"იაფი და მუშა" სიკვდილი: კიმ ჩენ ინის რაკეტები უკრაინის დაბომბვას იწყებენ - რას გადაწყვეტს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა?!
ახალი წლის დღეები არა მარტო იმიტომ გამოირჩეოდა რუსეთ-უკრაინის ომში, რომ რუსეთმა უკრაინული ქალაქების მასობრივი და დაუნდობელი დაბომბვები განახორციელა, არამედ იმიტომაც, რომ სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტებიც...
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, თავიდან, მხოლოდ საბჭოთადროინდელი და რუსული წარმოების რაკეტებსა და ჭურვებს იყენებდნენ, თუმცა 2022 წლის შემოდგომიდან უკრაინული ქალაქების დაბომბვა ირანული წარმოების ბარაჟირებადი კამიკაძე-დრონებით, „შაჰიდებითაც“ წამოიწყეს.
2023 წლის ზაფხულისკენ, როდესაც სერიოზულად დადგა „ჭურვების შიმშილის“ პრობლემა, რუსი აგრესორების შეიარაღებაში თანდათან გამოჩნდა ირანული და ჩრდილოკორეული წარმოების ნაღმსატყორცნის ნაღმები, 122 და 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, 122 მმ კალიბრის უმართავი რაკეტები... და ბოლოს უცხოური ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო გამოყენების დროც დადგა...
აშშ აცხადებს, რომ გასული წლის 29 დეკემბერს და ამა წლის 2 იანვარს რუსეთმა უკვე გამოიყენა ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტები, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად, რაც დაუშვებელია და თეთრი სახლის მოთხოვნით, 10 იანვარს დაინიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ამერიკული მხარე გააპროტესტებს ჩრდილო კორეის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და მათი გასაშვები დანადგარების გადაცემის ფაქტებს.

თეთრმა სახლმა თავისი განცხადების გასამტკიცებლად სპეციალური სლაიდიც გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახულია რუსეთის ფედერაციიდან ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტის სტარტის, 460 კმ მანძილის გაფრენისა და უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიესთან ჩამოვარდნის მარშრუტი.
ამ სლაიდზე ამერიკულ მხარეს ჩრდილოკორეული წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ორი სარაკეტო დანადგარის, KN-23-ისა და KN-24-ის საილუსტრაციო ფოტოებიც აქვს დატანებული იმის მისანიშნებლად, რომ თითქოს სწორედ ეს რაკეტები იქნა გამოყენებული უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მისაყენებლად, თუმცა არ ზუსტდება, ამ ორიდან კონკრეტულად რომელი ტიპის ჩრდილოკორეული რაკეტა იქნა გაშვებული...
სამაგიეროდ, თავად რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ ზაპოროჟიესთან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი რაკეტის ძრავის ფრაგმენტის ფოტოდან გამომდინარე, ეს ჩრდილოკორეული KN-23 იყო, რომელიც ძალიან წააგავს ჩვენთვის ავადნაცნობ რუსულ Искандер-М-ს (რომელმაც აგვისტოს ომის დროს ტრაგედია დაატრიალა ქალაქ გორის ცენტრში), რაც არცაა გასაკვირი, რადგან ის რუსული „ისკანდერის“ ერთგვარი კლონია, ხოლო მეორე ჩრდილოკორეული რაკეტა - KN-24-ი კი... ამერიკული ATACMS -ის „ტყუპისცალივით“ გამოიყურება...

რაში უნდა დასჭირვებოდა რუსეთის გენშტაბს თავისი „მსოფლიოში ანალოგის არმქონე“ „ისკანდერის“ ჩრდილოკორეული კლონების შეძენა?
პირველი - მალე ორი წელი გახდება, რაც რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, რომელიც სწორედ საზღვარგარეთიდან მიწოდებული საბრძოლო მასალების ახალ-ახალი პარტიების ხარჯზე ხანგრძლივდება და თუკი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ უკრაინისთვის, ანალოგიური პრობლემები უჩნდებათ რუსეთის საოკუპაციო ძალებსაც;
მეორე - ჩრდილოკორეული წარმოების შეიარაღება და საბრძოლო მასალების შეძენა რუსეთს, სავარაუდოდ, უფრო იაფი უჯდება, როდესაც მათი საფასურის გადახდა, დოლარების ნაცვლად, ფხენიანისთვის ტექნოლოგიების გადაცემით ან სულაც საკვები პროდუქტების გაგზავნით ხორციელდება;
მესამე - ცოტა დაუჯერებლად მოჩანს, მაგრამ ჩრდილოკორეული კლონის - KN-23-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები რუსულ Искандер-М -ებზე... უკეთესად გამოიყურება - ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტა რუსულზე 400 კგ-ით მსუბუქია, მაგრამ მასზე შორს - 690 კმ-მდე მიფრინავს!

რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ოპერატიულ-ტაქტიკურ სიღრმეში მისწვდნენ უკრაინის ყველა ქალაქს ისე, რომ არ გარისკონ საფრონტო ბომბდამშენი თვითმფრინავების შეფრენა უკრაინის საჰაერო სივრცის სიღრმეში, სადაც მათ ჩამოგდება ელით.
ამიტომაც ამისთვის აგრესორი რუსეთი ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, ასევე, კამიკაძე-დრონებს იყენებს, თუმცა „შაჰიდების“, „გერანების“, ფრთოსანი „კალიბრების“ ჩამოგდებაში უკრაინელმა მეზენიტეებმა ხელი გაისწრაფეს, რისი თქმაც ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით ძალიან ძნელია - დიახ, უკრაინელები აგდებენ რუსულ „ისკანდერებსაც“ და მის საავიაციო ვარიანტს -„კინჟალებსაც“, მაგრამ ამისთვის ძალზე ძვირად ღირებული და დეფიციტური „პეტრიოტების“ საზენიტო რაკეტების გახარჯვა სჭირდებათ...
რუსულ „ისკანდერზე“, სავარაუდოდ, უფრო იაფი ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტების მასობრივად გამოყენებით მოსკოვი ეცდება, უკრაინის საჰაერო თავდაცვას გაახარჯვინოს „პეტრიტების“ საზენიტო რაკეტების მწირი მარაგი, რის შემდეგაც უფრო დამიზნებით გამოიყენებს თავის „ისკანდერებსა“ და „კინჟალებს“...