სოხუმის რეჟიმი ენგურჰესიდან უფრო მეტ „უფასო“ დენს ითხოვს
ზამთარი დადგა და ოკუპირებულ აფხაზეთში დენის დეფიციტი ისევ ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა. ამ პრობლემის გამო სოხუმის რეჟიმი წლებია ენგურჰესიდან უფრო მეტ "უფასო" დენს ითხოვს და იღებს კიდეც - ბოლო წლების მონაცემებით, ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი წილი, ზოგჯერ 80-90%-იც კი, აფხაზეთს უფასოდ მიეწოდება, მაშინ როდესაც 1997 წლის შეთანხმებით, თბილისის ვალდებულებაა ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესიდან ელექტროენერგიის 40% გაუნაწილოს უსასყიდლოდ, ხოლო დანარჩენი 60% არაოკუპირებულ საქართველოს უნდა მოხმარდეს.
რატომ შეიცვალა აფხაზეთის სასარგებლოდ გადანაწილების ბალანსი ბოლო წლებში და ამ მუდმივი კომპრომისის ნაცვლად რას იღებს ოფიციალური თბილისი სეპარატისტული რეჟიმისგან? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აფხაზურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ 22 დეკემბერს აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში ჩავიდა და ქართულ მხარეს აფხაზეთისთვის გაზრდილი ელექტროენერგიის მიწოდება მოსთხოვა.
ამ ცნობას იქაურების აღშფოთებაც მოჰყვა "მტერ ქართველებთან" საიდუმლო შეხვედრის გამო, თბილისიდან ჯერ დუმილი, შემდეგ კი იყო საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ზოგადი განცხადება, რომ ენგურჰესი ყოველთვის ნდობის აღდგენის შესაძლებლობაა".
პოლიტოლოგების და ოპოზიციის ნაწილის განცხადებებით, ენგურჰესი ერთგვარი ენერგეტიკული კოზირია საქართველოსთვის და ხელისუფლებას შეუძლია ეს სოხუმის რეჟიმთან სავაჭრო საკითხად გამოიყენოს - მეტი უფასო დენი აფხაზეთში მცხოვრები ქართველების ყოფის შემსუბუქების ნაცვლად. არადა, სავაჭრო საკითხი ბევრია: აფხაზური დროშის დაწვის ბრალდებით 7-წლიან სასჯელს იხდის ირაკლი ბებუა; "ჯაშუშობისთვის" დაკავებულია 28 წლის ქრისტინე თაკალანძე; გიგა ოთხოზორიას მკვლელი ისევ დაუსჯელია; გალში აპარტეიდი უფრო გამკაცრებულია და თითქმის ყველა ქართულ სკოლაში ქართულად სწავლა აკრძალულია.
რატომ არ იყენებს ოფიციალური თბილისი სავაჭროდ ამ თემებს, ან იყენებს თუ არა საერთოდ, ეს უცნობია.
შეხვედრა ზუგდიდში - რას ითხოვს სოხუმის რეჟიმი
აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის ზუგდიდში ჩასვლა ჯერ აფხაზურ მედიაში გავრცელდა და იქაური ოპოზიციის აღშფოთებაც მოჰყვა. "ჩვენთვის უცნობია, რაზე იყო საუბარი ზუგდიდში, რას სთავაზობდა აფხაზური მხარე ელექტროენერგიის სანაცვლოდ - პოლიტიკურ დათმობებს თუ სხვა რამეს? როგორ გაბედეთ, მოქმედო პოლიტიკოსებო, ხალხისგან მალულად მტრის ქვეყანაში ჩასვლა და ჩვენი სახელით მოლაპარაკება?" - ნათქვამია ოპოზიციურ პარტია "აარუას" განცხადებაში.
ამ ხმაურის შემდეგ ქრისტინა ოზგანმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ შეხვედრისას განიხილეს "2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობის საკითხები". ამასთან, მან ქართულ მხარეს აცნობა, რომ ვარდნილჰესების რეკონსტრუქციას აპირებენ.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ზუგდიდში გამართული შეხვედრა დაადასტურეს ენგურჰესის დირექტორმაც და თანამშრომელმაც. ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ განიხილებოდა ენგურჰესის ექსპლუატაციის საკითხი, ჰესის თანამშრომლის თქმით კი, შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა და ზამთარში აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებაზე იყო საქმიანი საუბარი. სხვა დეტალები არც მას დაუზუსტებია.
რაც შეეხება ვარდნილჰესების შესაძლო რეკონსტრუქციას, როგორც "სპუტნიკ აბხაზია" წერს, ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ აფხაზურ ტელეარხთან თქვა, რომ საქართველო ვარდნილჰესების აღდგენას არ აპირებს, რადგან არამომგებიან ინვესტიციად მიაჩნია.
დეკემბერში ენგურჰესიდან აფხაზეთს ელექტროენერგიის 90%-იც მიაქვს
აფხაზეთში ზამთრის სეზონზე დენის მიწოდება ყოველ წელს პრობლემურია. ოკუპირებული ტერიტორია მთლიანად ენგურჰესიდან მიღებულ უფასო დენზეა დამოკიდებული. ენგურის კაშხალზე წყლის ნაკლებობის გამო ენერგიის გამომუშავება მცირდება, აფხაზეთში კი მოხმარება უფრო იმატებს. დეფიციტს ავსებს რუსეთი, რის საფასურსაც ადრე საქართველო იხდიდა, ბოლო რამდენიმე წელია თავად რუსეთი ანაზღაურებდა. წელს კი რუსულმა მხარემ საფასურის გადახდა სოხუმის რეჟიმს საკუთარი ბიუჯეტიდან მოსთხოვა. საუბარია 900 მლნ რუბლზე, დაახლოებით 10 მლნ დოლარზე, თუმცა სოხუმს ამხელა თანხა არ გააჩნია და ამიტომაც გაჩნდა აფხაზურ მედიაში ვარაუდი, რომ ხელისუფლება თბილისიდან დამატებითი უფასო დენის მიღებას ითხოვს. მართლაც განიხილეს თუ არა ზუგდიდის შეხვედრაზე დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისი, ამ შეკითხვაზე კომენტარს ოფიციალურ უწყებებში არ აკეთებენ. თუმცა ფაქტია, ენგურჰესიდან აფხაზეთს ზამთარში 40%-ზე მეტი ენერგია მიეწოდება, ბევრად მეტი, ვიდრე 1997 წლის შეთანხმებით იყო განსაზღვრული, ზოგჯერ საუბარია 80-90%-ზეც კი.
"კვირის პალიტრასთან" საუბრისას ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ აფხაზეთის თითო მოსახლე ორჯერ მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს, ვიდრე დანარჩენი საქართველოს თითო მოსახლე და ამის ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო მაინინგია:
"აფხაზეთი მისი ეკონომიკისთვის, მასში მცხოვრები მოსახლეობისათვის შეუფერებლად დიდ ენერგიას მოიხმარს. მიზეზი კი ის არის, რომ მთელი საყოფაცხოვრებო საქმიანობა დენზეა დამოკიდებული. დიდია კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგიც. აფხაზეთი წელიწადში საშუალოდ 3 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტს მოიხმარდა. შარშან ეს მაჩვენებელი შემცირდა 2,7 მლრდ კვტ/სთ-მდე ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების გამო, თუმცა ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია. აფხაზეთში დაახლოებით 250 ათასი კაცი ცხოვრობს და ერთ სულ მოსახლეზე ძალიან მაღალი ხარჯვა გამოდის. მაგალითად, 26 დეკემბერს დღის განმავლობაში აფხაზეთმა მოიხმარა 8,9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია. აქედან დაახლოებით 3,5 მლნ კვტ/სთ შემოიტანეს რუსეთიდან, ხოლო 5,4 მლნ კვტ/სთ შეივსო ენგურიდან. ენგურმა გამოიმუშავა 6 მლნ კვტ/სთ, საიდანაც 5,4 მლნ კვტ/სთ (90%) მისცა აფხაზეთს, ხოლო 1,6 მლნ კვტ/სთ (10%) - დანარჩენ საქართველოს. აფხაზეთის სასარგებლოდ ეს ძალიან მაღალი პროცენტია, თუმცა ამ პროცენტის უკან უნდა ვეძიოთ რაოდენობა. ზამთრის პერიოდში ენგურჰესი მუშაობს მოდინებაზე, ენერგეტიკულად წყალსაცავი ცარიელია და აბსოლუტურ ერთეულებში ეს 90% დიდი ენერგია არ არის".
რატომ არ იყენებს თბილისი ენგურჰესის დენს ქართველების უფლებების დაცვაზე სავაჭროდ
ენგურჰესით სინამდვილეში, ჩვენ მოქალაქეების მკვლელობას ვაფინანსებთ", რადგან "ქართული ოცნების" პირობებში ენგურჰესიდან გამომუშავებული ენერგიის 80% საოკუპაციო რეჟიმებს მიეწოდება. ეს მაშინ, როცა სისტემატურად იტაცებენ და კლავენ საქართველოს მოქალაქეებს", - ამბობს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომლის თქმითაც, თბილისს შეუძლია დე ფაქტო რეჟიმს ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენოს, რომ თუ აფხაზეთში ვითარება არ გამოსწორდება, მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.
"მტერმა უნდა დაინახოს, რომ შეგვიძლია ელექტროენერგიის გათიშვა, თუ დათმობებზე მაინც არ წავლენ: მტერთან კომპრომისი შესაძლოა აუცილებელი გახდეს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, თუ რისთვის აკეთებს ამას ის ხელისუფლება, რომელიც, წესით, ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდეს. რატომ ვაძლევთ ჩვენს მტერს ენერგიას? რაში არის ეს გაცვლილი? თუკი ჩვენი მოქალაქეებისთვის მდგომარეობა უარესდება, მკვლელობები გრძელდება და ამისთვის ფასს ჩვენი მტერი არ იხდის, მაშინ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ-გეოპოლიტიკურ გარიგებას ჩვენს მტერთან ეროვნული ინტერესების ხარჯზე ან კომერციულ ანუ კორუფციულ გარიგებას (არსებობს ვერსია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინინგი ხდება, რაშიც საქართველოს ხელისუფლებიდან არის ვიღაც ჩართული). სხვა ახსნა ამ ტენდენციას, გარდა ჩვენი პირდაპირი მტრისთვის ხელის შეწყობისა, ან ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე ფულის კეთებისა, არა აქვს", - აცხადებს ბოკერია.
"ევროპული დემოკრატების" ლიდერის პაატა დავითაიას აზრით, თბილისი ვალდებულია ოკუპირებულ აფხაზეთს დენი მიაწოდოს, თუმცა გასაკონტროლებელია, ხომ არ ხდება კორუფციული გარიგებები კრიპტოვალუტის გამომუშავებისას:
ენგურჰესის კაშხალი არის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო მართვის პულტი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამიტომაც თავის დროზე მოხდა შეთანხმება და იძულებული ვართ 40% უფასოდ მივაწოდოთ აფხაზეთს. მესმის, რომ მტკივნეულია, აფხაზეთი უფასოდ იღებს დენს და ამ დენის საფასურს აქ დევნილი იხდის, მაგრამ ეს პოლიტიკური საკითხიცაა - ენერგეტიკა არის იარაღი, რომელიც ჩვენ გვიჭირავს. აფხაზეთში დენის კრიზისი იმიტომ შეიქმნა, რომ იქ მაინინგფერმებია. თუ ვინმე მაიმუნობს ენგურჰესზე ელექტროენერგიის მიწოდების მომატებით, იმისთვის, რომ ის მაინინგფერმებზე წავიდეს, ეს უკვე გამოძიების საკითხია. არ არის გამორიცხული, ეს ხდებოდეს. ქრისტინა ოზგანის ვიზიტმა ეს ეჭვი გამიძლიერა. ელექტროენერგიის გაცემა მატულობს და აფხაზეთშიც მატულობს მაინინგი. ე.ი. შენ აქედან აწვდი უფასოდ და ხანდახან უმატებ კიდეც, 70%-ზე აგყავს, მაშინ ჩნდება ეჭვი, რატომ უმატებ, როცა იცი, რომ ეს დენი მიდის კრიპტოფულის გასაკეთებლად, თუკი შენ არა გაქვს რაღაც შეთანხმება?!".
კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, როცა აფხაზებს ვაწვდით გაზრდილ უფასო ელექტროენერგიას, უნდა ვეცადოთ, რომ დივიდენდებიც მივიღოთ:
"ზამთრობით ენგურჰესში წყლის დონე ძალიან ეცემა და აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა დგება. დეფიციტის შესავსებად აფხაზები დენს რუსეთიდან იღებენ. ადრე დამატებითი დენის საფასურს ჩვენ ვიხდიდით, შემდეგ - რუსები, ახლა კი მოსკოვმა უარი თქვა. დე ფაქტო მინისტრის ზუგდიდში ჩამოსვლა შესაძლებელია იმ პრობლემის შესამსუბუქებლად იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები იმპორტი მიიღონ რუსეთიდან და უფრო მეტი დენი წაიღონ ენგურჰესიდან. შეთანხმების 60/40-იანი პარიტეტი ყოველ ზამთარს ირღვევა აფხაზების სასარგებლოდ, ზოგჯერ კი მიწოდების წილი 80%-მდეც ადის. ვეთანხმები იმ აზრს, რომ აფხაზებს არ უნდა მივცეთ უფასო დენი, თუ არ მივიღებთ რაიმე დივიდენდს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების მიდგომაა, რომ აფხაზები რუსული პოლიტიკის მსხვერპლნი არიან და მათ ყველანაირად უნდა დავეხმაროთ. ვეხმარებით თუნდაც სამედიცინო სფეროში, ეკონომიკურადაც და ამის მიუხედავად, იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ თუნდაც ქართული პროდუქცია შედიოდეს აფხაზეთში ზედმეტი პრობლემების გარეშე".
ეკატერინე ბასილაია