ჯაბა მურხცვალაძეს ისევ ჩვენი დახმარება სჭირდება
ჯაბა მურხცვალაძეს "კვირის პალიტრის" მკითხველი კარგად იცნობს. როგორც მამამისი, გოგიტა მურცხვალაძე, ამბობს, მას "კვირის პალიტრის" შვილობილსაც კი უწოდებენ. ჯაბა ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ მშობიარობის შემდგომი ტრავმა მიიღო. მისი დიაგნოზია ჰიდროცეფალია. ხუთი ოპერაცია გადაიტანა, თავში ხელოვნური პარკუჭი ჩაუნერგეს. პირველი ოპერაცია რომ გაუკეთეს, სამი თვისაც არ იყო... მას შემდეგ ბრძოლასა და თანადგომაში გადის მურცხვალაძეების ოჯახის ცხოვრება. დღეს ჯაბა 31 წლისაა. რამდენიმე ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ის მორიგი ოპერაციისთვის ემზადებოდა. ამჟამად როგორია მისი მდგომარეობა, ამის შესახებ გოგიტა მურცხვალაძე გვესაუბრება:
- მართლაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს ჩემს შვილს. უკვე წლები გავიდა, რაც ვიბრძვით, ათასნაირი ოპერაცია ჩაუტარდა, საბოლოოდ მაინც ვერ იქნა სასურველი შედეგი მიღებული.
ამას წინათ გვინდოდა კვლავ თურქეთში დაგვეგეგმა მისთვის საჭირო ოპერაცია - გამა დანით მკურნალობა მაქვს მხედველობაში. ბიჭს თავში კისტა აქვს და ის უნდა მოეკვეთათ. როგორც გერმანელი, ფრანგი და თურქი ექიმები განმიმარტავენ, ჯაბა ჩვეულებრივ ოპერაციას ვერ გადაიტანს, ნარკოზს ვერ გაუძლებს და ოპერაცია ფატალურად დასრულდება, მხოლოდ გამა დანით მკურნალობაა შველა. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, სხივებით დაშლიდნენ კისტას.ამისთვის 2-3 კვირის წინ გამოკვლევები ჩატარდა და ტომოგრაფია გადავუღეთ, იმდენად ცუდი მდგომარეობა აქვს, რომ გამა დანით მკურნალობა უკვე დაგვიანებულია. საჭიროა თავიდან შუნტის ამოღება, გაწმენდა და ისევ ჩადგმა. ეს თან შემოთავაზება იყო, თან გაფრთხილება, რომ ჯაბა ან გადაიტანს, ან ვერა, ოჯახმა გადაწყვიტეთ, გარისკავთ თუ არაო.
- ახლა რამდენი წლისაა ჯაბა?
- 31 წლისაა. ღვთის წყალობითა და ხალხის თანადგომით დღემდე მოვიყვანეთ და ამ რისკზე ნამდვილად ვერ წავიდოდით. გეფიცებით, ყველანაირად ვცდილობდით გამა დანით მკურნალობის მეთოდით გავსულიყავით ფონს. ამისთვის ხალხმა ბევრი რამ გააკეთა ჩემი შვილისთვის, ყველანაირად გვეხმარებოდნენ, არა მარტო "კვირის პალიტრის", არამედ ამბები.გე-ს მკითხველებიც გვედგნენ მხარში, მხატვრები, შემოქმედი ხალხი, ვისაც როგორ შეეძლო. სრულიად საქართველოა ჩვენი გულშემატკივარი და შემწე, მაგრამ მაინც ვერ მივიღეთ სასურველი შედეგი.
მინდოდა ჩვენი ამბავი საზოგადოებისთვის მომეყოლა. ვალდებულად ვთვლი თავს, რამეთუ, სამწუხაროდ, დღეს არის ფაქტები, როცა ადამიანები ბავშვების სახელით სპეკულირებენ და უღირსად იქცევიან... როცა ხალხი გვერდში გიდგას, საზოგადოება ვალდებულია იცოდეს, სად იხარჯება მისი გაღებული ყოველი თეთრი და რა შედეგი იქნა მიღებული. მიუხედავად მცდელობისა, ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიბრძოდით და რაც ჯაბას მშობლებს გვეწადა.
- ახლა რას აპირებთ?
- უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი, ტრადიციული თუ არატრადიციული მეთოდით მკურნალობა. არატრადიციულში ხალხურ მედიცინას ვგულისხმობ. ყოველთვის ვცდილობთ ხალხური მედიცინა მაქსიმალურად ჩავრთოთ მკურნალობაში. პარალელურად ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს რეგულარულად იღებს.
ერთიც მინდა ვთქვა და მინდა სწორად გამიგოთ, წუწუნად არ ჩამომართვათ - ოჯახისთვის თუ ჯაბასთვის ხშირად ვაწყობდი სხვადასხვა აქტივობას, საპროტესტო აქციებზეც წავსულვარ. ასეთ სტრესულ სიტუაციაში დარდსა და ნერვიულობაში ცხოვრებას, სანამ გაუძლო ჩემმა გულმა, გაუძლო, მერე კი ინსულტი დამემართა, ახლა დიაბეტიანიც ვარ.
მომდევნო კვირას თბილისში ექიმთან კონსულტაციაზე ჩამოვდივარ. ვემზადები კარდიოლოგიური ოპერაციისთვის. არავინ იცის, როგორ დასრულდება. რა თქმა უნდა, რისკზე მივდივარ, რათა შევინარჩუნო სიცოცხლე და ჩემს შვილზე ძველებურად ვიზრუნო. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ოპერაცია ვერ გადავიტანე, მინდა გთხოვოთ, ჩემი ჯაბა გებარებოდეთ. ჯაბა მართლა თქვენი შვილობილია. თქვენით მოვედით დღემდე.
თიბისი ბანკი
საქველმოქმედო ფონდი "ხომლი"
ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად
GE45TB7420136080100007
სს "საქართველოს ბანკი"
საქველმოქმედო ფონდი "ხომლი"
ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად
GE42BG0000000162421607