"აპარტეიდი" აფხაზებისთვის?! - კვირის პალიტრა

"აპარტეიდი" აფხაზებისთვის?!

რუსეთი აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ ანექსიაზე გადავიდა - აფხაზი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, 27 დეკემბერს, გამთენიისას, დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა. დოკუმენტს ხელი ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ იმავე დღეს მოაწერა და ბიჭვინთა­ 49 წლით და წელიწადში 1 ლარად რუსეთის საკუთრება გახდა.

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა თბილისში შეფასდა როგორც მოსკოვის უკანონო ქმედება და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას არალეგიტიმურს უწოდებს. მანამდე მან მიმდინარე პროცესს "რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა" უწოდა, დაგმო ის და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმებას იურიდიული ძალა არა აქვს და ბათილია. საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი.

აფხაზეთში კი ითქვა, რომ ეს არის ქურდობა, რადგან დაირღვა რესპუბლიკის კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი. დაანონსდა აქციაც, თუმცა არ გამართულა. პარალელურად, აფხაზეთში, რუსეთის ე.წ. ელჩმა მიხაილ შურგალინმა საოკუპაციო რეჟიმს მადლობა გადაუხადა "ერთობლივი მუშაობისთვის", განაცხადა,­ რომ "ეს ობიექტი" პუტინთან ასოცირდება", ხოლო რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა აფხაზეთში აგარაკის გასხვისებაზე პროტესტს "გარედან წაქეზებული" უწოდა და მიაჩნია, რომ მოსკოვი ამ ვითარებას მშვიდად უნდა მიუდგეს.

ბიჭვინთის აგარაკი პირველი ნადავლია - რა იქნება შემდეგი

გააპროტესტებენ თუ არა აფხაზები ამხელა ტერიტორიის რუსეთისთვის, ფაქტობრივად, გადაცემას და კიდევ რას მოითხოვს რუსეთი, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" ესაუბრა კავკასიის საკითხების ექსპერტს მამუკა არეშიძეს, რომლის აზრით, მოსკოვის შემდეგი ნაბიჯი აპარტამენტების საკითხის მოგვარება იქნება. ეს არის "კანონი ბინების შესახებ", რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინიციატივით 2023 წლის დამდეგს შეიქმნა.

ცნობისათვის: კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა); კანონის მიღების შემთხვევაში შეიქმნება 2 მლნ კვმ ახალი საცხოვრებელი ფართობი, რისთვისაც 300 ჰექტარი მიწა გამოიყოფა.აქამდე აფხაზეთში უცხო ქვეყნის­ მოქალაქეებს საცხოვრებელი უძრა­ვი­ ქონების შეძენის უფლება­ არ ჰქონდათ, მაგრამ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, აკრძალვის გვერდის ავლის შესაძლებლობა­ იქმნება. სოხუმში ბევრისთვის ასეთი­ პერსპექტივა პოტენციურად საშიშია. მამუკა არეშიძე: - ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე ბევრი იქნება ლაპარაკი, განცხადებები და მეტი არაფერი. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოწერილი აქვს წელიწად-ნახევრის წინ, ახლა მხოლოდ რატიფიცირება მოხდა და ამ ერთი წლის განმავლობაში, როცა ოპოზიცია, სამოქალაქო­ საზოგადოება და ხელისუფლება გააფთრებულები ებრძოდნენ ერთმანეთს, თავად ხალხი პროცესში მაინცდამაინც არ მონაწილეობდა, რადგან ბიჭვინთის აგარაკი წლების განმავლობაში ისედაც რუსეთს ექვემდებარებოდა, მხოლოდ მიზერულ საიჯარო ფულს იხდიდა. გარდა ამისა, აფხაზმა საზოგადოებამ მაინცდამაინც კარგად ვერ გაიგო, რისთვის იბრძვის ოპოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ კამერების წინ ამბობდნენ­, რომ ეს ანექსიაა,­ რომ რუსეთი ხვალ სხვა რამეებსაც მოითხოვს, პარალელურად ხელისუფლებასთან თუ რუს პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე სულ სხვა რამეს ლაპარაკობდნენ. კერძოდ, ობიექტის გადაცემის წინააღმდეგი კი არა, გადაცემის არასწორი ფორმით, მისი გასაიდუმლოების გამო არიან უკმაყოფილო.

სხვათა შორის, ეს საკითხი ასე არ გამწვავდებოდა, რომ არა აპარტ-ოტელების საქმე. ბიჭვინთის აგარაკის საკითხს მოჰყვა ის, რომ რუსულმა მხარემ 30 000 კვმ ელიტური ბინების მშენებლობის სურვილი­ გამოთქვა, რომელსაც შემდეგ რუსეთის მოქალაქეები შეიძენდნენ და ამ თემას უფრო მწვავე პროტესტი მოჰყვა იმის გამო, რომ მშენებლობები აფხაზებით მკვიდრად დასახლებულ მიწებზე იქნება.აპარტამენტების საკითხის გამო ომი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა აფხაზი საზოგადოება კვლავ აპათიურია, რადგან ხელისუფ­ლებები კი იცვლებიან, მაგრამ სიტუაცია უცვლელი რჩება. ხედავენ, რომ რუსეთმა შეცვალა თამაშის წესები, ტრანშების გადარიცხვის დროს აფხაზებს აწუწუნებს­, მაისში გადასარიცხს მეორე წელს ურიცხავს. გარდა ამისა, წელს დენის გადასახადიც მოითხოვა, აფხაზებს 900 მლნ რუბლი აქვთ სასწრაფოდ საშოვნელი დეფიციტის დასაფარად. რუსეთის შანტაჟს მიეჩვია აფხაზი საზოგადოება, ხედავს, რასაც მოინდომებს, იმას აკეთებს, თუმცა რუსეთის იქით სხვა გამოსავალიც არა აქვთ. ამიტომაც ვერ ხედავენ მასობრივი პროტესტის აზრს.

პრინციპში, რუსეთის დამოკიდებულება, აფხაზებზე წნეხი მაფიქრებინებს, ბიჭვინთის აგარაკი არ იქნება ერთადერთი ობიექტი, რომელიც რუსეთმა მოითხოვა.

- აპარტ-ოტელების საკითხის გააქტიურებას მალე უნდა ველოდოთ?

- აუცილებლად გააქტიურდება. ბიჭვინთა რუსეთისთვის სულაც არ იყო ისეთი მნიშვნელობის, როგორიცაა აპარტ-ოტელების საკითხი. ბიჭვინთა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მეორე და მთავარი იქნება აპარტ-ოტელების საკითხი.

აფხაზები ცდილობენ არ შეიმჩნიონ, მაგრამ უკვე ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსსაც ვერ აკონტროლებენ. რუსები მატერიალური კულტურის ძეგლების საკითხშიც კი არიან ჩარეული. მთელი აფხაზეთი ხომ ამაყობს, რომ ბაგრატ მესამე აფხაზი მეფეა, რადგან ის ლეონის შთამომავალი იყო, ამ დროს კი რუსებმა სწორედ აფხაზი მეფის ფრესკა გადაღებეს.

- შეძლებს კრემლი ბიჭვინთის მსგავსად აპარტ-ოტელების საკითხშიც გაიმარჯვოს და აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის 30 000 აპარტამენტი აშენდეს?

- უფრო დიდი ვნებათაღელვა იქნება. თუმცა აფხაზები ყველაფერზე მხოლოდ სიტყვიერად ებრძვიან რუსებს, თორემ მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ.

აპარტ-ოტელებთან დაკავშირებულია კიდევ ერთი საკითხი. აფხაზებს ჰგონიათ, ამ ამბავში ქართველები არიან ჩართული. ოპოზიციონერი ნატალია სმირი გაუთავებლად იმას ამბობს, რომ გაგრა მოსკოველმა ქართველებმა­ შეისყიდეს, თანაც გულისხმობს, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას... ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აფხაზები ფიქრობენ, მოსკოვმა თუ ყარაბაღი დათმო, შესაძლოა დათმოს აფხაზეთიც... ეს ყველაფერი, არასერიოზულია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში უფრო გამკაცრდა. როგორც ჩანს, ჭკუა ისწავლეს და მოჰბეზრდათ იმ ხალხის გამოკვება, ვინც მუდმივად ჯიბრში უდგას.

- საინტერესოა, ბიჭვინთის გარდა, სხვა რომელიმე აგარაკზე თუ აქვს თვალი დადგმული კრემლს? მაგალითად, მოსალოდნელია მიუსერაში გორბაჩოვის ყოფილი რეზიდენციაც მოითხოვონ?

- პრაქტიკულად, მიუსერაც რუსეთისაა. უბრალოდ, დე ფაქტო ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ როდესაც აფხაზეთში საპატიო სტუმარი ჩამოდის, რუსული მხარე უფლებას აძლევს ამ აგარაკზე უმასპინძლონ.

- აფხაზებსა და რუსებს კიდევ რამდენიმე­ სადავო საკითხი აქვთ. მაგალითად, სოფელი აიბღა, რომელიც რუსეთის საზღვართან მდებარეობს და ამ სოფლის გამო საზღვარი დემარკირებული არ არის; ასევე კოდორის ხეობა,­ სადაც რუსეთს გზის გაყვანა სურდა და აფხაზებმა არ დაანებეს. ამ სადავო საკითხებზეც მოსალოდნელია კრემლის გააქტიურება?

- სოფელი აიბღა ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როცა ექსტრემალური ვითარებაა. ბოლო წლებია აფხაზებისგან მაინცდამაინც დიდი აქტიურობა, აიბღა დაგვიბრუნეთო, არ მსმენია. კოდორის ხეობაზე გზის გაყვანაც რუსეთისთვის უფრო სასპეკულაციო თემაა, მგელი მოდისო, მსგავსად. გზის გაყვანის იდეა არსებობს, მაგრამ აფხაზებმა სასწრაფოდ ნაკრძალად გამოაცხადეს ხეობა. თუმცა, თუ რუსეთს ძალიან მოუნდა ეს გზა, ან სხვა რამე და აფხაზები ხელის შეშლას დააპირებენ, მაშინ სოხუმის აეროპორტი არ აშენდება, პენსიები არ დარიგდება და ა.შ. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. აფხაზები ყველაფერზე მხოლოდ სიტყვიერად ებრძვიან რუსებს, თორემ მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ. როდესაც აფხაზებს სოციალურად და ეკონომიკურად უჭირთ, მაგალითად, როდესაც ზამთარში დენი იშვიათად მიეწოდებათ და რუსეთიდან ელიან ელექტროენერგიას, ან როცა ტრანშები არ ირიცხება, ხელფასები და პენსიები უგვიანდებათ, მაშინ ჩუმად არიან. ზაფხულის ტურისტული სეზონის შემდეგ, როცა ეკონომიკურად ცოტათი კარგად გრძნობენ თავს, მაშინ უფრო ხმამაღლა იციან ლაპარაკი. ვითარება არ შეიცვლება, აფხაზების რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი ძალიან მაღალია. შეუძლიათ ქუჩაში გამოვიდნენ და იყვირონ, მაგრამ იციან, რომ სიტუაციას ვერ შეცვლიან და მორჩა. რუსების იქით გზა არა აქვთ.

ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთმა ბიჭვინთა წაიღო

აგარაკი უკვე რუსეთის საკუთრებაა, 49 წლის შემდეგ შეიძლება ტყეპარკი და ზღვის აკვატორიაც რუსეთს დარჩეს. შეთანხმების მიხედვით, 6 ჰექტარზე განლაგებული სახელმწიფო აგარაკის შენობა-ნაგებობები რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრებაა, ხოლო მიმდებარე 180 ჰექტარი რელიქტური ფიჭვის ტყეპარკი და 115 ჰექტარამდე საზღვაო აკვატორია რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული ობიექტი ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა) და აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს.

რუსეთის მხარეს იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე კაპიტალური მშენებლობის უფლება აქვს. ბუნებრივია, ისინიც რუსეთის საკუთრება იქნება.

რუსული მხარე გამოიყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებსა და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე რეკრეაციული მიზნებისთვის.მხარეების შეთანხმებით, დოკუმენტი 49 წლის შემდგომ ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.

ეკატერინე ბასილაია