„სამშვიდობო საფრთხე“ და „აპოკალიფსი“ დომინოს პრინციპით, რომელიც მსოფლიოს ემუქრება
ვისაც რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება სურს, შეუძლებელია გული არ მოუკვდეს დასავლური პრესის კითხვისას - სამწუხაროდ, სანუგეშო აღარაფერი იწერება. დასავლური მედიები ერთმანეთის მიყოლებით წერენ, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, კიევმა რუსეთს დე ფაქტო დაუთმოს უკვე ოკუპირებული ტერიტორიები და მასთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გააფორმოს, იმ პირობით, რომ დასავლეთი უზრუნველყოფს დანარჩენი უკრაინის უსაფრთხოებას. ასევე, დეტალურად გაანალიზდა უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლის მიზეზები. მეტიც, ელიან რუსეთის მძლავრ შეტევას. ითქვა ისიც, რომ სანქციებმა შედეგი არ მოიტანა - რუსეთის ეკონომიკა არათუ ჩამოიქცა, არამედ გაძლიერდა. მოკლედ, ძალიან ბევრი რამ ითქვა და დაიწერა.
კატასტროფული პრეცედენტები
გასაგებია, რომ გეოპოლიტიკაში პრინციპები შეიძლება შეიცვალოს ისე, როგორც მსხვილ მოთამაშეებს აწყობთ. თუმცა, ალბათ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვარი. 2008 წლამდე მსოფლიოში პოლიტიკით მეტ-ნაკლებად დაინტერესებული ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიოს პოლიტიკური რუკა არ შეიცვლებოდა, მაგრამ მოხდა საქართველოს ამბავი, როდესაც რუსეთი არა მარტო თავს დაესხა სუვერენულ ქვეყანას, არამედ მისი ორი რეგიონი დამოუკიდებლადაც აღიარა. თუმცა ამ გადასახედიდან ჩანს - დასავლეთში საქართველოსთვის ტერიტორიების წართმევა ჩაითვალა როგორც რაღაც ცალკეული, ერთიანი ციკლიდან ამოვარდნილი მოვლენა - ანუ ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ტრაგედია ტენდენცია კი არა, გამონაკლისი იყო. რეალურად კი 2008 წელს რუსეთს შერჩა საქართველოზე თავდასხმა, მისი რეგიონების ოკუპაცია, ქართველების ეთნოწმენდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების განთავსება ანუ საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვა და მსოფლიო წესრიგისთვის დარტყმის მიყენება. აგვისტოს ომის შემდგომ ვაშინგტონმა პუტინთან გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო, ევროპა კი უფრო და უფრო შეჯდა გაზისა და ნავთობის რუსულ ნემსზე.
საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები (რომლებიც რეალურად არ არსებობდა) რა მოსატანია იმ გარანტიებთან, უკრაინას რომ იცავდა. დიახ, 2014 წლამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც, წესით, უდარდელად უნდა ეცხოვრა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ უკრაინას დარჩა ბირთვული იარაღი. დასავლეთის ზეწოლით კიევმა ბირთვული არსენალი მოსკოვს დაუთმო (რაზეც დღემდე თავში ხელს ირტყამენ უკრაინის პატრიოტები), სამაგიეროდ, გაფორმდა ბუდაპეშტის მემორანდუმი. ამ დოკუმენტის მიხედვით აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი პასუხისმგებლობას იღებდნენ უკრაინის უსაფრთხოებაზე და რაც მთავარია, მისი საზღვრების ურღვეობაზე. მემორანდუმში პირდაპირ იყო ჩაწერილი, რომ რუსეთს უნდა დაეცვა უკრაინა, თუ მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრებოდა.
თუმცა შემდეგ იყო 2014 წლის ღირსების რევოლუცია და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების წახალისება, მათთვის მხარდაჭერა ცოცხალი ძალითა და მძიმე ტექნიკით და ა.შ. - ანუ რუსეთმა 2008 წლის შემდეგ უკვე მეორედ გათელა ფეხქვეშ საერთაშორისო სამართალიც და ბუდაპეშტის მემორანდუმიც თავზე გადაახია ვაშინგტონსა და ლონდონს (კიევზე აღარაფერს ვიტყვით). და რა მოხდა? პუტინს მეორედაც შერჩა! რუსეთ-ევროკავშირის ვაჭრობაც გაიზარდა და 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატიც გაიმართა რუსეთში, რაც ამ ქვეყნისა და პირადად პუტინისთვის უზარმაზარი რეკლამა იყო. როდესაც ორჯერ შეგრჩება, დარწმუნებული ხარ, რომ მესამეჯერაც შეგრჩება და მეოთხეჯერაც (შეიძლება პუტინს მესამეჯერაც შერჩენოდა, 2022 წლის თებერვალ-მარტში კიევი რომ აეღო. საბედნიეროდ, ვერ აიღო). შესაბამისად, იბადება კითხვა - სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება პუტინთან იქნება თუ არა იმის დამამტკიცებელი, რომ რუსეთის დიქტატორმა ნაწილობრივ მაინც მიაღწია მიზანს და კიდევ ერთხელ შერჩა?
დასავლელი ექსპერტების ნაწილი აპელირებს იმით, რომ ომმა რუსეთიც მძიმე დღეში ჩააგდო - გულისხმობენ ცოცხალი ძალის დანაკარგებს და არა ეკონომიკურ ციფრებს. კი ბატონო, სამასი ათასი კაცი რომ დაღუპვოდა, ეს კატასტროფული შედეგი იქნებოდა იმავე აშშ-სთვის და საზოგადოებრივი აზრი აიძულებდა ხელისუფლებას, ეფიქრა გრძელვადიანი მშვიდობისთვის. თუმცა ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთთან. გადავდოთ გვერდზე მეორე მსოფლიო ომის პრეცედენტი - დღეს ხომ მაინც ლამის "ლაივში" ვაკვირდებით, თუ რა ხდება რუსეთში მაშინ, როდესაც სატრანსპორტო თვითმფრინავები კუბოების ზიდვას ვეღარ აუდიან. არც არაფერი ხდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ისეა დაზომბირებული, რომ ისევ პუტინს შესტირის. გარდა ამისა, კრემლის დიქტატორმა ჭკუა იხმარა - დაღუპულის ოჯახი რუსეთში დიდ კომპენსაციას იღებს, ისეთს, რომ ღარიბ-ღატაკი რეგიონების მოსახლეობა სიცოცხლეში ვერ გამოიმუშავებდა. ყიდულობენ თეთრ "ლადას" დაღუპული შვილის ან ქმრის სანაცვლოდ (ჩემი მოგონილი არ გეგონოთ, ამას თავად რუსები ამბობენ) და არცთუ ცუდად გრძნობენ თავს. თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ოთხი მილიონი რუსიც რომ დაიღუპოს უკრაინის ომში, არც არაფერი არ მოხდება. თუ დასავლეთი დაიყოლიებს ზელენსკის და რუსეთთან გააფორმებინებენ სამშვიდობო ხელშეკრულებას სქემით "ოკუპირებული ტერიტორიები დე ფაქტო პუტინს, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ", ეს მშვიდობის გარანტია კი არა, უფრო დიდი კატასტროფის დასაწყისი იქნება.
"მშვიდობა", რომელიც მსოფლიოს ააფეთქებს?!
სანამ პუტინზე გადავალთ, ჯერ ის ვთქვათ, რას გამოიწვევს მსოფლიოში ზემოხსენებული შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება კიევსა და მოსკოვს შორის. პირველ რიგში, ალბათ, უკრაინელებისთვის ზელენსკი დასრულდება როგორც ლიდერი და როგორც პრეზიდენტი. დიახ, ეს ქვეყანა დაიღალა ომით, მაგრამ იმის თქმა, რომ მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინელები თავიანთ მიწას მშვიდად შეელევიან, არ შეიძლება. დღეს უკრაინის პოლიტიკაში ორი ყველაზე მაღალრეიტინგული ფიგურაა - ვოლოდიმირ ზელენსკი და ვალერი ზალუჟნი. თუ ზელენსკი სამშვიდობო ხელშეკრულებას გადაჰყვა, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის პოსტზე მას შეცვლის ზალუჟნი, რომელსაც რუსებთან საუბარი მხოლოდ "ჰაიმარსებით" უყვარს. ეს მოვლენების განვითარების ყველაზე კარგ ვარიანტში, თორემ წამგებიანმა მშვიდობამ შესაძლოა უკრაინის საზოგადოებაში ურთიერთბრალდებები და განტევების ვაცის ძიება ისე გაამწვავოს, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადაჩეხოს.
თუ ჩაითვალა, რომ პუტინს მესამედაც შერჩა, ეს იქნება მძლავრი სიგნალი ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მის სუსტ მეზობელს ძალიან ბევრი მიწა აქვს და ცოტა უნდა "მოუჭრას". თავს წამოყოფენ "მინიპუტინები" აზიით დაწყებული და სამხრეთ ამერიკით დამთავრებული და ამ ხანძარს ვერანაირი დიპლომატია ვერ ჩააქრობს. პირიქით, თავად პუტინი ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ ცეცხლის კერები უფრო გაღვივდეს. საერთაშორისო სამართლის ნაცვლად იბატონებს პრინციპი - "რასაც წაართმევ, შენია".
რაც შეეხება თავად პუტინს - ის არ შეეშვება არც უკრაინას და არც პოსტსაბჭოთა სივრცეს (საქართველოსაც). სამშვიდობო ხელშეკრულებას - ამოსუნთქვისა და გაძლიერებისთვის გამოიყენებს და წავა მეოთხე წრეზე... და დასავლეთს მაინც მოუწევს მისი შეჩერება, ოღონდ ეს უფრო დიდ მსხვერპლად და მატერიალურ სახსრებად დაუჯდება. პუტინის მსგავსი დიქტატორები არ ჩერდებიან და ამის ყველაზე კარგი მაგალითია ჰიტლერი. გასული საუკუნის 30-იან წლებშიც ეგონათ, რომ ფიურერი ჩეხოსლოვაკიის ნაწილით დაკმაყოფილდებოდა და ევროპელმა "მშვიდობის მტრედებმა" ეს ქვეყანა აიძულეს, რომ ნაცისტური გერმანიის მოთხოვნებს დასთანხმებოდა. არადა, სამხედრო ისტორიკოსების აზრით, მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის არმია ბრძოლისუნარიანობითა და ტექნიკური აღჭურვილობით (ამ ქვეყნის ტანკებს გერმანელები კარგა ხანს იყენებდნენ სსრკ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში) მაინცდამაინც არ ჩამოუვარდებოდა (ზოგიერთ სახეობაში აღემატებოდა) ვერმახტს და ევროპელების მხარდაჭერაც რომ ყოფილიყო, შესაძლოა ჰიტლერი 30-იან წლებშივე დასრულებულიყო და მეორე მსოფლიო ომს გადარჩენოდა კაცობრიობა.
პუტინს რომ ვერანაირი ხელშეკრულება და ცოცხალი ძალის დანაკარგი ვერ შეაჩერებს, ამაზე, ალბათ, უკვე კამათიც არ ღირს. კრემლის დიქტატორს წელში გადატეხს სამხედრო მარცხი და რეალური ეკონომიკური სანქციები. როდესაც ტამბოველი რუსის თვალში "ცარ-ბატიუშკას" ავტორიტეტი დაეცემა და ამავე დროს არყის საყიდელი ფული არ ექნება, მაშინ მან შეიძლება მართლაც მოჰკიდოს ფიწალს ხელი.
პუტინის სამხედრო მარცხისთვის საჭიროა უკრაინისთვის თანამედროვე შორი მოქმედების იარაღისა და რაკეტების დიდი რაოდენობით (და არა თვლით) მიწოდება. ეკონომიკური შევიწროებისთვის კი იმ ქვეყნებზე ზეწოლის გაძლიერება, რომლებიც პუტინს მოკავშირეებად ეგულება და მათი დახმარებით ქმნის რუხ სქემებს და კვლავ ახერხებს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას და მიღებული ფულით იარაღს აწარმოებს.
სხვათა შორის, ნებისმიერ დასავლელ ექსპერტთან უკრაინისთვის კრიტიკულად დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდების საკითხზე საუბარი მთავრდება თემით - კი მაგრამ, პუტინმა რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს? რა თქმა უნდა, ეს რისკი არის. თუმცა ბირთვული იარაღი მარტო პუტინს არა აქვს და რუსებმაც ძალიან კარგად იციან, რომ თუ კრემლში ვინმეს წითელი ღილაკისკენ წაუცდება ხელი, რუსეთიც აღიგვება პირისაგან მიწისა.
სხვათა შორის, 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი ნამდვილად იყო დაშლის პირას, დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისთვის ერთი მთავარი მოტივით - თუ რუსეთი ჩამოიშლებოდა, როგორ უნდა ეკონტროლებინათ პატარ-პატარა "სამეფოებში" თუ რესპუბლიკებში მიმოფანტული ბირთვული იარაღი. საინტერესოა, ეს დასავლელი ლიდერები (ვინც ცოცხალია) თუ უსვამენ კითხვას საკუთარ თავს - რა ჯობდა, თუნდაც პატარ-პატარა პრობლემატური "სამეფოების" კონტროლი თუ პუტინის "დიდ და ერთიან" რუსეთთან ურთიერთობა?!
გიორგი კვიტაშვილი