"უწმინდესი ეპოქალური ადამიანია, უბრალო და თან, ძალიან დიდი... დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო" - კვირის პალიტრა

"უწმინდესი ეპოქალური ადამიანია, უბრალო და თან, ძალიან დიდი... დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო"

“ირაკლი, შენ არ იცი, რა გელის, შენ შეძლებ იმას, რაც არავის გაუკეთებია” - ჯერ კიდევ სტუდენტს ჩაესმა ხმა ერთ ღამეს, როცა ირგვლივ ყველას ეძინა... და მართლაც, მან ეპოქა შექმნა ქართული ეკლესიის ისტორიაში... 4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა, მას 91 წელი უსრულდება.

ვულოცავთ მის უწმინდესობას, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, პატრიარქთან დაახლოებულ ადამიანებს მის შესახებ ამბების გახსენება ვთხოვეთ, თითოეულმა მათგანმა დიდი სითბოთი და სიყვარულით გვიამბო ის საინტერესო ეპიზოდები, რომლებიც მის უწმინდესობასთან ურთიერთობისას გამორჩეულად დაამახსოვრდათ.

გიორგი ცერცვაძე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი:

- დიდი სითბო და სიყვარული მეუფლება, როდესაც უწმინდესზე ვსაუბრობ. უკვე 20 წელია, სამების საპატრიარქო გუნდის მგალობელი გახლავართ. მადლიერი ვარ ჩემი მეგობრის - გიორგი ბერიშვილის, რომელმაც სიონში მიმიყვანა 2003 წელს, როდესაც პატრიარქის კურთხევით, სვიმონ ჯანგულაშვილი დიდ გუნდს აყალიბებდა. მახსოვს, როგორ შენდებოდა სამების ტაძარი, უწმინდესი კი ოცნებობდა დიდ გუნდზე, რომელიც ამ უზარმაზარ ტაძარში უფლის სადიდებელ საგალობლებს შეასრულებდა. რეპეტიციები საპატრიარქოში ტარდებოდა, ძირითადად, საღამოს საათებში. პატრიარქი ხან მესამე სართულზე გვიხმობდა ხოლმე, თვითონ თავის სკამზე იჯდა, ჩვენ კი მის გარშემო ხალიჩაზე ვისხედით, ხანაც თეთრი როიალის გარშემო ჩავმწკრივდებოდით და ვუსმენდით. ტკბილეულის გარეშე, რა თქმა უნდა, არაფერი ჩაივლიდა. მუდამ უფალზე და სამშობლოზე სიყვარულით სავსე კაცი, უამრავ ისტორიას გვიყვებოდა, თავის მუსიკალურ ნააზრევს გვიზიარებდა და მის მიერ შექმნილ საგალობლებს გვასწავლიდა. საპატრიარქოში ხშირად მოდიოდნენ როგორც საპატიო სტუმრები, ასევე, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც უწმინდესს თავიანთ ხელოვნებას უზიარებდნენ. ზოგი მღეროდა, ზოგი ლექსს ამბობდა, მას კი არასოდეს არავინ დაუტოვებია უყურადღებოდ. ხშირი სტუმრები ვიყავით ხოლმე ყაზბეგში - მის მშობლიურ მხარეში. საქართველოს მასშტაბით უამრავი ეკლესია-მონასტერი შენდებოდა, იკურთხებოდა ტაძრები, რაც ჩვენი გალობის გარეშე არ ხდებოდა. ერთ-ერთი დიდი ემოცია და სიხარული უწმინდესთან ერთად იერუსალიმში სტუმრობა იყო - მაცხოვრის საფლავზე გალობა, ბეთლემის მონახულება, წმინდა გიორგის საფლავზე ლოცვა, ღვთისმშობლის მიძინების და მაცხოვრის ზეცად ამაღლების ადგილები და უამრავი სიწმინდე...

2323-1704370294.jpg

უწმინდესი ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული ღვაწლის და აღმშენებლობის გამო, ოქროს ასოებით შევა... ეპოქალური ადამიანია, უბრალო და თან, ძალიან დიდი... მისი ცრემლებიც მახსოვს, როდესაც საკუთარ მშობლებს იხსენებდა მადლიერებით და სიყვარულით; ცრემლები, როდესაც ჩვენი გალობის მოსმენა უხაროდა.

სამების მშენებლობის იდეა რომ გაჩნდა და პირველი შემოწირულებები დაიწყო, ბევრს არ სჯეროდა, რომ ასეთი მასშტაბური ტაძარი ოდესმე აშენდებოდა. ამხელა ფინანსური რესურსი არ გააჩნდა არც ქვეყანას და მით უმეტეს, არც ხალხს. ალბათ მხოლოდ პატრიარქს სჯეროდა ბოლომდე. წლების მერე, რესურსიც გამოჩნდა და ის ადამიანებიც, რომლებიც გულმოდგინედ შეეჭიდნენ ამ საღმრთო საქმეს. საძირკველში ხალხი ქვებს ყრიდა, სადაც მათი ახლობლების სახელები ეწერა, ვისთვისაც ლოცულობდნენ და იხსენიებდნენ. უწმინდესი ძალიან ხშირად დადიოდა და პირადად აკონტროლებდა მშენებლობის პროცესს, ბავშვივით უხაროდა. საბოლოოდ, ყველაფერი გამოვიდა!

ამ ოცი წლის განმავლობაში, მხოლოდ რამდენიმეჯერ მახსოვს სახლში გატარებული ახალი წელი, რადგან სულ მასთან ვიყავით. შობა და ახალი წელი უწმინდესთან ერთად განსაკუთრებული ემოციებით აღსავსე მოვლენაა. სტუმრების სიაში არამხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ, არამედ, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებიც... ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ათეისტებიც კი დიდ პატივისცემას ავლენდნენ მის მიმართ. 31 დეკემბრის ღამეს, საპატრიარქოში რჩეული სტუმრები მობრძანდებოდნენ ხოლმე, სუფრა საღამოს დაახლოებით 10 საათზე იშლებოდა, საინტერესო საუბრებით, მომავლის გეგმებით, დადებითი ემოციებით სავსე... შემდეგ 12 საათის დადგომასთან ერთად, უწმინდესი ახალ წელს მიულოცავდა სტუმრებს და მალევე ამთავრებდა სუფრას... ბოლოსკენ, რა თქმა უნდა, ყველა საჩუქრებით ვბრუნდებოდით სახლში... ხან წიგნებით, ხან დიდი, ლამაზი საეკლესიო კალენდრებით და ხანაც - ტკბილეულით...

დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო უწმინდესს, იმისათვის, რასაც ქვეყნისათვის და ეკლესიისათვის აკეთებს, რაც ქართული გალობის გადასარჩენად გააკეთა, რაც უამრავი ადამიანის სულის საცხოვნებლად ილოცა და შეეწია. უფალმა დალოცოს და მის კეთილ საქმეებს მიგვამსგავსოს. მადლიერება, სიყვარული და პატივისცემა - აი, ეს სამი რამაა განსაკუთრებით ჩემს გულში, როდესაც მასზე ვფიქრობ და მისი სიტყვები სულ მახსოვს: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი.

იხილეთ სტატია სრულად - ჩვენი პატრიარქი