემ გვერდით იყო, შენც სამხედრო უნდა გახდეო. დავუჯერე და სწორადაც მოვიქეცი. ოფიცრები წლობით ვერ ნახულობენ ოჯახებს, რადგან განვითარებისა და გამოცდილების დასაგროვებლად არაერთი სამსახურის შეცვლა უწევთ. მე რომ სამხედრო არ გავმხდარიყავი, მეუღლე შვილებთან ურთიერთობას მოაკლდებოდა, მათ აღზრდაში ვერ იქნებოდა ჩართული და უამრავი პრობლემა შეიქმნებოდა. თავიდან კი მიჭირდა სამხედრო რეჟიმთან შეგუება, მაგრამ მერე ისე შევისისხლხორცე, ვეღარც კი წარმომედგინა, სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ ოჯახი სულ ერთად ვართ. ამერიკაშიც ერთად წამოვედით.

- საოცარია, სულ რაღაც ხუთ წელიწადში ასეთი დიდი სახლისა და ეზოს შეძენა როგორ მოახერხეთ?

- 2 წელი ქირით ვცხოვრობდით, თითქოს ყველაფერი გვქონდა, მაგრამ ჩვენი არაფერი იყო. ამის გამო მეუღლე ფორიაქობდა. ვიფიქრე, საქართველოდან შორს მყოფი ეზოიანი სახლი დაამშვიდებდა. იმხანად ზაზა უკვე ტრაილერზე მუშაობდა და ჩვენი შემოსავალი გაუმჯობესებული იყო. ამასთან, თბილისისა და ქუთაისის ბინებიც გავყიდეთ. ცოტაოდენ თანხას აქაც მოვუყარეთ თავი, დანარჩენი კი კრედიტი ავიღეთ. ამერიკაში თუ ყველაფერს კანონიერად აკეთებ და გადასახადებს იხდი, სახელმწიფო ყველანაირად მხარში გიდგას. 30-წლიანი სესხი მოგვცეს. მაკლერს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, ისეთი სახლი მოეძებნა, რომელსაც ეზო ექნებოდა. 2-თვიანი ძებნის შემდეგ დამირეკა, შენი ოცნების სახლი ვიპოვეო. მართლაც, მივედით და საოცრება ვნახეთ - არაჩვეულებრივი სახლი, ეზო და მდინარე, თან ქართულ ეკლესიასთან ახლოს, სადაც მეუფე საბა მსახურობს. იქვეა ქართული წერა-კითხვის, ცეკვის წრეები, ხალხური სიმღერის სტუდია. ჩემი ბიჭი იქ დადის, ფანდურზე უკრავს და უკვე კონცერტებზეც გამოდის. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია ჩვენს გადაწყვეტილებაზე.

55-1704044705.jpg

- ალბათ, ეს საუკეთესო სახლია იმ ოცდაორიდან, რომელიც საქართველოში სხვადასხვა დროს გქონდათ.

- კი, მაგრამ საქართველოში მაინც სხვანაირად ბედნიერები და ლაღები ვიყავით. ამიტომაც ვცდილობთ აქ საქართველოს მინიმოდელის შექმნას. ამერიკაში ძალიან კეთილმოწყობილი ეზოებია. სახელმწიფო­ გავალებს, რომ თუ ეზო გაქვს, ბუჩქი და ბალახი უნდა გაკრიჭო, გაალამაზო, თორემ დაგაჯარიმებენ. ჩვენს ეზოში ბევრი ხე იყო, მათ შორის ორი ორასწლოვანი მუხა, რომლებსაც გამხმარი ტოტები ჰქონდა. ბავშვები ეზოში რომ თამაშობდნენ, სულ მეშინოდა, რომელიმეს გამხმარი ტოტი არ დასცემოდა. ქუჩაში ხეზე ამოტვიფრული ბუ მქონდა ნანახი და იდეა ძალიან მომწონდა, მინდოდა მსგავსი რამ მეც გამეკეთებინა. სახლში ქართული დროშები კი გვქონდა დაკიდებული, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა. ხეზე ამოტვიფრულ ბუსთან შემსრულებლის ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული. დავრეკე და ხეზე ჭრის უკრაინელი ოსტატი აღმოჩნდა. ვუთხარი, რომ ეზოში ორ დიდ ხეზე ფიგურების გაკეთება მინდოდა. ჩემი მეუღლე დაჟინებით იმეორებდა, რამე ქართული თემატიკა უნდა იყოსო. ბევრი მსჯელობის შემდეგ არწივის ფიგურაზე შევთანხმდით. მეორე ხეზე "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი სცენის გაცოცხლება გადავწყვიტეთ, ზიჩის ნახატის მიხედვით, ტარიელისა და ვეფხვის შერკინება. 4-მეტრიანი ფიგურაა, ხალხი მოდის და სურათებს იღებს. "ვეფხისტყაოსანზე" კითხვების დასმა დაიწყეს და ამ ნაწარმოებით დაინტერესდნენ. ჩვენც მეტი რა გვინდა, ყველას ვუხსნით, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, რომ ეს არის ქართველი კაცი, რომელიც ვეფხვებს ხელით ახრჩობდა და, რომ ის ქართველი კაცის სიდიადის სიმბოლოა. ჩემი მეუღლე მაღალი,­ ზორბა კაცია, ალბათ, მის შემხედვარეს ეჭვი არავის შეეპარება ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. ჩვენს სახლს ამერიკელები "არწივის", ხოლო ქართველები - "ტარიელისა და ვეფხვის" სახლს ეძახიან. ერთ დღეს ინგლისელმა მეზობლებმა დაგვიძახეს, თქვენთვის სიურპრიზი გვაქვსო. გავედი და ვნახე, ხის ტრაფარეტი დაუმზადებიათ, რომელზეც ამოტვიფრულია წარწერა "ჯანჯალიების ოჯახი" და იქვეა არწივის სიმბოლოც. სამომავლოდ ლომის გაკეთებასაც ვაპირებთ.

99-1704044704.jpg

- როგორი იყო ემიგრაციაში გატარებული ახალი წელი?

- ძალიან კარგი. იმ რთულ პერიოდში ჩვენთვის ნამდვილი შვება იყო. ფილადელფიაში ძალიან ბევრი ქართველია, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილი სიურპრიზი ის აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ოფიცერი და სერჟანტი იყო. პირველი ახალი წელიც მათთან ერთად აღვნიშნეთ. აქ ახალ წელს ძალიან ლამაზად ხვდებიან, ამერიკელები მთელი ერთი თვე ემზადებიან ახალი წლის ღამისთვის. პირველად რომ ვნახე გადანათებული ქუჩები, სახლები და მორთული ეზოები, გავოგნდი.

- წელს თქვენც ლამაზად მოგირთავთ ეზო.

- 2 დეკემბრიდან დავიწყეთ მორთვა. პირველ წელს მხოლოდ ნაძვის ხე გვქონდა, ყოველ წელს ვაუმჯობესებთ და ვალამაზებთ.­ რაც სახლი ვიყიდე, მას შემდეგ ტრადიციად დავამკვიდრე - მეგობრები მოდიან თავიანთი სათამაშოებით და ვისაც როგორ უნდა, ისე რთავს ერთ კუთხეს. საოცრება ხდება ხოლმე დეკემბერში ჩვენს ეზოში. შარშან კინაღამ შევეწირე ამ ამბავს. უზარმაზარი ხის მორთვა გადავწყვიტე - ცისფერი ნათურებით, ავატარის ხის მსგავსი მინდოდა ყოფილიყო. დაახლოებით 6 მეტრის სიმაღლეზე ტოტები არა აქვს, ამიტომ კიბე მივიდგი. კიბის სიმაღლე ზუსტად იქ მთავრდებოდა, სადაც ხის ტოტები იწყებოდა. როგორც იქნა, ავბობღდი, არც ისე ადვილი იყო (ბავშვობაში ბევრი ბლის ხე მაქვს დალაშქრული და მეგონა, ახლაც ადვილი იქნებოდა), გადავეკიდე ტოტზე, ვერც იქით მივდივარ და ვეღარც უკან ვბრუნდები. კიბეს ფეხს ვეღარ ვადგამ. კიდევ კარგი, ტელეფონი მქონდა ჯიბეში. ჩემს შვილს დავურეკე, მიშველე-მეთქი. ჯერ ვერ მოვალო, მაშინ 911 დავრეკავ-მეთქი. მარიამმა, არ დარეკო, თორემ ამერიკის საახალწლო კურიოზებში მოხვდები, ყველა გნახავს, ხის ტოტზე რომ ხარ გადაკიდებული და მერე მაშველებს როგორ ჩამოჰყავხარო. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვიყავი ხეზე გადაკიდებული და ყველა გამვლელი გაოცებული მიყურებდა. ბოლოს ძალა მოვიკრიბე, ხეს ორივე ხელით მაგრად მოვეჭიდე და აცოცება შევძელი. ხე მაინც მოვრთე და უკან ჩამოსვლაც მოვახერხე. მიწაზე რომ დავდგი­ ფეხი, უფალს მადლობა შევწირე, ხესაც ვეფერე და ვკოცნე. ბოლოს ნათურების ანთება რომ გადავწყვიტე, აღმოჩნდა, რომ კაბელი ერთ ადგილზე გაწყვეტილიყო. ჩემს მაზლს შევეცოდე, არ ინერვიულო, მე გავაკეთებო, და საახალწლოდ ავატარის ხე მაინც ავანთე.

88-1704044704.jpg

- ისე კარგად ხართ დაფუძნებულები, ალბათ, საქართველოში არც დაბრუნდებით?

- რას ამბობთ, აუცილებლად დავბრუნდებით! ჩვენთვის არაფერია სამშობლოზე ძვირფასი. ჩვენი გათვლით, აქ ათი წელი უნდა ვიცხოვროთ. ამასობაში ბავშვები სწავლას დაამთავრებენ, ჩვენც რაღაც თანხას მოვაგროვებთ და დავბრუნდებით. ამ სახლის გაყიდვა და კრედიტის დაფარვა ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია. აქ არიან ქართველები, რომლებიც 20-25 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობენ. როგორც მე ვაკვირდები, უფრო საპენსიო ასაკში ბრუნდებიან საქართველოში. ჩემი აზრით, ეს დაგვიანებულია, ჩვენ უფრო ადრე გვინდა დაბრუნება. ალბათ, ეს ხალხი ქვეყანაში სიტუაციის შეცვლას ელოდება. რაც არ უნდა კარგად ცხოვრობდე აქ, რაც არ უნდა თავზე საყრელი გქონდეს ყველაფერი, ბედნიერი მაინც არა ხარ. ერთი უცნაური რამ მინდა გითხრათ - ფილადელფიაში არის უკრაინელების, რუსების, ებრაელების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების სასაფლაოები. ქართველი ერთადერთი ერია, რომელსაც აქ სასაფლაო არა აქვს. ფილადელფიაში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, ჩვენი ეკლესიაც კი გვაქვს. ქუჩაში რომ მივდივარ, რამდენიმე ქართველი მაინც შემხვდება - მაღაზიებში, რესტორნებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, სადაც არ უნდა შეხვიდე, არ არსებობს ქართველი­ არ შეგხვდეს, მაგრამ ერთი ქართველის საფლავსაც კი ვერ ნახავთ. ზოგჯერ მგონია,­ ქართველებს ემიგრაციაში უფრო უმძაფრდებათ პატრიოტიზმის გრძნობა. ყველა ქართველი ამაყობს თავისი წარმომავლობით, სახლებზე, მანქანებზე ყველგან საქართველოს დროშები და გერბები აქვთ გაკრული. იცით, აქაური ქართველები საახალწლო სურვილებად რას უთქვამენ? საქართველოში დაბრუნებას! ძალიან მინდა ჩემს მშობლებთან, ნათესავებთან, ჩემს სახლში, საქართველოს ცის ქვეშ, ახალი წლის ღამის გათენება. ნეტავ ყველა ემიგრანტი დაბრუნდებოდეს საქართველოში. აი, მაშინ ჩვენი მომრევი დედამიწაზე არავინ იქნება.

ხათუნა ბახტურიძე