ვირუსების შემოტევა: ყველაფერი, რაც გრიპზე უნდა ვიცოდეთ - კვირის პალიტრა

ვირუსების შემოტევა: ყველაფერი, რაც გრიპზე უნდა ვიცოდეთ

"ბოლო დროს გახშირდა გრიპის შემთხვევები და არცთუ იშვიათად მძიმე სიმპტომებით. პიკი ჯერ არ არის, ახლა აღმავალ მრუდზე ვართ და იანვარში, განსაკუთრებით აცივების გამო, შემთხვევები მოიმატებს", - ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. რა ტიპის ვირუსებია დომინანტური, როგორი სიმპტომებითა და მიმდინარეობით ხასიათდება და როდის უნდა მივმართოთ ექიმს, ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი რესპონდენტისგან მოვისმენთ.

- ბოლო 2 კვირის განმავლობაში­ გახშირდა მომართვიანობა ჩვენს კლინი­კაში, ასეთივე სურათია სხვა სამედიცინო­ დაწესებულებებშიც. ეს მოსალოდნელი იყო, ვინაიდან დეკემბრის მიწურული და იანვარი გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების გააქტიურებით გამოირჩევა საქართველოში. ასეთია სტატისტიკური მონაცემები, რომელთაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაწვდის. გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების მატება­ ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში აღწევს, შემდეგ კი ინფიცირების მაჩვენებელი თანდათან მცირდება. ახლაც ასე მოხდა. თუ გადავხედავთ ლაბორატორიულ მონაცემებს, ბოლო კვირების განმავლობაში­ თითქმის გაორმაგებულია გრიპის დადასტურებული შემთხვევები. მნიშვნელოვანია, როცა გვაქვს ზუსტი სურათი, თუ რომელი გამომწვევია საქართველოში დომინანტური და მკურნალობის ტაქტიკაც ამის შესაბამისად განისაზღვრება.

- რომელი ვირუსია დომინანტური?

- გრიპის ვირუსი, კონკრეტულად A ტიპის ვირუსი. იაშვილის­ კლინიკაში შემოსული ყველა პაციენტი განი­ხილება როგორც გრიპით ინფიცირებ­ული. ამ დაავადებას კლინიკურ მიმდინა­რეობასთან ერთად ფილტვების დაავა­დების რთული ფორმა ახასიათებს, რაც ერთ-ერთი­ ყველაზე ხშირი და მძიმე გართულებაა. ამ პაციენტებთან შემოსვლისთანავე ვიწყებთ ანტიბიოტიკთან ერთად ანტივირუსული საშუალების გამოყენებას. უმრავლეს შემთხვევაში გვხვდება H1 ტიპის­ ვირუსი, რომელსაც პანდემიური ტიპის ვირუსს უწოდებენ, რადგან სწორედ ამ H1N1 ტიპის ვირუსმა გამოიწვია 2009-2010 წლებში მსოფლიოში გრიპის პანდემია. შედარებით მცირეა მეორე­ პანდემიური ვირუსი - H3. მისი გავრცელება საქართველოში უკვე დაფიქსირებულია, თუმცა ამ განსხვავებებს კლინიკური მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან ორივე ვირუსი ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს: მაღალი ცხელებით, 38.5 და მეტი, ყელის ტკივილით, ძლიერი თავის ტკივი­ლით, კუნთების ტკივილით, სახსრების ტკივილით, ხველით, მადის დაქვეითებით, საერთო სისუსტით. სხვა ტიპის ვირუსებს, რომლებიც ახლა საქართველოშია, ასეთი კლინიკური სურათის გამოწვევა­ არ შეუძლიათ, მათ შორის კორონავირუსსაც. ის ვარიანტი კორონავირუსის, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, "ომიკრონი", არ იწვევს ასეთ კლინიკურ მიმდინარეობას.

- დიდებში უფრო მწვავედ მიმდინარეობს თუ პატარებში?

- ყველაზე მწვავედ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს. ასევე რისკის ჯგუფებში შედიან ორსულები, ქრონიკული­ დაავადების მქონე პირები, 65 წელს გადაცილებულები.

- რა უნდა გახდეს მშობლისთვის მიმანი­შნებელი, რომ ბავშვი ჰოსპიტალიზებული უნდა იქნეს?

- როგორც გითხარით, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპი უფრო მეტი გართულებით მიმდინარეობს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და თუ მაღალ სიცხესთან ერთად ხველა, თავის ტკივილი და ის ნიშნები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, აღენიშნება, უმჯობესია ბავშვის მდგომარეობა­ პედიატრმა შეაფასოს და გადაწყვიტოს, არის თუ არა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია. ასევე განსაზღვროს, ხომ არ არის აუცილებელი ანტივირუსული პრეპარატის მიღების დაწყება, ვინაიდან ის ანტივირუს­ული პრეპარატი, რომელიც ეფექტურია გრიპის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მაღალ ეფექ­ტურობას ავლენს სიმპტომების გამოჩენიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. ასე რომ, დროულად დაწყებულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- მან, ვინც არ შედის რისკჯგუფში, როგორ მოუაროს თავს?

- ყველა ბავშვისა და მოზრდილისთვ­ისაც რეკომენდაცია იდენტური და უკვე კარგად ცნობილია - ანუ გამოიყენეთ დამწევი, თუ ტემპერატურა 38,5 და მეტია,­ მნიშვნელოვანია სითხის დამატებითი მიწოდება, ნებისმიერი სითხის, იქნება ჩაი, წყალი, მინერალური წყალი თუ ახალმომზადებული კომპოტი. თბილი სითხე, რა თქმა უნდა, უპირატესია, მაგალითად, ჩაი თაფლით, ლიმონით ან ჟოლოს მურაბით. მნიშვნელოვანია სახლში ყოფნა - ეს გრიპი ისედაც ნაკლებად აჩენს აქტიურობის სურვილს, ასე რომ, ასეთი პაციენტი უმჯობესია იწვეს. ხშირად გაუნიავეთ ოთახი. საკვები მიიღონ მცირე რაოდენობით, ოღონდ ხშირ-ხშირად. საჭმელს ნუ დააძალებთ, მხოლოდ სითხეები მიაწოდეთ ხშირ-ხშირად.

- რამდენ ხანს გრძელდება ეს ვირუსი?

- სხვა ტიპის ვირუსებისგან განსხვავებით, გრიპის დროს შეიძლება 5-7 დღესაც­ გაგრძელდეს მაღალი ტემპერატურა. მაგალითად რინოვირუსით ავადობისას, რომე­ლსაც გაცივება იწვევს, 5-7 დღეში­ ადამიანი გამოჯანმრთელებულია, გრიპის დროს კი ცოტა გახანგრძლივებულია.

- კიდევ მოიმატებს შემთხვევები?

- ამჟამად პიკი არ არის, ახლა აღმავალ მრუდზე ვართ და იანვარში, განსაკუთრებით აცივების გამო, შემთხვევები მოიმატებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახლანდელი შემთხვევების რაოდენობა ნახევარია შარშან ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული მაჩვენებლისა. შარშან გრიპისა­ და გრიპისმაგვარი დადასტურებული შემთხვევებით ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 380 იყო, წელს - 190. შარშან როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, გრიპის სეზონი გაცილებით აქტიური იყო.