"თითქმის ყველა "ლაივზე" გამაყუჩებლის მიღება მჭირდება" - დათუნა მგელაძის 2023 წლის მთავარი ამბავი და სულ სხვაგვარი გამოფხიზლება
"ჩემი შვილის, ვატატოს პირველi ნაბიჯები, პირველად დაძახებული "მამა"... ამ ბედნიერებას სიტყვებში ვერაფრით ჩაატევ. როგორც და რაც უნდა თქვა, განცდის სიმძაფრესთან მაინც არასაკმარისი იქნება", - ეს მომღერალ დათუნა მგელაძის პასუხია შეკითხვაზე, - რა იყო 2023 წლის მთავარი ამბავი? რას ელოდება 2024 წლიდან და რა ახალი აღმოჩენები გააკეთებინა პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები"? დამღლელი რეპეტიციის შემდეგ გამონახა დრო, რომ ჩვენთან ამ ყველაფერზე გულახდილად ესაუბრა.
- მთელი დღე რეპეტიცია მაქვს და ეს იმდენად რთული პროცესია, ვერც კი წარმოიდგენ. ეს პროექტი სულ მომწონდა, განსაკუთრებით მაშინ ვიყავი ჩართული, როდესაც ჩემი მეგობრები გამოდიოდნენ, მათ ვგულშემატკივრობდი.
- ბევრი იფიქრე, დათანხმებულიყავი თუ არა?
- ნოე სულაბერიძემ დამირეკა და შემომთავაზა, მეცეკვა. ეს არ იყო პირველი შემოთავაზება, პროექტში მიწვევა წინა სეზონებზეც მქონდა, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი, რადგან მეგონა, ამას ვერასდროს შევძლებდი.
- ახლა რატომ დათანხმდი?
- ამ შეკითხვას საკუთარ თავს თავადაც ვუსვამ და პასუხი არ ვიცი. შეიძლება ითქვას, დიდი ხნის განმავლობაში, პასიური პერიოდი მქონდა პროფესიაში, სხვა საქმეებზე ვიყავი გადართული. საბოლოოდ, ალბათ ამ ფაქტორებმა დასძლია და დავთანხმდი. მეგონა, ისე მოვახერხებდი, სიმღერაც მექნებოდა ჩართული, მეგონა პრემიერასაც გავაკეთებდი, რატომღაც ასე წარმოვიდგინე. პირველი რეპეტიციის შემდეგ ჩემმა მეწყვილემ კარინამ რომ შემაქო, აი, მანდ მოვიწამლე. მითხრა, ყველაფერი კარგად არის, აუცილებლად ბოლომდე უნდა იბრძოლო, მზად ხარო? - მეხუმრები-მეთქი? - არა, ამას ძალიან სერიოზულად ვამბობო. ამ შექებამ უდიდესი სტიმული მომცა. კარინამ რეპეტიციაზე ჩემი ცეკვის ვიდეო გადაიღო და რომ მაჩვენა, გავოცდი.
- საკუთარი თავი ვერ იცანი?
- ცეკვის დროს საკუთარ თავს ახლაც ვერ ვცნობ, ვუყურებ და მგონია, მე არ ვარ.
- ყველაზე დიდი სირთულე, რაც დღემდე შეგხვდა, რა იყო?
- ჩემი ჯანმრთელობა. არ მინდა წუწუნი გამომივიდეს, მაგრამ რეპეტიციები დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული, თითქმის ყველა "ლაივზე" გამაყუჩებლის მიღება მჭირდება.
- ვინც არ იცის, იმ მკითხველისთვის განვმარტავ, რომ წლების წინ, ავტოავარიის შედეგად მოტეხილობები გქონდა, რეაბილიტაციისთვის ხანგრძლივი პერიოდი დაგჭირდა.
- დიახ, ჩემი ტრავმიდან გამომდინარე, მქონდა ბევრი ატროფია და არ მაქვს ისეთი კუნთები, რომლებმაც ჩემი სხეული უნდა დაიჭიროს, მით უმეტეს, ისეთი დატვირთვა აიტანოს, როგორიც ცეკვის მომზადებას სჭირდება. შეიძლება ითქვას, ძვლებით დავდივარ.
- რეაბილიტაციის შემდეგ ასეთი დატვირთვა არ გქონია, არა?
- მე ვარ ადამიანი, რომელიც უახლოეს მაღაზიაშიც კი მანქანით დადის.
"გიყურებდი და თან განცვიფრებული, ჩემო დათუნა. გამახსენდა ის ყველაზე მძიმე დღეები და უმძიმესი ტრავმა, გამახსენდა ის პირველი შეხვედრა, როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროფესორმა შადიმან სახვაძემ შენი თავი ჩამაბარა და მითხრა, - "მაკა, ეს ბიჭი, ფეხზე ერთად უნდა დავაყენოთ"! მაშინაც მიკვირდა, იმდენ ტკივილს გაუძელი და ყველაფერი შევძელით. მერე იყო რეაბილიტაციის რთული წლები, მაგრამ შენ და ჩვენ ვიცოდით, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო. ახლა კი, რომ გიყურებ, თან ბედნიერი ვარ და თან აქედან გეძახი: "ფრთხილად, დათუნა!" შენ ხარ მაგალითი შეუპოვრობის და მიზანდასახულობის. გვიყვარხარ და ბოლომდე ვართ შენთან. რა ლამაზად ცეკვავ, ბიჭო!" - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ სტატუსის ავტორი ექიმი მაკა ბულეიშვილი გახლავთ.
დათუნა:
- შადიმან სახვაძემ და მაკა ბულეიშვილმა ჩემს ფეხზე დადგომაში უდიდესი როლი ითამაშეს. მაკა ექიმმა ეს სტატუსი რომ დაწერა და წავიკითხე, ვერ აღვწერ, როგორი ემოციური იყო. ამ პროექტში მონაწილეობაზე დათანხმებით ძალიან გავრისკე, დიდი ნაბიჯი გადავდგი და ეს რომ შევძელი, ჩემი თავით ვამაყობ.
- ემოციურად ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი ცეკვა იყო?
- ქართული ტურში შესრულებული ცეკვა. ამ ქვეყანაში ქართულის შესრულება უდიდესი პასუხისმგებლობაც არის. ის ილეთები, კარდიო ახტომა-დახტომა, რომელიც ქართულ ცეკვას ახასიათებს, ურთულესია, მით უმეტეს - ჩემთვის.
- კარინა რამდენად გეხმარება, ერთმანეთს კარგად უგებთ?
- მე ვარ ადამიანი, რომელიც შენიშვნით, ცალი წარბის ზემოთ აწევით ვერაფერს იგებს, შექებით კი ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვისწავლო, სირთულე დავძლიო და ა.შ. ასე უფრო ვიგებ, თან დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს. არასდროს მიცეკვია, ცეკვაზე ბავშვობაშიც კი არ მივლია. კარინა არაჩვეულებრივი პიროვნებაა. რეპეტიციები რომ დავიწყეთ, მას დაველაპარაკე, ავუხსენი, როგორი ხასიათი მქონდა. ვუთხარი, რომ უნდა გვემეგობრა, თუ გვინდოდა წარმატებისთვის მიგვეღწია. ასე შედგა ჩვენი ტანდემი. კარგ პიროვნულ თვისებებთან და მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად, კარინა, როგორც მასწავლებელი, საუკეთესო აღმოჩნდა.
- ამდენი ტურის განმავლობაში, ალბათ არაერთი უცნაური შეფასებაც მოისმინე, არა?
- ცეკვის შემდეგ ხომ ლოგიკურია, ელოდები შეფასებას, რაღაც უნდა გითხრან. გოჩა ჩერტკოევი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ უცნაური შეფასება მისგან მახსენდება. მითხრა, ღილებიანი შარვალი რატომ გაცვია (იცინის)? ამას მე არ ვწყვეტ, კოსტიუმზე ადამიანების გუნდი ზრუნავს.
- ამ პროექტმა საკუთარი თავი სხვაგვარად დაგანახვა, არა?
- ადრე ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა შეუძლებელი მეგონა და თურმე, შეუძლებელი არაფერია, მთავარი მონდომებაა. "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" საკუთარი შესაძლებლობები სხვაგვარად დამანახვა და უდიდესი მოტივაცია შემძინა.
- საკუთარ თავს ფინალში ხედავ?
- ვხედავ და ვფიქრობ, ვიმსახურებ.
- მაყურებლის დამოკიდებულებაზე რას იტყვი?
- მათი მხრიდან თბილი სიტყვები დიდი დოზით არის ჩემს ცხოვრებაში, რაც სასიამოვნოა.
- 2023 წელი შენთვის როგორი იყო?
- ძალიან კარგი წელი იყო, ახალი შემართებით და გამოწვევებით შევხვდები 2024-ს. პირველი ახალი წელია, რომელსაც სიმღერით კი არა, ცეკვით ვხვდები.
- რა იყო შენთვის 2023 წლის მთავარი ამბავი?
- ჩემი შვილის, ვატატოს პირველი ნაბიჯები, პირველად დაძახებული "მამა"... ამ ბედნიერებას ვერაფრით ჩაატევ სიტყვებში. როგორც და რაც უნდა თქვა, განცდის სიმძაფრესთან მაინც არასაკმარისი იქნება.
- როგორ ხვდებით ახალ წელს ოჯახში, რა ტრადიცია გაქვთ?
- ამ დროს ჩვენი სამზარეულოდან ყოველთვის საოცარი სურნელი გამოდის. გურმანი ვარ, გემრიელი კერძები ძალიან მიყვარს, მაგრამ ბოლო წლებში, მხოლოდ სურნელით "ვკმაყოფილდებოდი", სულ გარეთ გასვლა მიწევდა. წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება. იმედია, პროექტში დავრჩები და ახალ წელს გულდაწყვეტილი არ შევხვდები. მინდა ბედნიერების განცდა და სიხარულით სავსე გული მქონდეს.
- კერძი, რომელიც ყოველთვის არის თქვენს საახალწლო სუფრაზე, რომელია?
- შემწვარი გოჭი, მაგრამ ის აუცილებლად უნდა იყოს დედას მომზადებული, ბევრი სუნელით და აჯიკით. არ ვიცი, როგორ ინარჩუნებს საჭირო ტემპერატურას, მაგრამ უგემრიელესი გამოსდის, კნატუნა. საძმაკაცო, სანათესავო, ყველა გიჟდება და ყველას ამახსოვრდება, ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს.
- საახალწლო სამზადისში თავად რა დოზით ხარ ჩართული?
- პროდუქტი მიმაქვს, დედას ან მეუღლეს მაღაზიებში თუ გავიყვან, მხოლოდ ამით შემოვიფარგლები, ჩემი როლი აქ სრულდება.
- მეკვლედ გეპატიჟებიან?
- ჩემი ოჯახის მეკვლე ყოველთვის თავად ვიყავი, ახლა ჩემი ვატატო იქნება. მეზობლებთან და ნათესავებთან ბავშვობაში მეკვლედ ხშირად დავდიოდი.
- ახალ წელს უჩვეულო გარემოში შეხვედრიხარ?
- ავტობანზე შევხვდი, თბილისიდან ქუთაისში, კონცერტზე მიმავალი.
- 2024 წლის მოლოდინზე რას გვეტყვი?
- ეს მოლოდინი უნდა შევქმნა თავად, უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე, ვიმუშაო კლიპებზე, სიმღერებზე... მადლობა ამ პროექტს, ასეთი გამოფხიზლებისთვის. შემოქმედებითად დატვირთული წელი მექნება, სხვაგვარი სურვილებითა და შემართებით ვარ დამუხტული.
- სურვილები აგსრულებოდეს, დამდეგ ახალ წელს გილოცავ!
- დიდი მადლობა, მეც გილოცავ, ყველას წარმატებული წელი გვქონდეს!
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"