„ქალაქების ომი“ - პუტინის სისხლიანი სარაკეტო „მარათონი“ და უკრაინელების შურისძიება
ომსაც აქვს თავისი წესები და როდესაც საქმე მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატურად და მასობრივად დაჭრა-დაღუპვამდე მიდის, ეს უკვე სამხედრო დანაშაულია და გენოციდის ნიშნებს იძენს.
"ქალაქების ომი", როდესაც ომში მოწინააღმდეგე მხარეები იწყებენ ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში მდებარე მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების მასირებულ დაბომბვას, რასაც მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვება, სამწუხაროდ, ბევრ ომს თან ახლავს.
რაღა შორს წავიდეთ - საქართველოს ქალაქებისა და სოფლების მშვიდობიანმა მოსახლეობამ ეს საშინელება გამოცადა აფხაზეთისა და აგვისტოს ომების დროს, როდესაც რუსეთის არტილერია, სარაკეტო დანადგარები, მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავები, ასევე შვეულმფრენები სისტემატურ საჰაერო დარტყმებს აყენებდნენ სოხუმსა და ოჩამჩირეს 1992-93 წლებში, ხოლო 2008 წლის აგვისტოში იბომბებოდა გორი, ფოთი, სენაკი და თვით თბილისიც...
მაშინ რამდენიმე საპასუხო დარტყმა ქართულმა მხარემაც მიაყენა - გუდაუთაში აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების ცენტრს, ისევე როგორც ოსი სეპარატისტების კონტროლირებულ ცხინვალსა და ჯავას, მაგრამ... ისინიც ხომ საქართველოს ქალაქები იყო და არის...
წესით, საპასუხო სამიზნეები უნდა გამხდარიყო მეზობელი სახელმწიფოს - რუსეთის ქალაქები. სინამდვილეში ჩვენს ქვეყანას აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში ხომ რუსეთი ებრძოდა, მაგრამ ეს ორი მიზეზის გამო შეუძლებელი გახლდათ:
პირველი - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნდათ ისეთი სიშორის მოქმედების იარაღი, რომელიც, მაგალითად, დონის როსტოვამდე (სადაც მდებარე შტაბში იგეგმებოდა და მიმდინარეობდა საქართველოს საწინააღმდეგო საბრძოლო მოქმედებები) მისწვდებოდა (კარგად მახსოვს როგორც უშუალო მონაწილეს, თუ რა ძნელი იყო სოხუმის სისტემატურად დაბომბვის გამო სოხუმიდან სულ რაღაც 30-იოდე კმ-ით დაშორებულ გუდაუთამდე მიღწევა და შურისძიებისთვის საჭირო "ურაგანის" მოპოვება.).
მეორე - აფხაზეთის ომის დროს არც შევარდნაძის ხელისუფლებას და არც აგვისტოს ომისას სააკაშვილის მთავრობას ეყოფოდა იმის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ქართული ქალაქების დაბომბვისთვის პასუხი უშუალოდ რუსეთის ქალაქებისთვის "მოეთხოვათ", რადგან კარგად ხვდებოდნენ, რომ კრემლის პასუხის პასუხი უფრო დაუნდობელი და გამანადგურებელი იქნებოდა.

აი, უკრაინელებმა კი გაბედეს და უკრაინული ქალაქების თითქმის ორწლიანი დაუნდობელი დაბომბვისგან გამწარებულებმა, ახალი წლის წინ საზღვრისპირა რუსულ ბელგოროდს სარაკეტო დარტყმები მიაყენეს.
რა თქმა უნდა, უკრაინის არტილერია და ავიაცია ჯერ კიდევ 2014 წლიდან ხანდახან "ურტყამდა" სეპარატისტების მიერ დაკავებულ დონეცკსა და ლუგანსკს, ხოლო დიდი ომის დაწყების შემდეგ არც ოკუპირებული სევასტოპოლი, მელიტოპოლი თუ ბერდიანსკი "ავიწყდებოდა", მაგრამ ყველა ეს ქალაქი მაინც უკრაინულია, რომელიც მტერს დროებით აქვს დაპყრობილი. უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან 30-იოდე კმ-ში მდებარე ბელგოროდი კი რუსეთის ფედერაციის ის ქალაქია, რომლის მოსახლეობამ ახალი წლის წინ პირველად იგრძნო, თუ რას ნიშნავს უმართავი რაკეტების ზალპი, რომლებიც დაუმიზნებლად, ერთდროულად ფეთქდებიან ქალაქის ამა თუ იმ უბანში.
უკრაინელებს საჰაერო დარტყმები კამიკაძე-დრონებით აქამდეც მიუყენებიათ ბელგოროდისთვის, დონის როსტოვისთვის თუ მოსკოვისთვისაც კი, მაგრამ ეპიზოდურად და უფრო პროპაგანდისტული დატვირთვა ჰქონდა - ჩვენც შეგვიძლია მოსკოვამდე მოღწევაო.
ჯერ იყო და, გასული წლის 29 დეკემბერს რუსეთი უკრაინის არანაკლებ ათ ქალაქს, დედაქალაქ კიევის ჩათვლით, მთელი დღის განმავლობაში 158 ერთეული კამიკაძე-დრონითა და ფრთოსანი რაკეტით ბომბავდა, რასაც 53 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა და 170-ზე მეტი დაიჭრა-დაშავდა.
30 დეკემბერს უკვე უკრაინამ დაიწყო შურისმაძიებელი ქმედება და საზღვრისპირა ბელგოროდის ცენტრისკენ უმართავი რაკეტების ზალპი გაუშვა - დაიღუპა 25 და დაშავდა 109-ზე მეტი ბელგოროდელი.
31 დეკემბრის გამთენიისას რუსეთმა "შურისძიების შურისძიება" უკვე საზღვრისპირა უკრაინულ ხარკოვს მოუწყო - ბალისტიკური რაკეტა ხარკოვის საუკეთესო სასტუმროს მოარტყა. დაშავდა არანაკლებ 26 მოქალაქე.
ფაქტობრივად, აგრესორმა რუსეთმა თავდაცვაში მყოფი უკრაინა ნაწილობრივ ჩაითრია "ქალაქების ომში", რაც საერთო ჯამში "ბინძური ომია", რადგან სამიზნეებად ფრონტის ხაზის სიღრმეში მდებარე ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება.

და ერთიც - როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს, კრემლი ცინიკურად აცხადებს, მე სამხედრო ობიექტს ვუმიზნებდი, მაგრამ არაპროფესიონალმა უკრაინელმა მეზენიტეებმა ჩემი რაკეტა ისე ჩამოაგდეს, საცხოვრებელ სახლს დაეცა, ასე რომ, ისევ თქვენი ბრალიაო.
ბელგოროდის დაბომბვის შემდეგ უკრაინული მხარის კომენტარიც არანაკლები ცინიზმით გამოირჩეოდა - რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისე დილეტანტურად იმოქმედა, რომ ყველა უკრაინული რაკეტა მაინცდამაინც ბელგოროდის ცენტრში "დაამიწაო".
"ქალაქების ომში" აღმოჩენილი ბელგოროდელების დიდი ნაწილი პეტიციას აგროვებს და კრემლისგან დაჟინებით მოითხოვს ევაკუაციას.
„ქალაქების ომების“ ისტორიები...
"ქალაქების ომები" ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები ცდილობდნენ ერთმანეთის დედაქალაქებისთვის რამენაირად მიეწვდინათ საარტილერიო ჭურვები.
მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც საბრძოლო ავიაცია ძალიან განვითარდა, გერმანული ბომბდამშენები ლონდონს ბომბავდნენ, ბრიტანული და ამერიკულები გერმანიის ქალაქებს არ ინდობდნენ. მეტიც, სტალინის ბრძანებით რამდენიმე საბჭოთა ბომბდამშენმა ბერლინის დაბომბვა ომის დასაწყისშივე მოახერხა, როდესაც გერმანელები მოსკოვს მიადგნენ.
ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გერმანიის შეიარაღებაში გამოჩენისთანავე ჰიტლერმა "ფაუ-1"-ებითა და "ფაუ-2"-ებით ლონდონზე საჰაერო იერიშების დაწყების ბრძანება გასცა.
მას შემდეგ "ქალაქების ომი" ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით (ერაყს მოდერნიზებული "ალ-ჰუსეინები" ჰქონდა არსენალში, ირანს კი ჩრდილოკორეული "ჰვასონ-5"-ები, თუმცა ორივენი საბჭოთა "ელბრუსების", იმავე "სკადების", კლონებს წარმოადგენდნენ) 1980-88 წლების ერაყ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირების დროს გაიმართა.
ისრაელ-პალესტინის მუდმივი შეიარაღებული დაპირისპირება და განსაკუთრებით ეს ბოლო ომიც თავიდან სწორედ ისრაელის ქალაქებზე "ჰამასის" გაშვებული რაკეტებით დაიწყო, მაგრამ ახლა უკვე მხოლოდ ისრაელი ბომბავს და მიწასთან ასწორებს ღაზის სექტორის დასახლებულ პუნქტებს.
თუმცა ყველა ამ "ქალაქების ომისგან" მაინც რუსეთ-უკრაინის ომი გამოირჩევა.