რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს საქართველოს ახალ წელს - კვირის პალიტრა

რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს საქართველოს ახალ წელს

დადგა ახალი, 2024 წელი, რომელიც შეიძლება გასულ წელზე უფრო რთული და დაძაბული აღმოჩნდეს მსოფლიოსთვის. თუმცა გასაგებია, რომ უპირველესად ჩვენი საქართველოს ბედი უფრო გვაინტერესებს - რამდენად შეძლებს ამ წელს ჩვენი ქვეყანა შიდა და გარე საფრთხეებისა და დაპირისპირებისგან თავის დაღწევას რაც შეიძლება ნაკლები დანაკლისით.

ეს წელი რომ რთული იქნება, მიუთითებს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებიც, რომელიც საქართველოში ტრადიციულად ძალზე დაძაბულად მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიებისა და მათ უკან აშკარა თუ ფარულად მდგომი სხვადასხვა დამფინანსებლის გამო.

წინასაარჩევნო პერიოდი ძალზე დაძაბული იქნება, არ არის გამორიცხული რეალური და "შემოგდებული" მიზეზებით მიტინგების გამართვა მასობრივი არეულობის ელემენტების შემოტანით, რაც გასულ წლებში არაერთხელ გვინახავს.

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური პარტიები, როგორ წესი, ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ საპროტესტო გამოსვლებსაც გამართავენ.

ყოველივე ეს ერთგვარ კანონზომიერებად იქცა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ "დემოკრატიის სამშობლოდ" მიჩნეულ თვით აშშ-შიც, რომელიც 2024 წელს ახალ პრეზიდენტს აირჩევს და პოლიტიკური დაპირისპირება ბაიდენისა და ტრამპის (თუკი გახდებიან კანდიდატები) მომხრეებს შორის ქართულ რეალობაზე არანაკლებ დაძაბული იქნება. სხვა თუ არაფერი, ამერიკელებმა ერთხელ ხომ მოგვბაძეს კიდეც - თუკი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის მომხრეები 2003 წლის ნოემბერში თბილისში პარლამენტში ძალით შევიდნენ, 2021 წლის იანვარში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ კაპიტოლიუმში იმის გასაპროტესტებლად, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მათ რჩეულს "ხმები მოჰპარეს".

მანამდე კი, 2024 წლის 15-17 მარტს, რუსეთი აირჩევს ახალ პრეზიდენტს, იმ დროსაც... ნამდვილად არავინ ელოდება არც საპროტესტო გამოსვლებს და არც ოპოზიციის მიტინგებს - "რუსეთის მეფედ" ისეც პუტინს აირჩევენ, უფრო სწორად, თავადვე დაინიშნავს თავს ახალ პრეზიდენტად.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და მას შემდეგ ახალი წესით საქართველოს პრეზიდენტის არჩევა 300-დეპუტატიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ, რა თქმა უნდა, გავლენას ვერ მოახდენს ვერც რუსეთისა და ვერც ამერიკის პრეზიდენტების არჩევნებზე. პირიქით, დიახ, საქართველოს უახლესი მომავალი იმითაც დიდად იქნება განპირობებული, თუ ვინ დაჯდება პრეზიდენტად მოსკოვსა და ვაშინგტონში.

რუსეთში პუტინი რომ კვლავ პრეზიდენტად (თუკი ცოცხალი იქნება) მოგვევლინება, ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ვინ მივა თეთრ სახლში, შეიძლება ამან მართლაც უდიდესი გავლენა იქონიოს მთელი მსოფლიოს მომავალზე, არათუ საქართველოზე.

2-sap-1704045849.png
რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებულ ომზე საქართველოს ხელისუფლების "ფრთხილი-ნეიტრალური" პოზიცია მშვიდობას გვიხანგრძლივებს, მაგრამ არ არის იმის მყარი გარანტია, რომ კრემლმა ახალი საფრთხეები არ დაგვიმატოს...

ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში, სავარაუდოდ, ყველაფერს თავდაყირა დააყენებს, რასაც უპირველესად ყველაზე მტკივნეულად გამოცდის რუსეთთან საშინელ ორწლიან ომში მეომარი უკრაინა - მას ამერიკული სამხედრო დახმარება ახალი წლის დადგომისას შეუჩერეს სწორედ ტრამპისტი კონგრესმენების წყალობით (იმედია, დროებით, სანამ ის კონგრესმენები საახალწლო არდადეგებზე ნებივრობენ და კაპიტოლიუმში დაბრუნდებიან სამუშაოდ) და ადვილი წარმოსადგენია, რას იზამს თავად ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ არჩევის შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელება გავლენას ახდენდა და ახდენს საქართველოში არსებულ აშკარა და ფარულ საფრთხეებზე, მაგრამ ამ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების ორივე განვლილ წელს, საბედნიეროდ, გადავურჩით ძალზე სერიოზულ საფრთხეებს, რომლებიც მყისიერად "აფეთქდებოდა", საქართველოს რომ სამხედრო დახმარება (რისი თხოვნა-მოთხოვნაც არაერთხელ იყო არა მარტო კიევისგან) გაეწია უკრაინის არმიისთვის (იქნებოდა უკრაინაში თავის დროზე ნაყიდი "ბუკების" რაკეტების უკან "დაბრუნება" თუ საარტილერიო ჭურვების "გაზიარება"). მოგვწონს თუ არა (საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელსაც როგორც ქართული, ისე უკრაინული მიწები აქვს ოკუპირებული, გაერთიანებაა საჭირო), ეს მწარე რეალობაა.

აღარ განმეორდება ის ვარიანტი, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის ბოლო დღეებში სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკურმა მინიშნება-გაფრთხილებამ შეაჩერებინა კრემლს თბილისისკენ დაძრული რუსული ტანკები იგოეთთან - დღეს კრემლი ისეა დაპირისპირებული თეთრ სახლთან, რომ ჯიბრზე გააკეთებს ვაშინგტონის წინადადების საწინააღმდეგოს.

ამიტომაც პუტინის რეჟიმისთვის, რომელიც ორი წელია დაუნდობლად ბომბავს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, ახალი საბაბის მიცემა ისედაც ნახევრად ოკუპირებული საქართველოდან, დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, მით უმეტეს, ქართული არმიის ისედაც მწირი არსენალიდან გაგზავნილი სამხედრო დახმარება 2000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე მებრძოლ უკრაინის დამცველებს შეიძლება ერთი საბრძოლო დღისთვისაც კი არ ჰყოფნოდათ.

საქართველოს ხელისუფლების "ფრთხილ-ნეიტრალურ" პოზიციას არცთუ უსაფუძვლო ბიძგი იმ გარემოებამაც მისცა, რომ ჯერ კიდევ ამ ომის დაწყებამდე, 2021 წლის შემოდგომაზე, სწორედ უკრაინის ხელისუფლების აშკარა დახმარებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის მოქალაქემ, ფარულად გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი - თბილისში მიიჩნიეს, რომ კიევს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფაქტორის გამოყენება სურდა საქართველოს ხელისუფლების არაკანონიერი გზით შესაცვლელად და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის იმ დონემდე დასაძაბავად, რომ კრემლის მიერ უკრაინაზე უკვე დაგეგმილი თავდასხმა დროებით მაინც გადადებულიყო.

ამ ყველაფერმა უკიდურესად "გააცივა" თბილისისა და კიევის მეგობრული ურთიერთობა. უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან თავისი სრულუფლებიანი ელჩიც გაიწვია და დღემდე არ ნიშნავს ახალს, არადა, ელჩებს მტრული ქვეყნებიდან იწვევენ.

მიუხედავად ამისა, საქართველომ მიიღო რუსეთის ვერაგულ თავდასხმას გამოქცეული უკრაინელი დევნილები, შეუქმნა ნორმალური საცხოვრებელი პირობები და რაც მთავარია, მხარს უჭერს უკრაინისთვის სასარგებლო რეზოლუციებს გაეროსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში კენჭისყრების დროს, მაშინ როცა აზერბაიჯანი და სომხეთი კენჭისყრებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ, რათა კრემლი არ გააღიზიანონ... შედეგად ოფიციალური კიევი ბაქოსი და თვით ერევნის უფრო მადლიერია, ვიდრე თბილისის...

ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის ისეთი დაძაბული სიტუაცია, როგორიც 2006-2008 წლებში, რასაც რუსეთის სამხედრო აგრესია მოჰყვა, ცუდი არ არის, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და 2024 წელსაც იმის მუდმივ მოლოდინში ვიქნებით, თუ რა ძველ თუ ახალ საფრთხეებს გაგვიჩენს კრემლი - ისევ დაიჭერს და დაგვიხოცავს საქართველოს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზთან, გააგრძელებს საოკუპაციო ზოლის ღობეების გავლებას, "დაიკანონებს" მორიგ საკურორტო ზონებს ოკუპირებულ აფხაზეთში თუ კიდევ ახალ საშინელებას მოიფიქრებს.

საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი ძალიან ფრთხილი (ზოგჯერ მეტისმეტადაც) პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ არ არის იმის გარანტია, რომ "რუსეთის მეფე" პუტინი "მადლობელი" დაგვრჩება - კრემლი ყოველთვის ეცდება გააკეთოს ის, რაც მის ინტერესებშია. ამიტომაც აწყობს ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში და თუ დასჭირდა, სტრატეგიულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენებსაც (რომლებიდანაც გაშვებული ფრთოსანი რაკეტებით ორი წელია ატერორებს უკრაინულ ქალაქებს) კი განათავსებდა ოკუპირებული გუდაუთის ბომბორის სამხედრო აეროდრომზე, უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმების რომ არ ეშინოდეს.

ჩვენს სამეზობლოზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ჩაივლის ახალი, 2024 წელი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვნად შეამცირებდა ახალი შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნის ალბათობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც წაადგებოდა საქართველოსაც, სადაც ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეებიც ცხოვრობენ.

ცალკე თემაა არცთუ შორეული ირანი, რომელიც ისრაელ-პალესტინის მორიგ ომში ღაზის სექტორში აშკარად არ ერთვება, მაგრამ თავისი "სატელიტების" - ლიბანში "ჰესბოლას", იემენში ჰუსიტების, ხოლო სირიაში პროირანული დაჯგუფებების ხელით ცდილობს დიდი გავლენა მოახდინოს მასზე, მათ შორის იემენზე გამავალი საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო გზის ბლოკირებით.

ამან კი შეიძლება გამოიწვიოს წითელ ზღვასა და ადენის ყურეში მობილიზებული საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების მკაცრი საპასუხო რეაგირება, რასაც ვერ გადაურჩება ირანი, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ჩვენს სამხრეთ კავკასიის რეგიონს.

მოკლედ, 2024 წელი უფრო მეტად დაძაბული და შეიძლება ომებით "უხვი" გამოდგეს მთელი მსოფლიოსთვის, რომლის დროსაც ჩვენი პატარა საქართველოსთვის უმთავრეს ამოცანად კვლავ მშვიდობის შენარჩუნება იქნება.