"შე საცოდავო, შარვალში ჩაიხედე, სეკვესტრი შიგ გაქვსო..." - ძროხის ქურდები, გაუპატიურების მსურველი და... ბევრი სახალისო ამბავი - კვირის პალიტრა

"შე საცოდავო, შარვალში ჩაიხედე, სეკვესტრი შიგ გაქვსო..." - ძროხის ქურდები, გაუპატიურების მსურველი და... ბევრი სახალისო ამბავი

ანდევირი, ძროხის ქურდები, გაუპატიურების მსურველი და... ბევრი სახალისო ამბავი

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ციცინო ცხვედიანი საოცარი იუმორის გრძნობით გამოირჩევა და სასამართლო დარბაზებში გადახდენილი მხიარული ეპიზოდების გახსენება არასოდეს უჭირს. პროცესიდან თავის ოფისში, როსტიაშვილი-ცხვედიანის საადვოკატო ბიუროში დაბრუნებული, უკვე მეუღლის, ზურაბის და ახლა უკვე მისი იურისტი ქალიშვილის, ნუგბარა როსტიაშვილის მოყოლილ სახალისო ამბებსაც ისმენს, ამას ემატება მისი კოლეგების მონათხრობიც და იმდენი სახალისო ამბავი დაუგროვდა, იმედია, მალე წიგნის გამოცემის სურვილიც გაუჩნდება. თითქმის ყოველ წელს ვაკითხავ, რადგან ვიცი, ჩვეული იუმორით მომიყვება ახალ-ახალ სახალისო ამბებს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით ახალშემოღებული იყო სიტყვა ,,სეკვესტრი“. ადვოკატი გულიკო გაბაიძე და მოწინააღმდეგე ადვოკატი პროცესზე წაკინკლავდნენ. ქალბატონი გულიკო ტანად ძალიან პატარა გახლდათ, მოწინააღმდეგე კი მაღალი მამაკაცი იყო. გაბრაზებულმა ადვოკატმა მამაკაცმა გულიკოს უთხრა, - შე სეკვესტრირებულოო. გულიკომ ახედ-დახედა საკმაოდ ხანში შესულს და მშვიდად მიუგო:

- შე საცოდავო, შარვალში ჩაიხედე, სეკვესტრი შიგ გაქვსო..."

"ქმარი ამტკიცებდა, რომ მათი ქორწინება ფიქტიური იყო, ქალი კი აცხადებდა, ნამდვილად ცოლ-ქმარი ვიყავითო.- თუ მართლა ჩემი ცოლი იყავი, მითხარი, რა განსხვავებული ნიშანი მაქვს ტანზე? - დაუყენა საკითხი ქმარმა.- არ გაქვს განსხვავებული ნიშანი, - იყო ქალის პასუხი.- ახლავე გიჩვენებ, თუ არ მაქვს განსხვავებული ნიშანი, - შესძახა ქმარმა და შარვალზე ქამრის შეხსნა დაიწყო.- რას შვრები, - ვიკივლე მე. - არ გინდა გახდა, ისე თქვი, რა ნიშანი გაქვს?!."

"ზურაბ როსტიაშვილი იცავდა მაკე ძროხის ქურდობაში ბრალდებულ პირებს და თავგამოდებით ამტკიცებდა, - არ მოუპარავთ, იპოვეს. რომ მოეპარათ, დაკლავდნენ და ხორცს წამოიღებდნენ, უფრო იოლი იყო, ამათ კი ფერება-ფერებით მოჰყავდათ ისე, რომ ჯოხიც არ უხმარიათ გასადენადო.- ბატონო ზურაბ, ახლა არ მითხრათ, რომ სამშობიაროდ მიჰყავდათ ის ძროხა, თორემ გადავირიეო, - უთხრა მოსამართლემ.საქმე იმაში იყო, რომ ეს პირები ამ მაკე ძროხასთან ერთად რაიონის სამშობიაროსთან დააკავეს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა