უკრაინის რუსეთთან ომის ახალი ტაქტიკა-ოკუპანტების მართვის პუნქტებსა და რადარებზე "ნადირობა" დაიწყო... - კვირის პალიტრა

უკრაინის რუსეთთან ომის ახალი ტაქტიკა-ოკუპანტების მართვის პუნქტებსა და რადარებზე "ნადირობა" დაიწყო...

რუსეთ-უკრაინის ომს მალე ორი წელი "შეუსრულდება“ და უკვე გამოკვეთილია არსებული რეალობა:

პირველი-გასულ წელს უკრაინის არმიამ ვერ შესძლო კარგი შანსის გამოყენება და მისი კონტრშეტევები წარუმატებელი გამოდგა.

მეორე-წელს, გაზაფხულისთვის ანალოგიური კონტრშეტევების განსახორციელებლად უკრაინას აღარ ეყოფა რესურსები, გინდ უცხოური სამხედრო დახმარების მოცულობის სახით და გინდაც ახალი მებრძოლების მობილიზაციით.

მესამე-შესაბამისად,ეს,2004 წელი უკრაინის გაძლების ანუ თავდაცვითი სახის ბრძოლები იქნება, რომ იერიშზე გადასულ ოკუპანტებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიონ და ახალი ტერიტორიები არ დაუთმონ.

მეოთხე-ასეთ დროს წინა პლანზე იწევს ბრძოლის ახალი ტაქტიკის არჩევა,როდესაც ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეტევების განხორციელების შესაძლებლობები ამ პერიოდისთვის, ფაქტობრივად დაკარგულია უკრაინის დამცველებისთვის.

და, ასეთ,ბრძოლის ახალ ტაქტიკად უკრაინის გენშტაბი ირჩევს...მოწინააღმდეგის მართვის პუნქტებისა და რადილოკაციური სადგურების განადგურებას, მათზე მასიური „ნადირობის“ დაწყების სქემით.

რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგის მართვის პუნქტებზე, რადიოლოკატორებზე, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებზე, ყველა თანამედროვე ომის დროს „ნადირობენ“ და ასეც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ,როდესაც ასობით რუსულმა ფრთოსანმა და ბალისტიკურმა რაკეტამ, ასევე საფრონტო ბომბდამშენებმა და დამრტყელმა შვეულმფრენებმა პირველი საჰაერო დარტყმები სწორედ უკრაინის არმიის სტაციონალურ სამხედრო ობიექტებზე-მართვის პუნქტებზე, აეროდრომებზე საზღვაო ბაზებზე, საზენიტო-სარაკეტო დანადგარებსა და რადიოლოკატორებზე მიიტანეს...

უკრაინაზე თავდასხმის წინ რუსეთის სამხედრო დაზვერვას ბუნებრივია წინასწარ მონიშნული ჰქონდა ამ ტიპის სამიზნეები, რომელთა გამოვლენას დიდი შრომა არ სჭირდებოდა, რადგან უკრაინის არმიის ძირითადი მართვის პუნქტები, ისევე როგროც აეროდრომები,ხომ იმავე ადგილებზე რჩებოდნენ,როგორც ის კრემლმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დატოვა დამოუკიდებლობა გამოცხადებული უკრაინის ტერიტორიაზე...

მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკრაინის არმიამ მაინც მოასწრო მოქმედი რადილოკატორების, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, საბრძოლო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების უმეტესი ნაწილის გადაბაზირება უშუალოდ პირველი რუსული საჰაერო დარტყმების წინ და რუსეთის გენშტაბში იმაზე ხარობდნენ, თუ მათმა ძვირადღირებულმა „ისკანდერებმა“ და „კალიბრებმა“ რამდენი ჩამოწერილი უკრაინული „მიგი“ და რადიოლოკატორი როგორ ააფეთქეს ცრუ პოზიციებზე...

დასავლეთის მიერ მართვადი სარაკეტო შეიარაღების მიწოდების შემდეგ უკრაინის არმიასაც გაუჩნდა იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ოპერატიულად მიეყენებინა „წერტილოვანი“ საჰაერო დარტყმები დაზვერვის მიერ ახლადგამოვლენილ რუსი ოკუპანტების მართვის ცენტრებზე, რადიოლოკაციურ სადგურებსა თუ შვეულმფრენების საველე აეროფრომებზე,მათ შორის „ჰაიმარსისა“ და ფრთოსანი რაკეტების საშუალებით.

2-saki-1704617951.png
ამ ისტორიულ, თანამგზავრულ ფოტოზე აღბეჭდილია ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის საკის სამხედრო აეროდრომზე ჯერ კიდევ 2022 წლის 9 აგვისტოს უკრაინული სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურებული ათზე მეტი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი-2024 წლის 6 იანვარს ამავე აეროდრომზე უკრაინულმა რაკეტებმა ამჯერად რუსი ოკუპანტების მართვის პუნქტი „შეიწირეს“...

თუმცა, ეს ტენდეცია განსაკუთრებით გამოიკვეთა ახალი, 2024 წლის პირველი დღეებში,როდესაც უკრაინული ფრთოსანი რაკეტები და კამიკაძე-დრონები ყოველ ღამე „სტუმრობენ“ ანექსირებულ ყირიმში განთავსებულ რუსეთის საოკუპაციო ძალების მართვის პუნქტებს,საჰაერო თავდაცვის პოზიციებს და სამხედრო აეროდრომებს...

მართალია, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამაყად აცხადებს მორიგი უკრაინული რაკეტის „ჩამოგდების“ შესახებ,მაგრამ ამის ნაკლებად სჯერათ თავად ყირიმელებს, რომელთა თვალწინაც ეს რაკეტები მიზნებს ხვდებიან, ხოლო უკრაინული მხარე მოგვიანებით დებს ამ წარმატებული საჰაერო დარტყმების ამსახველ თანამგზავრულ ფოტოებს...

3-saki-1704617800.jpg
2023 წლის 23 აგვისტოს ტარხანკუტის კონცხზე (ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპირო) რუსული საზენიტო-სარაკეტო С-400 "Триумф" -ის გასაშვები დანადგარის აფეთქების მომენტი უკრაინული ფრთოსანი რაკეტით,რაც ასევე უკრაინული სადაზვერვო დრონის ვიდოკამერამ დააფიქსირა-ახალი წლის დასაწყისში ყირიმში რუსი ოკუპანტების საზენიტო საშუალებებზე „ნადირობა“ ახალი ძალით გაჩაღდა...

მოწინააღმდეგის საბრძოლო დაჯგუფების მართვის სისტემის მოშლა, ისევე როგორც რადიოლოკატორების აფეთქებებით მისი საჰაერო თავდაცვის „დაბრმავება“, ხშირად უფრო მაღალეფექტიანია, ვიდრე უშუალოდ ფრონტის ხაზზე მტრის ათი ტანკის აფეთქება თუ მისი ორასი მებრძოლის განადგურება.

მაგრამ, ამ ახალი ტაქტიკის მასიურად განსახორციელებლად უკრაინის არმიას აუცილებლად სჭირდება მაღალტექნოლოგიური და შესაბამისად ძვირადღირებული ფრთოსანი და ბალისტიკური მართვადი რაკეტებისა და პლანირებადი საავიაციო ბომბების შეუწყვეტლად მიწოდება დასავლეთისგან...

გასულ წელს ჩაშლილი უკრაინული კონტრშეტევების შემდეგ კი დასავლეთელი პოლიტიკური ლიდერები ცოტა უცნაურ პოზიციას იჭერენ, თითქოს გულგატეხილნი არიან ამით და მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების იმავე მოცულობით გაგრძელების პროცესს, მაშინ როდესაც დღეს უკრაინის დამცველებს უფრო მეტი საარტილერიო ჭურვები და რაკეტები სჭირდებათ, რათა ამ ფართომასშტაბიან და სისხლისმღვრელ ომში რუს ოკუპანტებს გამარჯვების მოახლოების ილუზია არ შეექმნათ...