"ლევან სამხარაულის მკვლელობამ  ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის  გარდაცვალების  ოფიციალურ  ვერსიაში კიდევ უფრო მეტი დაეჭვება გამოიწვია" - კვირის პალიტრა

"ლევან სამხარაულის მკვლელობამ  ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის  გარდაცვალების  ოფიციალურ  ვერსიაში კიდევ უფრო მეტი დაეჭვება გამოიწვია"

შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს: ამ ახალი წლის დღეებში, როცა საზეიმო განწყობაა და მთელი საქართველო სუფრას შემოსხდომია, რა დროს მკვლელობა – ტრაგიკული შემთხვევების გახსენებაოო, თუმცა ჩვენთან საზეიმო-საქეიფო დღეებს რა გამოლევს (ორი შობა, ორი ახალი წელი, მერე აღდგომა, გიორგობა, მალევე – მარიამობა, ისევ გიორგობა და ა.შ.) და სერიოზულ თემებზე როდისღა ვისაუბროთ?

2005 წლის 3 თებერვალს ზ. ჟვანიასა და რ. იუსუპოვის გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ძალზე ბევრი “თეთრი ლაქაა”. ეს ეხება ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის (საკმაოდ გამოცდილი თანამშომლების) საეჭვოდ არაპროფესიონალურ გადაწყვეტილებებს, მობილური ტელეფონების მოულოდნელ “გაფუჭებას”, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ლაფსუსებს, „კონსპირაციულ ბინაში“ არსებულ ნივთებზე გარდაცვლილების თითის ანაბეჭდების არ არსებობას, ჟვანიას დაცვის წევრების ჩვენებებში არსებულ შეუსაბამობებს და ა.შ.

მაქსიმალური ობიექტურობის მიზნით ამ “თეთრი ლაქებიდან” მხოლოდ სამ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ, საკითხს შევეხები: ჯერ ერთი, შევეცადოთ და ერთად გავარკვიოთ უმთავრესი – რამდენად შეესაბამება სიმართლეს სიკვდილის გამომწვევი მიზეზების ოფიციალური ვერსია: „ნახშირშანგით გაგუდვა“; შემდეგ – ვის ინტერესებში იყო ზურაბ ჟვანიას თავიდან მოცილება და ბოლოს: “ტექნიკურად” რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს შეუძლიათ ამგვარი პოლიტიკური მკვლელობის მომზადება და შესრულება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ზოგიერთ აშკარად დაინტერესებულ პირს ყურადღება შეგნებულად გადაჰქონდა პიროვნულ ფაქტორზე, „სკანდალურ ნიუანსებზე“ და არა: სიკვდილის გამომწვევი მიზეზების; გარდაცვლილების იმ საბედისწერო ბინაში აღმოჩენის; ჟვანიას დაცვის წევრების ბინაში შეღწევის და კიდევ ბევრ ალოგიკურ და შეუსაბამო გარემოებებზე. სწორედ ამიტომ ხომ არ იყო თავდანვე „სექსუალურ მოტივი“ ჩაფიქრებული, რათა ეს კითხვები გადაეფარა?

უკვე ვთქვი, რომ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებები და ექსპერტ–კრიმინალისტების დასკვნები თავიდანვე ქმნიდა დაეჭვების საფუძველს.

პირადი სამწუხარო გამოცდილებით ვიცი, რომ ნახშირჟანგით მოწამვლის სიმძიმეს სხვა ფაქტორებთან ერთად, განსაზღვრავს დაზარალებულების დაშორება მოწამვლის კერასთან, მათი მდებარეობა და მოწამლულ გარემოში ყოფნის ხანგრძლივობა.

ამ სახის მოწამვლების მრავალი შემთხვევების საექსპერტო დასკვნების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე კანონზომიერება, რომელთაგან მხოლოდ ზოგიერთს შემოგთავაზებთ, კერძოდ:

1. მოწამვლის კერასთან ვინც უფრო ახლოა ის უფრო მეტ მხუთავ აირს იღებს და ბუნებრივია მის სისხლშიც კარბოქსინჰემოგლობინის შემცველობა მეტი უნდა აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში კი რატომღაც პირიქითაა;

2. მაგალითები გვიჩვენებს, რომ ადამიანი მოწამვლის პირველ ორ სტადიას (უსიამოვნო შეგრძნებებს, თაბრუსხვევას, გულისრევას და ა.შ.) ვერ გრძნობს იმ შემთხვევაში თუ სძინავს ან გრძნობაზე არ არის;

3. თუ არ ჩატარდა მოწამვლის ადგილის ხანგრძლივი და საფუძვლიანი განიავება შემდგომ შემსვლელების მოწამვლის ალბათობა ძალზე მაღალია.

2005 წლის ექსპერტიზის დასკვნით სისხლში ნახშირჟანგის შემცველობა აღენიშნებოდათ: ჟვანიას-60,6%, იუსუპოვს-73,9% (შემდეგ ეს პარამეტრები რატომღაც მუდმივად იცვლებოდა) და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იუსუპოვი უფრო დიდხანს უნდა ყოფილიყო იმ ბინაში ან უფრო ახლოს „ცეოს“ წყაროსთან . ამ დროს კი, ოფიციალური ვერსიით, იუსუპოვი იმ საბედისწერო ბინაში გამათბობლისგან გაცილებით შორს (სამზარეულოს შესასვლელთან) იპოვეს, ზურაბ ჟვანია კი – გაცილებით ახლოს.

გარდა ამისა, თუ დაცვის წევრები მართლაც შევიდნენ იმ ბინაში, ისინიც უნდა მოწამლულიყვნენ, რადგანაც იმ მომენტში მხუთავი გაზის კონცენტრაცია იმდენად მაღალი უნდა ყოფილიყო, რომ თუნდაც „ჩამტვრეული ფანჯარა“ ოთახის სრულ გაწმენდას ვერ მოასწრებდა.

თუმცა ზემოაღნიშნულ მსჯელობას სრულიად ცვლის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების განცხადება, რომ: „იმ ბინაში გაზის გამათბობელს საერთოდ არ უმუშავია და ის გაზის გამათბობელი არ ჩართულა იმ ბინაში . . .FBI-ის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ სანამ დაიწყებდნენ ექსპერიმენტის ჩატარებას, მათ დაათვალიერეს გაზის გამათბობელი და დაწერეს, რომ საერთოდ არ აღენიშნება არანაირი მურის კვალი. . . . . ანალოგიური დასკვნები აქვთ გაკეთებული ქართველ ექსპერტებსაც, რომლებმაც ექსპერიმენტამდე დაათვალიერეს გამათბობელი და ეს დევს საქმის მასალებში".

collage-1704185927.jpg
ფოტოზეც კარგად ჩანს, თუ 2005 წლის დასაწყისში ვინ როგორ ხასიათზე იყო

ამიტომაც უპირველესი სწორედ ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების მიზეზების ობიექტური დადგენა იყო და არა მათი სექსუალური ორიენტაციის ჩხრეკა. გამოძიების პროცესში პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები იმგვარად „ჩნდებოდა“, რომ „საჭირო სცენარში“ ჩამჯდარიყო. აშშ–ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც თბილისიდან ის „მტკიცებულებები“ ეგზავნებოდა, რაც მ. სააკაშვილს და მის გარემოცვას აწყობდა. ზოგადად კი უნდა ვთქვა: ჩვენი საექსპერტო–კრიმინალისტიკური სისტემა კვლავ „საბჭოთა გადმონაშთია“ და ობიექტური მტკიცებულებების დადგენის ნაცვლად ბრალდების „გაპრავებას“ ემსახურება! ძნელი მისახვედრი არაა, რომ ყველას აწყობს მორჩილი და „ჯიბის“ ექსპერტიზა.

კომბლე ალბათ პირველი და ყველაზე ობიექტური ქართველი ექსპერტი იყო: შეჭმული ცხვრების „ჩიჩიას“ მგლების კბილებში ეძებდა და ამით ადგენდა “ბო-როტმოქმედს” და შემდეგ სათანადოდ სჯიდა. თანამედროვე ექსპერტების შეგნებულ, თუ უნებლიე შეცდომებთან შედარებით “ექსპერტ კომბლეს” შედეგები უფრო ზუსტი და სანდო არის. ვინ დათვლის იმ რეზონანსული მკვლელობების, „თვითმკველობების“ და უბედური შემთხვევების ზუსტ რიცხვს, რომლებიც ვერ გაიხსნა იმის გამო, რომ კრიმინალისტიკური და სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ეტაპზე საქმე შეგნებულად „გააფუჭეს“ ან/და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მოახდინეს ? რამდენიმე ფაქტი შეიძლება სწრაფადვე გავიხსენოთ: ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის ადგილას „აღმოჩენილი“ ფერადი სათვალეები; ცნობილი მენეჯერის მკვლელობის ადგილას „შეგდებული“ და შემდეგ „აღმოჩენილი“, სხვა ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიის გულა და სხვ.

სწორედ ექსპერტიზაა გუშინდელი და დღევანდელი (იმედია არა ხვალინდელი) დღის საგამოძიები პროცესის „აქილევსისი ქუსლი“ და ვინც აკონტროლებს ექსპერტიზას, ის „ადგენს“ დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც. რატომღაც ეს თემა ტაბუდადებულია და სერიოზული დისკუსია საინტერესო არაა, არც „არასამთავრობო“ და არც „სამთავრობო“ ორგანიზაციებისათვის.

ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის საეჭვო გარადაცვალებას სამ თვეში არა ნაკლებად საეჭვო კრიმინალური შემთხვევა მოჰყვა, რომელმაც კიდევ უფრო ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა საქართველოს პრემიერ–მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„ვარდების რევოლუციას“ აუცილებელი, თუმცა ძალზე ნაჩქარევი „საკადრო წმენდა“ მოჰყვა: ახალგაზრდა, ამბიციური და ხშირად გაუწონასწორებელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშნული გოგო–ბიჭები „ძალაუფლების ბანგით“ უცბად მოიწამლნენ ( რაშიც გარეშე მტერ–მეგობარი „მრჩევლებიც“ ეხმარებოდნენ) და სახელმწიფო სტრუქტურები თავის თავზე მოირგეს. ერთ–ერთი ასეთი უწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი იყო, რომლის ხელმძღვანელადაც,

collage-1704186030.jpg
ლევან სამხარაული

გავრცელებული ინფორმაციით მაშინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის რეკომენდაციით, 24 წლის ლევან სამხარაული დაინიშნა. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს: ადეიშვილიც და სამხარაულიც წარმოშობით, დიდი ილიას სამშობლოდან, ყვარლიდან იყვნენ. სულ მალე შეიქმნა "სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" და ლევან სამხარაულს, ძალზე ახალგაზრდულ ასაკში უზარმაზარი პასუხისმგებლობა დააწვა. თუმცა არ დასცალდა: 2005 წლის 22 მაისს ყვარელში ჩასული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული მისმა ყოფილმა კლასელმა დავით მჭედლიშვილმა დაუნდობლად (საკონტროლო გასროლით!) მოკლა, მეორე თანაკლასელი კი დაჭრა. ამის შემდეგ მჭედლიშვილი მიდის სახლში და თავს, არსებული ინფორმაციით ორი იარაღიდან – „ტე–ტეს“ პისტოლეტიდან და გადაჭრილი თოფიდან გასროლით იკლავს.

რა გასაკვირია, რომ ლევან სამხარაულის მკვლელობამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარადაცვალების ოფიციალურ ვერსიაში კიდევ უფრო მეტი დაეჭვება გამოიწვია, რადგანაც სამხარაული ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც იმ ტრაგედიის რეალური, თუ მოგონილი მტკიცებულებების საიდუმლო იცოდა.

(მეშვიდე ნაწილის დასასრული)