„თემურის წასვლის შემდეგ უფრო მივეჯაჭვეთ ერთმანეთს“ - კვირის პალიტრა

„თემურის წასვლის შემდეგ უფრო მივეჯაჭვეთ ერთმანეთს“

როდესაც საუბარს ვიწყებთ ოჯახურ დინასტიაზე ხელოვნებაში, მე პირადად, და ალბათ, სხვებსაც, სწორედ ეს ადამიანი გაახსენდება, ყველაზე დიდი და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ყველაზე დიდი დინასტიისა. ამ ოჯახში ყველა წარმატებული და განსაკუთრებულად საყვარელი სახეა საზოგადოებისათვის.­ ამ დიდი ოჯახის წარმატება კი თავის დროზე დიდმა კოტე მახარაძემ და მედიკო ჩახავამ განაპირობეს. ჩვენი საახა­ლწლო რუბრიკის სტუმარი­ საბალეტო სტუდია "ვერის უბნის ტანც-კლასის" ხელმძღვანელი ქალბატონი მაკა მახარაძეა. როგორც კი მასთან სტუდიაში შედიხარ, მაშინვე იგრძნობა შობა-ახალი წლის განსაკუთრებული სურნელი, სიხარული და ბავშვების უდიდესი სითბო.

- ბავშვებთან ურთიერთობა საოცრებაა, რამდენადაც გწურავენ, იმდენად გავსებენ. ეს არის ჩემი ცხოვრების საქმე. მართლა ძალიან ბედნიერი­ ვარ. აქ თაობები მოდიან, იცვლებიან, მერე თავიანთი შვილები მოჰყავთ. მალე, ალბათ, შვილიშვილებსაც მოიყვანენ. ვცდილობთ ბავშვი კულტურულ ადამიან­ად აღვზარდოთ. გვინდა ეს გოგონები სული­ერად უფრო მდიდარნი იყვნენ, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას.

- 90-იან წლებში, როცა ყველაფერი გაჩერდა, თქვენმა სტუდიამ ახალი სიცოცხლე შეიტანა მაშინდელი ბავშვების ცხოვრებაში...

- ამ სტუდიამ ნამდვილად შეცვალა­ ჩემი ცხოვრება. სტუდიის გაკეთებაზე არც მიოცნებია. უკვე 9 წლის წამოსული­ ვიყავი სცენიდან. ჩვენი პროფესია ძალიან რთულია, 38 წლის უკვე პენსიონერად ითვლები.­ პენსიონერი ხარ იმ ასაკში, როცა დრამის­ მსახიობი გაფურჩქნის ხანაშია, ამ დროს კი შენ უპროფესიოდ რჩები. ჩემ­თვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია და ვიფიქრე­, უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობდი ჩემს შვილებს. ჰოდა, ვარ ჩემთვის მშვიდად, დათას ვზრდი... ერთ დღეს ჩემ­თან მოვიდა ძალიან ახლობელი ადამიანი და მითხრა, შენ ასე სახლში ჯდომას აპირებ?­ მოიფიქრე რამეო. იმდენი მელაპარაკა, გადავწყვიტე პატარა სტუდიის გახსნა. წავედი პირველი სკოლის დირექტორთან,­ ქალბატონ ლიანა შეწირულთან, მაგრამ მას არ ვიცნობდი და ამიტომ წინ მამაჩემი, კოტე ავიფარე. ქალბატონმა ლიამ, ერთი ოთახიც­ კი არა გვაქვს­ თავისუფალიო. ერთ­ადერთი ოთახია, მაგრამ ნახევრად სარდაფია, თანაც­ საწყობად ვხმარობო. თენგიზ სუხიშვილსაც შეპი­რებული ვარ, აი, მეორე კორპუსი­ რომ აშენდება, მერეო... წავედით სანახავად იმ სარდაფის და მაშინვე დავთანხმდი. გავაკეთეთ რემონტი, მაგრამ ძალიან პატარა ფართობი იყო, ვერ ვეტეოდით. მახსოვს, სოფიკო რომ მოვიდა პრეზენტაციაზე, ეგრევე­ მიიჭრა ლიანასთან, აქ ვერ დაეტევიანო. მეორე ოთახი გადიოდა გვერდზე,­ ისიც სარდაფი, და ისიც დაგვი­თმეს. შემოვიკრიბე ჩემი უახლოესი მეგობ­რები, ვისთან ერთადაც ვსწავლობდი, ვცეკვავდი... ახალ წელს ყოველთვის ვემზადებოდით, ერთი კარადა გვქონდა, რომელსაც ვრთავდით და "ჯადოსნური კარადა" შევარქვით - როცა კარს ვაღებდით,­ ინთებოდა და მუსიკა უკრავდა. ვაფრენდით ჩვენს გემოზე. ნაძვის ხე პაჭკებით გავაკეთეთ... და ამასობაში დავდგი პირველი სპექტაკლიც... მახსოვს, ადგილი რომ არ გვქონდა, ჩიტი ტუალეტიდან გამოფრინდებოდა ხოლმე... მართლა საოცრებებს ჩავდიოდით, ბავშვე­ბსა და მშობლებს დღესასწაულებს ვუწყობ­დით. 90-იანებში სად იყო საბალეტო მაღა­ზია ან რამე. ბაზრობაზე­ დავდიოდით აქსესუარებზე. ერთ დღესაც მშობელი მეუბნება, ქალბატონო მაკა, ახლა აქ რასაც აკეთებთ, სცენაზე რომ გადაიტანოთ, არ შეიძლებაო? უი, არა-მეთქი, შევიცხადე, მაგრამ­ საბოლოოდ მაინც სცენაზე გადავედით და საახალწლოდ "მაკნატუნას" დადგმა­ გადავწყვიტეთ, ოღონდ რისგან, როგორ გავაკეთეთ, მართლა არ ვიცი... მახსოვს, ერთმა ქალმა დარეკა, სექენდ-ჰენდის მაღაზია მაქვს, ისეთი კაბები­ ამოვიდა, შეიძლება გამოგადგეთო. მაშინვე გავქანდით და რაც იყო, წამოვიღეთ. 9 კარგი კაბა იყო, ერთს ბევრი ბრჭყვიალა ჰქონდა, სულ არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ რა გვექნა.­ სწორედ ამ კაბაზე შეიშალნენ ბავშვები... ჩვენმა მხატვარმა სიმონიკო მაჩაბელმა ფარდებისგან საოცარი დეკორაცია გააკეთა. კოტემ რომ ნახა, ძალიან შეგვაქო. მამა მაინც მამაა... სხვათა შორის, სოფიკოს მივუძღვენი ამ სტუდიის სახელიც "ვერის ტანც-კლასი", მაგრამ თავად ვერ ნახა აქაურობა, უკვე ძალიან ცუდად იყო... არც დედას უნახავს.

410799642-374171578613675-7014805938247601766-n-1704639054.jpg

- შეუძლებელია არ გავიხსენოთ ქალბატონი მედეა ჩახავა, რომელიც მთელ საქართველოს უყვარდა. ასევე მამაც, განუმეორებელი კოტე მახარაძე...

- მე განსაკუთრებული დედა და მამა მყავდა. მედიკო ყველას დედა იყო. მარტო მისი ხმის ტემბრი რად ღირდა, რომელიც არასოდეს შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტს ეწეოდა, ხრინწი არ გასჩენია ხმაში. როგორც ყველა, ისიც ჩვეულებრივი მშობელი იყო. მხოლოდ პრემიერების­ წინა დღეებში არ უნდა შეგეწუხებინა, ისე ნერვიულობდა ხოლმე. ამით მე ვგავარ: ყველა­ კონცერტის წინ ძალიან ვღელავდი და ერთხელ მეუბნება, კაი ახლა, არა უშავს, გახვალ სცენაზე და გაგივლისო. გიჟდებოდა­ ბავშვებზე. ქუჩაში ისე ვერ გაივლიდა, უცხო ბავშვს რომ არ მოჰფერებოდა. თემური­ რომ დაიბადა, მაშინ ასეთი რამ დაწერა­: "გამიჩნდა თემურიკო... როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე, რას ვაკეთებდი მანამდე, სანამ თემურიკო დაიბადებოდა". მაკასთან­ უკვე პროფესიონალური­ დამოკიდებულება მაქვსო, ამბობდა. ბატ­ონი მიშა თუმანიშვილის სპექტაკლში მის შვილს ვთამაშობდი.­ ამ სპექტაკლში დედა და მამა გაყრილები­ არიან. ისე მოხდა, რომ ცოტა ხანში მართლა­ დასცილდნენ კოტე და მედეა.

დედა სულ საქმიანობდა. ერთხელ ჩემმა­ ძმამ ივიკომ გააპროტესტა, ეს ქალი სულ სახლში უნდა იყოს, იმიტომ, რომ შვილს ენატრება... რა ქალია ეს ქალი, თუ წევს, სძინავს და თუ დგას, მიდისო. მართლა ასე იყო. თეატრი იყო მისი სახლი. ვთქვათ, გასტროლზე იყიდდა რამდენიმე­ წყვილ ფეხსაცმელს. ჩამოვიდოდა, ერთხელ ჩაიცვამდა და მერე თეატრში მიჰქონდა. თეატრის­თვის არაფერი ენანებოდა. ჩვენც ასე გავიზ­არდეთ. ახლა ნატოა ასე, ყველაფერს თეატრში მიათრევს. ის მართლა სახლია ჩვენთვის. მე რუსთაველის თეატრში გავიზარდე. ჩემი ძმებიც, ჩემი სიძე ნიკა თავაძეც, ნატო უფრო ოპერაში, ძალიან უყვარდა ბალეტი და დარწმუნებული ვიყავი, ბალერინა იქნებოდა. კარგად ცეკვავდა დათაც.

მახსოვს, ბავშვობაში სულ დედა გვენატრებოდა. ჩვენ სკოლაში რომ მივდიოდით, ჯერ ეძინათ. შუადღისას რეპეტიციები ჰქონდათ, საღამოს ან სპექტაკლი, ან რეპეტიცია. მახსოვს, როცა დედა გამოდიოდა თეატრიდან, რა ხდებოდა გარეთ. "ნიკოლოზ ბარათაშვილში" მაიკო ორბელიანის ეპიზოდური როლი ჰქონდა, მაგრამ ისე თამაშობდა, ხალხი ხვდებოდა ქუჩაში, ხელში ატაცებით...­ იმდენად წუხდა ამისგან, რომ უკანა მხრიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან იპარებოდა. მერე ეგეც გაიგეს და იქ ხვდებოდნენ. რაც შეეხება კოტეს, გული სწყდებოდა, რომ ცნობილი და პოპულარული სპორტის კომენტატორობით გახდა, არადა­, მანამდე სახალხო არტისტი­ იყო, რომელიც რუსთაველის თეატრში მოღვაწეობის პერიოდში მიიღო. შემდეგ მარჯანიშვილში გადავიდა, სადაც­ სოფიკოს შეხვდა...

მინდა ხაზი გავუსვა მამას როლს თემურის გაზრდაში. მთლიანად ჩართული იყო მის ცხოვრებაში. სანიმუშო ურთიერთობა ჰქონდათ. საერთოდ, რაც ჩვენმა მშობლებმა გვიანდერძეს თავია­ნთი მაგალითით, ის სიკეთე, რაც მათ აქვთ გაკეთებული უამრავი ხალხისათვის,­ რაც დათესეს, ახლაც ყოველ ნაბიჯზე მხვდება. ქუჩაში რომ დამინახავენ, მეფერებიან. არ არის ადვილი მათი შვილობა. სულ საკუთარი თავის გაკონტროლებაში ხარ. არ გაძლევს ცუდად მოქცევის უფლებას და ჩვენც ასე გავზარდეთ ჩვენი შვილები.

410032318-1711949092620640-1163278542382938502-n-1704639054.jpg

- თემურ ჩხეიძე, უდიდესი ადამიანი და რეჟისორი... რა შეიცვალა მისი გარდაცვალების მერე?

- ის ფანჯარაში სინათლე იყო. თავისი­ ადამიანობით, საოცარი სიმშვიდითა და იუმორით. არასოდეს არავისზე საყვედური არ უთქვამს. გარდაცვალების მერე ერთად­ერთხელ დამესიზმრა, შორიახლოს იჯდა და თითქოს საყვედურით მიყურებდა.­ სულ რომ არაფერი­ გაეკეთებინა და მხოლოდ ასეთი ადამიანი ყოფილიყო, მაინც განუმეორებელი იქნებოდა. ერთხელ ვთხოვე, ჩემს რეპეტიციაზე მოდი და შენი აზრი მითხარი-მეთქი. მოვიდა, ბოლომდე დაესწრო და საღამოს სახლში მითხრა, ეს ხელოვნების სხვა დარგია, ამაში­ ვერ ჩავერევიო. მე მქონდა ბედნიერება­ მის სპექტაკლში მეთამაშა. "ლამბალო და ყაშას" მიხედვით დადგა სპექტაკლი და "ბედი მდევარი" დაარქვა. საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, შენიშვნა არ მოუცია ჩემთვის. ძალიან შეკრული ოჯახი ვართ, მაგრამ თემურის წასვლის შემდეგ თითქოს უფრო მივეჯაჭვეთ ერთმანეთს. ჩვენს ოჯახში ყველა თავის საქმეს თავდადებულად აკეთებს, არავინ არ ვართ ქედმაღალი. ეს მშობლების დამსახურებაა. თემურის მამაც ასეთი იყო, მამაჩემიც და დედაც - დედოფალთან დედოფალი იყო და ბავშვთან ბავშვი. ცხოვრებისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა, ალბათ, რომ ძალიან შეკრული ოჯახი ვართ.

- იქნებ პატარა ამბავი გაიხსენოთ თქვენი ბავშვობიდან?

- პატარა ვიყავი, მამამ ძალიან მაღალი­ ნაძვის ხე მოიტანა, მაშინ კატა და თუთიყუ­შები გვყავდა. დედამ რატომღაც გალია ნაძვის ხეზე ჩამოკიდა, კატა, რა თქმა უნდა, შეახტა იმ იმედით, რომ ჩიტებს ჩაიგდებდა­ ხელში, მაგრამ ნაძვის ხე გადმოაყირავა­ და სათამაშოები დაიმსხვრა. ცხარე­ ცრემლებით ვტიროდი... როგორც ყველას,­ ჩვენც ძალიან გვიყვარდა ახალი წლის დღესასწაული. შობას და ახალ წელს მთელი ოჯახი ვიკრიბებით, რაც დიდი ბედნიერებაა. ახალი წლის შეხვედრა ასე იწყება: ჯერ ვაცილებთ ძველ წელს დიდი მადლობებითა და ჟივილ-ხივილით, შემდეგ ყველას მივართმევ გოზინაყს სიტყვებით: "ასე ტკბილად დამიბერდი". ასე აკეთებდა ჩემი ბებო, დედა, ახლა კი მე. შემდეგ მივუსხდებით სუფრას, რომელსაც ნატო ულამაზესად აწყობს, მაგიდაზე უფრო მეტი დეკორია, ვიდრე საჭმელი.

ახალ 2024 წელს სიკეთეს, სიყვარულსა და ბარაქას ვუსურვებ ყველას. სიხარული, სიყვარული და სიკეთე ყოფილიყოს თქვენი მეგზური.

409327765-315213884810653-2568231956881070751-n-1704639054.jpg

- ჩვენს პატრიარქს 91 წელი შეუსრულდა! ცნობილია, მისი უწმინდესობისა და დედათქვენის განსაკუთრებული მეგობრობა..

- ვულოცავ ჩვენს ტკბილ, თბილ და ბრძენ პატრიარქს დაბადების დღეს. ის ჩვენ ძალიან გვჭირდება და ვისურვებდი კიდევ დიდხანს გვყავდეს. უწმინდესსა და დედას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. უწმინდესს უყვარდა დედასთან საუბარი, ხშირად ეპატიჟებოდა. მე, როგორც მძღოლს, ხშირად მქონდა ბედნიერება დედას ვხლებოდი და მეც მერგო ჩემი წილი სითბო უწმინდესისგან. ყოველთვის მეკითხება, როგორაა საქმე ჩემს სტუდიაში. ერთხელ მირჩია, ბავშვებს სილამაზის აღქმა ასწავლეთ, ეს აუცილებელია ადამიანისთვისო. ეს რჩევა არასოდეს დამავიწყდება.

რუსუდან შაიშმელაშვილი