მსოფლიოს უცნაური საახალწლო ტრადიციები
ახალი წელი მსოფლიო ერებისთვის სიახლესა და უკეთესის მოლოდინთან ასოცირდება. ზოგ მათგანს საუკუნოვანი ტრადიციაც აქვს. გაგაცნობთ რამდენიმეს:
შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს "ჰოგმანს" უწოდებენ. 31 დეკემბრის ღამეს ცეცხლოვანი მსვლელობა იმართება - ტრადიციის მიხედვით, მოქალაქეები კუპრიან ჩირაღდნებს ანთებენ. ამ რიტუალით ისინი გასულ, ძველ წელს ცეცხლს უკიდებენ და ახალს ეპატიჟებიან, მსვლელობით კი ადამიანის სული ბოროტი ზრახვებისგან განიწმინდება. ტრადიცია სათავეს მე-8 საუკუნიდან იღებს, როდესაც ვიკინგები შოტლანდიაში შეიჭრნენ. რაც შეეხება საახალწლო სუფრას, შოტლანდიელები დიდ ტორტს აცხობენ, რომელიც გაფორმებულია ნუშით, ნიგვზით, კანფეტებით, შაქრისა და მარციპანის ფიგურებით.
დანიაში ახალ წელს მეზობლის კარზე ჭურჭელს ამსხვრევენ. გაგიკვირდებათ და, მეზობელი ამ დროს კმაყოფილია. დანიელები ფიქრობენ, რომ სახლის კართან დამსხვრეული ჭურჭლის რაც უფრო დიდი გროვა დახვდებათ, მით მეტად იღბლიანი წელი ექნებათ. დანიაში მეორე ტრადიციაც არსებობს - შუაღამის დადგომამდე სკამებზე ადიან და ზუსტად 12 საათზე იქიდან ხტებიან. ეს რიტუალი ახალ და წარმატებულ წელში ჩახტომას გამოხატავს.
იაპონიაში 31 დეკემბერს შუაღამის დადგომას ზარების რეკვით ხვდებიან. ბუდისტური ტრადიციის მიხედვით, შუაღამეს ტაძრებში 108-ჯერ რეკავენ ზარს. სჯერათ, რომ ამ რიტუალით ყოველივე ცუდს ძველ წელს ატანენ და ახალ წელს სადღესასწაულო განწყობით ეგებებიან. იაპონიაში ითვლება, რომ ყოველ ადამიანს 6 ნაკლი აქვს: გაუმაძღრობა, სიავე, სისულელე, ქარაფშუტობა, გაუბედაობა და სიხარბე. თითოეულს 18 განსხვავებული ელფერი აქვს და სწორედ ზარის ყოველი დარტყმა განწმენდს ადამიანს ამ მტანჯველი ნაკლებისგან.
ესპანეთში 12 საათის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობა ყურძნის მარცვლების დათვლას იწყებს. როგორც კი საათი ღამის 12-ს ჩამოჰკრავს, თითო ზარის ხმაზე ერთი მარცვლის ჭამა უნდა მოასწრონ, სულ 12 ცალი, რათა მომავალი წელი ფინანსურად უზრუნველი და იღბლიანი იყოს. ესპანეთში 12 ყურძნის მარცვლის ჭამის ტრადიცია სათავეს 1909 წლიდან, ალიკანტელი მევენახეებისგან იღებს და ყურძნის უხვი მოსავლის კარგად გაყიდვის სურვილს უკავშირდება. ახალი წლის ღამეს 12 მარცვალი ყურძნის ჭამის ტრადიცია სხვა ლათინურამერიკულ ქვეყნებშიც არის.
ფილიპინებში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ მინიმუმ 12 სახეობის მრგვალ ხილს. სიმრგვალეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მონეტას უნდა წააგავდეს. ფილიპინებში ფიქრობენ, მრგვალი ფორმა კეთილდღეობისა და ფულის მოზიდვას უწყობს ხელს. რაც მეტი მრგვალი ხილი იქნება საახალწლო სუფრაზე, მით მეტად ბარაქიანი გამოდგება წელი. 12 სახეობის ხილი წელიწადის 12 თვეს განასახიერებს. ხილით სავსე ლამბაქი აუცილებლად საახალწლო სუფრის შუაგულში დევს.
კუბაში ახალი წლის დადგომამდე სახლში ყველა ჭურჭელს წყლით ავსებენ, ხოლო ახალი წლის დადგომის შემდეგ დაგროვილ წყალს ქუჩაში ღვრიან იმ სურვილით, რომ მომავალი წელი ისეთივე სუფთა და ნათელი იქნება, როგორიც წყალია. გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს ზუსტად 12 საათზე ქალაქის ცენტრალური საათი მხოლოდ 11-ჯერ რეკავს. მე-12 ზარს ახალი წლის დადგომის შემდეგ რეკავენ. ამ ფორმით ისინი საათსაც "ასვენებენ" და ახალი წლის დადგომას ყველა ერთად ზეიმობს.
ბულგარეთში სტუმრები და ნათესავები სადღესასწაულო სუფრასთან იკრიბებიან და როცა საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და ძველი წლის წაბრძანებას ამცნობს, სახლებში შუქს სამი წუთით აქრობენ. სიბნელეში ყოფნის წუთებს ბულგარელები საახალწლო კოცნის წუთებს უწოდებენ, რომლის საიდუმლოს სიბნელე ინახავს. გარდა ამისა, საახალწლო სუფრას დიდი საშობაო ღვეზელი ამშვენებს. სჯერათ, რომ მისი მირთმევა სუფრასთან შეკრებილებს ბედნიერებას, სიმდიდრეს, იღბალსა და წარმატებას მოუტანს.
ეკვადორში ახალ წელს ფურცლებისგან, ძველი ტანსაცმლისა და ფიცრებისგან საფრთხობელას აკეთებენ. ფიგურაში ყველა იმ ნივთს დებენ, რომელიც ცუდ მოგონებებთან აკავშირებთ. ფიტულებს შეიძლება კონკრეტული სახეები ჰქონდეთ, უმეტესად მსოფლიო პოლიტიკოსი ლიდერების. ტრადიციისამებრ გიგანტურ ფიტულს წვავენ - სჯერათ, რომ ამით ნეგატიურ ენერგიას ცეცხლს ატანენ და ახალ წელს მხოლოდ დადებითი ემოციებით ხვდებიან. იღბლის გულის მოსაგებად რიტუალის მონაწილეები დანთებულ ცეცხლს წელიწადის თვეების რაოდენობის შესაბამისად 12-ჯერ უნდა გადაახტნენ.
ჩინეთში ახალი წელი მთვარის კალენდართან არის დაკავშირებული, ამიტომ მისი თარიღი ყოველწლიურად იცვლება. ლეგენდის მიხედვით, არსებობდა დრაკონი ნიანი, რომელიც სოფლებს ესხმოდა თავს, იტაცებდა საქონელს და მოსავალს. ერთხელ ბრძენმა სოფლის ბინადართ ურჩია, სახლების წინ წითელი ფურცლები ჩამოეკიდათ და ლამპიონები დაენთოთ. მოსახლეობამ ბრძენის რჩევა გაითვალისწინა და ამის შემდეგ ნიანი ხალხს თავს აღარ დასხმია. დღესაც ჩინეთში ახალი წლის აღნიშვნისას ყველაზე მეტად სწორედ მაშხალები, ცეცხლის ფარნები და ცეცხლმოკიდებული ბამბუკის ჯოხები ჭარბობს, რიტუალების უმთავრესი ფერი კი წითელია. ჩინელები ფიქრობენ, რომ წითელი ფერით ეშმაკს ამარცხებენ. ახალი წლის ღონისძიების კულმინაციაა ლამპიონების ფესტივალი და დრაკონის ცეკვა.
ბრაზილიაში ახალი წლის ღამეს ფერად საცვლებს იცვამენ. ყველა ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს: თუ წითელს ჩაიცვამ, სიყვარულში გაგიმართლებს, ყვითელი ფინანსურ წარმატებას ნიშნავს, თეთრი ფერი ურთიერთობაში ჰარმონიისა და მშვიდობის მომასწავებელია, მწვანე ჯანმრთელობას ნიშნავს, იისფერი შთაგონების ფერია.
სოფო კაჭარავა