სკანდალური გეოპოლიტიკური პროგნოზი: დასავლეთის დასასრულის დასაწყისი?! - როგორ შეიცვლება მსოფლიო რუკა 2024 წელს? - კვირის პალიტრა

სკანდალური გეოპოლიტიკური პროგნოზი: დასავლეთის დასასრულის დასაწყისი?! - როგორ შეიცვლება მსოფლიო რუკა 2024 წელს?

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „2024 წელი: დასავლეთი გლობალური გეოპოლიტიკური ვარდნის გზაზე?“, რომლის ავტორია სებასტიან ბუსუა, პროფესორი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. მასალაში ერთგვარი პროგნოზია მოცემული სამომავლო მოვლენების შესახებ - რა მოხდება მსოფლიოში, დასრულება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკვე რამდენიმე თვეა, აშკარად შესამჩნევი ხდება მსოფლიოს დევესტერნიზების პროცესი, რომლის სიჩქარე თანდათან მატულობს. ომები, რომლებსაც დასავლეთი მხარს უჭერს, უკვე დიდი ხანია, წარუმატებელია და გამარჯვებით არ სრულდება - მაგალითად, ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში - რომლებიც ევროპისა და აშშ-ის გლობალურ გეოპოლიტიკურ სისუსტეს ადასტურებენ. დასავლეთმა ვერ შეძლო, თავს მოეხვია მსოფლიოსათვის თავისი დღის წესრიგი.

ამჟამად ბევრი ლაპარაკობს, რომ უკრაინის ხელისუფლების ეფექტიანობა მცირდება - კიევმა ვერ შეძლო ჩანაფიქრისა და მოსახლეობისადმი დაპირების შესრულება, უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა. ასევე, ჩიხური სიტუაცია იქმნება ახლო აღმოსავლეთშიც - ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტთან დაკავშირებით, სადაც ომის ელვისებური დასრულების ნაცვლად, სამხედრო ოპერაციები დღემდე გრძელდება და დასასრული არ უჩანს.

უკვე ცნობილია, რომ 2024 წელს, სავარაუდოდ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება და გადაიდება (რაც მძაფრი დისკუსიის თემა ხდება). სამაგიეროდ, გაიმართება როგორც რუსეთის, ასევე - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. გარდა ამისა, დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს მოვლენები მსოფლიოს რუკას შეცვლიან.

კრიტიკა უკრაინისა და ისრაელის მიმართ

დასავლეთში სულ უფრო ხმამაღლა და კრიტიკულად ლაპარაკობენ უკრაინისა და ისრაელის შესახებ. ეს ეხება აშშ-საც, სადაც უკვე ეჭვის ქვეშაა მოქცეული კიევისა და იერუსალიმის მხარდაჭერა - გარკვეული პოლიტიკური ძალები მათ მიმართ სოლიდარობას შიდაპრობლემების მოგვარების საქმეში ბერკეტის სახით იყენებენ. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ამერიკაში დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა მირაჟად მოჩანდა, ამერიკელები მხარს უჭერდნენ უკრაინისადმი დახმარებას ფულითა და იარაღით, დღეს კი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა: დაუსრულებელი ხარჯები ამერიკელების გაღიზიანებას იწვევს, ისინი ითხოვენ საშინაო პრობლემებისადმი მეტ ყურადღებას. მოსახლეობას აღარ სურს, მოისმინოს მთავრობის განმარტებები სადღაც, ამერიკიდან შორს, გლობუსის მეორე მხარეს მდებარე მსოფლიოს ქვეყნების „გათავისუფლებისა“ და მათი გადემოკრატიულობის შესახებ. იგივე ტენდენცია შეინიშნება ევროკავშირის ქვეყნებშიც, სადაც მსგავსი ეჭვები, უთანხმოება და კრიტიკული დამოკიდებულება დიდი ხანია, არ ყოფილა. 2024 წლის ივლისში ევროპარლამენტის, ხოლო ნოემბერში - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დასავლური საზოგადოება, ალბათ, დაასრულებს რესურსების უყაირათო ხარჯვას - ევროკავშირში ულტრამემარჯვენეები გაიმარჯვებენ, ამერიკაში კი - რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, რომელიც ქვეყანას ძველ დიდებას დაუბრუნებს, ამერიკელებზე ზრუნვას კი თავისი პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად აქცევს.

ვლადიმერ პუტინის მოლოდინი: უკრაინა დასუსტდება

რაც შეეხება რუსეთის ლიდერს, მან მშვენივრად იცის, რომ თეთრ სახლში და ევროპაში სავარაუდო ცვლილებები უკრაინას დაასუსტებს. რუსეთს ასეთი სიტუაცია აწყობს. კრემლისთვის ხელსაყრელია ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომიც, რომელსაც დასავლეთის ყურადღება უკრაინისგან ახლო აღმოსავლეთზე გადააქვს. ვლადიმერ პუტინმა თავისი კანდიდატურა არჩევნებისათვის თვითონვე წამოაყენა და რუსეთის მართვას დიდი ხნის განმავლობაში, სიკვდილამდე აპირებს. ევროპარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა ამას წინათ ჩემთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსეთს აქვს ისეთი ძალა, რომელიც არ გააჩნია არც ამერიკას და არც ევროპას. პუტინს უკრაინის ხელში ჩაგდება სურს - იგი მოითმენს, თუნდაც ამ მიზნის შესასრულებლად ათი წელი დასჭირდეს. რაც დრო გადის, ამერიკელებს და ევროპელებს სულ უფრო ნაკლებად ექნებათ მატერიალური მხარდაჭერის შესაძლებლობა და ისინი იძულებულნი გახდებიან, კიევს მოლაპარაკების მაგიდაზე დასაჯდომად უბიძგონ.

ევროპაში ულტრამემარჯვენე „პოპულისტები“ ძლიერდებიან, რამაც, თავის მხრივ, უკრაინაში შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკისათვის დაისის დადგომა დააჩქაროს. ისეთი პირი უჩანს, რომ „პოპულისტი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები“ ევროპარლამენტში აუცილებლად იქნებიან არჩეულნი. ევროპარლამენტის იმავე დეპუტატის თქმით, ახლები ძველ ელიტას, რომელსაც კორუმპირებულად თვლიან, ბრძოლაში გამოიწვევენ. იმავდროულად, ისინი დაუახლოვდებიან ავტორიტარულ „რკინისხელებიან“ რეჟიმებს ევრაზიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში.

უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკი ავტორიტეტსა და რეპუტაციას კარგავს. დღეს კიევში რეიტინგს იკრებს გენერალი ვალერი ზალუჟნი, რომელმაც პოპულარობით შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკის აჯობოს. 2024 წელს რომ არჩევნები ჩატარდეს, გენერალმა შეიძლება გაიმარჯვოს, სამაგიეროდ, ზელენსკი თავს აღარ მოაბეზრებს დასავლელ კრედიტორებს თავისი სიჯიუტით და ცრუ დაპირებებით...

უკრაინა - დასავლეთის ცრუ იმედების მსხვერპლი

უკრაინა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, შეიძლება ბედის ანაბარად დარჩეს. დასავლეთს ეგონა, რომ მილიარდობით დახმარების შედეგად უკრაინის არმია გაძლიერდებოდა და რუსეთს სწრაფად მიაყენებდა მომაკვდინებელ დარტყმას. დღეს კი არც კიევის გამარჯვება ჩანს და არც მოსკოვის კრახი. ახლა ექსპერტები და პოლიტიკოსები უფრო მეტად ლაპარაკობენ იმას, რომ უკრაინის კრახი ახლოვდება. სულ რაღაც სამი თვის წინათ ასეთი პოზიციისათვის ადამიანებს „პუტინისტებად“ და „კრემლისადმი მიყიდულებად“ შერაცხავდნენ, ახლა კი ბრალმდებლები ჩუმად არიან.

აშკარაა, რომ იმ მომენტიდან, როცა დასავლეთი იტყვის „სდექ!“, უკრაინის ელიტის „გმირული ბრძოლა“ დასრულდება. დიახ, უკრაინელებმა 2022 წელს თავგანწირულად იბრძოლეს, მაგრამ, როგორც ჩანს, 2023 წელი მათთვის კრახით დასრულდა. დასავლეთმა ყველაფერი გამოიყენა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ კრემლს თავის მოკავშირეებთან, მათ შორის, ჩინეთთან ერთად, სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღმოაჩნდა, რაც ხაზს უსვამს „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების როლს: გამოდის, რომ ჩვენმა ქედმაღლობამ და თავდაჯერებულობამ, თითქოს, „ყველაზე ძლიერები ვართ“, ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედა.

ახალი მსოფლიოს კონტურები

ახლო აღმოსავლეთშიც ევროპელებისა და ამერიკელების მიმართ უნდობლობა მატულობს. ყატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუსეთი და ჩინეთი ცეცხლის შეწყვეტის მომხრენი არიან, ამერიკა კი მათ განზრახვას ვეტოს ადებს. რეგიონში იზრდება ჩინეთისა და რუსეთის გავლენა. საქმე მხოლოდ საუდის არაბეთის BRICS-ში გაწევრებას არ ეხება, არამედ - ზოგადად, კრემლის როლის გაფართოებას. რუსეთმა მოახერხა სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის შენარჩუნება და მისი დაბრუნება არაბული ქვეყნების ლიგაში (საემიროების დახმარებით). ვლადიმერ პუტინის ამასწინანდელი ვიზიტი აბუ-დაბში და ერ-რიადში კრემლის როლის ზრდას ადასტურებს.

მოსკოვი აგრძელებს მოკავშირეების ძიებას არაბულ ქვეყნებში, საემიროების პოლიტიკა კი უკვე ამერიკისათვის გამაღიზიანებელი ხდება: აბუ-დაბი, რომელიც ტრადიციულად და ისტორიულად ყოველთვის დასავლეთის მოკავშირე იყო, ახლა პირიქით აკეთებს - არაბი შეიხები ხედავენ, რომ მსოფლიო იცვლება და ამიტომ „გლობალურ სამხრეთს“ უახლოვდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ დადგება დრო, როცა ისრაელს, საბოლოო ჯამში, აშშ-ის დახმარება შეუსუსტდება და საფრთხის წინაშე დადგება. აი, სწორედ მაშინ, როცა დასავლეთის გავლენა გაქრება, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს მოჰამედ ბენ ზაიდს შეუძლია შუამავლის როლი შეასრულოს. და ამით ჰორიზონტზე ახალი მსოფლიოს კონტურები გამოიკვეთება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო