"რად გვინდა სადმე და ვინმესთან ცხოვრება ან შეერთება, ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა თუ გავაგრძელეთ“
სულ ცოტა ხნის წინ ლეგენდარული ქართველი შოთი არველაძე თურქეთის სუპერლიგის კლუბ "ფატიჰ კარაგუმრუქის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. "ჰალი სიტიდან" წამოსვლისა და სამწვრთნელო საქმიანობის 1-წლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ვეტერანი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი მუშაობას შეუდგა და დარწმუნებულია, რომ ერთიანი ძალით თურქულ კლუბს უფრო წარმატებულს გახდის. შოთი არველაძისთვის "კარაგუმრუკი" მეშვიდე გუნდი იქნება (თურქეთში - მეოთხე). მასთან სპორტის გარდა, სხვა თემებზეც ვისაუბრეთ, ვინაიდან შოთი სამოქალაქო აქტივიზმითაც გამოირჩევა, თანამედროვე საზოგადოების პულსზე უდევს ხელი და მნიშვნელოვან მოვლენებს ღირსეული პოზიციით ეხმაურება ხოლმე.
"ევროკავშირის სტატუსიც არაფერს მოგვცემს, თუ ისე არ ვიცხოვრეთ, როგორც ყველას მოგვეთხოვება. რად გვინდა სადმე და ვინმესთან ცხოვრება ან შეერთება, ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა თუ გავაგრძელეთ თუნდაც სიტყვიერად და საშინელი, დაუნდობელი ზიზღით. ევროპა და ცივილიზაცია ნიშნავს პატივისცემას, ყველას აზრის გათვალისწინებას და ჰარმონიულად ცხოვრებას, სადაც წესი და რიგი არის დაცული, და არა ისე ცხოვრებას, ვისაც როგორ მოუნდება და გაუხარდება. იმედია, სტატუსი ბევრს გამოაფხიზლებს და ჩვენს შვილებს უფრო მეტ პერსპექტივას მოუტანს, რაც ჩვენი ოცნება და მიზანია", - მისი ეს სიტყვები თითქოს იმ ცნობილი წერილის გაგრძელებაა, რომელიც შოთიმ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების პერიოდში გამოაქვეყნა.
- შოთი, როგორ შეაფასებთ გასულ 2023 წელს და პირადად თქვენთვის რით იყო გამორჩეული?
- რაც მთავარია, 2023 წელი კარგი იყო და ამაში ის იგულისხმება, რომ ყველა ჩემიანი ჯანმრთელად და კარგად მყავდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას გავუძელით. ამასთან, გასულ წელს ბევრი ვიმოგზაურე, ბევრი დრო გავატარე ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, რაც ყველაზე საუკეთესო რამ იყო ამდენი ხნის განმავლობაში. 2023 იყო პირველი წელი, როცა უმუშევარი ვიყავი და რა გასაკვირია, დროც ბევრი მქონოდა.
- გასული წელი თქვენთვის საინტერესოდ დაგვირგვინდა - 12 დეკემბერს გაფორმდა კონტრაქტი და თურქულ საფეხბურთო კლუბ "ფატიჰ კარაგუმრუქის" მწვრთნელად დაინიშნეთ. უკვე გაიცნობდით თქვენს გუნდს, რა შანსი აქვს მას თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში, როგორ დაგხვდათ და რას ელის თქვენგან თურქი გულშემატკივარი?
- მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდი, წლის ბოლოს შევუდექი მუშაობას. ვიდრე შემოთავაზებას დავთანხმდებოდი, ჩემს უახლოეს და საყვარელ ადამიანებს ვკითხე აზრი, ყველა მონატრებული იყო ჩემს აქტიურობას და ყველამ მირჩია დათანხმება. მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევაც სურს. ეს ჩემთვის მეოთხე თურქული კლუბია. მადლობა "კარაგუმრუქის" პრეზიდენტ სულეიმან ჰურმას ნდობისა და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. გუნდთან ერთად ვარჯიშები ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედია, გახარებას მოვახერხებთ. რაც შეეხება იმას, გუნდისგან რა შედეგებს ველი, ვიმუშავებთ და ვნახოთ.
- რას იტყვით საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, მარტის პლეი-ოფს მოიგებს და ევროპის ჩემპიონატზე გავა? მაინტერესებს თქვენი აზრი ახალგაზრდულ ნაკრებზეც, რომელზეც დიდ იმედს ამყარებენ გულშემატკივრები. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფეხბურთის აღმასვლა იწყება?
- ნაკრები რთული თემაა და მას ბევრი სიძნელეც ახლავს. არის კარგი და არის ჩავარდნილი თამაშებიც, ამიტომ ძნელია რამე ივარაუდო. მთავარი მაინც მარტის თვეა, რომელიც გამარჯვებებით უნდა გავიაროთ და მერე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. დღეს ახალი გმირები გამოჩნდნენ. ახალ თაობას თავისი დროის გმირები და ვარსკვლავები გაუჩნდა კვარას, მამარდას, მიქაუტაძის, ჩაკვეს და ზურიკოს სახით. ამან გამოაფხიზლა, გააცოცხლა სტადიონები და გულშემატკივრები.
- შოთი, ეროვნულ ნაკრებში 27 გოლით ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირი ხართ. ქართველი ვარსკვლავებიდან ვინ შეიძლება მოხსნას თქვენი ეს რეკორდი?
- მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მე რამდენი გოლი მაქვს გატანილი ნაკრებში, არამედ ის, რომ ბევრი ფეხბურთელია დღეს, ვისაც, რა თქმა უნდა, შეუძლია ჩემზე მეტი გოლი გაიტანოს და გამარჯვებები მოუტანოს ეროვნულ ნაკრებს - კვარა, ჩაკვე, მიქაუტაძე და დავითაშვილი.
- ფეხბურთს მართლაც ახალი ტალანტები ჰყავს... როგორც მწვრთნელი, რას იტყვით ხვიჩა კვარაცხელიაზე, მის ტექნიკაზე, რითია გამორჩეული? არის საუბარი, რომ ბევრი კლუბია მისით დაინტერესებული.
- კვარა მართლაც საუცხოოდ თამაშობს და მჯერა, ყოველი სეზონის შემდეგ სულ უფრო მაგარი იქნება. ამაში ყოველი მისი თამაშის შემდეგ ვრწმუნდები. კვარა ძალიან, ძალიან სწორად თამაშობს, ამ ასაკში იშვიათს თუ შეუძლია ასე სწორად თამაში. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა.
- შესანიშნავი ინიციატივა წამოვიდა თქვენგან, რომ საქართველოში მსოფლიო საფეხბურთო გრანდების მონაწილეობით სეზონში ერთხელ მაინც საზეიმო მატჩი ჩატარდეს. როდის დაიწყებთ ამ შესანიშნავ პროექტს?
- დავიწყებთ 2024 წლის მარტში და ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" ვეტერანები დავუპირისპირდებით. ასეთი თამაშები დიდ საფეხბურთო ქვეყნებსა და ქალაქებში იმართება და კარგია, რომ ერთ დღეს ეს ზეიმი ჩვენს ქალაქშიც იქნება. პირველ მატჩს შესანიშნავი ბათუმი და მისი ულამაზესი სტადიონი უმასპინძლებს.
დიდი წარსულის მქონე კლუბებთან, ლეგენდარულ ფეხბურთელებთან დაპირისპირება მოტივაცია იქნება, რომ მატჩს მომზადებულები შევხვდეთ. მთავარია, ასეთი თამაშების კულტურა დაინერგოს და გულშემატკივარმა გაიხაროს. რაც მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს ხელს ქვეყნის განვითარებაც უწყობს - რამდენიმე თვის წინ ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი ჩატარდა, წლების წინ კი ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი. ამიტომ, შესანიშნავი წამოწყებაა და გულშემატკივარს საშუალება ექნება საფეხბურთო ზეიმის შორიდან ყურების ნაცვლად, თავად შეძლოს მონაწილეობა და მასში სხვადასხვა ფორმით ჩართვა.
- შოთი, პირველი ქართველი ფეხბურთელი ხართ, რომელმაც ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" დაწერა. ცოტა ადრე ხომ არ მოგივიდათ განვლილი კარიერის შეჯამება? თქვენი კარიერა გრძელდება და, ალბათ, მეორე ნაწილის გამოცემაც მოგიწევთ. კიდევ ხომ არ წერთ რამეს?
- არ ვიცი, ადრე იყო თუ გვიან, ეს წიგნი 15 წლის წინ დავწერე და ჩემი, როგორც ფეხბურთელის კარიერა შევაფასე. რაც შეეხება მწვრთნელის კარიერას, ჯერ იმხელა წარმატებისთვის არ მიმიღწევია, რომ წიგნი დაიწეროს. მერე ვნახოთ. ეს იყო არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი თაობისა და ეროვნული ნაკრების პირველი ნაბიჯების, საზოგადოდ ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა.
- ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე თქვენი სამოქალაქო პოზიცია გქონდათ. გენიალური იყო "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე თქვენი გამოხმაურებაც, რაც საზოგადოებამ გულთან მიიტანა და რამაც თქვენი პოპულარობა ასმაგად გაზარდა. ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვან დროს სირაქლემის პოზაში ჩადგომა დანაშაულის ტოლფასი იყო თუ "მართლები რომ უნდა ვიყოთ საკუთარ თავებსა და ჩვენი შვილების მომავალთან", ამიტომ თქვით სათქმელი?
- არ ვიცი, ვინ როგორ უნდა მოიქცეს და ვინ როდის უნდა თქვას თავისი სათქმელი, მე ვერასოდეს ვასწავლი ადამიანებს, არც არასდროს გავბედავ ამას. მე არც ბევრი მილაპარაკია ამ თემებზე და არც ბევრი პოსტი დამიწერია, მხოლოდ ორიოდე პოსტია ჩემს არქივში - ერთი ეხებოდა უკრაინაში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების სამძიმარს. სამძიმარი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე ურთულესი და განუყოფელი ნაწილია. ასევე, მნიშვნელოვნად მიმაჩნდა და მიმაჩნია უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერა. ჩემი მეორე პოსტი შეეხებოდა კანონს, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად უადგილო და არაფრისმომცემი იყო. როგორც აღმოჩნდა, ეს პოზიცია ბოლოს ყველამ გაიზიარა. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
- "დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ", - ეს თქვენი სიტყვებია... დადგა ისტორიული მომენტი - საქართველომ ევროკავშირის სტატუსი მიიღო. რამ მოიტანა ეს შედეგი, რას გვავალდებულებს სტატუსი და ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებულ პერსექტივას თუ ხედავთ?
- დიახ, ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს, თუმცა სტატუსიც არაფერს მოგვცემს, თუ ისე არ ვიცხოვრეთ, როგორც ყველას მოგვეთხოვება. რად გვინდა სადმე და ვინმესთან ცხოვრება ან შეერთება, ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა თუ გავაგრძელეთ თუნდაც სიტყვიერად და საშინელი, დაუნდობელი ზიზღით. ევროპა და ცივილიზაცია ნიშნავს პატივისცემას, ყველას აზრის გათვალისწინებას და ჰარმონიულად ცხოვრებას, სადაც წესი და რიგი არის დაცული, და არა ისე ცხოვრებას, ვისაც როგორ მოუნდება და გაუხარდება. იმედია, სტატუსი ბევრს გამოაფხიზლებს და ჩვენს შვილებს კიდევ მეტ პერსპექტივას მოუტანს, რაც ჩვენი ოცნება და მიზანია.
- ერთხანს იყო მითქმა-მოთქმა, შოთი არველაძე პოლიტიკაში მიდისო. თქვენი გულშემატკივრების არმია მოგიწოდებდათ კიდეც, აუცილებლად წასულიყავით პოლიტიკაში და წარმატებაც გარანტირებული გექნებოდათ. ოდესმე გიფიქრიათ პოლიტიკაზე?
- არასდროს მიფიქრია. უპირველესად იმიტომ, რომ არა მგონია, რამე შევცვალო და სარგებელი მოვუტანო ჩემს ქვეყანას. მე ჩემი საქმე მიყვარს და აქამდეც და ახლაც ჩემი აქტიურობით, ჩემი საქმით, ვფიქრობ, უფრო მეტი სარგებელი მომაქვს, ვიდრე იმით მოვიტან, რომ ვიჯდე სადმე და ვინმე ვლანძღო, ან პირიქით, მე მლანძღონ.
- რას უსურვებთ ქართველებსა და საქართველოს, ჩვენს მკითხველს ამ ახალ წელს?
- მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი, ყველას ვუსურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა და ბევრი წარმატება!