არგენტინა VS ბრიტანეთი ანუ ესღა აკლდა მსოფლიოს! - არის თუ არა 41 წლის წინანდელი ომის განახლების საფრთხე?! - კვირის პალიტრა

არგენტინა VS ბრიტანეთი ანუ ესღა აკლდა მსოფლიოს! - არის თუ არა 41 წლის წინანდელი ომის განახლების საფრთხე?!

დაიწყო ახალი წელი და გაჩნდა ახალი შეიარაღებული კონფლიქტის წარმოქმნის საფრთხეც...უფრო სწორედ კი ძველი შეიარაღებული კონფლიქტის განახლებისა-არგენტინამ დიდ ბრიტანეთს კვლავ გაუხსენა ფოლკლენდის, იგივე მალვინის კუნძულებისთვის დავა...

თითქოს ჩვენს სიყმაწვილეში ვბრუნდებოდეთ, როდესაც 41 წლის წინ, 1982 წელს სწორედ ამ ფოლკლენდის/მალვინის კუნძულების გამო, არგენტინა-ბრიტანეთის ორთვიანი ომი გაიმართა...

არგენტინის, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ამ მნიშვნელოვანი ქვეყნის სათავეში სულ რაღაც ერთი თვის წინ, 2023 წლის 10 დეკემბერს პრეზიდენტის პოსტზე ხავიერ გერარდო მილეი აირჩიეს - მსოფლიო ისტორიაში პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი - ლიბერტარიანელი.

1-1704362986.jpg
არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა ხავიერ გერარდო მილეიმ ბენზოხერხით ხელში ბრიტანელებს ფოლკლენდის/მალვინის კუნძულების დაბრუნება სთხოვა - მოსთხოვა...

52 წლის ეს არგენტინელი პოლიტიკური მოღვაწე სხვა პრეზიდენტებისგან ისედაც ძალიან გამოირჩევა(თვით არაპგნოზირებად ექსპრეზიდენტ ტრამპისგანაც კი) და საარჩევნო კამპანია ჩართული ბენზოხერხით ხელში ჩაატარა - ის, როგორც მემარჯვენე ლიბერტარიანელი, არ ცნობს ცენტრალურ ბანკს, წინააღმდეგია აბორტების, ევტანაზიის და იმიგრაციის, სამაგიეროდ, მხარს უჭერს იარაღისა და ნარკოტიკების თავისუფალ გაყიდვას, პროსტიტუციის ლეგალიზაციას, ერთსქესობრივ ქორწინებებს და საერთოდ, ადამიანის პირად, სრულ თავისუფლებას...

იტალიური წამოშობის არგენტინის ეს ახალი პრეზიდენტი, ისედაც რთულ ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში მყოფ არგენტილებს, ეტყობა, ძალიან ბევრ „საოცრებებს“ შესთავაზებს უახლოეს მომავალში, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე უკვე გამოიჩინა თავი...

არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა ხავიერ გერარდო მილეიმ ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე დემონსტრაციულად განაცხადა, რომ არგენტინის სტრატეგიულ პარტნიორებად პირველ რიგში განიხილავს აშშ-ს და ისრაელს.

2-1704362986.png
ფოლკლენდის, იგივე მალვინის კუნძულები ატლანტიკის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს

ამასთან, პრეზიდენტმა მილეიმ დაბლოკა არგენტინის მიერთება BRICS -ისასთან (ათი ქვეყნის სახელმწიფოთაშორისო გაერთიანება-ბრაზილია,რუსეთი,ინდოეთი,ჩინეთი,სამხრეთ აფრიკა,საუდის არაბეთი,არაბთა გაერთიანებული საამიროები,ირანი,ეგვიპტე და ეთიოპია), რითაც რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პირადი წყენა გამოიწვია, რაც გააძლიერა იმ გარემოებამაც, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი სპეციალურად ჩავიდა ბუენოს-აირესში მილეის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე, ხოლო ამით ნასიამოვნებმა არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას ის ორი რუსული სატრანსპორტო შვეულმფრენი აჩუქა, რომელიც არგენტინას ანტარქტიდაში საფრენად ჰქონდა ნაყიდი მოსკოვისგან, მაგრამ გაურემონტებლობის გამო ვეღარ დაფრინავდნენ.

არგენტინის სათავეში ისეთი პრეზიდენტის მოსვლა, რომელიც აშშ-ებს თავის სტრატეგიულად პარტნიორად აცხადებს და ამასთან უარს ამბობს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ერთ გაერთიანებაში ყოფნაზე ,თითქოს უნდა ნიშნავდეს პუტინის მიერ გატარებულ „სამხრეთ ამერიკულ პოლიტიკაზე“ სერიოზულ დარტყმას, როდესაც კრემლი წლებია ცდილობს აშშ-ს სამხრეთ სამეზობლოში ანტიამერიკულად განწყობილი ქვეყნები მოუმრავლოს კუბისა და ვენესუელას გვერდით...

თუმცა, ახალი წლის დადგომისთანავე არგენტინის პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის და ხელახლა აცოცხლებს საოკუნოვან პრობლემას-ფოლკლენდის, იმავე მალვინის კუნძულების თემას და დიდ ბრიტანეთს სთავაზობს ამ ორ სახელმწიფოს შორის დაიწყოს პოლიტიკური დებატები მათი არგენტინისთვის დასაბრუნებლად...

3-1704362986.png
1982 წლის ომის დროს ეს ბრიტანული სადესანტო ხომალდი არგენტინელების მიერ გაშვებულმა რაკეტამ დააზიანა და ჩაძირა...

ფოლკლენდის, იგივე მალვინის კუნძულები ატლანტიკის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის ორჯერ აღმოაჩინეს-1690 წელს ბრიტანელმა ზღვაოსნებმა, ხოლო 1694 წელს კი ფრანგებმა და შესაბამისად, ფოლკლენდის და მალვინის კუნძულები უწოდეს.

მე-19 საუკუნის დასაწყისში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არგენტინამ, რომლისგანაც ეს კუნძულები მხოლოდ 500-იოდე კმ-ითაა დაშორებული, თავისად მიიჩნია,მ აგრამ 1833 წელს ბრიტანულმა საზღვაო ესკადრამ დაიპყრო კუნძულები და იქ ბრიტანული დროშა აღმართა.

მას შემდეგ, ორი საუკუნის განმავლობაში, არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის მუდმივად მიმდინარეობდა დავა ამ კუნძულების თაობაზე, მაგრამ 1982 წლის 2 აპრილს ეს ნამდვილ ომში გადაიზარდა, როდესაც არგენტინამ კუნძულებზე საზღვაო დესანტი გადასხა და იქ დისლოცირებულ პატარა ბრიტანულ გარნიზონს კაპიტულაცია აიძულა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერს ტყუილად როდი უწოდებდნენ „რკინის ლედის“ - მან ფოკლენდის კუნძულების დასაბრუნებლად მაშინვე გააგზავნა ბრიტანული საავიამზიდო დაჯგუფება გემბანის საბრძოლო თვითმფრინავებითა და ატომური წყალქვეშა ნავებით...

1982 წლის 14 ივნისამდე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 649 არგენტინელი და 255 ბრიტანელი სამხედრო, ჩამოგდებული იქნა ასამდე არგენტინული თვითმფრინავი და შვეულმფრენი, ასევე ათი ბრიტანული ვერტიკალური აფრენა-დაფრენის „ჰარიერი“ და 24 შვეულმფრენი.

4-1704362986.png
ფოლკლენდის კუნულებზე გადასხმული ბრიტანელი საზღვაო ქვეითები და განაირაღებული არგენტინელი სამხედროები...

საზღვაო დანაკარგები ბევრად შთამბეჭდავად მოჩანდა იმის გამოც, რომ დაპირისპირებულმა მხარეეებმა პირველად მასობრივად გამოიყენეს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები - არგენტინელებმა ფრანგული „ექსოზეტებით“ ბრიტანელებს ჩაუძირეს 2 ფრეგატი, 2 საესკადრო ნაღმოსანი, ერთი სადსანტო ხომალდი და ერთი კონტეირმზიდი(გადაკეთებული „ჰარიერების“ ასაფრენ კუსტარულ ავიამზიდად) გემი (ამასთან ბრიტანელებს სერიოზულად დაუზიანდათ 3 საესკადრო ნაღმოსანი, 2 ფრეგატი და ერთი სადესანტო ხომალდი), ხოლო ბრიტანელების „ნადავლი“ გახდა ერთი არგენტინული კრეისერი, ერთი წყალქვეშა ნავი, ერთი სადარაჯო კატარღა და ორი სატრანსპორტო გემი.

საბოლოო ჯამში, ბრიტანულმა საზღვაო დესანტმა მოახერხა ფოლკლენდის კუნძულების უკან დაბრუნება და ამ ომშიც გამარჯვებულად ლონდონი გამოვიდა,თუმცა ბუენოს-აირესში მალვინის კუნძულებს კვლავ არგენტინის კუთვნილებად თვლიან...

არგენტინის ახალ პრეზიდენტს პოპულიზმი ეტყობა არ აკლია(რაც მის წინასაარჩევნო პროცესშიც გამოვლინდა, როდესაც ჩართული ბენზოხერხით ქნევით ამომრჩეველთა გულის მოგებას ცდილობდა), მაგრამ ძალზე რთულად წარმოსადგენია, რომ მალვინის კუნძულებისთვის მან ახალი ომი წამოიწყოს, როგორც ეს 41 წლის წინ მოხდა - ის ოფიციალურ ლონდონს სთავაზობს მოლაპარაკებებით ისევე დაუბრუნოს ეს კუნძულები არგენტინას, როგორც ეს ბრიტანეთმა ერთხელ უკვე გააკეთა, როდესაც ჯერ კიდევ 1842 წელს დაპყრობილი ჰონკონგი, 1997 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას დაუთმო...

დიდ ბრიტანეთში კი გაგონებაც არ სურთ არგენტინის თხოვნა-მოთხოვნის...

ისე, თუკი მართლაც დაიძაბა სიტუაცია არგენტინა-დიდ ბრიტანეთს შორის ,ეს ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან ლონდონის(რომელიც მნიშნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთთან უთანასწორო ომში მყოფ უკრაინას) ყურადღების დიდი ნაწილი არგენტინასთან დაპირისპირებაზე გადავა...