ქართული ცეკვა - „გენეტიკური თერაპევტი“ - კვირის პალიტრა

ქართული ცეკვა - „გენეტიკური თერაპევტი“

მშობლები, ალბათ, შეამჩნევ­დნენ­ მათი მოზარდი შვილების "ახალი ბრენდით", ქართული ცეკვით გატაცებას - სადაც არ უნდა იყოს ეს თაობა, აუცილებლად ცეკვავს ქართულს. ასე ხდება არა მარტო იმიტომ, რომ ქართული­ ცეკვა ჩვენი გენეტიკური­ ფენომენია,­ ის ქართველისთვის თერაპიაა. ამიტომაც იყო ჩვენი ისტორიის მაშვე­ლი, რომელიც განსაკუთრებით ქართულ ემიგრაციას ეხმარება.­ სოცქსელში ასეულობით ვიდეოა, სადაც ქართველი ემიგრანტები­ მსოფლიოს სხვადასხვა­ ქალაქის ქუჩებში ცეკვავენ და აღტაცებულ მაყურებელს იკრებენ. სუხიშვილების პირველ თაობას ახსოვს პარიზში ჟან გაბენისა­ და ერთი პადრეს "ლეგენდა" - პადრეს, რომელსაც კონცერტზე ცხელ ბატარეასთან შეხვდა ბილეთი და კონცერტს გახვითქული უყურებდა, მეზობლად მჯდ­ომმა ჟან გაბენმა უთხრა, რატომ იტანჯებით­ ცხელ ბატარეასთან, შეგიძლიათ ეს კონცერტი სხვა დროსაც ნახოთო, პადრემ კი უპასუხა, დაე, ვიტანჯო ოღონდ დედამიწაზე ამ სამოთხეს ვუყუროო".

საერთაშორისო საემიგრაციო საზოგადოების ოპერატორი იტალიაში ფიქრია კუჭუხიძე, მიუხედავად დატვირთული სამსახურისა­, მაინც ნახულობს დროს საცეკვაოდ სახლის აივანსა თუ იტალიის ქუჩებში; სწორედ ამიტომ უწოდებენ მას იტალიელები "ბალერინა ჯორჯიანას".

413339628-915437293386803-8010565932944715243-n-1704643848.jpg

- ქალბატონო ფიქრია, არ მიკვირს, როცა უცხოეთის ქუჩებში აცეკვებულ ჩვენს ემიგრანტებს ვხედავ, რადგან ჩვენთვის, ქართველებისათვის, ეს ერთგვარი თერაპიაა...

- ასეა. ქართული ცეკვა მთელი ერის მკურნალია. შეიძლება სამეტყველო სხვა ენით ჩაანაცვლო, მაგრამ სხეულის ენის დავიწყება ადვილი როდია, ის გენეტიკიდან­ მოდის. ეს ემიგრაციაში უფრო მკვეთრად ჩანს. თითოეულ ემიგრანტს სამშობლოდან მოაქვს თავისი კულტურა, მათ შორის ქართული ცეკვა. მოაქვს თავისი გენეტიკური კოდით და მას ვერავინ წაართმევს. ამით ცდილობს­ სულის შვების მოპოვებას.

- ამის მაგალითი იყო ემიგრანტიP მწერალი გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც პარიზში სუხიშვილების გასტროლებისას ვეღარ მოითმინა და დარბაზიდან აყვირდა, ბრავოო!

- ჩვენც ასე "ვყვირით" უცხო­ეთში­ ჩვენი ქართული ცეკვებით. როდესაც იტალიაში მოვდიოდი, ვფიქრობდი, ღმერთო, როდესაც ვერ ვიცეკვებ, რა მეშველება-მეთქი, მაგრამ მერე, როდესაც აბაშაში ჩანთას ვალაგებდი, ჩემი საცეკვაო კაბა და ნაწნავებიც ჩავაწყვე. ასე წამოვიღე იტალიაში ქართული ცეკვა.

- ყოჩაღ აბაშელ ცეკვის მასწავლებელს, რომ ცეკვის ისეთი სიყვარული გასწავლათ, მაშველ რგოლად გამოგადგათ.

- ცეკვა ჩემი მშველელია და უსაზღვროდ ვემადლიერები მათ, ვინც საცეკვაო დარბაზში მიმიყვანა: არა მარტო მასწავლებელს, იმ ადამიანსაც კი, ვინც დედაჩემს უთხრა, მოდი, ეს გოგო ცეკვაზე მივიყვანოთ, რომ ლამაზი ტანი და სიარული ჰქონდესო. ცეკვის მასწავლებლები კი ჩემთვის გმირები არიან, რადგან ისინი გლობალურ არეულობასა და ალიაქოთში ხელშეუხებლად ინახავენ ნამდვილ საქართველოს.

ვინც ქართულ ცეკვასთან სულით არის დაახლოებული, ის ფესვებსა და ღირსებას არ დაკარგავს. ეს დიდი ხანია გამოცდილია. ცეკვა ბავშვობიდანვე მაშველი რგოლია - ბავშვობასაც ხომ ახლავს სტრესები, ცეკვა კი მათი მკურნალია. ეს მეც ხშირად გამომიცდია... როცა ცუდად ვარ, არ ვიცი, რა დამემართება, რომ არ ვიცეკვო, ასე მგონია რაღაც დამახრჩობს. რამდენიმე ხნის წინ ბიძა გარდამეცვალა, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი, რომელიც გარდაცვლილი მამის მაგივრობას მიწევდა. საქართველოში დაკრძალვაზე ვერ წავედი და იცით, რა დამემართა? მთელი კვირა ვიტირე, ერთი კვირის შემდეგ კი მივხვდი, რომ შეიძლება გავგიჟებულიყავი, ამიტომ ღამის 3 საათზე ავდექი, ჩავიცვი კაბა და დავიწყე ცეკვა. ძალიან დიდხანს ვცეკვავდი, დაღლამდე, და ამ დროს ვიგრძენი, როგორ მომშორდა უშველებელი ლოდი, რომელიც სულზე მაწვა და მოსვენებას არ მაძლევდა. ასეთი რამდენი დღე მქონია, როდესაც ჩემს ქართულ ცეკვას უშველია, ვინ მოთვლის.

- ალბათ, ემიგრანტობის ყველაზე მძიმე, პირველ ხანებში ყველაზე მეტად გშველოდათ.

- არასოდეს დამავიწყდება, როგორ მივდიოდი ზღვის სანაპიროზე უმუშევარი და დამძიმებული და ამ დროს გავიფიქრე, აი, ახლა უნდა ვიცეკვო, მე სხვა აღარაფერი გადამარჩენს-მეთქი და, დავიწყე ცეკვა. ირგვლივ არ იყო არაფერი, გარდა ზღვისა და სივრცისა, ისინი იყვნენ ჩემი მაყურებლები და მამშვიდებდნენ. მაგრამ როდესაც ცეკვა დავამთავრე, მივიხედე და დავინახე, რომ ხალხი შემომჯაროდა და ტაშს მიკრავდა. მაშინ ცოტა შემრცხვა, მაგრამ მერე მომეწონა. არავის ვიცნობდი, მაგრამ ემიგრანტებმა ქუჩაში თანდათან ავკრიფეთ ერთმანეთი, რომ გვეცეკვა და სულისთვის გვემკურნალა. განსაზღვრულ დღეებში ხომ ყველა ემიგრანტს აქვს დასვენების უფლება. ასეთ დღეებში ემიგრანტები პარკში იკრიბებიან ხოლმე. მივდიოდი და ყველას ვეკითხებოდი, ხომ არ ცეკვავდნენ. რა თქმა უნდა, ზოგი ცეკვავდა და ზოგიც ფანდურზე უკრავდა. აი, ასე ჩავატარე პირველი კონცერტი 9 თვეში - ჯერ უფროსებში, მერე უკვე ბავშვებში. ამით ყველა ჩვენგანის სული დავამშვიდე. აუცილებლად უნდა დავიჯეროთ, რომ ქართულ ცეკვას წაქცეული კაცის ფეხზე წამოყენება შეუძლია, ამიტომ მინდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ. ღმერთსაც მადლობა ვუთხრათ, რომ ჩვენს საშველად გააჩინა.