ქართველი მკვლევარი ანტარქტიდაზე
გლაციოლოგი ლევან ტიელიძე საზოგადოებამ შოვის მოვლენების დროს გაიცნო. ახალგაზრდა მეცნიერი ახალი ზელანდიიდან აკვირდებოდა მოვლენებს და გვაწვდიდა სატელიტურ ფოტოებს, რომლებიც გლაციალური ღვარცოფით გამოწვეულ სტიქიაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნიდა. ანტარქტიდის ახალგაზრდა ქართველი მკვლევარი გეოგრაფიის ორგზის დოქტორია გლაციოლოგიის მიმართულებით. სხვადასხვა წელს განათლება მიიღო ამერიკის მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში, კანადის, ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში, შვეიცარიის ციურიხის უნივერსიტეტსა და ახალი ზელანდიის ანტარქტიდის კვლევით ცენტრში. ამჟამად ლევანი ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტში წამყვან მეცნიერ-მკვლევრად მუშაობს. არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ამასთან, ახერხებს, რომ აქტიურად იყოს ჩართული ქართულ სამეცნიერო ცხოვრებაში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც ანტარქტიდაზე გაემგზავრა. ანტარქტიდა ბევრი მკვლევრის აუხდენელი ოცნებაა და ლევანს მართლაც რომ გაუმართლა. თუმცა ადვილად არაფერი მოსულა - ახალგაზრდა გლაციოლოგმა მიზნამდე სავალი გზა დამოუკიდებლად გაიკვალა - ახალ ზელანდიაში დაიცვა სადოქტორო, რომელიც ანტარქტიდულ კვლევებს უკავშირდება, შემდეგ ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერი გახდა და მისი კვლევის საგანი კვლავ ანტარქტიდაა. ლევან ტიელიძე პარალელურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, ამჟამად კი მონაწილეობს 2023-2024 წლების ავსტრალიის ანტარქტიდულ პროგრამაში. ექსპედიცია, რომლის მიზანია აღმოსავლეთ ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი, დენმენის მყინვარის კომპლექსური შესწავლა. როგორც ლევანმა გვითხრა: "დენმენის მყინვარი ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარია და ვინაიდან კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან მოწყვლადია, გადნობის შემთხვევაში მხოლოდ ამ მყინვარს აქვს მსოფლიო ოკეანის დონის 1,5 მეტრით აწევის პოტენციალი... ეს კვლევები ხელს შეუწყობს რეგიონული და მსოფლიო კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას".
- თავისი მასშტაბებით ეს ექსპედიცია ისტორიული პროგრამაა. ანტარქტიდა დედამიწის ყველაზე სამხრეთით მდებარე და ყველაზე ნაკლებად დასახლებული კონტინენტია. ის სიდიდით ავსტრალიას და ევროპასაც კი აღემატება. ანტარქტიდა ასევე არის ყველაზე ცივი, ყველაზე მშრალი, ყველაზე თეთრი, ყველაზე მაღალი (მყინვარული საფრის ჩათვლით) და ყველაზე ქარიანი კონტინენტი დედამიწაზე. ყინულის საშუალო სისქე 2,2 კმ-ს შეადგენს, მაქსიმალური სისქე კი 4,5 კილომეტრამდეა. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს ყინულის 90% და მტკნარი წყლის მარაგის 70% სწორედ აქაა თავმოყრილი.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ანტარქტიდის კვლევა 1940-იანი წლებიდან დაიწყეს, უკვე 1954 წელს ავსტრალიის ეროვნულმა ანტარქტიდის კვლევითმა ექსპედიციამ უშუალოდ ანტარქტიდის კონტინენტზე დააარსა მოუსონის ბაზა. მას შემდეგ ავსტრალია ინარჩუნებს უწყვეტ სამეცნიერო კვლევებს ანტარქტიდაში. აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით ანტარქტიდის კონტინენტის 42% ავსტრალიის მფლობელობაშია.
ანტარქტიდის ექსპედიცია წლების განმავლობაში იგეგმებოდა, მაგრამ სრულფასოვნად მომზადებას დიდი დრო დასჭირდა. კონტინენტზე ამჟამად ავსტრალიის მფლობელობაშია სამი მუდმივმოქმედი სადგური - ქეისი, დევისი და მოუსონი, ასევე, რამდენიმე სეზონური სადგურიც, მათ შორის ბანგერ-ჰილსი. ეს სადგური შარშან გაიხსნა და წელს უკვე პირველ ექსპედიციას მიიღებს. კვლევის მიზანია მომდევნო ათწლეულების პერიოდში დენმენის მყინვარის მასის დაკარგვის რისკების შესწავლა, ასევე, მყინვარის შემცირების ისტორია გეოლოგიურ წარსულში. დენმენის მყინვარი ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარია და ვინაიდან კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან მოწყვლადია, გადნობის შემთხვევაში მხოლოდ ამ მყინვარს აქვს მსოფლიო ოკეანის დონის 1,5 მეტრით აწევის პოტენციალი. კვლევის პროცესში ასევე შეისწავლება ბიომრავალფეროვნების რეაქცია კლიმატსა და გარემოს ცვლილებებზე. უფრო ფართო მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ეს კვლევები ხელს შეუწყობს რეგიონული და მსოფლიო კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას... ექსპედიციაში 42 კაცი ვართ, აქედან 27 მეცნიერი და 15 ტექნიკური პერსონალია. ექსპედიციის შემადგენლობა ძირითადად ავსტრალიელებითაა დაკომპლექტებული. ველზე ყოფნა დაახლოებით ორთვე-ნახევარს (თებერვლის შუა რიცხვებამდე) მოგვიწევს, თუმცა ამინდზე ბევრია დამოკიდებული და შეიძლება თარიღები შეიცვალოს. ანტარქტიდაზე წასვლა უბრალო ექსპედიცია არ არის და დარწმუნებული ვარ, ბევრი მეცნიერი თუ მოგზაური ოცნებობს იქ მოხვედრაზე. მას შემდეგ, რაც ახალ ზელანდიაში სადოქტორო კვლევაზე დავიწყე მუშაობა, არაერთხელ ვცადე, თუმცა კოვიდპანდემიისა და სხვადასხვა დაბრკოლების გამო ეს ვერ მოხერხდა. ავსტრალიაში გადმოსვლის შემდეგ ამ პროგრამაში მოსახვედრად ყველა კონკურსი და სავალდებულო ეტაპი გავიარე სრული სამედიცინო შემოწმების ჩათვლით. ამიტომ როდესაც ვფიქრობ, რომ ასეთ მნიშვნელოვან და ისტორიულ მისიაში მიწევს მონაწილეობა, დადებითი ემოციები ბუნებრივად მოდის.
"საქართველო უნიკალური ადგილია მსოფლიოში"
- ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ისეთი პროფესიის არჩევა მინდოდა, რომელიც მოგზაურობასთან იქნებოდა დაკავშირებული. ვამთავრებდი სკოლას და მაინც არ მქონდა გადაწყვეტილი, რომელი ფაკულტეტი ამერჩია. საბოლოოდ, დედამ მირჩია გეოგრაფია და ჩავაბარე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. 4 წელი ვისწავლე საბაკალავრო პროგრამა და პირველივე კურსზე ჩემი საკურსო თემა მყინვარებზე იყო. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი უშუალო დაკავშირება გლაციოლოგიასთან. შესანიშნავი ხელმძღვანელი მყავდა, რამინ გობეჯიშვილი, მან შემასწავლა გლაციოლოგიის ანბანი. მესამე კურსზე ლაბორანტად დამაწყებინა მუშაობა და მას შემდეგ სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში, შემდეგ დოქტორანტურაში. 2016 წელს დავიცავი დისერტაცია, პარალელურად ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტზე, კვალიფიკაციის ამაღლება ხშირად საზღვარგარეთ მიწევდა, იყო სტაჟირებები, ვმონაწილეობდი ექსპედიციებში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დოქტორის ხარისხი დავიცავი, არასდროს მქონდა იმის ამბიცია, რომ მორჩა, ამით დამთავრდა პროფესიული განვითარება. 2018 წელს გავაკეთე განაცხადი ახალი ზელანდიის ანტარქტიდის კვლევით ცენტრში, მივიღე სრული დაფინანსება სადოქტორო პროგრამაზე და მიუხედავად უდიდესი კონკურსისა, ჩავირიცხე. წავედი და ოჯახთან ერთად დაიწყო ჩემი ახალზელანდიური ცხოვრება-საქმიანობა.
ახალ ზელანდიაში წასვლამდე, დისერტაციის დაცვის პარალელურად, ოჯახი შევქმენი. უცხოელებთან ერთად სტეფანწმინდაში ექსპედიცია გვქონდა დაგეგმილი, თამარიც იქ გავიცანი. ჩემი მეუღლე ბოტანიკოსია, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი. დაოჯახების მერე დავიცავი დისერტაცია და მალევე შეგვეძინა პირველი შვილი, იოანე, ამიტომ 2019 წელს სამნი წავედით ახალ ზელანდიაში. მეუღლემ ჩემ გამო სწავლასაც დაანება თავი და კარიერასაც. მეორე შვილი, ანდრია, ახალ ზელანდიაში შეგვეძინა, 2000 წელს. ორი წლის შემდეგ დავამთავრე მეორე სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა. კიდევ ერთი კარგი ამბავი ის იყო, რომ ახალი ზელანდიის სამეცნიერო საზოგადოებამ ჩემი ნაშრომი წლის საუკეთესო დისერტაციად აღიარა ისე, რომ არც ვიცოდი, ამ ნომინაციაზე თუ ვიყავი წარდგენილი.
ახალ ზელანდიაში ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობს და სამეცნიერო წრეებში წარმოდგენა არა აქვთ საქართველოზე. აღმოჩნდა, რომ უელინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში ანტარქტიდის კვლევითი ცენტრის პირველი ქართველი დოქტორანტი სტუდენტი ვიყავი, რაც ჩემთვის ერთგვარი პასუხისმგებლობა იყო, რათა იქაურებისთვის წარმოდგენა შემექმნა ჩემს ერსა და ქვეყანაზე. ახალ ზელანდიაში ოთხწელიწად-ნახევარი ვიცხოვრე. დისერტაციის პარალელურად, ვმუშაობდი როგორც მკვლევარი, მქონდა ექსპედიციები სამხრეთ ალპებში.
ახალი ზელანდია მთიანი ქვეყანაა მყინვარებით და რაღაცით საქართველოს ჰგავს. მართალია, იქ განსხვავებული კლიმატია, მაგრამ როდესაც მოგზაურობ, მთიანი ადგილები, ვენახები და ვაშლის ბაღები საქართველოს მოგაგონებს. ასეთი გარემო მეტ-ნაკლებად მივსებდა საქართველოს დანაკლისს. გლაციოლოგია ისეთი პროფესიაა, ალპინისტურ ელემენტებსაც რომ შეიცავს. ხშირად მიწევს ექსტრემალურ პირობებში მოგზაურობა და ღამის თევა, ავსულვარ მყინვარწვერზე, რომელიც 5000 მეტრზეა ზღვის დონიდან, მომიწია მოგზაურობამ კანადის კლდოვან მთებში, ტიანშანში, სამხრეთ ალპებში... ახლა ავსტრალიაში, მელბურნში ვარ, მონაშის უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი უნივერსიტეტია, მას 86 000 სტუდენტი ჰყავს და მსოფლიოს საუკეთესო 50 უნივერსიტეტის სიაში გვხვდება, რაც მაღალ სტანდარტებზე მიუთითებს. უნივერსიტეტში არის ანტარქტიდის კვლევის ჯგუფი, რომელშიც 10-მდე კაცი ვართ და აქ მოხვედრა ჩემთვის პრივილეგია იყო - კონკურსი გამოცხადდა და განაცხადი შევიტანე, გავიარე გასაუბრების ყველა ეტაპი, ჩV შეამოწმეს და დიდი კონკურენციის მიუხედავად, ჩემი კანდიდატურა ყველაზე მეტად მოეწონათ. ეს პოზიცია უშუალოდ დაკავშირებულია ანტარქტიდულ კვლევებთან. ანტარქტიდის კვლევა ყველა ქვეყნისთვის პრესტიჟია, თუმცა ავსტრალიაში უფრო განვითარებულია ანტარქტიდული კვლევები, აქ დიდ ფულს ხარჯავენ მეცნიერებაში. ის პირდაპირ კავშირშია ანტარქტიდის რეგიონთან და, რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს ავსტრალიის კონტინენტზე.
ჩემი ბევრი კვლევა დაკავშირებულია საქართველოსა და კავკასიონთან და შეიძლება ამ ეტაპზე აქედან უფრო მეტს ვაკეთებდე საქართველოსთვის, ვიდრე ამას ადგილზე შევძლებდი. საქართველოში ამის ფუფუნება ჯერ არა გვაქვს, ამიტომ აქაური პრივილეგიები მეხმარება იმაში, რომ გამოცდილება საქართველოში ამ დარგის მეტად განვითარებას მოვახმარო. შეიძლება ითქვას, არჩევანმა გამიმართლა - ძალზე მნიშვნელოვანი და საჭირო პროფესია მაქვს. ის ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაშია გადასული და დიდ სიამოვნებას მგვრის. პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი ყველაზე დიდი ჰობიც მოგზაურობა გამოდის.
თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, არავის ვიცნობდით უცხო და შორეულ ქვეყანაში და საერთოდ, თავიდან დავიწყეთ ცხოვრება, რაშიც ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე. სამეცნიერო კვლევა დიდ დროს მოითხოვს და ოჯახის მოვლა-პატრონობა მთლიანად მეუღლემ იკისრა, ძალიან შემიწყო ხელი და მადლიერი ვარ მისი.
სულ იმის ფიქრში ვარ, ჩემი გამოცდილება სამომავლოდ საქართველოს მოვახმარო, საბოლოოდ საქართველოში დაბრუნებას ვფიქრობ. ჩვენი შვილებისთვისაც ეს მნიშვნელოვანი იქნება. ძნელია ემიგრაციაში, მით უმეტეს, ისეთ გარემოში, სადაც ქართული დიასპორა არაა, ქართველი ბავშვები ქართულ გარემოში აღიზარდონ, სამშობლოზე წარმოდგენა შეექმნათ. მე და თამუნა ოჯახში ქართულ გარემოს ვინარჩუნებთ - იოანე 6 წლისაა და ქართულად წერს და კითხულობს. მას სკოლაში ინგლისურად აძლევდნენ დავალებებს, ჩვენ კი ბავშვს შინ ქართულად ვამეცადინებდით, გვსურდა ქართულად ფიქრსა და აზროვნებას მიჩვეულიყო... ისეთი მრავალფეროვნება, რაც ჩვენს პატარა საქართველოშია, ძნელად წარმოსადგენია მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. საქართველოს თუნდაც უზარმაზარი კონტინენტი ავსტრალია რომ შევადაროთ, ერთ-ერთი მისი კუნძული, ტასმანია თითქმის საქართველოსხელაა, მაგრამ საქართველოსთან ახლოსაც ვერ მივა. საქართველო თავისი მყინვარებით, მღვიმეებით, მთებით, ზღვითა და კლიმატის მრავალფეროვნებით უნიკალური ადგილია და ამას გაფრთხილება სჭირდება.