კადიროვმა ამერიკელ ყოფილ მზვერავს-რუსების პროპაგანდისტს გროზნოში მეფური „აღლუმი“ მოუწყო... - კვირის პალიტრა

კადიროვმა ამერიკელ ყოფილ მზვერავს-რუსების პროპაგანდისტს გროზნოში მეფური „აღლუმი“ მოუწყო...

ის, რომ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს აღლუმების ჩატარება უყვარს, რომლებზეც კბილებამდე შეიარაღებულ თავის ერთგულ მებრძოლებსა და ჯავშანტექნიკას მთელ მსოფლიოს (მათ შორის კრემლის დასანახავადაც) წინაშე „აპიარებს“, არ ახალია...

მაგრამ, გუშინ კადიროვმა თავის თავსაც აჯობა და მორიგი „აღლუმი“ - რამდენიმე ათასი მებრძოლისა და ასამდე ჯავშანტექნიკის დემონსტრირებით,არც მეტი და არც ნაკლები...ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითისა და ყოფილი მზვერავის,სკოტ რიტერის საპატივცემულოდ მოაწყო...

ვინ არის ასეთი სკოტ რიტერი, რომ ამ ამერიკელის თვალწინ თვით ის რამზან კადიროვი იწონებდა თავს, რომელიც პუტინის კვალდაკვალ დღე და ღამე დასავლეთის და კონკრეტულად კი აშშ-ის კრიტიკა-გინებაშია?

სკოტ რიტერი, როგორც სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტი, მსოფლიოს დიდ ნაწილში აღიქმება, როგორც პუტინის პროპაგანდისტული მანქანის ამერიკელი წარმომადგენელი, რომელსაც ყოველდღიურად „იმოწმებს“ რუსეთის პროპაგანდისტული მასმედია უკრაინის ოკუპაციის „გასაპრავებლად“, ამიტომაც სკოტ რიტერი ვერანირად ვერ აღიქმება მიუკერძოებელ ექსპერტად, მითუმეტეს მისი კადიროვთან გროზნოში ასეთი პომპეზური მიღების შემდეგ...

62 წლის უილიამ სკოტ რიტერ-უმცროსმა 12 წელი იმსახურა აშშ-ის საზღვაო ქვეთთა კორპუსში დაზვერვის ოფიცერად, რის შემდეგაც ერაყში გაეროს სპეციალური კომისიის ინსპექტორი გახლდათ, რომელიც სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღს ეძებდა...

1998 წელს ერაყელებმა სკოტ რიტერი და სხვა ინსპექტორები სადაზვერვო საქმიანობაში დაადანაშაულეს-ისრაელისთვის ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით და აუკრძალეს ერაყში შესვლა.

2-s-1704541974.png
სკოტ რიტერისთვის თავის ცხოვრებაში არავის მოუწყვია ასეთი საპატიო დახვედრა,გასაგებია,რომ ის უფრო მეტი თავდადებით გააგრძელებს პუტინის რეჟიმის დანაშაულებების „გაპრავებას“ მსოფლიო მასშტაბით, რისთვისაც პროპაგანდისტული რუსული Russia Today -სგან სერიოზულ ანაზღაურებასაც მიიღებს...

მას შემდეგ სკოტ რიტერი, რომელიც უმუშევარი დარჩა, ფაქტობრივად ერთგვარ „პაციფისტად“ გადაიქცა, რომელიც აშშ-ის თითქმის ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობას აკრიტიკებდა, მაგრამ მისი „ექსპერტული“ აქტივობა განსაკუთრებით გააქტიურდა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, როდესაც სკოტი მუდმივად კრემლის საამებელ პოზიციას იკავებს და ყველანაირად ცდილობს გაამართლოს პუტინის ქმედებები-ბუჩაში უკრაინელი მოქალაქეების მასიური დახოცვა მან ისევ უკრაინელ პოლიციელებს დააბრალა, მიუხედვად იმისა, რომ მასზე ბევრად კომპენტენტურმა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაამტკიცა ბუჩის ტრაგედიაში რუსი ოკუპანტი სამხედროების მონაწილეობა...

ამერიკელი სკოტ რიტერის ასეთი პოზიცია ადვილად გასაგებია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ის რუსეთის სახელმწიფო მედიაორგანიზაციისთვის Russia Today -სთვის ამზადებს პუბლიკაციებს და შესაბამისად იღებს არცთუ მცირე გასამრჯელოსაც-ამ მრავალენობრივი რუსული პროპაგანდისტული მანქანის მთავარი რედაქტორი, ხომ თავად...მარგარიტა სიმონიანია...

ისე საინტერესოა, იცოდა თუ არა გროზნოს ცენტრში ათასობით ჩეჩენი მებრძოლის თვალწინ, როდესაც „ეხუტებოდა“ რამზან კადიროვი ამერიკელ სკოტ რიტერს, რომ ეს უკანასკნელი აშშ-ში ორჯერ-2001 და 2009 წლებში დაკავებულ იქნა...პედოფილიის ბრალდებით, როდესაც სოციალურ ქსელებში სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა არასრულწლოვნებთან, უფრო სწორედ კი არასრულწლოვნების სახელით მოქმედ პოლიციის აგენტებთან-2011 წელს სკოტ რიტერს სასამართლომ 5,5 წელი მიუსაჯა პედოფილიის მცდელობისთვის და მას პენსილვანიის შტატის ციხეში ორ წელზე მეტის გატარება მოუწია...

3-s-1704541973.png
როდესაც რუსეტის საოკუპაციო ძალებს უკრაინის ფრონტზე უჭირთ და ამ დროს ჩეჩნეთში რამზან კადიროვი ამხელა,კბილებამდე შეიარაღებულ და საუცხოოდ აღჭურვილ პირად „არმიას“ ინახავს,ეს პირველ რიგში კრემლის მთავარი ბინადარის-პუტინისთვის უნდა გახდეს მოახლოებული საფრთხის მიმანიშნებელი, მითუმეტეს, რომ პრიგოჟინის „ვაგნერის“ მოსკოვისკენ გალაშქრების ისტორია დავიწყებას ჯერ არ მისცემია...

P.S. გროზნოში ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითის, ყოფილი სამხედრო მზვერავისა და პედოფილიის მცდელობაში ყოფილი მსჯავრდებულის მეფურად მიღების დროს რამზან კადიროვმა ერთი ძალზე საინტერესო განცხადებაც გააკეთა, რითაც უკრაინელებზე მეტად შეიძლება რუსი ზე-პატრიოტები განაცვიფრა და გააბრაზა...

„ჩვენს გვყავს ტყვეები, რომლებიც ლუგანსკიდან და დონეცკიდან წამოვიყვანეთ. მათ სიას ჩემს ამერიკელ სტუმარს გადავცემ. თუკი ისინი მოუხსნიან სანქციებს დედაჩემს, ჩემს გოგონებს, უდანაშაულო ადამიანებს, ჩემს ცხენებს, ჩემს გარდა, მაშინ ამ ტყვეებს გადავცემ“-ასეთი განცხადების შემდეგ კადიროვმა სკოტს უკრაინელი ტყვეების სია გადასცა და 20 უკრაინელი სამხედრო ტყვეს ვიდოკადრები აჩვენა...

ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია რუსების იმ ნაწილში, რომელთა ახლობლები უკრაინელთა ტყვეობაში რჩებიან, ხოლო კრემლი არ ჩქარობს მათ გაცვლას და ამის ფონზე კადიროვი... თავისი ცხენებისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ცვლისო?!

მიუხედვად იმისა, რომ შიშის გამო ამაზე უკმაყოფილობის ღიად გამოთქმა ვერცერთმა ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა ვერ გაბედა, კადიროვი მიხვდა (ან მიახვედრეს) რომ ძალზე გადაამლაშა და სიტუაციიდან გამოსასვლელად მეორე დღეს თავი იმართლა-ეს იყო „მსხვილი ტროლინინგი“, თორემ ვიღაც ამერიკელების სანქციები ცხოვრებაში ხელს არაფრით არ მიშლისო...