„კვირის პალიტრის“ ექსკლუზივებიდან - კვირის პალიტრა

„კვირის პალიტრის“ ექსკლუზივებიდან

"კვირის პალიტრა" პერიოდულად ექსკლუზივებით ანებივრებს თავის მკითხველს,­ - მსოფლიოს წამყვანი მსახი­ობები თუ ფოტოგრაფები ჩვენთან სიამოვნებით თანამშრომლობენ და უამბობენ თავიანთ ისტორიებს ქართველ მკითხველს, მაგრამ ხშირად გაზეთის ფურცლებზე ვერ ხვდება ის ამბები, რაც ინტერვიუების ჩაწერას ან რესპონდენტის დათანხმებას ახლავს თან, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რამდენიმე გამორჩეული ამბავი, რომლებიც "კადრს მიღმა"­ დარჩა, მოვუთხროთ მკითხველს.

412637331-749479847060316-2481752718784516717-n-1704650583.jpg

ლანჩი შიშველი მონიკას სხეულიდან

მონიკა ბალუჩის, კრისტი ტარლინგტონის, ნაომი კემპბელის, ჯულია რობერტსისა და სხვა მრავალი ჰოლივუდის მსახიობის ცნობილი ფოტოების ავტორია მსოფლიოში სახელგანთქმული ფოტოგრაფი ფაბრიციო ფერი. 1991 წელს მან ნიუ-იორკში დააარსა მულტიფუნქციური სტუდია "ინდუსტრია", არაერთი ცნობილი ფოტოგადაღების ადგილი. ფაბრიციო ფერის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოა შავი ხიზილალით დაფარული შიშველი მონიკა ბელუჩი, რომელიც 2001 წელს გამოცემა Esquire-სთვის არის გადაღებული. Fფოტო იმდენად შთამბეჭდავი და პოპულარულია, რომF ფაბრიციო ფერისთან ინტერვიუ შეუძლებელი იყო ამ ფოტოსთან დაკავშირებული ამბის გვერდის ავლით ჩაწერილიყო. ასე რომ, ცნობილ ფოტოგრაფთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მონიკა ბელუჩის შავი ხიზილალის "სამოსიც" იყო. ყველაფერი კი ასე დაიწყო - გასული წლის იანვარში Fფაბრიციო ფერის ვრცელი წერილი მივწერე და ინტერვიუზე დავითანხმე. ონლაინინტერვიუ ლაივრეჟიმში შედგა, ვიდეოთვალით დავურეკე, რათა უფრო მეტი გვესაუბრა მის შემოქმედებაზე. საუბარი, რა თქმა უნდა, მისი კარიერის­ დასაწყისიდან დავიწყეთ და მივადექით სწორედ იმ ცნობილი ფოტოს გადაღების დღეს, რომელზეც მონიკა ბელუჩის შიშველი სხეული­ შავი ხიზილალით არის დაფარული. ფაბრიციო ფერი იხსენებდა: "ამ ფოტოზე მონიკა სვიის შავი ხიზილალითაა დაფარული. გადაღების შემდეგ შემოქმედებითმა ჯგუფმა ჭამა დავიწყეთ", - იმდენად მოულოდნელი განაცხადი იყო ეს რესპონდენტისგან, რომ გაოცება ვერ დავფარე, უცებ ვერც იმას მივხვდი, ამ წინადადების შემდეგ რა უნდა მეკითხა. რესპონდენტი კი განაგრძობდა, როგორ შეექცეოდა ხიზილალას, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებული მონიკა ბელუჩის სხეულიდან, მე კი ყურებს ვერ ვუჯერებდი, რომ ამას ვუსმენდი. როგორც იქნა, აზრს თავი მოვუყარე და დეტალების გამოკითხვა დავიწყე.

- რას ნიშნავს პირდაპირ ჭამა დაიწყეთ? მგონი, მარტივი არ უნდა იყოს შიშველი მონიკადან ხიზილალის ჭამა.

ფაბრიციოს გაეცინა: "ძალიან მარტივია, მართლა პირდაპირ შიშველი მონიკადან ვჭამეთ",” - მპასუხობს. მე ისევ გაოგნებული ვარ, თან არც ვეშვები ფაბრიციოს: "იქნებ უფრო დეტალურად გაიხსენოთ, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის, ყოველდღე ასეთ ისტორიას ვერ მოისმენ".

- მე და მონიკა ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ. როდესაც მონიკა აღმოვაჩინე, მაშინ არავინ იცნობდა, 16 წლის იყო. რთული პერიოდი ჰქონდა, მოდელობა­ სურდა, თუმცა სხეულის განსხვავებული პარამეტრების გამო სამოსს ვერ ირგებდა და ასე ჭიანურდებოდა მისი კარიერის დაწყება. მახსოვს, შევხედე და ვთქვი: "ღმერთო, ის ნამდვილი მშვენიერებაა". ჰოდა, წავედით ჩემს სახლში, პანტელერიაზე, სამხრეთ სიცილიაში, და რამდენიმე ლამაზი ფოტო გადავუღე. მას შემდეგ სულ ასე გრძელდება, სულ ვუღებ. ასე რომ, მრავალი წლის მეგობრობა გვაკავშირებს. 2001 წელს, როდესაც მონიკას ფოტოგადაღება დაიგეგმა,­ ფოტოგრაფი მე ვიყავი. ის მთლიანად შიშველი იდგა ჩვენ წინაშე, მხოლოდ სვიის შავი ხიზილალით დაფარული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია მსოფლიოში. როგორც კი ფოტოგადაღება დავასრულეთ, შევხედეთ ერთმანეთს გადამღები ჯგუფის წევრებმა და ვთქვით, ეს როგორ უნდა გადავყაროთო. ეს იყო ძალიან ძვირად ღირებული გადაღება. მონიკამ გვითხრა, დაიწყეთ, მიირთვითო. ხელით ვიღებდით მონიკა ბელუჩის სხეულიდან ხიზილალას მე, ვიზაჟისტი და სტილისტი. ძალიან ვიმხიარულეთ. მე თან შამპანურიც მქონდა, გავხსენით და კარგი დრო გავატარეთ. იცით, მონიკა ბელუჩი როგორი მხიარულია? ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს. ის ჩემი გულითადი მეგობარია, ასე რომ, დაუჯერებელია, მაგრამ შიშველი მონიკას სხეულიდან შავი ხიზილალა იმ დღეს გემრიელად მივირთვით.

ამის შემდეგ საუბარი სხვა ფოტოგმი­რე­ბზე გადავიდა, იზაბელა როსელინიზე,­ კრისტი ტარლინგტონზე, ჯულია რობე­რტსზე და ფაბრიციო ფერისთან დამშვიდობების დროც დადგა, მაგრამ უეცრად მეუბნება: "იცით, მე ვიცნობ ქართველებს". გამიხარდა, სად შეხვდით-მეთქი. "დიდი ხნის წინ მე და ქართველებმა­ ისე ვიქეიფეთ, ისე დამათვრეს, რომ სად ვიყავი, აღარ მახსოვს­. 1971 წელს გავემგზავრე რუსეთში,­ რამდენიმე ქალაქი მატარებლით უნდა შემომევ­ლო.­ იმ მოგზაურობის დროს მატარებელში გავიცანი არაჩვეულებრივი ქართველები. ჩვენი ყოველი საღამო ქეიფით მთავრდებოდა. დავიწყებდით ქეიფს და რამდენიმე საათში აღარაფერი მახსოვდა, მეორე დღეს შიშველი ვიღვიძებდი ხოლმე, დამლაგებელი გოგონები კი დამცინოდნენ... საუკეთესოდ მახსენდება ის რამდენიმე დღე, რომელიც ქართველებთან ერთად გავატარე".

"ორნელა მუტი მზადაა "კვირის პალიტრისთვის" იპოზიოროს"

413232112-1094154924923755-8316304485260214618-n-1704650583.jpg

2017 წლის ახალი წელი გვიახლოვდება და რედაქციაში ტრადიციულ წლის "კვირის პალიტრაზე" მუშაობა დაიწყო, რაც თავისთავად გამორჩეული ინტერვიუებისა და სტატიების მომზადებAას გულისხმობს. სწორედ 2017 წლის "პალიტრის" წლიური ნომრისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი დავითანხმე ინტერვიუზე, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა. ვრცელი წერილი, რომელიც ქართულიდან იტალიურად ვათარგმნინე, ორნელას სარეკლამო აგენტს გავუგზავნე. რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. გასაკვირი­ არ იყო, რომ მსახიობს არც მონდომებოდა თანამშრომლობა, რადგან არც საქართველოშია ნამყოფი და არც არასდროს (2017 წლამდე) ქართული მედიისთვის ინტერვიუ არ მიუცია. Gგავიდა ერთ კვირაზე მეტი და მეილის იმ განყოფილებაში, რომელსაც შპამ ჰქვია, სრულიად შემთხვევით შევიჭყიტე და ვხედავ, იტალიური სახელითა და გვარით მწერს უცნობი ადამიანი. "გუგლის" დახმარებით უცებ გავშიფრე რამდენიმესიტყვიანი წერილი: "ორნელა მუტი თანახმაა ინტერვიუზე, მაგრამ სანამ ინტერვიუს შევათანხმებთ, რამდენიმე დეტალი დავაზუსტოთ". იმდენად წარმოუდგენელი და ბედნიერი წუთები იყო ჩემთვის, რომ მომდევნო დღეს სწრაფად შევუდექი ორნელას აგენტის მოთხოვნების შესრულებას: ოფიციალური წერილის მიწერას რედაქციიდან, დამოწმებულს რედაქტორის ხელმოწერით; "კვირის პალიტრის" პირველი გვერდის ფოტოს, რომ სცოდნოდა კინოვარსკვლავს, როგორ გამოიყურება გამოცემა, რომელსაც ის ინტერვიუს მისცემდა, და ბოლოს ორნელა ითხოვდა, მისი ფოტო პირველ გვერდზე გამოგვეტანა, სანაცვლოდ სრულიად უსასყიდლოდ უპასუხებდა "კვირის პალიტრის" ყველა კითხვას. პირველი ორი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ჩვენი ინტერვიუც შედგა. ორნელა მომზადებული აღმოჩნდა საუბრისთვის, რადგან უკვე იცოდა ქართული სამზარეულოს შესახებ, ისიც კი თქვა, რომ სიამოვნებით ჩამოვიდოდა თბილისში, თუ დაპატიჟებდნენ. ინტერვიუთი კმაყოფილმა, მუშაობის შემდეგ ეტაპზე გადავინაცვლე, რაც მისი ფოტომასალის დაბეჭდვას შეეხებოდა, და მივწერე ორნელას აგენტს, რომელ ფოტოებსაც გამომიგზავნით, იმას დავბეჭდავთ-მეთქი, იქიდან ყველანაირ პასუხს ველოდი, გარდა იმისა, რაც მომწერეს: "ორნელა მუტი მზადაა "კვირის პალიტრისთვის" იპოზიოროს. ექსკლუზიურად თქვენთვის გადაიღებს ფოტოებს, მაგრამ ფოტოგრაფის ხარჯები თქვენ უნდა გაისტუმროთ". აღმოჩნდა, რომ ორნელას ფოტოსესია არც ისე მცირე ხარჯთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც სარეკლამო აგენტს თავაზიანად მივწერე, რომ უაღრესად დიდ მადლობას ვუთვლიდით მთელი რედაქცია, მაგრამ უკვე არსებულ ფოტოებს დავჯერდებოდით. ჩემი პასუხი ცოტა უცნაურად მოეჩვენა ადრესატს და მომწერა: "ფიქრობთ, რომ ახლა ცუდად გამოიყურება? ამიტომ გსურთ ძველი ფოტოები?" რა თქმა უნდა, არა-მეთქი, ის ისეთი ლამაზია, როგორც არასდროს, ძალიან დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის, იმისათვის, რომ უსასყიდლოდ ითანამშრომლეთ ჩვენთან, ეს დიდი პატივია, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც ორნელა მუტი ქართულ მედიას ინტერვიუს აძლევს, თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, მაგრამ ჩვენს ძალას აღემატება მისი ფოტოგადაღების ხარჯების გასტუმრება, ამიტომ გთხოვთ ის ფოტომასალა მოგვაწოდოთ, რაც უკვე არსებობს მის არქივში". საბედნიეროდ, მოლაპარაკება ფოტოების შესახებ კარგად დასრულდა - ორნელა მუტიმ პირადი არქივიდან უსასყიდლოდ გამოგვიგზავნა იმ დროისთვის უახლესი ფოტოები და კიდევ 3 კვირა ელოდა, როდის მოხვდებოდა "კვირის პალიტრის" ყდაზე. საქართველოში იმხანად განვითარებული პოლიტიკური და სოციალური მოვლენების გამო იტალიელი მსახიობის ინტერვიუ 2017 წლის იანვარში დაიბეჭდა.