„ვარსკვლავი დედას და დეიდებს მივუძღვენი, დანარჩენი მეტიჩრობაა...“ - კვირის პალიტრა

„ვარსკვლავი დედას და დეიდებს მივუძღვენი, დანარჩენი მეტიჩრობაა...“

მისი გამოჩენა სცენაზე ყველა თაობისათვის დღესასწაული იყო და არის. მის შემოქმედებაში ერთმანეთისაგან განსხვავებული ბევრი საკულტო როლია, თუნდაც არჩილ გამრეკელი, "ჩვენს პატარა ქალაქში", ან "დონ ჟუანი", რომლითაც მსოფლიო მოიარა, ან "არტ ხელოვნებაში" შესრულებული დაუვიწყარი სახე, რომელიც სცენიდან 30 წელი არ ჩამოსულა. უამრავი როლი შექმნა კინოსა და თეატრში. მაყურებლის იმხელა სიყვარული მოიპოვა, როცა გაიგებენ, მისი შესრულებით თეატრში სპექტაკლი ინიშნება, ერთ საათში ბილეთი აღარ არის. ასე მოხდა, როცა მისი ვარსკვლავის გახსნის დღეს მარჯანიშვილის თეატრში "მეფე ლირი" დაინიშნა. აფიშის გაკვრიდან ზუსტად ნახევარ საათში, ბილეთები აღარ იყო. როგორც თავად ამბობს, ეს ვარსკვლავი­ თავის განუმეორებელ დედას, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდას, ელენე ყიფშიძეს მიუძღვნა. დღევანდელი ჩვენი სტუმარი დიდი ადამიანი და დიდი მსახიობი, ბატონი ზურა ყიფშიძეა, რომელთანაც ჩვენი საუბარი თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლ "ბაკულას ღორების" შემდეგ შედგა.

- როცა პირველად ვითამაშეთ ბაკუ­ლა,­­­ ის სულ სხვა სპექტაკლი იყო. ისეთი ამბავი­ ხდებოდა სცენაზე, ვერც წარმოიდგენთ.­ ეს ჯღანაობაა, რაც ახლა ნახეთ, პირველი სასწაული იყო. რეჟისორებიც თამაშობდნენ იმ პირველ ვერსიაში. მოგეხსენებათ, მიშა თუმანიშვილს შერეული ჯგუფი ჰყავდა და ეს სპექტაკლიც ისეთივე არაჩვეულებრივი იყო, როგორიც თავად მიხეილ ივანიჩი. მარტო ნინელის და რამაზის დუეტი იყო ცალკე სპექტაკლი. მიშა არაჩვეულებრივი კაცი იყო, პედაგოგი, რომლის მადლიერიც ვიქნები­ მთელი ცხოვრება. თეატრი გამოხატვის ფორმაა, ეს არის ადგილი, სადაც სხვისი სახელით შენს სათქმელს ამბობ, თუ გამოგდის და ხალხიც გეუბნება ამას, კიდევ გინდა სხვა ნაჭუჭის მორგება. თეატრი მეორე ოჯახია, აქ გიხარია, გიყვარს, მიუხედავად საშინელი­ ჭორაობისა... როცა აქ მოვდიოდი, სახლში მოვდიოდი.

- ახლა?

- ახლა სულ სხვაა აქაურობა. მოდი, არ გვინდა ამაზე საუბარი.

- გასაგებია... რატომღაც ახლა თქვენი ფრაზა მახსენდება "დონ ჟუანიდან": "პირფერობის არც ნიჭი მაქვს და არც უნარი".

- არადა, წამგებიანია ცხოვრებაში, თუ პირფერობა არ შეგიძლია... ამ სპექტაკლს ახლაც სიამოვნებით ვითამაშებდი. დონ ჟუანი ზოგადი პერსონაჟია. ის ქალების მოყვარულია, როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, მაგრამ დონ ჟუანი პროტესტანტია, ყველაფრის წინააღმდეგ ამხედრებული, ათეისტია, თუმცა ბოლოს აგრძნობინეს, რომ ღმერთი არსებობს!

- როცა გხვდებით რომელიმე სპექტაკლზე,­ სულ მხიარული ხართ, მაგრამ მგონია, რომ რა­ღაც ტკივილს ატარებთ, თითქოს იტანჯებით.

- დოსტოევსკის­ აქვს სვიდრიგაილოვზე:­ თუ ადამიანი მხიარული გეჩვენება და მას ნაღველი აქვს, ესე იგი, ნაღვლის ბუშტი აწუხებსო (იცინის)... არ ვიცი, არ ვიცი! ისევ მახსენდება დონ ჟუანის ფრაზა: "ასე ცხოვრება აღარ შეიძლება". დღეს ზნეობის დაცემაა, ახლა ყველაფერი შეიძლება...…

- როდის იყავით ყველაზე ბედნიერი? როცა, ვთქვათ, სიმშვიდეც იყო...

- სიმშვიდეს ბედნიერებას არ ვეძახი, პირიქით!.. ეს იყო 1977 წელი. იმხანად დავოჯახდი და ჩვენი თეატრი ყალიბდებოდა.­ შვილი შემეძინა... ერთდროულად იმდენი კარგი რამ მოხდა. საზღვარგარეთ მეძახდნენ სამუშაოდ - მე უარი ვთქვი. ჯანზე ვიყავი, მყავდა ცხენი, ძაღლები, მანქანა, გადასარევი ცოლი და ოჯახი - ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი.…მერე და მერე ღმერთი მაინც გიგზავნის ბედნიერებას იმის სახით, ამის სახით, მაგრამ ნელ-ნელა, აი, როგორც „Art“-შია - "თოვს და თოვს, სანამ კაცი არ გაქრება, არ გადავა­ იქ, სადაც შემდეგ ფერიცვალება ელის!".

- ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ?

- წლებთან ერთად სენტიმენტალური ხდები, მაგრამ­ ის, რომ თითქმის სულ მარტო დავრჩი,­ ძალიან­ მაწუხებს. წელი არ გავა, ვინმე არ მომაკლდეს. სიკვდილის კი არ მეშინია, უფრო მეფიქრება. რამდენიმეჯერ მოვკვდი და არც ისე საშიში ყოფილა, მაგრამ მე მაინც იმ შეუცნობადზე მეფიქრება, მერე რა ხდება. აი, იქ უნდა გვესმოდეს ის, რაც არ გესმის, ვგრძნობდეთ...

- კლინიკურ სიკვდილს გულისხმობთ?

- კი, არაფერი ისეთი არ ხდება, პირიქით, სიამოვნების განცდაა. ორჯერ სერიოზული იყო, ორჯერ - ისე რა. იცი, შეგრძნება როგორი იყო? რომ დაიღალე და დაისვენე. ძალით დამაბრუნეს, თორემ არ ვაპირებდი მობრუნებას. რომ ვიცი, იქ მეგობრები და ოჯახი, დედა, დეიდები არიან...

- ვინ არის ზურა ყიფშიძე?

- ყველანი ვიღაცები ვართ... ცოტა ჩამორჩენილი და მეოცე საუკუნეში გაჭედილი, ვერ ავყევი ამ 21-ე საუკუნეს. თუმცა­ დღემდე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მაგრამ უნდა ვაკეთო ის, რაც სხვებს მოსწონთ...

მე ძალიან დიდი ოჯახი მყავს და არ შეიძლება ამის თქმა, მაგრამ მარტოსული ვარ. თეატრში, რომელიც ყველამ ერთად ავაშენეთ მიხეილ ივანიჩის წინამძღოლობით, დღემდე ვარ, მარჯანიშვილშიც ვარ, მაგრამ მაინც ყველა მარტოა...

- ეს გაწუხებთ?

- რა თქმა უნდა. ისევ 60-70-იან წლებში დავბრუნდებოდი. სიბერე ძალიან ცუდი გამოგონებაა, ბრძე­ნდები, მაგრამ ბევრი რამ არ გახსოვს და ეს ძალიან ცუდია.

- არსად წასულხართ დიდი ხნით...

- საზღვარგარეთ მეტი გაქანებაა, მაგრამ კაცი უნდა წავიდეს სტუმრად, უნდა მიიღოს სტუმარი, მაგრამ სადაც მოსწონს, იქ უნდა იცხოვროს. მე აქ უნდა ვიყო, ჩემს სამშობლოში და მორჩა! ცოტა ხნით შეიძლება წახვიდე, მხოლოდ ცოტა ხნით.

მახსოვს, გასტროლს მოვრჩით ავსტრალიაში და ჩამოვდივართ თბილისში.­ ჰოდა, დედაჩემს ჩამოვუტანე მაგნიტოფონი,­ ოღონდ თეთრი იყო და ბუს ფორმა ჰქონდა,­ თან მოჰყვებოდა თავისი ყურსა­ს­მენი და აეროპორტშივე გავუკეთე. დედამ­ ხომ არ იცის, რომ ხმა გარეთ არ ისმის­ და უცებ ხმამაღლა მეუბნება, მოიცა, ზურიკო, აბა, რომ თქვი, დავრჩებიო? ნახევარმა აეროპორტმა ჩვენკენ გამოიხედა. სად დავრჩები, ლენა, სახლში ჩამოვედი-მეთქი!

ერთ დღეს გამომიცხადა, მანქანის ტარება მინდა ვისწავლოო. რა დროს შენი მანქანის ტარების სწავლაა-მეთქი. საჭმელებს ხომ ვაკეთებ გემრიელსო? კი-მეთქი. მოკლედ, დაიწყო სიარული. ერთ დღესაც­ შედივარ სახლში, გავაღე კარი, ლენა ზის ლოგინზე და თავისთვის ლაპარაკობს: "ხო, მოკლედ ჩავჯექი. მოვკიდე... არაა, არ მოვკიდე. მოიცა, გავახალასტოე, დავქოქე,­ ჩავაგდე პირველში, წავედიი". უცებ ყვირის: "მოიცა არა, თავიდან თავიდან, არ ვარგააა".­ ამ სცენას ერთი საათი ვუყურებდი, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე და ბოლოს დავუძახე, ლენა, რას შვრები-მეთქი? "ვვარჯიშობ, რა გინდა, რა?" არაფერი, ივარჯიშე-მეთქი.

409527602-717958086947219-8005961614095607702-n-1704636218.jpg

- ვარსკვლავი, რომელიც გაგიხსნეს, როგორც თქვენ თქვით, დედას მიუძღვენით.

- დედასა და დეიდებს მივუძღვენი და მაგიტომაც დავთანხმდი. დანარჩენი მეტიჩრობაა. ძალიან ვინერვიულე. დავიწყოთ იქიდან, რომ "მეფე ლირი" ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ვითამაშეთ­. აღდგენა უფრო ძნელია, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ვიდრე დადგმა, მაგრამ, მგონი, გამოვიდა. მგონი, მესამე სპექტაკლი გამოვიდა ისეთი, როგორიც უნდა გამოსულიყო.

თითქმის ყველა გმირზე, რაც კი თეატრში მითამაშია, მითქვამს, რომ გამომივიდა, კინოში - თითქმის არც ერთზე. როცა არ მაინტერესებს ფილმი, ვინც არ უნდა ითამაშოს, აღარ მაინტერესებს. მაშინ სხვა დრო იყო. მაგალითად, ჩემს თავს რომ ვუყურებდი "როცა აყვავდა ნუშში", გული მერეოდა. გაპრანჭული ბიჭი, გაბუშტული ტუჩებით... იქ იყო გადასარევი­ გოგა ფიფია, იყო კიდევ დოდო აბაშიძე, რაღაც სასწაული...

ახლა ანა ურუშაძესთან ვმუშაობ ახალ პროექტზე. სცენარს "მეორეხარისხოვანი როლი" ჰქვია. ძალიან საინტერესო პროცესია. აქვე მინდა გითხრათ, თუ კინოში მახსოვს ყველაზე კარგი სამუშაო პროცესი რეჟისორებთან, ეს იყო გოდერძი ჩოხელი და ზაზა ურუშაძე. ლანა ლანაა, თავისთავად. ძალიან მაგარი იყო შოთა მანაგაძე... ელდარი, რომელთანაც 4 ფილმში ვითამაშე, და ჩემი ქეთი დოლიძე, რომელთანაც მუშაობა უკომფორტულესია. გადასარევი უხმო სცენებია "მარტოხელა მონადირეში", რომელიც მიშას ძალიან მოსწონდა.

- სამი თვისება, რომლებიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს.

- თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს, თავმდაბალი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად, მიმტევებელი და კიდევ, სხვებზე უნდა იფიქროს. ყველას უნდა დაეხმაროს, ქუჩა იქნება, მეზობელი, ნაცნობი თუ უცნობი.

409693299-417300037289865-3780441626145246347-n-1704636218.jpg

- როგორი იყო გასული 2023 წელი?

- გასული წელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვარსკვლავის გახსნით დამთავრდა, ურთულესი იყო, რადგან უამრავი­ ადამიანი დავკარგე. მომავლის შიში გამიჩნდა. დღეს მე ეს ჩემი ორი პატარა ბავშვი მაცოცხლებს და კიდევ ჩემი ნიკუშა, რომელიც 23 წელია ჩემთან იზრდება, ლენუკას შვილი. არ სვამს, არ ეწევა, არ კაიფობს... საოცარი ვინმეა, თავის თაობაში გამორჩეული. იცი, რა მენატრება? ის ოჯახური ტრადიცია, ერთად რომ ვიკრიბებოდით მთელი ოჯახი. ბორშჩი რომ არ გეჭამა შუადღეზე­ ან ბულიონი, როგორ შეიძლებოდა? სადაც არ უნდა ყოფილიყავი, იმ დროს სახლში უნდა მისულიყავი სადილად. კაი იყო რა, ის დრო ძალიან კარგი იყო.

- ახლა რას ისურვებდით?

- მშვიდობასა და ჭკუას.

- რამდენად მოგწონთ ჩვენი ოპოზიცია?

- არაფერი არ მომწონს და პირვე­ლად ვარ ოპოზიციის წინააღმდეგი.­ მთელი­ ცხოვრება ოპოზიციონერი ვიყავი:­ კომუნისტების, ზვიადის, შევარდნაძის დროს. ამ ოპოზიციის მომხრე არა ვარ. ეს ტრაგედიაა.­

- როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას?

- სად წავიდა, რო? ალბათ, არსად არ წასულა, მაგრამ ეტყობა, ისე გაჯორდა­ ყველა, ხმამაღლა უნდა ეთქვა, მოვედი და ახლა ვილაპარაკოთო. ალბათ, ეს საჭიროა.

- რას გულისხმობთ?

- მსოფლიო გაგიჟდა, ყველგან ომია. თქვენ წარმოგიდგენიათ ამ პოზიცია-ოპოზიციის ჩხუბის ფონზე, ბომბებიც რომ გვეყრებოდეს თავზე, რა დღეში ვიქნებოდით? სანამ საომარი ბიზნესი მეორე პლანზე არ გადავა, და სხვა რამე არ გადმოვა პირველ პლანზე, არაფერი ეშველება ხალხს. მიუხედავად, იმისა, რომ ახლა ძალიან რთულადაა ყველაფერი, მაინც იმედის­ ნაპერწკალი არსებობს - ან რაღაც­ ძალიან შეიცვლება და სულ სხვანაირი გახდება ეს ქვეყანა, ან არ ვიცი... მინდა უკიდეგანოდ ბედნიერი იყოს ეს ქვეყანა.

- ბოლოს ყველაზე დიდ მადლობას ვის ეტყოდით?

- დედის, მეუღლისა და შვილების გარდა, მიხეილ ივანიჩს, თემურ ჩხეიძეს, გერასიმოვს, პედაგოგებს...

რუსუდან შაიშმელაშვილი