რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს მმართველ პარტიაში?! - კვირის პალიტრა

რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს მმართველ პარტიაში?!

რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება, ვინ როგორ ოპონირებას გაუწევს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს და როგორ სტრატეგიას შეიმუშავებს ოპოზიცია, ამ საკითხებზე "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია გვესაუბრება:

- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯს­ შემოაქვს სიცხადე, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა. ის ასეთ კითხვასაც კი სვამს, თუ არაფორმალური მმართველობა იყო, მაშინ პარტიასა და პოლიტიკაში­ რატომ დაბრუნდაო.

- ალბათ, პაპუაშვილმა არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ივანიშვილმა კორუფციაზე ისაუბრა. რადგან თავად ისაუბრა ელიტურ კორუფციაზე, ეს ნიშნავს, რომ მართლაც სერიოზული რისკებია.

- როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილის პირველი ნაბიჯი?

- ალბათ, უფრო ხშირად გამოჩნდება­ საზოგადოების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ძალიან ბევრი განცხადება გააკეთა, მაინც ბუნდოვანია მისი პოლიტიკაში დაბრუნების რეალური მიზეზი. ერთი სავარაუდო ფაქტორი შეძლება 2024 წლის არჩევნები იყოს. მართალია, სხვადასხვა კვლევით "ქართულ ოცნებას" სხვა პარტიებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ ეს მაინც არ არის გამარჯვების გარანტია და მმართველი გუნდისთვის მაინც მნიშვნელოვანია ივანიშვილის პირადი გავლენა და რეიტინგი... ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ივანიშვილის განცხადება, რომ "ქართულ ოცნებაში" კორუფციის რისკებია, რაც ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების აზრს ელიტური კორუფციის შესახებ. ჯერ არ ვიცი, კონკრეტულად რას შეცვლის ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მან დაინახა, ერთი პარტიის ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნამ ქვეყანა სერიოზული რისკებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა.

- იმავე პაპუაშვილის თქმით, ივანიშვილი­ პოლიტიკაში არჩევნების შედეგებისთვის კი არა, საზოგადოებისთვის დაბრუნდა.

- არ გამოვა, ხალხმა ის დაიჯეროს, რასაც "ოცნება" "გადმოაგდებს". ხალხს ვერც იმას მიჰყიდიან, რომ "ოცნება" არჩე­ვნების მოგებაში დარწმუნებულია. პირიქით, პაპუაშვილისა და სხვა ლიდერების ასეთი განცხადებები უფრო მეტ ეჭვს აჩენს. რას უშვრებიან იმას, რომ ხალხი გადაიღალა "ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობით? რაც არ უნდა უარყონ, სინამდვილეში ხომ ყველამ ვიცით, საზოგადოებაში უმძიმესი განწყობებია, უმძიმესი სოციალური ვითარებაა, ათასობით ქართველი ყოველთვიურად გადის ქვეყნიდან. ეს აუცილებლად აისახება არჩევნებზე და ეს იცის მმართველმა გუნდმა. მე არ ვამბობ, რომ "ქართული ოცნება" ბარიერს ვერ გადალახავს, რა თქმა უნდა, გადალახავს და ხელისუფლებასაც შეინარჩუნებს, მაგრამ ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის შესაძლებლობა აღარ ექნება. შეგახსენებთ, რომ ბოლო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ყოველთვის უჭირდა პირველი ტურის მოგება და უმთავრესად მეორე ტურში ახერხებდა როგო­რც ფინანსების, ასევე ადმინისტრაციული და სხვა რესურსის მობილიზებას.

- თავადვე აღნიშნეთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის არავის სჯეროდა. შესაბამისად, არც იმას დაიჯერებდა ვინმე, რომ "ოცნების" ლიდერები ივანიშვილისგან დამოუ­კიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. თუ ხალხმა იცის, რომ "ქართული ოცნების" ყველა ნაბიჯი ივანიშვილის ნაკარნახევი იყო და არ მოსწონს "ქართული ოცნების" პოლიტიკა, რა ლოგიკით დაუჭერს ამ პოლიტიკურ გუნდს მხარს ივანიშვილის გამოჩენის შემთხვევაშიც?

- მოგვწონს თუ არა, ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ დასძლევს ცდუნებას, მიეყიდოს მმართველ პარტიას. წარმოიდგინეთ, რომ ივანიშვილი მართლა აღარ დაინტერესდეს არჩევნებით, ერთ დღეში შეწყვეტს პარტია "ქართული ოცნება" არსებობას.

- თუ ამ მოცემულობას და კორუფციაზე­ გაკეთებულ აქცენტებს გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკურ ავანსცენ­აზე "ქართული ოცნების" ბევრი­ ლიდერის "თავი გაგორდება"?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, იმიტომ, რომ არსებული სისტემა თავად ივანიშვილმა ჩამოაყალიბა "ქართუ ბანკის" საშუალებით. თუ წარსულს გადავხედავთ, ივანიშვილი კორუფციის გამო არავის სჯის, თუ, რა თქმა უნდა, პირადად მას არ დაუპირისპირდებიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახლანდელი "ქართული ოცნება" შედგება ძალზე ხისტი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხალხის სიმპათიით არ სარგებლობენ.­ ეს ის ხალხია, რომელიც პოლარიზაციას უწყობს ხელს, რომელმაც "აგენტების შესახებ" კანონის შემოტანა სცადა და საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, გულისწყრომა დაიმსახურეს. შესაბამისად, მათი პოზიციები მნიშვნელოვნად არის შერყეული როგორც მედიაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში. "ოცნების" დღევანდელ ლიდერებს აღარ აქვთ კონსტრუქციულობაზე საუბრის რესურსი. ლოგიკურია, ბიძინა ივანიშვილმა იფიქროს, რომ ასეთი დისკრედიტირებული პოლიტიკოსებით არჩევნების ერთპიროვნულად მოგების შანსი არ ექნება. ამიტომ შეიძლება მალე ლიდერების შეცვლის მოწმენი გავხდეთ.

- კი, მაგრამ ივანიშვილმა უკვე თქვა, რომ პრემიერი არ შეიცვლება.

- ნამდვილად თქვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლა არ შეცვლის. მას ბევრი რამ უთქვამს, მაგრამ მერე აზრი შეუცვლია. მე მხოლოდ ღარიბაშვილს არ ვგულისხმობ, არც სხვა ლიდერები აკლებდნენ ხელს... ყველა ლოგიკით უნდა შეცვალოს ხისტი და არაპოპულარული ლიდერები, მმართველ პარტიას სხვა გამოსავალი არა აქვს. სწორედ ამ ცვლილებების პროცესში სჭირდება­ პარტიას ივანიშვილის ფიგურა, რათა გუნდი არ დაიშალოს. იქიდან­ გამომდინარე, რომ "ქართულ ოცნებას"­ ლეგიტიმაციას ივანიშვილი აძლევს და მის გარეშე პარტია არაფერს არ წარმოადგენს, ახალი პირების გამოჩენამდე ივანიშვილი იაქტიურებს.

- ვინ შეიძლება იყვნენ ახალი ლიდერები?

- ძნელი სათქმელია. ალბათ, გახსოვთ,­ ადრე როგორი პრემიერი და მინისტრები გვყავდა - არსაიდან მოსულები, სტაჟიორებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე პრემიერებსა და მინისტრებს. ალბათ, ახლაც ასე იქნება.

- რამდენად ადეკვატურად შეიძლება შეაფასოს ოპოზიციამ ახალი ვითარება?

- სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იძლევა იმის განცდას, რომ "ქართული ოცნების" დაბალანსებას მოახერხებს, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში, მით უმეტეს, "ქართული ოცნება" მზად არ არის ხელისუფლების ოპოზიციასთან გასაყოფად. ოპოზიცია იმდენად არის ჩაფლული საკუთარ პრობლემებში, რომ არ ვიცი, მოახერხებენ კი წინასაარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვას, თუნდაც მიუმხრობელი ამომრჩევლის გულის მოგებას. ოპოზიცია რომ ამომრჩეველთა ბაზის გაფართოებას ვერ ახერხებს, ეს იმით კი არ არის განპირობებული, რომ მმართველი გუნდი ძლიერია და სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ამომრჩეველზე ზეგავლენას, ეს განპირობებულია იმით, რომ თავად ოპოზიციური პარტიებიც ვერ მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა.

- რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ მიუმხრობელი ამომრჩევლის გული მოიგოს? შეიძლება თუ არა გამოსავალი იყოს გადაჯგუფებები, რაც დაიწყო ოპოზიციურ ველზე?

- არა მგონია, გაერთიანება ან გადაჯგუფებები გამოსავალი იყოს. ჩემი აზრით, ოპოზიციურმა პარტიებმა იმისთვის უნდა იმუშაონ, რომ პოლიტიკურ კლუბებს არ ჰგავდნენ და მართლა პოლიტიკურ პარტიებად შედგნენ. ამისთვის ამომრჩეველთან რაც შეიძლება მეტი უნდა იმუშაონ. არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე კი არ უნდა დაიწყონ კარდაკარ სიარული და ამომრჩეველთან ხელის ერთ ჩამორთმევას კი არ უნდა დასჯერდნენ, არაერთი შეხვედრა უნდა გამართონ, ხალხს კარგად უნდა მოუსმინონ, გაიგონ, როგორია მათი ინტერესები, რა სჭირდებათ და ამის შემდეგ ხალხის ინტერესებს მოარგონ თავიანთი პოლიტიკური პლატფორმა. დღეს ყველაფერი პირიქით არის - პოლიტიკოსი ლიდერები აქეთ მოძღვრავენ ამომრჩეველს და ცდილობენ თავიანთ პლატფორმას მოარგონ ხალხის ინტერესები.

- ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოპოზიციისთვის გამოწვევაა თუ შესაძლებლობა?

- ზოგისთვის გამოწვევაა, ზოგისთვის - ახალი შესაძლებლობები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ დაალაგებს საკუთარ სტრატეგიას, ვინ შეაფასებს ვითარებას ობიექტურად, ვინ გამოიტანს წარსულიდან სწორ დასკვნებს და ვინ როგორ გათვლის სამოქმედო გეგმას. წინ ნამდვილად საინტერესო პროცესი გველის.

- სალომე ზურაბიშვილმა როგორ შეიძლება გამოიყენოს არსებული მოცემულობა პოლიტიკაში დასარჩენად?

- ძნელი სათქმელია, შეიძლება ჯერ თავადაც არ გადაუწყვეტია. ალბათ, მომენტს დაელოდება. არ არის გამორიცხული, მარგველაშვილის მსგავსად, განზე გადგომა არჩიოს.

ხათუნა ბახტურიძე