"როცა რუსთაველის გამზირი განათებულია, შემიძლია, 20 წრე დავარტყა"
საახალწლო დღესასწაულები და მხიარულ-სევდიანი მოგონებები
შობა-ახალ წელს, სასწაულის მოლოდინი და სურვილების ახდენის რწმენა მეტ-ნაკლებად ყველას აქვს. ამასთან დაკავშირებული ემოციებისა და მოგონებების გაზიარება რამდენიმე ადამიანს ვთხოვეთ...
"უქუდოდ ვეღარ დაგენახვებით"
მარტა ბარამიძე:
- ახალი წელი მართლა სასწაული, კარგი დღესასწაულია, მაგრამ რაღაცები, რაც ახალი წლის დღესასწაულზე ხდებოდა, ისე სენტიმენტალურად მახსენდება, რომ ხშირად ვცდილობ, ამის შესახებ არავის მოვუყვე, რათა არ დასევდიანდნენ. ამაზე საუბარი ახლაც მერიდება...
მოგეხსენებათ, 31 დეკემბრის ღამეს, 12 საათი რომ შესრულდება, ამ დროს შინ მეკვლე უნდა შემოვიდეს. 12 საათის დადგომამდე, ჩემი გამზრდელი სახლიდან გარეთ მიშვებდა - კატის თვალები გაქვს, კარგს არაფერს მოიტან, გადი და დაელოდე, რომ ვინმე შემოვიდეს, შენ კი მერე შემოდიო, ანუ მეკვლე არ უნდა ვყოფილიყავი. მახსოვს, სადარბაზოში ვიცდიდი ხოლმე. ერთი სული მქონდა, სახლში ვინმე შესულიყო, რომ შემდეგ მეც შევსულიყავი...
- ლოდინი დიდხანს გიწევდა?
- კი, დიდხანს... ბოლოს ლამის მშიერი ვრჩებოდი - სუფრაზე აღარაფერი იდო ხოლმე (იცინის)... სახლში შემოსული ფანჯარასთან ვდგებოდი, რომ სურვილი ჩამეფიქრებინა. ყოველთვის რაღაც ზოგადი სურვილი მქონდა - მინდოდა, ყველა ჯანმრთელი და ძალიან ბედნიერი ყოფილიყო. პირადი სურვილი არასოდეს ჩამიფიქრებია... წინათ ღია ბარათები იყიდებოდა - გახსნიდი და მუსიკას უკრავდა, გარედან თოვლის ბაბუა ეხატა. იმ პერიოდში ციმციმები, ე.წ. "გლითერები" არ იშოვებოდა. ღია ბარათზე დახატულ თოვლის ბაბუას ასეთი "გლითერები" ჰქონდა დაყრილი. ცოტას მოვაფცქვნიდი და თვალებზე ვისვამდი - ძალიან მომწონდა. შემდეგ დავხურავდი და ვინახავდი, რომ მომდევნო ახალი წლისთვის მქონოდა (იცინის)... ყველაფრის მიუხედავად, ახალი წელი ჩემთვის მაინც ჯადოსნურ დღესასწაულად რჩება. ძალიან მინდა ხოლმე, ამ დროს ის ბავშვები, ვინც ბევრ რამესაა მოკლებული, გახარებულები იყვნენ. დიახ, ყველაზე მეტად მათი ბედნიერება მსურს ამ დღესასწაულზე!
- როგორც ვიცი, ბავშვთა სახლში მცხოვრებთა სურვილების ახდენაზე ზრუნავ...
- ერთ-ერთი ბავშვთა სახლიდან მომწერა პატარამ. შემდეგ სურვილები გამომიგზავნეს. მარტო ვერ შევძლებ, მაგრამ სხვების დახმარებითაც, მათ ოცნებას ავუსრულებთ და რამდენიმე ბავშვს მაინც გავახარებთ, სიხარულით თვალებს ავუნთებთ...
- მარტა, თოვლის ბაბუის არსებობის გჯეროდა?
- სიტუაციას რეალისტურად ვუყურებდი და ვიცოდი, თოვლის ბაბუა არ არსებობდა. საახალწლოდ ჩემთვის საჩუქარიც არავის დაუხვედრებია და მის არსებობას ვერც დავიჯერებდი, მაგრამ ვისაც სჯეროდა, მათ ამას მაინც არ ვეუბნებოდი (იღიმის).
- შობას როგორ აღნიშნავდი?
- ცოტათი მოზრდილ ასაკში, შობის ყოველ დღესასწაულს ტაძარში ვატარებდი. ჩემთვის შობა უფრო სისუფთავის, სიწმინდის, ადამიანური ღირებულებების დღესასწაულია, ახალი წელი კი - სამხიარულო. შობა მართლაც უმნიშვნელოვანესი და უკეთილშობილესი მოვლენაა, როცა ვფიქრობ, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ ყველა წყენას, გაუგებრობას ივიწყებენ და მშვიდად, მეგობრულად ცხოვრებას აგრძელებენ. თუ ასე არ ხდება, ჩემი სურვილი ეს არის, რომ შობის მადლით, ადამიანებმა ცხოვრების გაგრძელება მშვიდ ნოტაზე შეძლონ.
- დღესდღეობით, ახალ წელს როგორ აღნიშნავ?
- სულ ვცდილობ, ეს დღესასწაული რაც შეიძლება მხიარულად გავატარო. საერთოდ, მხიარული ვარ. ახალ წელს უმეტესად მეგობრებთან ერთად ვატარებ. ვგიჟდები, როცა ქუჩაში ჟრიამულია, დარიჩინის სუნი დგას, ყველა ფუსფუსებს... რა თქმა უნდა, მეც მინდა ამის ნაწილი ვიყო და საახალწლო სამზადისში ვერთვები.
- ბავშვობაში გეძლეოდა საშუალება, რომ საახალწლო სუფრისთვის რამე თავად მოგემზადებინა?
- საახალწლო სუფრის სამზადისში ყოველთვის ვმონაწილეობდი, მაგრამ განსაკუთრებული კერძის მომზადება ტრადიციად არ მქონია... ბოლო დროს ახალ წელს "სტრიტ ფუდები" იმართება, სადაც ყველაზე ბევრი ხალხია. მეც ჯიხური მაქვს "აღებული" და ახალ წელს იქ ვხვდები. ვცდილობ, ჩემს მენიუში რაიმე განსაკუთრებული, საახალწლო, სეზონური კერძი ან ტკბილეული შევიტანო... ახალ წელს მაინც თავისი ფანტასტიკური არომატები ახასიათებს. მინდა ჩემი განსაკუთრებული კერძი ასეთი არომატებით გაჯერებული იყოს.
- საბოლოო ჯამში, შენთვის 2023 წელი როგორი იყო?
- საკმაოდ რთული იყო: ბევრი რამის გადალახვა მომიხდა, რის შესახებაც არ მისაუბრია და ამაზე ლაპარაკს ახლაც არ ვაპირებ, თუმცა საინტერესოა და ვფიქრობ, სირთულის, დაბრკოლებების გადალახვის გარეშე, სიტკბოებას ნაკლებად შეიგრძნობს ადამიანი... ამიტომ მიმაჩნია, რომ ესეც საჭირო იყო. საერთოდ, სამყარო ისეთი კანონზომიერია, რომ მოვლენები, რომლებიც ხდება, საჭიროა: თუკი შენს ცხოვრებაში ბევრი ცუდი მოხდება, ერთ დღესაც ეს აუცილებლად დასრულდება და კარგი ამბები დაიწყება. კარგსაც ხომ სჭირდება ადგილის გამოთავისუფლება, არა? რაღაცნაირად, ცუდი მოვლენები ადგილს ათავისუფლებს, რომ შემდეგ კარგი მოხდეს და სულ პოზიტიურის მოლოდინი გაქვს ადამიანს... ბევრი სირთულის მიუხედავად, 2023 წლის მადლიერი ვარ. ცხოვრების კიდევ ერთი ფურცელი გადაიშალა, ახალ წელს კი ახალი ფურცლის "წერას" იმით ვიწყებ, რომ ის სფერო და სტილი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, საქმედ ვაქციე: კომენტარებში ხშირად მიწერენ - ქუდი მოიხადე, უქუდოდ დაგვენახეო. ვერ მოგართვით, ჩემო კარგებო, უქუდოდ ვეღარ დაგენახვებით, განსაკუთრებით - ახლა, რადგან ქუდების მაღაზიის მარკეტინგსა და მენეჯმენტს ვხელმძღვანელობ (იღიმის). სხვათა შორის, ხშირად უკვირთ, რომ როგორი ამინდიც უნდა იყოს - ქარბუქი თუ თოვლი, ქუდი არ მძვრება. სპეციალურად, ჩემებურად ვიფარებ. თავის ფორმაზე ისე მაქვს მორგებული და ისე ვიმაგრებ, რომ არ მომძვრეს. ვინც ჩვენს მაღაზიაში მოდის, კონსულტაციას პირადად ვუწევ, ქუდის შერჩევაში ვეხმარები. ისეთი ქუდიც გვაქვს, რომლის თვრამეტნაირად მორგებაც შეიძლება და ვიდეოინსტრუქცია მოჰყვება, თუ როგორ უნდა დაიმაგრო, გადააკეთო... მოკლედ, საკუთარი ინტერესი და სურვილები საქმედ ვაქციე - ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ფურცლის წერა...
"ჩემი ოჯახი ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ ეჭვი არ შემპარვია"
ნუცა თოფურია:
- ახალი წლის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ბავშვობიდან ისეთი განსაკუთრებული იყო, რომ დღესასწაულის მოახლოებისას, საახალწლო სიმღერები ჩემზე ისეთ გავლენას ახდენდა, რომ ბედნიერებისგან მეტირებოდა!.. ახლა გავიზარდე. ის შეგრძნებები აღარ მაქვს. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რადგან ბავშვობაში სიხარულისგან გული მიჩქარდებოდა, მაგრამ ახალი წელი ჩემთვის დღესაც განსაკუთრებული დღესასწაულია. რატომღაც, წარმომედგინა, რომ 2023 წელი ჩემთვის გამორჩეული იქნებოდა. არ ვიცი, ასეთი ინტუიცია რატომ მქონდა, მაგრამ 2023 წელი, თავისი მინუსებითა და პლუსებით, მართლაც ისეთი სასიამოვნო იყო, რომ იდეალური გამოვიდა, ჩემთვის ბევრი მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა, უპირველეს ყოვლისა - კარიერაში, რაც ყველაზე მთავარია. მგონია, ახლა გვერდით საყვარელი ადამიანი რომ მყავდეს, მისთვის ჩემს რეჟიმთან შეგუება ურთულესი იქნებოდა. ალბათ, ერთმანეთს საერთოდ ვერ ვნახავდით, თუ რომელიმე დარბაზში ან გადასაღებ მოედანზე არ მოვიდოდა (იღიმის)... მოკლედ, კარიერული თვალსაზრისით, 2023-მა წელმა ბევრი კარგი რამ მომიტანა, ამიტომ ბედნიერი ვარ. დანარჩენი - იქნება (იღიმის)...
- თოვლის ბაბუის არსებობის რომელ ასაკამდე გჯეროდა?
- ამის შესახებ ჩემს ძმას უნდა ჰკითხოთ, რადგან სულ მეხუმრება (იცინის)... სხვათა შორის, უკვე დიდი ვიყავი, ალბათ - 9 წლის, მაგრამ თოვლის ბაბუის არსებობის კიდევ მჯეროდა, რადგან ჩემი ოჯახი ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ ეჭვი არ შემპარვია. ალბათ, მერე უკვე ვიაზრებდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, მაგრამ ამის დაჯერება ისე არ მსურდა, რომ საკუთარ თავს ვარწმუნებდი - არსებობს-მეთქი (იღიმის)...
- ახლა ვინ არის ხოლმე შენი "თოვლის ბაბუა"?
- ჩვენს ოჯახში ყოველთვის "სეკრეტ სანტას" ვთამაშობთ. საერთოდ, სხვებისთვის ჩუქება უფრო მიყვარს, ვიდრე - მიღება. ერთი სული მაქვს, საახალწლო პერიოდი როდის დადგება, რომ საჩუქრებზე ვიფიქრო და ოჯახის წევრები გავახარო... ჩემი ოჯახის წევრებს შობაც ძალიან უყვართ. როგორც კი ეს დღესასწაული დგება, ყოველთვის "ალილოს" ვმღერი აკაპელაში - ეს ტრადიცია გვაქვს... მოკლედ, შობა-ახალი წლის პერიოდში, უბედნიერესი ვარ. უკვე ძველით ახალი წელიც რომ ჩაივლის, წუწუნს ვიწყებ, - ვაიმე, ახალი წლის დღესასწაულებმა რა მალე ჩაიარა-მეთქი!.. რაც მთავარია, ახალი წლის და შობის ღამესაც აუცილებლად ოჯახის წევრებთან ერთად უნდა ვიყო, ეს ჩვენი ტრადიციაა. სამწუხაროდ, ბოლო 5 წელია, ახალ წელს სახლში ვერ ვხვდები, მაგრამ ოჯახის წევრები იქ მიმყავს, სადაც ახალი წლის ღამეს კონცერტი მაქვს. ამიტომ ტრადიცია არ დარღვეულა - ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც ოჯახთან ერთად ვარ...
"ოთახში მხოლოდ მე და გოზინაყი ვრჩებით"
განო გერლიანი:
- 8 წლიდან თოვლის ბაბუის არსებობაში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ მაინც მჯეროდა - უეჭველად იარსებებს ის კაცი, ვინც მარხილით დადის და საჩუქრებს არიგებს-მეთქი (იღიმის)... მიყვარს, როცა მაღაზიაში შევდივარ და საახალწლო სიმღერებია ჩართული, ეს სულ სხვაგვარ განწყობას მიქმნის. განათებებიც მომწონს. ავტომობილით სეირნობა მსიამოვნებს, როცა რუსთაველის გამზირი განათებულია - არასდროს მბეზრდება. შემიძლია, "რუსთაველს" 20 წრე დავარტყა.
- თავად საახალწლო სამზადისს როდიდან იწყებ?
- ნაძვის ხის აწყობა სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ რაღაცნაირად, ვითმენ და ვცდილობ, 31 დეკემბრის ღამით, 10 საათიდან დავიწყო - ფეიერვერკების ხმის ფონზე სხვაგვარად მიხარია...
- ახალი წლისთვის სამოსს განსაკუთრებულად არჩევ?
- არა. მაქსიმალურად თბილად უნდა ვიყო, რადგან გარეთ ყოფნა მიყვარს. ალბათ, 3 კაშნე და 4 ქურთუკი უნდა მეცვას (იცინის)... საახალწლო კონცერტებზე ყოფნაც მომწონს, მაგრამ ცოტათი რომ შემცივდება, მერე უკვე აღარაფერი მინდა - მხოლოდ ის მსურს, მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად თბილ გარემოში ვიჯდე...
- რომელიმე საახალწლო კერძი ან ტკბილეული განსაკუთრებულად ხომ არ გიყვარს?
- გოზინაყი მიყვარს! როცა სუფრაზე გოზინაყია, სხვა არაფერი მაინტერესებს - ყველაფერი "ბლარშია", ოთახში მხოლოდ მე და გოზინაყი ვრჩებით (იცინის). ყველამ იცის, რომ ჩემთვის გოზინაყის ცალკე 3 თეფში უნდა იყოს მზად, რომ 1 დღეში გავანადგურო...
- გოზინაყს თავადაც ამზადებ?
- მცდელობა მქონია, მაგრამ ჩემ მიერ მომზადებულ გოზინაყს 3 თეფშს არ შევჭამდი (იცინის)...
- პირველი ახალი წელია, რომელსაც მეუღლესთან ერთად ხვდები?
- არა. თითქმის 2 წელია, ერთად ვართ. წინა ახალ წელსაც ერთად ვიყავით, მაგრამ უბრალოდ, სახლში აღვნიშნეთ და ქალაქში გავისეირნეთ. ძალიან კარგი განწყობა სუფევდა...
- ახალი წლის ღამეს, სურვილების ჩათქმის რიტუალი გაქვს?
- არა, მაგრამ 31 დეკემბრის ღამეს, 12 საათის შესრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, დედაჩემი თავის სურვილებს წერს. ალბათ, მეც ასე მოვიქცევი, რადგან ძალიან მომწონს.
- ძველით ახალ წელსაც აღნიშნავ?
- კი, იმავენაირად. ყველა საახალწლო დღესასწაული მიყვარს, მაგრამ პირველი - მაინც ჩემი ფავორიტია!..
- 2023 წელი შენთვის როგორი იყო?
- სასიამოვნო, მოულოდნელობებით სავსე იყო. იმასაც არ ველოდი, რომ ახლა ვიჯდებოდი და ინტერვიუს ჩავწერდით. 2023 წლის პირველ იანვარს რომ ეთქვათ, - დეკემბრის მიწურულს ჟურნალისტს ინტერვიუს მისცემო, ვერ დავიჯერებდი (იცინის)...
ეთო ყორღანაშვილი