"ამერიკელებს საქართველოს პრეზიდენტად ზურაბ ჟვანია უნდოდათ" - სახელისუფლებო შიდაომი: როგორ უთვალთვალებდნენ და ავიწროებდნენ პრემიერს?
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ვერსიების ნაკლებობა ნამდვილად არ არის: ერთნი ამტკიცებენ, ეს ამერიკელებმა გააკეთეს პრემიერ-მინისტრის “პრორუსული” პოლიტიკის გამოო, მეორენი, პირიქით, ამბობენ – ეს რუსების გაკეთებულია, ჟვანიას აშკარა “პროდასავლური” კურსიდან გამომდინარეო. სხვები რამდენიმე ოლიგარქთან “ბიზნეს-ინტერესების” გადაკვეთაში ხედავენ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზს. არიან ისეთებიც, ვინც ჟვანია-ოქრუაშვილის 2004 წლის დეკემბრიდან დაწყებულ მკვეთრ დაპირისპირებაში ეძებს ამ ტრაგედიის მიზეზებს. თუმცა კიდევ იყო ერთი, მნიშვნელოვანი გარემოებაც: არ იყო გამორიცხული, პრემიერ-მინისტრი ჟვანია ოპოზიციაში გადასულიყო, რაც სააკაშვილსა და მის ნორჩ გარემოცვას ხელისუფლების შენარჩუნებაში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა.
ჟვანია-სააკაშვილის ურთიერთობა იმის პროპორციულად რთულდებოდა, თუ მტერ-მოყვარის წაქეზებით რამდენად იჯერებდა სააკაშვილი თავის „მესიანურ როლს“ და შეუმცდარობას. მათი ფარული დაპირისპირება სააშკარაოზე 2003 წლის ნოემბრის არჩევნების პერიოდში გამოვიდა, როდესაც სააკაშვილი ყველანაირად ცდილობდა, რომ „ჟვანია-ბურჯანაძის“ პოლიტიკური გუნდი ახალ პარლამენტში ვერ მოხვედრილიყო. პრეზიდენტად მოვლენილი სააკაშვილი კი მასმედიის წინაშე უკვე არ ერიდებოდა პრემიერ-მინისტრ ჟვანიას დამცირებას. თუნდაც ის სამარცხვინო ტელეკადრები გავიხსენოთ, როდესაც სააკაშვილი, თავის მთავრობის წევრ (!!!) გოგო-ბიჭებთან ერთად, ბაკურიანში „კუკუშკათი“ რომ „გაიპარა“, ხოლო აქოშინებულმა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც შემთხვევით გაიგო მთავრობის გასვლითი სხდომის შესახებ, უკვე დაძრულ მატარებელზე ასვლა ძლივს მოასწრო. ჟვანიას მიმართ სააკაშვილის დამცინავი რეპლიკებიც შემორჩა მეხსიერებას.
1990-იანი წლების ბოლოდან ქართული პოლიტიკის კულისებში აქტიურად მოქმედი, "რუსთავი 2"-ის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი იხსენებდა, რომ 2005 წლისთვის საპრეზიდენტო კანდიდატად ოპოზიციიდან სულ ორ ადამიანს განიხილავდნენ - მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას. სააკაშვილი თითქმის კამათის გარეშე გამორიცხეს, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ აბსოლუტურად განუჭვრეტადი, პიარზე ორიენტირებული პოპულისტი გახლდათ და მისი პრეზიდენტად გახდომა ქვეყნისთვის საფრთხილო იყო. ამიტომ ზურაბ ჟვანიას კანდიდატურაზე შეჩერდნენ. ამ აზრის იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობრებიც.
კახა თარგამაძემ 2014 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "...შევარდნაძეს მაგ დროს სულელი სააკაშვილი ფეხებზე ეკიდა, ედუარდი თავის მთავარ ოპონენტად ჟვანიას მიიჩნევდა, ჟვანიას მე ვაბალანსებდი, ხოლო სულელ სააკაშვილს სერიოზულად ვინ აღიქვამდა?! ამერიკელებს პრეზიდენტად ზურაბ ჟვანია უნდოდათ“.
ბუნებრივია, ეს წარსული ამბები სააკაშვილმაც კარგად იცოდა და ამიტომ ხელისუფლების დაკარგვის შიშს ზურაბ ჟვანიას ავტორიტეტი უფრო უძლიერებდა: იმ პერიოდში ის იყო მისი „პოლიტიკური გურუ“ (ვინც პოლიტიკაში მოიყვანა და ამიტომ მისგან ჯერ კიდევ დავალებულად გრძნობდა თავს) და, ამავე დროს, პოტენციური მთავარი კონკურენტი! ჟვანიას დასასუსტებლად სააკაშვილი მეთოდურად მოქმედებდა (თუ მის იმპულსურ ხასიათს გავითვალისწინებთ, ნამდვილად სხვების რჩევებით იღებდა გადაწყვეტილებებს): პრემიერ-მინისტრი 2004 წლის 17 დეკემბრიდან მთლიანად ჩამოაშორეს ე. წ. ძალოვანი მინისტრების მოხსნა-დანიშვნის საკითხებს. 2005 წლის დასაწყისში სააკაშვილი და მის უკან მდგარი ძალები სრულად აკონტროლებდნენ „ძალოვან ბლოკს“: პროკურატურას (ადეიშვილი), შსს-უშიშროებას (მერაბიშვილი) და თავდაცვის სამინისტროს (ოქრუაშვილი). ისინი ღამ-ღამობით სააკაშვილის კაბინეტში იკრიბებოდნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მეორე დილით პრემიერ-მინისტრი ჟვანია ტელევიზიის ნიუსებიდან იგებდა პოლიტიკურ-ეკონომიკური და საკადრო სიახლეების შესახებ. გათამამებული „მიშას ბიჭები“ არც მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ და თანდათანობით ზ. ჟვანია სრულ საინფორმაციო ვაკუუმში მოაქციეს. ჟვანიას დისკრედიტაციის მცდელობის მაგალითი იყო მისი პროტეჟეს ჯერ შსს, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის კაბინეტებიდან სკანდალური „გამოპანღურების“ სატელევიზიო შოუები. 2004 წლიდან „ტელეშოუები“
სააკაშვილის მმართველობის სტილი გახდა და ბევრი უბედურება მოუტანა ქვეყანას. რაც უნდა კეთილშობილური მიზანი ჰქონდეს კანონის დარღვევას, ის ახალ უკანონობას უდებს სათავეს. განსაკუთრებით სახიფათო იყო „ტელედაჭერების“ სერიალები: კანონის ძალასა და სასამართლოს გადაწყვეტილებას თანდათან ავტომატიანი სპეცრაზელი ანაცვლებდა! 1918 წელს სწორედ ასე მოუწოდებდა პროლეტარი პოეტი მაიაკოვსკი: „შენი სიტყვაა, ამხანაგო მაუზერ, საკმარისია კანონით იცხოვრო “. ასე რომ, სააკაშვილის პოპულიზმს „ბოლშევიკური ფესვებიც“ აქვს.
ჩვენი უცხოელი მეგობრები ნათლად ხედავდნენ ამ საფრთხეს. ცნობილი შვედი პოლიტიკოსი პიერ გარტონი (1943–2023) ამგვარად იხსენებდა ზ. ჟვანიასთან საუბარს: „ზურაბმა აღიარა, სააკაშვილს მოსწონს დრამატული სტილი, დააკავოს გადასახადის დამალვაში ბრალდებულები ან კონტრაბანდისტები ტელეკამერების წინ, შემდეგ კი მისცეს მათ გათავისუფლების შანსი, სახელმწიფოსთვის დიდი თანხის გადახდის საფასურად. საკანონმდებლო სისტემა ჯერ კიდევ ძალზე პოლიტიზებულია, ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ.''
ჟვანიამ იცოდა, რომ „ვარდების რევოლუცია“ დიდ ეიფორიას მოიტანდა ახალი ხელისუფლების გოგო-ბიჭებში. ქართველი დიპლომატი თედო ჯაფარიძე ზ. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ წერდა: “ ზურა სულ იმას უსვამდა ხაზს, რომ რევოლუციების გზით შექმნილი სახელმწიფო წარმონაქმნები და სახელმწიფო მანქანა მოგვიანებით საკუთარი „გმირების“ განადგურებას იწყებენ ხოლმე და ამ აზრის დასასაბუთებლად უახლოესი ისტორიის მრავალ მაგალითს იშველიებდა - საფრანგეთისა და ბოლშევიკების რევოლუციებით დაწყებული, პოლ პოტის „რევოლუციური ექსპერიმენტებით“ დამთავრებული“. სამწუხაროდ, 2005 წლის 3 თებერვალს ისტორია კიდევ ერთხელ განმეორდა. ჭეშმარიტებაა, რომ: „ძალაუფლება რყვნის. აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად.“ სააკაშვილის ცხოვრება და პოლიტიკური საქმიანობაა ამის თვალსაჩინო მაგალითი. თუმცა, თუ ზოგიერთს წლები სჭირდებათ „გასარყვნელად“, სააკაშვილი ერთ წელიწადში უკვე „მზად იყო“.
ჟვანიას პრემიერ-მინისტრობის დროსაც ფარულად უსმენდნენ და, სავარაუდოდ, მის ახლო გარემოცვაში (უპირველესად, პირად დაცვაში) სხვადასხვა ძალის აგენტურაც მოქმედებდა. ოჯახის წევრები ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებენ, რომ 2004 წლის ოქტომბერში, საზღვარგარეთ მივლინებისას, ზურაბ ჟვანიამ საკუთარ ნომერზე კი არ ჩართო როუმინგი (რაც ნებისმიერი რიგითი მოქალაქისთვისაც კი უმნიშვნელო პროცედურა იყო მაშინ), არამედ - მაშინდელ ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს გამოართვა როუმინგიანი ნომრის “სიმბარათი”. ამ ფაქტს ერთადერთი ახსნა აქვს: ჟვანიას არ სურდა, საქართველოში სცოდნოდათ, რა ნომრით სარგებლობდა უცხოეთში.
ზურაბ ჟვანიას ყოფილი მეგობრებიდან (თუ ფარული მოშურნე მტრებიდან?) არც ერთს ეყო გამბედაობა, სააკაშვილის ხელისუფლებისგან სიმართლის თქმა მოეთხოვა ან თავად ეთქვა სიმართლე. სანამ თანამდებობაზე რჩებოდნენ, „სირაქლემას პოზაში“ იყვნენ, აი, სააკაშვილთან დაპირისპირების შემდეგ კი “უნათდებოდათ” გონება. ისინი ეჭვებს „რატომღაც“ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გამოთქვამდნენ და სენსაციურ განცხადებებს აკეთებდნენ. ზურაბ ნოღაიდელს ტრაგედიიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ “გაუნათდა” გონება, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: ვფიქრობდი, რომ ქართულ სპეცსამსახურებს ამდაგვარი მკვლელობის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც ვნახე ბადრი პატარკაციშვილთან საუბრის ჩანაწერები და ჩემს ძველ სპეცსამსახურელ მეგობრებს ვესაუბრე, შემდეგ უკვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ტექნიკურად ამის გაკეთება საქართველოს სპეცსამსახურებსაც შეუძლიათო. უფრო ადრე კი, 2007 წლის სექტემბრის ბოლოს, ყოფილმა შსს-თავდაცვა-ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ერთ-ერთ სკანდალურ ტელეინტერვიუში განაცხადა: ზურაბ ჟვანია იმ ბინაში არ გარდაცვლილა, მისი ცხედარი შემდეგ მიიტანესო. საინტერესოა, რომ 2005 წლის დასაწყისში ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო ოქრუაშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ერთი თვის გადაყვანილი იყო თავდაცვის მინისტრად და მერაბიშვილ-ადეიშვილთან ერთად სააკაშვილის უმთავრესი მესაიდუმლე იყო. ასე, რომ პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების შესახებ მათ (ისევე, როგორც ხელისუფლების სხვა წევრებს) გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ და უფრო მეტი იციან.
პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირებას ის გარეძალებიც აქეზებდნენ, ვინც ისტორიულად არასტაბილურ და ფუტკრის სკასავით აშლილ საქართველოზე ოცნებობს. სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში მათ კარგად გამოიყენეს მისი ფსიქოტიპის თავისებურებანი: გააბეს „ცხინვალის ხაფანგში“ და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას. ვის ინტერესებში იყო ზურაბ ჟვანიას თავიდან მოცილება?
2016 წელს ირაკლი ბათიაშვილმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ძალზე საინტერესო ფაქტი გაიხსენა: „...დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი... გახდა და შევარნაძის შემდეგ, ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი ჟვანიამ შეასრულა. სააკაშვილმა ეს მემკვიდრეობა მიიღო, მაგრამ თავისი ავანტიურიზმით ყველაფერ ამას ავნო! ედუარდ შევარდნაძე, რომელთანაც „ვარდების რევოლუციის" პერიოდში ინტენსიური ურთიერთობა მქონდა და მერეც ვნახულობდი ხოლმე, მეუბნებოდა, ჟვანია უფრო დასავლურია, სააკაშვილი კი რუსების პროექტიაო“. საინტერესოა რა ფაქტებსა და ინფორმაციას ეყრდნობოდა ედუარდ შევარდნაძე?
(მერვე ნაწილის დასასრული)