"ბართა ღალა" - ცათამბჯენი კოშკი ინგუშეთში, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აგებული - კვირის პალიტრა

"ბართა ღალა" - ცათამბჯენი კოშკი ინგუშეთში, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აგებული

„ბართა ღალა“ არის გიგანტური, 100 მეტრის, უფრო სწორად, როგორც მასპინძლებმა მითხრეს, 99 მეტრისა და 97 სანტიმეტრის სიმაღლის კოშკი, რომელიც, ფაქტობრივად, ქალაქის ყველა კუთხიდან მოჩანს.“ - ინგუშეთის უნიკალური კოშკის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი, კავკასიოლოგი - ხვთისო მამისიმედიშვილი გვიამბობს...

- ინგუშეთის, მაგასის სასტუმრო “Artis Plaza“-დან „ბართა ღალამდე“ (თანხმობის კოშკამდე) მისასვლელად ავტომობილით სულ რაღაც 5-10 წუთი დაგვჭირდა. იგი ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მახლობლად, ალანიის მოედანზე მდებარეობს. „ბართა ღალა“ არის გიგანტური, 100 მეტრის, უფრო სწორად, როგორც მასპინძლებმა მითხრეს, 99 მეტრისა და 97 სანტიმეტრის სიმაღლის კოშკი, რომელიც, ფაქტობრივად, ქალაქის ყველა კუთხიდან მოჩანს. იგი წარმოადგენს ინგუშური ტრადიციული საცხოვრებელი კოშკის ასლს და, ფაქტობრივად, შუა საუკუნეების ინგუშური კოშკის არქიტექტურული სტილის მიხედვით აუგიათ.

ade668ff-eaef-43a4-a6b3-4caf9b0cb74f-1705405463.jpg

თუმცა „თანხმობის კოშკი“ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრად უფრო გაუმჯობესებული ჩანდა. კოშკის სიდიდე ოთხჯერ აღემატებოდა მის ტრადიციულ ანალოგს. „ბართა ღალას“ ავტორებმა გაითვალისწინეს კოშკის აგების ძველი ინგუშური ტრადიცია, რომლის მიხედვით, კოშკი უეჭველად ერთ წელიწადში ანუ 365 დღეში უნდა დასრულებულიყო. თუ მოხდებოდა ისე, რომ კოშკის აგება ამ დროში ვერ მოესწრებოდა, დიდი სირცხვილი იქნებოდა და მის მშენებლობას, როგორც წესი, შეწყვეტდნენ. ამდენად, „ბართა ღალა“, რომელიც წარმოადგენდა ინგუშეთის ერთიანობის სიმბოლოსა და ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს, აშენდა 2013 წელს, ძველი ინგუშური წესის დაცვით, ზუსტად ერთ წელიწადში. კოშკის პროექტის ავტორი არის ეროვნებით ინგუში ალიხან ხარსიევი.

ლეგენდის თანახმად, უძველეს დროში თანამედროვე კოშკის ადგილას მდგარა ღალღების ქვეყნის ყველაზე მაღალი კოშკი, რომელიც იმ მიწა-წყლის მცხოვრებლებისთვის სიძლიერის, ღმერთთან ურთიერთობისა და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. ერთხელაც მტრები მოსულან, ადამიანები გაუჟლეტიათ, კოშკი კი დაუნგრევიათ. ინგუშების რწმენით, მხოლოდ საერთო მიზნითა და საერთო შემოქმედებითი სულით გაერთიანებულ ხალხს შეუძლია იმავე ადგილას ძველზე უფრო მაღალი კოშკის აღმართვა.

კოშკს აქვს უზარმაზარი რესურსი კულტურულ-საზოგადოებრივი და სამეცნიერო ღონისძიებების ჩასატარებლად, რადგან იგი მოიცავს საკმაოდ დიდ ფართობს. როგორც მითხრეს, იქ ტარდება ინგუშეთის თეიფების საბჭოს შეხვედრები, ახალგაზრდული ფორუმები, სამეცნიერო კონფერენციები, მათ შორის - სამეცნიერო-კულტურული ღონისძიება „Крупновские чтения“.

koshki-ingusheti-1-1705405487.jpg

როგორც ჩანს, „ბართა ღალას“, ანუ თანხმობის კოშკს, დიდი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია ინგუშური საზოგადოებების კონსოლიდაციაში, რადგან ის ეკუთვნის ყველა ინგუშს და არა მხოლოდ ერთ რომელიმე ინგუშურ თეიფს, როგორც ეს იყო ტრადიციულად საუკუნეების განმავლობაში.

კოშკის 85-ე მეტრის სიმაღლეზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამონტაჟებულია უმაღლესი ხარისხის გამძლე მინის მოედანი, საიდანაც იშლება ქალაქ მაგასისა და მიმდებარე ტერიტორიების მეტად შთამბეჭდავი პანორამა.

კოშკის პირველი სართულის მთლიანი სივრცე დათმობილი აქვს ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ის, როგორც გვითხრეს, ოფიციალურად სულ რაღაც ოთხიოდე წლის წინ, 2019 წლის აპრილში, ქალაქ მაგასის დაარსების 25 წლის იუბილეზე გაუხსნიათ. მუზეუმში წარმოდგენილია შუა საუკუნეების მთიანი ინგუშეთის საბრძოლო და საცხოვრებელი კოშკების იმიტაციები, რომლებიც საკმაოდ მდიდარი ექსპონატებით, შეიძლება ითქვას, მეტ-ნაკლებად სრულად ასახავენ ინგუშური ტრადიციული საოჯახო და სამეურნეო ყოფის დეტალებს. სხვა მუზეუმებისაგან განსხვავებით, სხვადასხვა არტეფაქტი და ექსპონატი შუშის მიღმა არ იყო მოთავსებული, რაც, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სივრცე ძირითადად ასლებსა და იმიტაციებს ეკავათ, მთლიანობაში ქმნიდა რეალურობის ატმოსფეროს.

koshki-ingusheti-5-1705405508.jpg

ექსპოზიციები ისე იყო წარმოდგენილი, რომ მნახველი გასულ საუკუნეებში გადაჰყავდა. მოცულობით ამ უზარმაზარ ნაგებობაში განთავსებული იყო ტრადიციული კოშკებიანი ინგუშური სახლის ოთახები: სასტუმრო, მამაკაცების სამყოფელი, ქალების ოთახი, სადაც ბავშვებს ზრდიდნენ და საოჯახო საქმეს აკეთებდნენ. ყველა განყოფილებაში მდიდრულად იყო წარმოდგენილი ინგუშური ტრადიციული ყოფის ამსახველი არტეფაქტები, საოჯახო ნივთები და აქსესუარები. განსაკუთრებით ეფექტიანი იყო რეალობასთან მიმსგავსებული, ინგუშურ ტრადიციულ სამოსელში გამოწყობილი მამაკაცებისა და ქალების იმიტაციები, შეასაბამისი ნაციონალური მორთულობით. ძველი ინგუშების სამეურნეო საქმიანობის ამსახველ სივრცეს, ასევე, შესაბამისი ადგილი ეკავა კოშკის პირველ სართულზე.

koshki-ingusheti-6-1705405578.jpg

წარმოდგენილ ოთახებს შორის საპატიო ადგილი ეკავა იმიტირებულ სასტუმროს, რადგან ინგუშები, ისევე, როგორც ზოგადად კავკასიის ხალხები, მეტად სტუმართმოყვარე ერია. ისინი უძველესი დროიდან განთქმული იყვნენ თავიანთი სტუმარმასპინძლობით და დღესაც ასეა. ხევსურული გადმოცემები სავსეა ინგუშების სტუმარმასპინძლობის ამსახველი ეპიზოდებით. ინგუშებში, ისევე, როგორც ქართველ მთიელებში, ყოფილა შემთხვევა, რომ ოჯახს სტუმრები მაშინ სწვევიან, როცა სახლში მიცვალებული ჰყოლიათ და მათ მიცვალებული არ გამოუჩენიათ, ხოლო სამგლოვიარო ღონისძიებები სტუმრების წასვლამდე გადაუდიათ.

ჩემზე განსაკუთებული შთაბეჭდილება მოახდინა კოშკის პირველი სართულის სიღრმეში განთავსებულმა იმიტირებულმა სამჭედლომ. იქ განთავსებული იყო ქურა, გრდემლი, მარწუხები და სხვა სამჭედლო ინსტრუმენტები. სამჭედლო ინგუშეთის მთის სოფლებში, ისევე, როგორც კავკასიის მთის ხალხებში, ერთ-ერთ წმინდა და საკრალურ ადგილად იყო მიჩნეული, ხოლო მჭედლები ინგუშებში ხელშეუხებელი პროფესიის ადამიანებად ითვლებოდნენ. მათ ლამის სისხლის აღების წესიც კი არ ეხებოდათ. სოფელ ჰულთან (Хьули) არის ასეთი მიკროტოპონიმი ფჰარმათიე (Пхьарматтие), რაც ქართულ ენაზე აღნიშნავს მჭედლის ადგილს. იგი მდებარეობს სოფელ ჰულის აღმოსავლეთით და მოიცავს საძოვარს, სახნავ-სათეს მიწას და სათიბს. ინგუშებში, ისევე როგორც კავკასიის მთის ხალხებში, მჭედელი, აქიმი და კულტმსახური განსაკუთრებული პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა.

koshki-ingusheti-2-1705405558.jpg

კოშკში დამონტაჟებული არ იყო ლიფტი, რადგან ლიფტი ნაგებობას, ერთი მხრივ, სიძველის ეფექტს დაუკარგავდა და, მეორეც, ის საკმაოდ დიდ სივრცეს დაიკავებდა. სამაგიეროდ, კოშკის ზედა ნაწილში ასვლა შესაძლებელი იყო ელექტრომობილით, რომელიც შემოგვთავაზეს მასპინძლებმა. თუმცა იმდენად მომხიბლა პირველი სართულის ეთნოგრაფიულმა სივრცემ, რომ ვერც კი შევნიშნე, როდის დატოვეს ჩვენი ჯგუფის წევრებმა პირველი სართული და როდის გადაინაცვლეს ელექტრომობილით კოშკის ზედა ნაწილში. სამაგიეროდ, ყურადღებიან მასპინძლებს არ გამოჰპარვიათ ჩემი დიდი სურვილი კოშკის ზედა ნაწილის დათვალიერებისა და ორი დღის შემდეგ, როცა მთიანი ინგუშეთიდან დავბრუნდი, თვითონვე შემომთავაზეს და ელექტრომობილით ამიყვანეს კოშკის ზედა ნაწილში, სადაც დეტალურად დამათვალიერებინეს იმ სივრცეში განთავსებული ღირსშესანიშნავი ადგილები. ელექტრომობილი კოშკის ზედა სართულზე ადიოდა კოშკის შიგნით გაკეთებულ გველის ფორმის პანდუსზე, რომელიც შიგნიდან უვლიდა კოშკის კედლებს და მასზე ადვილად ავიდოდა როგორც ბავშვის ან შშმ პირის ეტლი, ისე - ელექტრომობილი. პანდუსების გაყოლებით, კოშკის კედლებზე განთავსებული იყო თანამედროვე ინგუში მხატვრების ასზე მეტი ნამუშევარი. ნახატებზე გამოსახული იყვნენ ინგუში გმირები, ინგუშური ფოლკლორის პერსონაჟები, ყველაზე მეტად კი ინგუშური ნართების ეპოსის გმირები: სესქათ სოლსა, ბათიგ შირთყა, კალოი კანტი და სხვები. ზოგიერთი ნახატი ასახავდა ისტორიულ მოვლენას ინგუშების ცხოვრებიდან.

„თანხმობის კოშკში“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე იყო ე.წ. სათათბირო ოთახი. იგი განთავსებული იყო კოშკის ზედა ნაწილში, რაც თავისთავად მის საკრალურ დანიშნულებაზე მიუთითებდა. „სათათბირო ოთახი“ მეტისმეტად მდიდრულად იყო გაფორმებული და სამეფო დარბაზის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჭერის სიმაღლე ათ მეტრზე მაღალი იქნებოდა, ჭერი და კედლების ზედა ნაწილი გაფორმებული იყო პანორამული ნახატებით ინგუშების ტრადიციული ცხოვრებიდან. დარბაზში იდგა ნახევრად ოვალური სამი მეტისმეტად ძვირფასი, სავარაუდოდ, ქვის მასალისგან დამზადებული მაგიდა, რომელიც ქმნიდა საკრალურ წრეს. ისინი დამშვენებული იყო ტრადიციული ორნამენტებით. თითოეულ მაგიდასთან იდგა, ასევე, მეტისმეტად ძვირფასი მასალით გაწყობილი ექვს-ექვსი სკამი, რომლებსაც ჰქონდა ადამიანზე მაღალი საზურგე, მათგან სამს - ოვალური, ხოლო სამს კი - წვეტიანი დაბოლოება. ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და, ბუნებრივია, სიმბოლურ დატვირთვას ატარებდნენ.

koshki-ingusheti-3-1705405534.jpg

იმიტირებული „საკრალური წრის“ შიგნით, რომელსაც ნახევრად ოვალური ფორმით გაწყობილი მაგიდები ქმნიდნენ, იდო მრგვალი ქვა, რომელზეც ეწყო სხვა, უფრო მომცრო ზომის ქვები, რომლებიც ნაკვერჩხლისა და კერიის იმიტაციას ქმნიდნენ. როგორც ცნობილია, უხუცესები საკულტო ტაძრებში ხშირად მთელი კვირების განმავლობაში თათბირობდნენ, რათა ღვთისგან მინიჭებული მადლით გადაწყვეტილება მიეღოთ. თათბირი იქამდე გრძელდებოდა, სანამ რჯულის კაცები ერთ აზრამდე არ მივიდოდნენ. როცა ისინი გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ცეცხლს ანთებდნენ და საკვამურიდან ასული კვამლი საზოგადოებას თათბირის დასრულებასა და უხუცესთა მიერ გადაწყვეტილების მიღებას ამცნობდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ტრადიციულად, უხუცესთა თათბირი, იგივე, მეჴქ-ჴელ - ინგუშურად, რომელსაც ჰქონდა როგორც საკანონმდებლო, ასევე, სასამართლო ფუნქცია, უმეტესად ღია ცის ქვეშ ტარდებოდა და ძვირფასი სკამების მაგივრობას უბრალო ქვები ასრულებდნენ, რომლებზეც ასაკის, გამოცდილებისა და დამსახურების მიხედვით, უხუცესები სხდებოდნენ.

ამდენად, „თანხმობის კოშკის“ ზედა ნაწილში განთავსებულ „სათათბირო ოთახს“ უფრო სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა და ტრადიციულ რეალობას არ ასახავდა.

(სპეციალურად საიტისთვის)