"ადამიანად ყოფნა მანატრე, ღმერთო - ეს ყველაზე დიდი საჩუქარია უფლისაგან" - კვირის პალიტრა

"ადამიანად ყოფნა მანატრე, ღმერთო - ეს ყველაზე დიდი საჩუქარია უფლისაგან"

"60 წელს რომ გადავცილდი, მერე მივხვდი ბევრ რამეს. ახლა გესაუბრებათ 60 წლის შემდეგ შექმნილი ზაზა, რომელიც ცხოვრებას სხვანაირად დაუკვირდა - ჩემი სამყარო რადიკალურად შეცვლილია. ყველაფერი გავარკვიე საკუთარ თავში", - ამბობს ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და დამდგმელი მხატვარი, რომელიც თავის მრავალფეროვან შემოქმედებით საქმიანობაზე გვიყვება, დიდ ოჯახზე,­ თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ერთად; მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე­ და იხსენებს, თუ როგორ იხსნა ვალისგან ბიძინა ივანიშვილმა ჭაბუა ამირეჯიბის წერილის წყალობით და კუთვნილი სახლის გამოსახსნელად სოლიდური თანხა აჩუქა...

11 იანვარს ზაზა კოლელიშვილს 67 წელი შეუსრულდა, ვულოცავთ მას და დღეგრძელობას ვუსურვებთ.

- მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ამ საახალწლოდ თქვენი გაზეთის ფურცლებზე ჩემს აზრებს იზიარებთ. ახალ წელს ჩვენი ოჯახი, ტრადიციულად, ერთად ვიკრიბებით, შვილები, თავიანთი მეუღლეებით, შვილიშვილები და მხიარულად აღვნიშნავთ. ახლა პატარა გვყავს,­ ჩემს უმცროს გოგონას მესამე შვილი შეეძინა. უკვე 8 შვილიშვილი მყავს. ვიტო საფრანგეთშია და ისინი იქიდან გვერთვებიან ხოლმე ინტერნეტით. ეს დღესასწაული მთელ ოჯახს აერთიანებს და ყველას ვუსურვებ ოჯახების ერთიანობას, უფლის რწმენას, ერთმანეთის სიყვარული არ მოგვშლოდეს. დილით პირჯვარს რომ გადაიწერ, მზეს შეხედავ და ანათებს, სიმშვიდეა და ხალხი ფუსფუსებს, შრომობს - ამაზე დიდი სიხარული ხომ არაფერია, ცოცხალი ხარ და შანსი გაქვს, კიდევ რაღაც გააკეთო. მეც ჩემს ასაკში ძალიან იმედიანად ვარ, რომ რამე ისეთს გავაკეთებ, რაც ქვეყანასა და ჩემს სახელს რაღაცას წამატებს.

kolelishvili-4-1704957137.jpg

- რა სიახლეები გაქვთ შემოქმედებაში?

- რაც პენსიაზე გავედი, ალბათ, უფრო აქტიურად ვაზროვნებ შემოქმედებითად, სულ რაღაც მინდა გავაკეთო, ახალგაზრდული წლებისგან განსხვავებით, რადგან მაშინ ვიცოდი, რომ კინოში უნდა გადავეღე­ და მექეიფა, მეტი არაფერი იყო ჩემი საქმე. ქეიფის ხასიათზე დადგომას ყველას ვუსურვებ, მაგრამ დალევა დიდ დროს ართმევს ადამიანს. მაშინ ისეთი გარემო იყო, ბოჰემური... თუმცა, იმავდროულად, შემოქმედ­ებითი. ამჟამად რაღაცას ვაკეთებთ ისეთს, რისი გახმაურებაც ჯერ არ მინდა. ჩემი მეუღლე თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორია და მასაც ვეხმარები.

- ამ გადასახედიდან როგორ უყურებთ თქვენს განვლილ ცხოვრებას?

- ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემეძლო, კიდევ უფრო მეტის და არ გავაკეთე... ახალგაზრდობამ ერთი რამ იცის - გგონია, სულ ახალგაზრდა იქნები. ახლა როგორც ვარ, ამას ვერ წარმოვიდგენდი, მეგონა, სულ ახალგაზრდა ვიქნებოდი, მაგრამ როგორც კი 60-მა დამიკაკუნა, მივხვდი, ალბათ, 25% გამოვიყენე იმ შემოქმედებითი შესაძლებლობებისა, რასაც ვგრძნობ, რომ მაქვს. თეატრი დამაკლდა, მაყურებელთან უშუალო კონტაქტი. თუმცა ამის კომპენსაციაც მოვახდინე - როცა ხალხში გადიხარ და მათგან უდიდეს სიყვარულს გრძნობ, სასიამოვნოა. მე ცოტა ჩაკეტილი პიროვნება ვარ, გამოჩენა დიდად არ მიყვარს, ჩემს წრეში კი პოპულარულიც ვარ. რასაც მაყურებელთან თესავ, იმას იმკი. შენს წარმატებას უფალი მფარველობს, იქ ერთი ბილიკი, მაგრამ ორი გზაა, რასაც ხანდახან დანის პირზე სიარულს ვეძახით - სიყვარული და უცებ ჩამოვარდნა, მიწაზე დავარდნა. ამაზეც უნდა იფიქროს მსახიობმა...

ბოლო დროს ბევრს ვკითხულობ სხვადასხვა სახის ლიტერატურას, უფრო ფილოსოფიური აზრების კითხვა მიყვარს - ესეც ამ ასაკმა მოიტანა. მთავარია ფიქრი, გონება, ჭკუა და შენც აღმოაჩენ ახალ ხედვას, ახალ კანონებს, ცხოვრებისეულს, მსოფლიო ხედვას. მაგალითად, ბიბლია დღევანდელი ცხოვრებაა და რამდენი სიუჟეტიც იქაა, ცხოვრებაშიც იმ სიუჟეტებს ვათამაშებთ, გვინდა თუ არა.

10462897-470765959724232-6194108223889557861-n-1704639554.jpg

- რამდენად რელიგიური ხართ?

- უღმერთო არა ვარ, თუმცა არც თავ­გადაკლული მორწმუნე, უფლის მწამს და მოძღვარი მყავს, ტაძარშიც შევდივარ და სანთელს ვანთებ. მთელი ცხოვრება მმფარველობდა უფალი, მაგრამ 60 წელს რომ გადავცილდი, მერე მივხვდი ბევრ რამეს. ახლა გესაუბრებათ 60 წლის შემდეგ შექმნილი ზაზა, რომელიც ცხოვრებას სხვა­ნაირად დაუკვირდა, ჩემი სამყარო რადიკალურად შეცვლილია, საკუთარ თავში გავარკვიე ყველაფერი. ადამიანები ფიზიკა და სული ვართ, თუ სულმა, გონებამ და ფიზიკამ ურთიერთობა დაალაგა, ანუ საკუთარ თავთან თუ დალაგდი, ცხოვრება, აბსოლუტურად ყველაფერი, დალაგდება.

- თქვენ დაალაგეთ ურთიერთობა საკუთარ თავთან?

- ვიტყოდი, რომ კი. ადრე, ხშირად ინერციით ვმოქმედებდი, ახლა აღარ.

kolelishvili-3-1704957193.jpg

- ახლა როგორია ზაზა კოლელიშვილი?

- ისეთი, როგორიც მთელი ცხოვრება­ უნდოდა ყოფილიყო, ოღონდ ეს თვითკმაყოფილება არ არის. მთლად თავმდაბლებიც ნუ ვიქნებით და შემიძლია ვთქვა, რომ ვიცხოვრე, ცხოვრების თანამგზავრიც ისეთი შემხვდა, ყველაფრის საშუალებას მაძლევს. ნათია არის სიკეთე, ქალი, რომელმაც თავისი კარიერა, ყველაფერი, გადადო და ოჯახს, მეუღლესა და შვილებს მიუძღვნა თავი. ამას გულწრფელად გეუბნებით. ნათიას "ჩემი შეცდომების გასწორება" დავარქვი, იმ შეცდომების, რომლებიც უნდა დამეშვა, მაგრამ ის არ მაძლევდა საშუალებას.

ასე რომ, როდესაც საკუთარ თავთან გავარკვიე, ვინ ვარ, რატომ გავჩნდი, რატომ ვცოცხლობ, როცა წავალ, რა დარჩება, მივხვდი, რომ სწორედ ახლა გინდა ცხოვრება. არ ვიცი, რამდენი წელი დამრჩენია, მაგრამ როცა წავალ, გემრიელად მინდა წავიდე. ცხოვრებაში სიტყვას, სიკეთეს, სიყვარულს, დეტალებს დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს, ჩვენ კი ხშირად ამ დეტალებზე არც ვფიქრობთ. ცხოვრება მიხარია, მზის ამოსვლა. გაგახსენდება ის ქალი, რომელიც სხვანაირი იყო, ის სიყვარული, რაც მე და ნათიას გვქონდა. სიყვარული ახლაც იგივეა, ოღონდ ასაკში შეიცვალა და მის გარეშე ერთ წამსაც ნუ მაცოცხლა.

412522222-890280752826675-3425252230106884959-n-1704639554.jpg

- რა ემოცია გქონდათ, როცა ნათია პირველად დაინახეთ და რა თვისებები მოგწონთ მასში ყველაზე მეტად, რომ ახლაც ასე აღტაცებით საუბრობთ მასზე?

- ნათია რომ დავინახე, გავშრი, თავი დამაკარგვინა! მთელი საღამო უკან დავყვებოდი ჩემს ძმაკაცთან ერთად, ის თავის დაქალებთან ერთად იყო. ზამშის ქვედაკაბა ეცვა, მოვარდისფრო მაისური და ძალიან გრძელი, ლამაზი თმა ჰქონდა. მერე, თეატრალურში რომ გავიცანი, საუკეთესო მეგობრები ვიყავით. მე მაშინ ბევრი ქალი მომწონდა და მათი ნომრები რომ არ დამეკარგა, ჩემი ბლოკნოტი მისთვის მქონდა მიბარებული, თან, როცა დავთვრებოდი, მივიდოდი ნათიასთან და სიყვარულს ვუხსნიდი, ამიტომაც არ სჯეროდა, რომ მიყვარდა. 9 წლის შემდეგ გამომყვა ცოლად.

kolelishvili-2-1704957238.jpg

- როგორ დააჯერეთ?

- ბოლოს ვიჩხუბეთ, ეს კულმინაცია იყო და დავიშალეთ. წამოვედი, ჯერ სადღაც გავიარე, მერე ჩავდივარ მეტროში და უცებ მე და ნათია ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. შევხედეთ, ჩავეხუტეთ, გავიცინეთ და... აღარც გაგვიშვია ხელი ერთმანეთისთვის... საოცრად ერთგულია, მან ოჯახი დააყენა პირველ ადგილზე, თორემ არანაკლებ ნიჭიერი მსახიობია, საკმარისია ნახოთ ფილმში "ტბასთან", რომ დარწმუნდებით... ასე შევქმენით ოჯახი. უფლის, ნათიას დამსახურებაა და, ალბათ, ჩემიც, რომ ჩვენი შვილები მეტ-ნაკლებად წარმატებული არიან და ერთმანეთი ძალიან უყვართ.

- როდის იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი?

- ახლაა ასეთი პერიოდი.

kolelishvili-10-1704957324.jpg

- შემოქმედებაში?

- ჩემთვის, რა თქმა უნდა, "ნატვრის ხე" ცალკე დგას, რადგან პირველია, იქიდან დაიწყო ყველაფერი. ჩვენი სამეული ხომ საერთოდ... სოსოს, პირველ რიგში, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,­ სიცოცხლეს, სიყვარულს და ბედნიერებას თავის დიდ ოჯახთან ერთად. მე ის ძალიან მიყვარს და ყოველთვის მხარში დავუდგები.

ლიკას დაღუპვამ გული ძალიან დაგვწყვიტა. ალბათ, მაშინაც მივხვდით, რა დაუნდობელია სიკვდილი. ლიკა მართლა მარტოსული ადამიანი იყო, ყველაფერს მარტო უმკლავდებოდა, ახლობლები ხომ ჰყავდა, მაგრამ მაინც. ბოლოს ბატონი ბიძინა უხდიდა ხელფასს და ამით ცხოვრობდა. არც არავის აწუხებდა.

1-1704639554.jpg

ჩვენ ძალიან ვახლობლობდით, რაღაცები დავგეგმეთ კიდეც. გარდაცვალების დღეს დაპატიჟებული ვყავდი, ჩემთვის ბორშჩს აკეთებდა და უნდა მივსულიყავი, ნათიას დაურეკა და უთხრა, ერთი სცენარი მაქვს გადმოქართულებული და იქნებ ქართულ რეალობას მოვარგოთო - "როუზების ოჯახის" გადაღება უნდოდა ლიკას... გარდაცვლილ ლიკას მე გადავუღე პირველი ფოტო... ჩემთვის ეს ემოციური კადრია... სხვათა შორის, კედელზე რომ ჩემი ახალგაზრდობის პორტრეტი მიკიდია, ესღა დამრჩა "ნატვრის ხიდან", სწორედ იმ დროს დამხატა კოსტიუმების მხატვარმა ასხა პაპაკაროვმა.

kolelishvili-9-1704957613.jpg

- კედლებზე თქვენი ნახატებიცაა. ავტოპორტრეტიც გაქვთ დახატული?..

- კი.

kolelishvili-8-1704957469.jpg
ავტოპორტრეტი

ესენი დიდი ხნის წინ დავხატე, ჩემი გამოფენა გერმანიაშიც იყო, სადაც 8 ნახატი გავყიდე, წარმოიდგინეთ, დიურერის ქვეყანაში, გრაფიკა. აქ რამდენიმე სცენაა "სამოსელი პირველიდან" და გურამ დოჩანაშვილს რომ ვაჩვენე, რომელიც გინდა აიღე-მეთქი, დომენიკო აირჩია. ახლა მის სახლში კიდია. ჩვენ "სამოსელი პირველი" ფილმად გვინდოდა გადაგვეღო...

123-1704958119.jpg

- საინტერესო იქნებოდა. თქვენი გადაღებული ფილმები არაერთ თაობაშია პოპულარული, "გარიგებამ" დროს გაუძლო, არა?

- ვფიქრობ, ფილმი, რომელიც დროს გაუძლებს, ჯერ არ გადამიღია. სწორედ ამისთვის ვემზადები - ისეთი ფილმი უნდა გადავიღო, როცა ახალგაზრდა თაობა­ იკითხავს, ვინ იყო ზაზა კოლელიშვილიო, იმით გაიგონ. დიდი ხანია ვემზადები და ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად იყოს.

kolelishvili-1704957539.jpg

- თქვენს როლებზე საუბრისას, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, მურტალომ, "კუკარაჩამ" ასევე უდიდესი პოპულარობა მოგიტანათ.

- ქეთი დოლიძესთან ურთიერთობა ძალიან კარგი იყო, ისევე, როგორც ნინელისთან, ლევანთან. საოცარი ჯგუფი იყო, ქეთი აძლევდა სუნთქვას, მასალას. ყველაზე დიდი პრემია "კუკარაჩაში" ავიღე. 57-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა და რუსებს რომ ის მოეცათ, რაც რეალურად გვეკუთვნოდა, მილიონები უნდა აგვეღო. ცალკე აღსანიშნავია შეხვედრა და ურთიერთობა ნოდარ დუმბაძესთან, ჭაბუა ამირეჯიბთან, რომელიც ჩემი უფროსი მეგობარი იყო. ჩვენ "გორა მბორგალზე" გვინდოდა კინოსცენარის დაწერა. დავიწყეთ კიდეც და მერე, ყელზე პრობლემა რომ შეექმნა და ხორხი ამოაჭრეს, ჩემს შეკითხვებს წერილობით პასუხობდა ხოლმე. ის წერილობითი დიალოგები შენახული მაქვს და მინდა ავკინძო. სწორედ ბატონი ჭაბუას დახმარებით დავაღწიე თავი დიდ პრობლემას, მისმა წერილმა ეს სახლი შემინარჩუნა.

416024285-1040633110551821-4450671933879247328-n-1704639555.jpg

- ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი?

- დიახ, ამ ბინას ვკარგავდი, ჭაბუამ კი ბიძინა ივანიშვილს მისწერა და სწორედ ბატონმა ბიძინამ გადაიხადა ფული - 85 000 დოლარი გვაჩუქა და ჩემი ოჯახი დღემდე ძალიან მადლიერია მისი. მგონი, ყველა მსახიობის ოჯახი უნდა იყოს მისი მადლობელი, ყველა ადამიანი, ვისაც მასთან შეხება ჰქონია და დახმარება გაუწევია. ადამიანმა საკუთარი ფული მომცა, ჩეკი გამომიწერა და გადმომცა, რომ ვალი აღარ მქონოდა. ბატონი ბიძინას ნომერი მქონდა და წავშალე, იმიტომ, რომ სხვა დროს რაიმეზე აღარ შემეწუხებინა. მასთან ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა და, ალბათ, მექნება კიდეც, თუ სადმე გადავიკვეთებით.

- 2012 წელს მიმდინარე პროცესებში აქტიურად იყავით ჩართული და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკრებულოს წევრი იყავით. პოლიტიკაში თქვენს ყოფნას ახლა როგორ აფასებთ?

- როდესაც საჭიროდ ჩავთვალე, მაშინ ვიყავი, თორემ მე ხომ პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ, თუმცა 2012 წელს აბსოლუტურად გამართლებული იყო და დღესაც ასე მიმაჩნია. ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. რაც მისაღწევი იყო, იმას მივაღწიეთ. რაღაცები შეიძლება არ მოგწონდეს ადამიანს, მაგრამ რაღა ცუდი უნდა აღნიშნო? კარგი ხომ უნდა დაინახო? ძალიან ბევრი მაგარი რამ მოხდა. 2023 წელს დიდი მოვლენა იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. დღეს დენთის კასრზე ვსხედვართ, მსოფლიო სრულიად არეულია. მე ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ჩემი ცუდიან-კარგიანად.

- რაიმეს თუ ნანობთ ცხოვრებაში? ყველაზე მეტად რამ გატკინათ გული, რაც დღემდე გახსოვთ?

- ჩემმა საქციელმა. ისიც ამ გადასახედიდან, თორემ თავის დროზე ფეხებზე გკიდია... როგორც ვთქვი, ბევრი დრო მაქვს დაკარგული დალევაში, ბევრჯერ შემიშალა ხელი, ყოფილა შემთხვევა, როლზე უკვე დამტკიცებული ვიყავი და აღარ დამიძახეს სწორედ ამის გამო. გვიან ხვდები, რომ შენს თავს დაუშავე... ადამიანებს ნიღბის ტარება გვიწევს, მერე კი ამ ნიღბებს ნელ-ნელა ვყრით და ორი ნიღბით ვრჩებით - სიცოცხლისა და სიკვდილის ნიღბით. ესენი ორივე ნაღდია და ის ზედმეტები აღარ გვჭირდება. ეს ღიმილიც, ტკივილიც უკვე ნამდვილი სახეა, რომელიც აშკარად ჩანს, სულზეც გაჩნდება, გულზეც და გონებაზეც. შენ რომ შეგიძლია ეს ატარო და მაინც სიკეთე თესო, ესაა ადამიანობა, ეს არის ცხოვრება. ამიტომ ვიყოთ ოპტიმისტები, გვიყვარდეს ერთმანეთი და უფალი, ვიყოთ ადამიანები. ადამიანად ყოფნა მანატრე, ღმერთო. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია უფლისაგან. გამოვიყენოთ ეს საჩუქარი.

თამთა დადეშელი