"ზელენსკი: პუტინი ვახშმობისას ყველას შეგჭამთ - თქვენი ევროკავშირითა და ნატოთი, თავისუფლებებითა და დემოკრატიით" - რას წერს უცხოური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ზელენსკი: პუტინი ვახშმობისას ყველას შეგჭამთ - თქვენი ევროკავშირითა და ნატოთი, თავისუფლებებითა და დემოკრატიით" - რას წერს უცხოური გამოცემა?

უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ მისცა ჟურნალ „ეკონომისტს“ (The Economist), რომელიც ბრიტანულმა გამოცემამ 2024 წლის პირველ იანვარს თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სათაურით - „ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან: მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტივაში 2024 წელი მძიმე იქნება, უკრაინელი ლიდერი მაინც შეუპოვარი რჩება“.

პუბლიკაციის შინაარსი და მთავარი დებულებები ბევრი დასავლური გამოცემით და სამაუწყებლო კომპანიით გავრცელდა, მათ შორის, ბრიტანული BBC news-ის მეშვეობითაც, სათაურით - „ვოლოდიმირ ზელენსკი - დასავლეთს: „პუტინი ვახშმობისას ყველას შეგჭამთ - თქვენი ევროკავშირითა და ნატოთი, თავისუფლებებითა და დემოკრატიით“, რომელშიც ინტერვიუს მთავარი მომენტებია განხილული. აღსანიშნავია, რომ მასში შეიმჩნევა წინააღმდეგობრივი გამონათქვამებიც.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალ „ეკონომისტისათვის“ მიცემული ინტერვიუთი შეეცადა, დასავლური საზოგადოებისათვის ხმა მიეწვდინა, რომ რუსეთთან ომი დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს არის, ამიტომ დამშვიდება ნაადრევია და რომ უკრაინისადმი მხარდაჭერით ევროპა საკუთარ თავსაც იცავს კრემლის აგრესიისაგან. პრეზიდენტის აზრით, დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების აღქმის უნარი, ევროპა ვეღარ აცნობიერებს ომს და იმას, რომ კიევს სხვა გზა არ აქვს, რუსეთზე გამარჯვების გარდა. ვოლოდიმირ ზელენსკისათვის გამაღიზიანებელია არა იმდენად უკრაინის წარუმატებლობა და რუსეთის წარმატებები ბრძოლის ველზე, რამდენადაც კიევის დასავლელი მოკავშირეების ერთმანეთში უთანხმოება და რყევა, ასევე, ზოგიერთი მისი თანამემამულის ქცევა - თავი აარიდოს ფრონტზე გაწვევას და სამშობლოს დაცვას.

„უკრაინაც დაიღალა და დასავლეთიც...“

რუსეთის თავდასხმის პირველსავე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაწერა მოკლე ვიდეორგოლი, რომელშიც მან უბრალოდ თქვა - „ჩვენ აქ ვართ“, ანუ ხელისუფლება კიევიდან არსად გაქცეულა. იგი ახლაც სამთავრობო კომპლექსში იმყოფება, უკრაინის დედაქალაქში, დაბომბვებისა და სარაკეტო შეტევების მიუხედავად.

მაგრამ როგორც „ეკონომისტის“ ჟურნალისტი წერს, ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ მსოფლიო უკვე იმდენად აღარ აქცევს ყურადღებას პრეზიდენტის სიტყვებს, ხოლო თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკის ძველებურად აღარ შესწევს ძალა, მოვლენები მარჯვედ და მოხერხებულად აკონტროლოს. „უკრაინაში დაღლილობის პერიოდი დგება. დასავლური პრესის სათაურებში წერენ - დაიწყო თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამარჯვებაო?! უკრაინის მხარდაჭერა უკვე ვაჭრობის საგანი გახდა ამერიკაშიც და ევროპაშიც“, - აღნიშნავს „ეკონომისტი".

„დასავლეთმა დაკარგა იმის შეგრძნება, რომ სასწრაფო ზომების მიღებაა აუცილებელი. ეგზისტენციალურ საფრთხე-მუქარებს ბევრი უკრაინელიც ვერ გრძნობს“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, - "შეიძლება ჩვენ 2023 წელს ისეთ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, როგორსაც მსოფლიო ელოდებოდა, შეიძლება ისე სწრაფად ვერ ვმოქმედებთ, როგორც დასავლეთს სურს, მაგრამ იმის თქმა ნაადრევია, რომ ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს“.

„რუსეთი დანაკარგებს განიცდის, მაგრამ მაინც ძლიერია...“

პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთის არმია უდიდეს დანაკარგებს განიცდის (იმავეს აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვაც: თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვლება, 2025 წლისათვის რუსეთის დანაკარგები 500-ათას დაღუპულს და დაჭრილს მიაღწევს): „ფრონტზე ათასობით და ასი ათასობით რუსი იხოცება, რომელთა გვამებიც კი არ მიაქვთ“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი და ჟურნალისტს ახსენებს, რომ 2023 წლის განმავლობაში რუსეთის არმიამ ვერც ერთი მსხვილი ქალაქი ვერ აიღო, სამაგიეროდ, უკრაინის არმიამ შავი ზღვის ბლოკადა გაარღვია და ამჟამად, მილიონობით ტონა მარცვლეულს აწვდის სხვადასხვა ქვეყანას. „ეს ჩვენი უდიდესი გამარჯვებაა!“, - დამარწმუნებლად აცხადებს პრეზიდენტი.

მაგრამ უკრაინის ლიდერს ისიც ესმის, რომ 2024 წელს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს - ერთი რეალობა მეორემ ჩაანაცვლოს: რუსეთი ძალისხმევას აფართოებს, უკრაინის ძალები კი სუსტდება, იფიტება... დასავლეთის მოკავშირე ქვეყნებს ყურადღება საკუთარ პრობლემებზე გადააქვთ, განსაკუთრებით კი - ამერიკას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.

„პუტინი შეგჭამთ თქვენი ნატოთი და ევროკავშირით...“

ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებით, უკრაინისადმი მხარდაჭერით ევროპა საკუთარ თავსაც იცავს კრემლის აგრესიისაგან. „როცა თქვენ ფულს და იარაღს გვაძლევთ, ამით საკუთარ თავსაც იცავთ, თქვენ იცავთ თქვენს შვილებსაც... როცა რუსეთს შესაძლებლობას აძლევთ უკრაინელი ბავშვების გასატაცებლად, ისინი თქვენს ბავშვებსაც გაიტაცებენ... როცა რუსეთს ნებას აძლევთ უკრაინელთა უფლებები დაარღვიოს, კრემლი მალე თქვენს უფლებებსაც დაარღვევს, ყველას უფლებებს - მთელ მსოფლიოში“.

თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსეთი თავის ჯარისკაცებს დასავლეთს შეასევს. „პუტინი გრძნობს თავის სისუსტეს ისე, როგორც ცხოველი. იმიტომ, რომ ის მართლაც ცხოველია. იგი გრძნობს სისხლის სუნს, გრძნობს თავის ძალას. იგი ვახშმობისას ყველას შეგჭამთ - თქვენი ევროკავშირითა და ნატოთი, თქვენი თავისუფლებებითა და დემოკრატიით“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

„არავითარი სამშვიდობო მოლაპარაკება... მხოლოდ შეტევა“

რაც შეეხება წინადადებებს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „მე ვერ ვხედავ რუსეთის მხრიდან გადადგმულ რაიმე ფუნდამენტურ ნაბიჯებს მშვიდობისაკენ. მე ვხედავ მხოლოდ ტერორისტული ქვეყნის ნაბიჯებს“. და თუ რუსეთი კონფლიქტის გაყინვის სიგნალებს გზავნის, როგორც ამას ზოგიერთი დასავლური გამოცემა წერს, „ეს ხდება არა იმიტომ, რომ კრემლს მშვიდობა სურს, არამედ იმიტომ, რომ რუსებს ცოტა რაკეტები აქვთ, ჯარი მოუმზადებელი ჰყავთ და პაუზა სჭირდებათ ძალების აღსადგენად. შემდეგ კი, როცა მომძლავრდებიან, ომის მომდევნო ფურცელს გადაშლიან“.

ვოლოდიმირ ზელენსკი არ ლაპარაკობს 2024 წლის შესაძლო საომარ ამოცანებზე. მისი თქმით, არ სურს, სამხედრო საიდუმლო გაამხილოს: „შარშან კონტრშეტევის თარიღისა და გეგმების გამხელა რუსეთს თავდაცვის ზღუდეების გამაგრებაში დაეხმარა“. თუმცა პრეზიდენტი მაინც აკონკრეტებს ზოგიერთ მომენტს: ძირითადი დარტყმა მიმართული იქნება ყირიმისაკენ და შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის გაბატონებისაკენ. ყირიმის იზოლაცია და შავ ზღვის გაკონტროლება უკრაინისათვის უმნიშვნელოვანესი მიზანია, რადგან ამით რუსეთს ძალიან დავასუსტებთ“.

„ჩვენი წარმატებული ოპერაციები მთელი მსოფლიოსათვის სამაგალითო იქნება და მას რუსეთის შიგნითაც დიდი ეფექტი მოჰყვება. კრემლის პროპაგანდას საფუძველი გამოეცლება. რუსეთის მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ათასობით ოფიცერი და ჯარისკაცი იღუპება ვლადიმერ პუტინის ამბიციების გამო. უკრაინამ უკვე მოიპოვა დიდი გამარჯვებები - რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ფლაგმანი გემების გარეშე დარჩა და საერთოდ, ფლოტის ერთი მეხუთედი ნაწილი უკვე განადგურებულია. იმ სამხედრო-საზღვაო ბაზების დაკარგვა, რომლებიც რუსეთს ყირიმში ბოლო 240 წლის განმავლობაში ჰქონდა, ვლადიმერ პუტინისათვის უდიდესი კონფუზი და სირცხვილი გახდა“.

„და ისევ კონტრშეტევა: აუცილებელია ძალების მობილიზება“

და მაინც, უკრაინის წარმატების მიღწევის სიჩქარე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დახმარებას მიიღებს კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან. ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს გერმანულ რაკეტა „ტაურუსს“ ანუ ისეთ ფრთოსან რაკეტას, რომელსაც დიდ მანძილზე მოქმედების უნარი აქვს და რომელსაც ქერჩის ხიდის დანგრევა შეუძლია (ყირიმის იზოლირების მიზნით): „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ხიდი ჩვენთვის სამხედრო ობიექტს წარმოადგენს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი ხშირად საკმაოდ გაურკვევლად და ბუნდოვნად ლაპარაკობს უკრაინის არმიის გეგმებზე ქვეყნის აღმოსავლეთში და სამხრეთში. მისი განცხადება, რომ უკრაინის სტრატეგიულ მიზანს 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის აღდგენა წარმოადგენს, არ შეცვლილა და არც შეიცვლება, მაგრამ იგი უკვე აღარ ლაპარაკობს იმას, თუ რამდენ ტერიტორიას როდის გაათავისუფლებს ოკუპანტებისაგან 2024 წელს. „დღეისათვის უშუალო ამოცანაა აღმოსავლეთისა და სამხრეთის დაცვა, უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქების - ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, დნიპროს - გადარჩენა, ასევე - ქვეყნის კრიზისული ინფრასტრუქტურის დაცვა“, - ამბობს უკრაინის ლიდერი.

2023 წლის კონტრშეტევის წინ უკრაინელებსაც და დასავლელებსაც ზედმეტი მოლოდინი ჰქონდათ, მასზე არარეალურ იმედებს ამყარებდნენ. შესაბამისად, იმედგაცრუებაც მწარე გამოდგა“, - წერს „ეკონომისტი“. გენერალ ვალერი ზალუჟნის ინტერვიუში, რომელიც მან ჟურნალს შარშან ნოემბერში მისცა, არმიის სარდალმა აღიარა, რომ ომში პატური სიტუაცია ჩამოყალიბდა. მართალია, გენერლის ინტერვიუმ თავდაპირველად პრეზიდენტის მრისხანე რეაქცია გამოიწვია, მაგრამ იმავდროულად მას რიტორიკის ხასიათიც შეაცვლევინა: გამარჯვებისთვის არა მარტო დასავლეთის მობილიზებაა საჭირო, არამედ - თვითონ უკრაინისაც.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საკუთარი ძალების მდგომარეობაც“, - ამბობს პრეზიდენტი, თუმცა იგი იმედს არ კარგავს, რომ ამერიკა სამხედრო დახმარებას მაინც გაუწევს. ამავე დროს, უკრაინა თვითონაც ცდილობს იარაღის გამოშვების გაფართოებას იმ შემთხვევისათვის, თუ დასავლური მიწოდება საერთოდ შეწყდება. „ჩვენ დასავლეთს ლიცენზიებს ვთხოვთ იარაღის წარმოებისათვის - არტილერიით დაწყებული, რაკეტებით და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით დამთავრებული“.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „უკრაინისა და მთელი მსოფლიო საზოგადოების მობილიზება, რაც ომის დაწყებისას ჩანდა, დღეს უკვე აღარ არის. ასეთი სიტუაცია უნდა შეიცვალოს. აუცილებელია უკრაინის არმიის შევსება, სამობილიზაციო ასაკის შემცირებით და ალტერნატიული სამხედრო სამსახურით - იმის მიუხედავად, რომ ეს ინიციატივები უკრაინულ საზოგადოებაში პოპულარული არ არის. „ამის ალტერნატივა არ არსებობს“, - ხაზს უსვამს პრეზიდენტი.

„მობილიზაცია მხოლოდ ჯარისკაცების ფრონტზე გაგზავნა არ არის. ეს საქმე ჩვენ ყველას გვეხება. ეს არის სახელმწიფოს დაცვისა და ჩვენი მიწა-წყლის გათავისუფლების ერთადერთი წესი. მოდი, გულწრფელად ვთქვათ: თუ ჩვენ მხოლოდ შიდაპოლიტიკაზე გადავერთვებით, თუ ჩვენ დავიწყებთ არჩევნების ჩატარებაზე ლაპარაკს, მსჯელობას კონსტიტუციისა და კანონების შეცვლაზე, მაშინ მოგვიწევს, დავივიწყოთ კონტრშეტევა და მშობლიური მიწა-წყლის გათავისუფლება, დეოკუპაცია“.

„დაარწმუნებს თუ არა პრეზიდენტი დასავლეთს?“

ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის ეტყობა, რომ მან ახალგაზრდული შემართება დაკარგა, მაგრამ იგი ძველებურად დარწმუნებულია, რომ უკრაინას არ შეუძლია თავის გეგმაზე - რუსეთის დამარცხებაზე უარის თქმა: „უკრაინელისათვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობაა უკრაინაში იყოს. ხოლო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის - იდგნენ უკრაინის გვერდით... ვისაც ამის ძალა არ შესწევს, დაე, ისინი გვერდზე გადგნენ. ჩვენ კი უკან არ დავიხევთ“, - ამბობს ინტერვიუს დასასრულს პრეზიდენტი.

დღეს საკითხავი მხოლოდ ის არის, შეძლებს თუ არა 2022 წლის მთავარი კომუნიკატორი დაარწმუნოს მსოფლიო 2024 წელს თავისი რწმენის გაზიარებაში.

წყარო