"ქუჩაში მცნობენ და მეფერებიან, ისე ჩამკოცნიან ხოლმე უცნობი ბებოები...“
ნიკოლოზ ხარატმა ეკრანზე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი. მთელი საქართველო გულშემატკივრობს და მისი წარმატებით ხარობს. ამბობს, რომ ბავშვობიდან მღერის. ახლა 13 წლისაა. ნიკოლოზი "კვირის პალიტრას" სიამოვნებით დათანხმდა ინტერვიუზე.
- ნიკოლოზ, რა არის შენთვის სიმღერა?
- მომავალი პროფესია არაა, მაგრამ ძალიან მიყვარს, ჩემი გული და სულია. პროფესიად ბიზნესის მართვას ავირჩევ.
- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მათემატიკაც გიყვარს? როგორ სწავლობ სკოლაში?
- მათემატიკა მართლა მიყვარს. კარგადაც ვსწავლობ. სიმღერა, უფრო სწორად, კონცერტები, ცოტა ხელს მიშლის, მაგრამ მაინც ვასწრებ. 186-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ. ჩემი დამრიგებელი ირმა იარამაშვილია, ჩემი მასწავლებელი მაია ჯინჭარაშვილია. ყველაფერს მასწავლის, სახლში დადის ჩემთან და მამეცადინებს, რომ პროგრამას არ ჩამოვრჩე. მაია მასწავლებელი რომ არა, ოროსანი ვიქნებოდი, იმიტომ, რომ სკოლაში სიარულს ვეღარ ვასწრებ.
- რა ნიშნები გაქვს?
- ათები. ყველაზე მეტად მათემატიკა, ფიზიკა და ქართული მიყვარს.
- ვოკალი გასაგებია, ალბათ, მუსიკაზეც დადიხარ.
- დავდიოდი. ფორტეპიანოზე ვუკრავ, თუმცა მუსიკალურ სკოლაში აღარ დავდივარ, ვეღარ ვასწრებდი მეცადინეობას.
- სიმღერა როდის დაიწყე?
- პატარაობაში. ჯერ დედამ შემამჩნია, რომ სიმღერებს ავყვებოდი ხოლმე. 3 წლის ვიყავი, როდესაც სიმღერაზე დათო არჩვაძესთან შემიყვანეს, მას მერე სულ ვმღერი. ძალიან კეთილი და მოსიყვარულე კაცია დათო არჩვაძე. ბევრნაირი სიმღერები მომწონს, ქართულიც, უცხოურიც, ფოლკლორი განსაკუთრებით.
- ოჯახში კიდევ თუ მღერის ვინმე?
- კი, ჩემი დები, დედაჩემი, ბაბუები... მამაჩემსაც კარგი სმენა აქვს.
- შენ, ალბათ, ყველაზე ცნობილი ხარატი ხარ მთელ ოჯახში?
- ხარატები გურულები ვართ. პატარა გვარია, არა ვართ ბევრი. ამიტომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. სტუმართმოყვარეები არიან, სუფრის გაძღოლა კარგი იციან, მეგობრობაც, სიმღერა ხომ იციან და იციან. ჩვენ სოფელ ძიმითიდან ვართ, თუმცა იქ სახლი არა გვაქვს, მამაჩემმა უნდა ააშენოს. მე ტყუპი დები მყავს. ერთი ქირურგია, მეორე - მარკეტინგის მენეჯერი.
- განებივრებენ?
- არა. მკაცრები არიან, შენიშვნებს მაძლევენ, კამათიც იციან, როცა ვაბრაზებ...
- ბოლოს რაზე გააბრაზე?
- არ მახსოვს... მაგალითად, სტუმრები რომ მოდიან, მათთან მე რომ შევდივარ და ვუმღერი, მიბრაზდებიან, ჯერ ნუ მღერიო... სცენაზე თუ სხვაგან, სადაც არ უნდა ვიყო, ძალიან დაღლილიც რომ ვიყო, მაინც შემიძლია გავიღიმო და ვიმღერო, სიმღერისას ძალა მემატება, მთელ გულით ვმღერი.
- კიდევ ერთი დიდი გატაცება გაქვს.... ასე გავიგე, ლისზე რომ თევზაობ, დედა იქვე ზის და გგულშემატკივრობს...
- მამაჩემს დავყავარ სათევზაოდ, მაგრამ თუ არ სცალია, დედას მივყავარ ლისზე. ხან მეგობრებსაც გამოიყოლებს, ისინი ერთობიან, მე კიდევ ვზივარ და ვთევზაობ. მამას თუ მივყავარ, შორს მივდივართ ხოლმე, რამდენიმე დღით. ძალიან მომწონს მოტოციკლეტის ტარებაც. მამამ მიყიდა. ხანდახან მამას თავის მეგობრებსა და მათ შვილებთან ერთად მთაში მივყავარ რამდენიმე დღით. მიგვყავს მოტოციკლეტები, ვსეირნობთ, ვთევზაობთ, ტყეში დავდივართ...
- იჭერ რამეს?
- ხან როგორ, ხანაც როგორ. ერთხელ ლისზე 3-კილოგრამიანი კობრი დავიჭირე. თევზაობა ჩემმა მეგობარმა ოთო ბაზერაშვილმა შემაყვარა. უკვე 4 ანკესი მაქვს. მე და ოთო გასტროლებზე რომ მივდივართ, ანკესებიც მიგვაქვს ხოლმე.
- ქუჩაში თუ გცნობენ?
- კი, ხშირად, მეფერებიან, ისე ჩამკოცნიან ხოლმე უცნობი ბებოები.... ეს მახარებს და მეც ვეფერები ხოლმე. სასიამოვნოა, ამხელა სიყვარულს რომ გამოხატავენ და მინდა სიყვარულითვე ვუპასუხო. არის შემთხვევები, რომ მაღაზიაში მჩუქნიან, რისი ყიდვაც მინდოდა. ამის გამო ჭიდაობა მიწევს გამყიდველებთან და ორთაბრძოლაში მეტწილად მე ვმარცხდები ხოლმე.
- ახალ წელს როგორ შეხვდი?
- უკვე მესამე წელია ახალ წელს სახლში ვეღარ ვხვდები. ეს დღე წელსაც გარეთ გავატარე, კონცერტზე. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ახალი წელი, მშვიდობა, გახარება და წარმატება ვუსურვო.