“პატრიარქი ჩემთვის წმინდანია, მისი არაერთი წინასწარმეტყველური ნათქვამი ამსრულებია” - კვირის პალიტრა

“პატრიარქი ჩემთვის წმინდანია, მისი არაერთი წინასწარმეტყველური ნათქვამი ამსრულებია”

“ირაკლი, შენ არ იცი, რა გელის, შენ შეძლებ იმას, რაც არავის გაუკეთებია” - ჯერ კიდევ სტუდენტს ჩაესმა ხმა ერთ ღამეს, როცა ირგვლივ ყველას ეძინა... და მართლაც, მან ეპოქა შექმნა ქართული ეკლესიის ისტორიაში... 4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა, მას 91 წელი უსრულდება.

ვულოცავთ მის უწმინდესობას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, პატრიარქთან დაახლოებულ ადამიანებს მის შესახებ ამბების გახსენება ვთხოვეთ, თითოეულმა მათგანმა დიდი სითბოთი და სიყვარულით გვიამბო ის საინტერესო ეპიზოდები, რომლებიც მის უწმინდესობასთან ურთიერთობისას გამორჩეულად დაამახსოვრდათ.

ავთო გიუნაშვილი, ემიგრანტთა უფლებების დამცველი, ათენში დოკუმენტების სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი; 2010-15 წლებში პატრიარქის რეკომენდაციით, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიატი:

- უწმინდესი მაშინ გავიცანი, როცა სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე, 2004 წელს. ვინაიდან ბავშვობიდან სასულიერო პირობა მინდოდა და ტაძარში სტიქაროსანი ვიყავი, პატრიარქი ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული პიროვნება იყო. რამდენიმე თვის შემდეგ, ის სასულიერო აკადემიის რექტორი გახდა და სულ ცდილობდა, სტუდენტებთან ხშირი და კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, დილის ლოცვებს ერთად ვკითხულობდით ხოლმე. სხვადასხვა საკითხზე ჩვენს აზრს გვეკითხებოდა, დავალებებს, თემებს გვაძლევდა, მასწავლებელი ამავე დროს მოსწავლე უნდა იყოსო, ჩაგვაგონებდა და მისი ეს სიტყვები სულ მახსოვს, დღემდე სულ რაღაცას ვსწავლობ. ის ყოველთვის თქვენობით მოგვმართავდა, გრძნობდი, რომ პატივისცემით გეპყრობოდა. ზოგჯერ საპატრიარქოში გვიბარებდა სტუდენტებს, ბაღში დავსხდებოდით და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით. უწმინდესი უთბილესი, უდიდესი ადამიანია, მაგრამ ჩვენთან ჩვენი ტოლი ხდებოდა. ახალგაზრდებს დიდი შანსები მოგვცა იმ პერიოდში, როცა ის აკადემიის რექტორი იყო. იმდროინდელი ხელისუფლება ღვაწლმოსილ ადამიანებს უნივერსიტეტებიდან უშვებდა, პატრიარქმა კი ისინი ჩვენთან მოიყვანა და ლექციებს საოცარი ხალხი გვიკითხავდა - მარიკა ლორთქიფანიძე, მერი ჭელიძე, გრივერ ფარულავა, რომელიც აკაკი შანიძეს და ივანე ჯავახიშვილს უსმენდა თავის დროზე; ასევე, არაერთი პოლიტიკოსი, რომლებიც საინტერესო თემებზე გვესაუბრებოდნენ და სხვები.

avto-2-1704374396.jpg

აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო აკადემიის სტუდენტებს უფასო კვება გვქონდა - სწავლობდი და არ ფიქრობდი იმაზე, საჭმლის ფული საიდან მოგეტანა. ეკლესიაზე რომ საუბრობენ ხოლმე, ფული სად მიაქვთო, აი, ასე ხდებოდა. რაც შეეძლო ყველანაირ პირობას გვიქმნიდა. მახსოვს, გაზეთი უნდა გამოგვეშვა, მაგრამ თანხა არ გვქონდა. პატრიარქმა პრორექტორს დაუძახა, რომელიც ფინანსებს განაგებდა და ჰკითხა - ჩემი ხელფასი რამდენიაო... ადგა და ის ფული მთლიანად ჩვენ მოგვცა გაზეთის გამოსაშვებად.

კლასიკურ მუსიკას ერთად ვუსმენდით ხოლმე, ძალიან უყვარს. ერთხელ, დაგვავალა დაგვეწერა თემა - რა არის სილამაზე. სილამაზე, ეს არის წესრიგი, ჰარმონია, თუ ჩვენ ავურევთ, როგორც ნოტებს, ეს აღარ იქნება ის, რაც კლასიკურ მუსიკას მოაქვსო და ცხოვრებაც ასეაო, წესები აუცილებელია, თუ გინდა, რომ შენი ცხოვრების მელოდია ლამაზად ჟღერდეს, ჰარმონია იყოსო.

ერთხანს, პატრიარქმა გადაწყვიტა ეზოში მცენარეები დაერგო და დედაოებს ჩვენ მივხმარებოდით - ბზებს, კვიპაროსებს ვრგავდით. ერთხელ, ქოთნებით ორი კვიპაროსი მომცა და მითხრა, ერთი დარგე და მეორეს ძალიან გაუფრთხილდიო. იმ წუთას ვერ მივხვდი, ეს რას ნიშნავდა... წამოვიღე, ერთი სახლის ეზოში დავრგე, მე გორიდან ვარ, მეორე კი იქვე არსებული ტაძრის ეზოში. 2-3 წლის წინ რომ ჩამოვედი, ეს კვიპაროსი უკვე სახლზე მაღალი დამხვდა, უცბად, უწმინდესის ნათქვამი გამახსენდა და იმ ტაძრის ეზოში წავედი, მეორე კვიპაროსის სანახავად, მაგრამ უკვე აღარ დამხვდა... არადა, ხომ მითხრა, ძალიან გაუფრთხილდიო, მე კი ვერ გავუფრთხილდი...

avto-1704374413.jpg

“პატრიარქი ჩემთვის წმინდანია, მისი არაერთი წინასწარმეტყველური ნათქვამი ამსრულებია”

- 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, საპატრიარქოს ეგიდით პური და საკვები შეგვქონდა ომის ტერიტორიაზე, ცხინვალთან ახლოს. უწმინდესმა დაგვლოცა, არაფრის შეგეშინდეთო და მართლაც, დიდ საფრთხეებს გადავურჩით მე და მამა მიქაელ ბრეგაძე. ბერბუკის შესასვლელთან ტანკით მდგომმა რუსმა იარაღიც კი მოგვადო, ავტობუსით ისეთ ადგილებში დავდიოდით, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა აფეთქებულიყო, მაგრამ უვნებლად დავბრდუნდით. იმ პერიოდში, მამაჩემი ჯავაში იყო და ტყვედ ჩავარდა, 10 აგვისტოს მასთან კავშირი სრულიად გაწყდა... ჩემს გუნებაში, მამაჩემს ვეძებდი ყველგან, მეგონა, ვიპოვიდი... მახსოვს, ერთ-ერთი ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მიცვალებულებისა და დაკარგულების სია იყო გამოკრული. იმდენად ბნელოდა, მბჟუტავ შუქზე ასოების გარჩევა ჭირდა და მამას სახელი და გვარი რომ ამოვიკითხე, ვერ მივხვდი, რომ დაკარგულების სიაში იყო, უცებ ჩავთვალე, რომ გარდაიცვალა და ტირილი ამივარდა... როცა მამა მიქაელმა უწმინდესს უთხრა, მამამისი ტყვედაა ჩავარდნილიო, მთელი გულით დამლოცა - იცოდე, ყველაფერი კარგად იქნება და მამაშენი ცოცხალი ჩამოვაო... მისმა ნათქვამმა იმედი მომცა და მართლაც, 27 აგვისტოს მამა კავშირზე გამოვიდა. ამ დღეს ტყვეები გაცვალეს... ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, ახლაც მეტირება... პატრიარქმა სხვანაირი ნუგეშისცემა იცის. ჩემთვის ის წმინდანია, მისი არაერთი წინასწარმეტყველური ნათქვამი და მამა-შვილური დარიგება ამსრულებია. უწმინდესის გვერდით რომ არ მოვმხვდარიყავი, ჩემი ცხოვრება ალბათ სულ სხვანაირად აეწყობოდა.

უწმინდესთან დაკავშირებული ბევრი ფაქტი მახსენდება, სასწაულთან რომ ასოცირდება. საბერძნეთში ჩემი წამოსვლა და აქ დიდი ხნით დარჩენაც მისი ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო. ჩემი სტიპენდიის საკითხი რომ წყდებოდა, მაშინ სატელევიზიო ინტელექტუალურ პროექტში - "ეტალონში” გავიმარჯვე. მამა გიორგიმ მის კაბინეტში შემიყვანა და მარტო აღმოვჩნდი მის პირისპირ. რა გაჩუქოო, მკითხა - წიგნი გინდა თუ ხატიო. გავკადნიერდი და ვუთხარი - უცხოეთში გამიშვით სასწავლებლად-მეთქი. შენ მართლა ჭკვიანი ყოფილხარო, მითხრა (იცინის). ღვთისმშობლის ხატი ჩამომახსნევინა - სულ თან გქონდეს, მასზე ილოცე და ღმერთი მოგცემს იმას, რაც გინდაო. ჩავთვალე, რომ ეს თანხმობა იყო. წამოვაბრძანე ხატი და ძალიან გახარებული წამოვედი. როცა გამგზავრების დრო დადგა, უწმინდესმა ჩემზე თქვა - ეს აღარ დაბრუნდებაო. რას ამბობთ, როგორც კი დავამთავრებ, აუცილებლად ჩამოვალ-მეთქი და არა, დიდი ხანი არ დაბრუნდებიო, ისევ გამიმეორა. მართლაც ასე მოხდა... თუმცა დაბრუნების სურვილი სულ მაქვს, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, სულ ვცდილობ, უწმინდესი ვნახო.

avto-3-1704374375.jpg

“მე ვხედავ, მალე დაიკეტება სახლები, ხალხი აღარ იქნება ქუჩებში...”

- 2020 წელს, საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა გადავწყვიტეთ, საბერძნეთში მოღვაწე ქართველი წმინდანების ერთობლივი ხატი დაგვეწერა და ისინი უწმინდესთან მივიყვანე, ლოცვა-კურთხევა რომ აგვეღო. მოგვიკითხა, ფსალმუნები, სანთლები გვაჩუქა და საუბრისას, უცებ ასეთი რამ გვითხრა: მე ვხედავ, მალე დაიკეტება სახლები, ხალხი აღარ იქნება ქუჩებში... მომიტრიალდა და მითხრა - მალე უნდა დაბრუნდე საქართველოში, თქვენ ყველანი უნდა დაბრუნდეთ. გამიკვირდა... ვერ მივხვდი, რა იგულისხმებოდა... ისეთი არაფერი ხდებოდა, 2020 წლის იანვარი იყო და მაშინ ვინ წარმოიდგენდა, მერე რაც მოხდებოდა. რამდენი ვირუსი გავრცელებულა მანამდე, მაგრამ მსოფლიო არ `დაკეტილა”. შემდეგ უკვე, ათენში ყოფნის დროს, როცა 16 მარტს ქართველები იქ ჩარჩნენ და საქართველოში დასაბრუნებლად დახმარებას გვთხოვდნენ, სწორედ ამ დროს გამახსენდა უწმინდესის ის სიტყვები... წარმოიდგინეთ, ეს როგორ იწინასწარმეტყველა და ერთგვარად, შეგვამზადა, მაგრამ ჩვენ ვერ მივხვდით.

ამავე წელს, ნოემბერში, მამაჩემი გარდაიცვალა და მე დაკრძალვასაც ვერ დავესწარი, რადგან კვლავ მკაცრი კარანტინის პერიოდი იყო. მაშინ მივხვდი, რატომ მომიტრიალდა, უნდა დაბრუნდეო... მართლაც, რომ დავბრუნებულიყავი, მამის გვერდით ხომ ვიქნებოდი... რამდენჯერაც არ გავითვალისწინე უწმინდესის ნათქვამი, იმდენჯერ წინ დამხვდა და რაღაც ტკივილი დამიტოვა... მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც პატრიარქს ჩემთვის გაუკეთებია. მასთან თითოეული შეხვედრა ჩემთვის ღმერთთან შეხვედრაა, მე ის ძალიან მიყვარს, მამასავით. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და სამწუხაროდ, უფრო ბევრი რამ ვერ ვისწავლე, რაც მითხრა. ალბათ, წლები რომ გავა, მერე კიდევ უფრო გავაანალიზებ თითოეულ სიტყვას.

უნდა გავუფრთხილდეთ უწმინდესს, ის უდიდესი ადამიანია, ყველანაირი შანსი მომცა მეც, ბევრ სტუდენტს, ბევრ მღვდელს, მღვდელმთავარს, უამრავ ადამიანს და თუკი ჩვენ რაიმე ვერ გამოვიყენეთ, ჩვენივე ბრალია, მისკენ კი არ უნდა გავიშვიროთ ხელი, ის უშურველი ადამიანია, ყველაფერს გულით აკეთებს. ზუსტად ვიცი, რომ მას ადამიანისთვის ცუდის გაკეთება არ შეუძლია, ნამდვილი წმინდანია, ადამიანს გრძნობს, მის ემოციას, აზრებს, ფიქრებს, გეფიცებით, უამრავჯერ მქონია ასეთი შეგრძნება.

ვულოცავ მის უწმინდესობას დაბადების დღეს, ვისურვებდი, რომ მისი ლოცვა-კურთხევა არ მოაკლდეს სრულიად საქართველოს. მან ეპოქა, ისტორია შექმნა საქართველოს ეკლესიაში, აქამდე მოგვიტანა, უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული. ჩვენ გამო უდიდესი სიმძიმეები ატარა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ერთადერთი, რაც შემიძლია ვუთხრა, არის მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიში იმისთვის, რაც ვერ გამოვიყენეთ, ვერ გავითვალისწინეთ, რასაც ის გვეუბნებოდა; ისე ვერ ვუფრთხილდებით, როგორც იმსახურებს, უნდა ვუთხრათ, რომ ის გვიყვარს, მე ძალიან მიყვარს და ძალიან დიდხანს, ჯანმრთელად სიცოცხლეს ვუსურვებ.

იხილეთ სტატია - პატრიარქის გაფრთხილება - როგორ იწინასწარმეტყველა უწმინდესმა მსოფლიო პანდემია და განსაცდელს გადარჩენილი ადამიანები